Home რუბრიკები საზოგადოება მიხეილ ბარიშნიკოვი: თბილისში რუსული კულტურის ერთი ნაწილი ჩამოვიტანე

მიხეილ ბარიშნიკოვი: თბილისში რუსული კულტურის ერთი ნაწილი ჩამოვიტანე

1691
მიხეილ ბარიშნიკოვი

ჩვენმა მკითხველმა უთუოდ იცის, რომ 14 სექტემბერს თბილისში გაიხსნა და 30 სექტემბრამდე გასტანს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული იყო სამი მონოსპექტაკლის სახელწოდებითბროდსკი/ბარიშნიკოვიწარმოდგენა (და გაიმართა კიდეც), რომლებშიც მონაწილეობდა მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავე, ბალეტმეისტერი და მსახიობი მიხეილ ბარიშნიკოვი.

სამსახეობა თეატრალური ხელოვნების _ ტრადიციული მონოსპექტაკლის, პანტომიმასა და ცეკვასთან შერწყმული. დამდგმელი რეჟისორი _ ალვის ჰერმანისი.

სპექტაკლი, რომელმაც წარმატებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, თბილისელმა მაყურებელმა შეაფასა, როგორც თეატრალური ჟანრის უნიკალური მოვლენა.

რეზო გაბრიაძე _ სახელგანთქმული მწერალი, სცენარისტი, მხატვარი და რეჟისორი, დაესწრო “ბროდსკი/ბარიშნიკოვის” სპექტაკლს და ასე შეაფასა:

_ მე და ბარიშნიკოვი დიდი ხნის მეგობრები ვართ, საერთო მეგობრებიც ბევრი გვყავს. თავის დროზე ერთობლივად ვიმუშავეთ ბროდვეიზე ჩემი ნოველის “ექიმი და ავადმყოფის” განსახორციელებლად.

_ რაც წარმატებით დაგვირგვინდა.

_ დიახ. მაგრამ ახლა ამას თავი დავანებოთ… მიშამ (ბარიშნიკოვმა) თბილისის ფესტივალზე ჩამოიტანა სპექტაკლი “ბროდსკი/ბარიშნიკოვი”, მეტად მნიშვნელოვანი წარმოდგენა, რომელიც ეფუძნება თანამედროვეობის ისეთი გიგანტი პოეტის შემოქმედებას, როგორიც არის იოსებ ბროდსკი. მის როლს სპექტაკლში მიხეილ ბარიშნიკოვი ასრულებს, პოეტის უახლოესი მეგობარი.

ამ სპექტაკლით მიშამ გადაწყვიტა ურთულესი ამოცანა. თავი დავანებოთ იმას, რომ ბარიშნიკოვი ფანტასტიკური მოცეკვავეა. იგი აქ წარმოგვიდგა, როგორც ძალიან ძლიერი დრამატული მსახიობი. თანაც, არის ისეთი მომენტები, როცა თავისი ერთი მოძრაობით, გამოხედვით, გავლით, ბალეტის ხერხით გადმოგცემთ განწყობილებას, გრძნობას და თქვენს ყურადღებას საჭირო აქცენტით გაამახვილებს, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც სპექტაკლში ხდება, რომ შეკრიბო, სულ ათი წამი გამოვა.

შეუძლებელია, მოგიყვეთ, ეს სპექტაკლი (არ მინდა, ავთქვიფო სიტყვები ისე, როგორც კვერცხის ცილა და გული და მივიღო რაღაც ქაფი), შეუძლებელია, ისევე, როგორც კარგი ნახატის მოყოლა. უნდა ნახოთ.

ამ სპექტაკლმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა. წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მაყურებელმა მკვრივი, კაუჩუკისებური ტაშით დააჯილდოვა ავტორ-შემსრულებელი. ეს ნიშნავდა, რომ თეატრალურმა საზოგადოებამ ზუსტად აღიქვა თანამედროვე რეჟისურა, მთავარი და ერთადერთი როლის შემსრულებლის ხელოვნება და წარმოდგენის არსი. რა სასიხარულოა, რომ ასეთი კარგი, ზომიერი, ზუსტი შემფასეფელი და განსწავლული მაყურებელი გვყავს თბილისში. ეს სიამაყით გვავსებს ყველას.

ამ სპექტაკლის თბილისში ჩამოტანა ძალიან დიდი და სასიამოვნო ფაქტია.

მიშას მსახიობურ ოსტატობას, დიდი ხანია, ვიცნობ და ვაფასებ. ამჯერად დავინახე კიდევ ერთი წახნაგი მისი ხელოვნების, როცა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის სცენური სახე დაგვიხატა.

ლეონიდ პარფიონოვი
ლეონიდ პარფიონოვი

* * *

უნდა ნახოო, _ ბრძანა ბატონმა რეზომ, ვერ მოგიყვებიო. ვნახავდი, მაგრამ ბილეთს სად იშოვი, როცა სპექტაკლზე დასასწრებლად მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოდიან პროფესიული საქმიანობით ისე დაკავებული ადამიანები, როგორიცაა ცნობილი (და პოპულარული) ტელეწამყვანი ლეონიდ პარფიონოვი, რომელმაც რეზო გაბრიაძეს თეატრში მიაკითხა.:

_ უპირველეს ყოვლისა, ამ სპექტაკლზე დასასწრებლად ჩამოვედი, _ თქვა მან. _ სხვა საქმეც მაქვს, რომელიც ჩემს მომავალ ფილმებზე მუშაობას, მათ შორის საქართველოზეც, ეხება. მოგიყვებით, კერძოდ, რას ვაპირებ, მაგრამ ნუ გამოაქვეყნებთ, სანამ ოფიციალურად არ განვაცხადებ.

_ როდის?

_ მალე.

(დავსვათ აქ წერტილი და “ბროდსკი/ბარიშნიკოვს” დავუბრუნდეთ).

_ რუსეთსაქართველოს ურთიერთობის ამ რთულ პერიოდში ჩამოხვედით თბილისში.

_ ოფიციალური ხელისუფლებისთვის არის რთული და არა ადამიანებისთვის. პიტერისა და მოსკოვის მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენისთვის თბილისი დასვენების უმნიშვნელოვანესი ცენტრია. შაბათ-კვირაობით ჩამოდიან. თქვენთან სულ სხვა გარემოა, მათი მხარისგან განსხვავებული და მიმზიდველი.

თქვენი მაყურებელიც სხვანაირია _ მცოდნე და განათლებული. ხომ იცით, რა რთულია ბროდსკის პოეზია, მაგრამ უნდა გენახათ, როგორი ყურადღებით უსმენდა ქართული თეატრალური აუდიტორია ბარიშნიკოვის მიერ ოსტატურად წაკითხულ ბროდსკის ლექსებს, უსმენდა, იგებდა და სათანადოდაც აჯილდოვებდა ტაშით. საოცარი იყო! ერთ რამედ ღირდა ამის ხილვა.

მიხაილ ბარიშნიკოვი და რეზო გაბრიაძე (ცენტრში) ახლობლებთან ერთად, მარიონეტების თეატრის სცენაზე. მარცხნიდან პირველი - ალვის ჰერმანისი
მიხაილ ბარიშნიკოვი და რეზო გაბრიაძე (ცენტრში) ახლობლებთან ერთად, მარიონეტების თეატრის სცენაზე. მარცხნიდან პირველი – ალვის ჰერმანისი

* * *

ეს იყო 15-ში, 16 სექტემბერს კი საშუალება მომეცა, შევხვედროდი ბარიშნიკოვს, რომელიც ბატონ რეზოს ესტუმრა.

თბილისური გასტროლების შესახებ შთაბეჭდილება მიხეილმა მარიონეტების თეატრის სცენის კულისებში გამიზიარა:

_ თბილისში პირველად ჩამოვედი 1974 წელს, რუსეთიდან ჩემი გამგზავრების წინ. დღემდე მახსოვს თქვენი სტუმართმოყვარეობა და თეატრალური ცხოვრების გამორჩეულად მაღალი დონე, რომელიც აქ დამხვდა. თქვენი მაყურებელი, რომელიც მიჩვეულია მაღალმხატვრული სპექტაკლების ხილვას, უაღრესად მომთხოვნი იყო და არის, მაგრამ ყოველთვის კეთილგანწყობილია.

თბილისელების წინაშე გამოსვლა, რომლებიც შესანიშნავად ერკვევიან თეატრალური ხელოვნების ნიუანსებში და ობიექტური შემფასებლები არიან, იოლი არ არის. თქვენ ყოველთვის ელით თეატრალურ მოულოდნელობებს, ცხოვრობთ უდიდესი კულტურის მქონე დედაქალაქში, ეს რეალობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაკისრებდა მე, ვინც ამ დღეებში რუსული კულტურის ერთი ნაწილი ჩამოვიტანე და წარვადგინე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.

ხელოვნება _ თეატრი, ლიტერატურა და ა.შ., საუკუნეების განმავლობაში აკავშირებდა ჩვენს ორ ხალხს. სწორედ აქედან მოდის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ, ვღელავ, როცა სცენაზე გამოვდივარ. ამას ვერასოდეს მიეჩვევი.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here