Home რუბრიკები პოლიტიკა მისტერ კარლი, უბრალოდ, ცრუობს, რადგან ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთად აღებული ვერ გადაწონის...

მისტერ კარლი, უბრალოდ, ცრუობს, რადგან ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთად აღებული ვერ გადაწონის რუსულ ბაზარს

272

საქართველო ახლა ისეთ დღეშია, მტერს რომ არ უსურვებს კაცი. მსოფლიო ბაზარზე საკვებ პროდუქტებზე ფასების არანორმალურად მატების პირობებში, ჩვენ არ გვაქვს არაფერი, რითაც შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ. საკვები პროდუქტების უდიდესი ნაწილი შემოგვაქვს და ის, რასაც ვაწარმოებთ, შემოდგომის აზნაურებივით, შემოდგომაზევე გვიმთავრდება. ხილი, ციტრუსი, ყურძენი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მტკნარი და მინერალური წყლები _ აი, ძირითადი პროდუქტები, რომლებიც შეიძლება ჭარბად გვქონდეს და გვაქვს კიდეც, მაგრამ წყლის გარდა ვერაფერს ვინახავთ, ამიტომ ყველაფერს სეზონზე იაფად ვყიდით, ზამთარში კი სამ და ოთხმაგ ფასად ვყიდულობთ. რაც მთავარია, ქართული პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი რუსეთია და წლებია, ჩრდილოელ მეზობელს ვერავინ მიუახლოვდა. მიახლოებას ვინ ჩივის, რუსეთი ქართული პროდუქციის, სულ ცოტა, 80%- ითვისებს, დანარჩენი 20% კი ევროპის 40-მდე ქვეყანაში ნაწილდება.

“ევროკავშირის სურვილია, საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ ამ მიზნის მისაღწევად. ბოლო წლებში ექსპორტის გაზრდის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირის, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რომელმაც სარგებელი მოუტანა ქართველ მომხმარებელს და საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ იმუშავა. დღეს ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც სულსწრაფ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის”, _ ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა.

ისე როგორ იქნებოდა, ჰარცელის განცხადებას საყოველთაო აღფრთოვანება არ გამოეწვია. მთავრობის წევრები ერთმანეთს კვერს უკრავდნენ, ხედავთ, ევროკავშირი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ყოფილაო და არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ მისტერ კარლი, უბრალოდ, ცრუობს, რადგან ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთად აღებული ვერ გადაწონის რუსულ ბაზარს. არავინ უთხრა ბატონ ჰარცელს, რომ ევროპის ბაზარი საქართველოდან არ იღებს იმდენს, რამდენიც რეალურად სჭირდება. უფრო ზუსტად, ქართულ პროდუქციას არ აძლევს გასაქანს, დევნის ევროპული დახლიდან, რათა დიდი ქვეყნების დიდმა კომპანიებმა ზარალი არ განიცადონ. სხვაგვარად, გამორიცხულია, იმავე ევროპელებს ვერ ეპოვათ სხვაობა თუნდაც ქართულ და ევროპულ წყლებში, ვერ მიმხვდარიყვნენ, რომ პორტუგალიური დაბალფასიანი “პინტუ”-თი (პორტუგალიური, იაფი ღვინოა) გაჭყეპვას ქართული ღვინის დალევა სჯობს, მაგრამ ასე არ ხდება. ქართული პროდუქტი ხარისხით აჯობებდა ევროპულს და გაცილებით იაფიც ეღირებოდა, სწორედ ამიტომ გამოაძევეს არაერთი ქვეყნიდან. როგორ გგონიათ, სააკაშვილი მართლა ვერ მიხვდა, რომ ევროპაში ღვინისა და წყლის გატანა ჯობდა და არა შავი მოცვისა და ბაყაყების? ამ პროდუქტებს იმიტომ “მიაწვა” მიშა, რომ გასაგებად უთხრეს: სხვა ნიშა დაკავებულია და, თუ მოახერხებ, ბაყაყები ჩამოიყვანეო. ახლა ანალოგიური ამბავია ატეხილი ლოკოკინებზე და ჰარცელიც გვიკიჟინებს; არიქა, საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, ევროპაში დიდი ოდენობით ლოკოკინა გაგზავნოს, თანაც წარმოება, სულ რაღაც, ნახევარ ჰექტარზე შეგიძლიათ დაიწყოთო. ჰო, ლოკოკინა და ბაყაყი ის სფეროა, როცა ევროპა აუცილებლად აჯობებს რუსეთს, რადგან, ჩვენი არ იყოს, ამ პროდუქტებს არც რუსეთში ეტანებიან დიდად… ისიც გემახსოვრებათ, თავის დროზე ქართული თაფლით რომ გადაირია ევროპა და ფუტკარი მოაშენეთო, რომ გვირჩიეს. მერე კი, როცა სამ წელიწადში თაფლის ძალიან დიდი მარაგი გაჩნდა საქართველოში, ისეთი შეზღუდვები დააწესეს, საქართველო ამ კრიტერიუმებს უახლოესი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ვერ დააკმაყოფილებს. ამიტომაც გაგვაქვს თაფლი მცირე რაოდენობით, ანუ გააქვთ მათ, ვისაც ფუტკრის ოჯახები ისეთ ადგილზე ჰყავთ, 6-7 კილომეტრის რადიუსში, დასახლება რომ არ არის და ჩეჩმა რომ არ დგას. ე.ი., ევროკავშირმა, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორი ყოფილა, რეალურად არაფრის უფლება არ მოგვცა, არ მოგვცა უფლება ჩვენი პროდუქტი ევროპულ დახლზე დაგვედო და მერე ვნახავდით, პორტუგალიური ფორთოხალი აჯობებდა თუ ქართული, დასავლეთის მაგალითად პორტუგალია იმიტომ მოგვყავს, რომ ევროკავშირის ქვეყანაა და სწორედ მის პროდუქტებს აქვს დახლებზე სერიოზული ადგილი. პორტუგალიური პროდუქტი იაფია, თუმცა ქართულზე ძვირი და ხარისხით _ გაცილებით მდარე.

პრინციპში, ჰარცელის მიდგომა და სიტყვები რატომ გვიკვირს, როცა სოფლის მეურნეობის მინისტრი დააწინაურეს. ეკონომიკის მინისტრად ლევან დავითაშვილის გადაყვანა მართლაც გასაოცარია, რადგან სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობისას მას არ შეუქმნია არაფერი, რასაც ხელს დაადებს და იტყვის, აგერ ბატონებო, ეს მე გავაკეთე და ჩემ შემდეგ დარჩებაო. პირიქით _ ლევან დავითაშვილის მინისტრობის პერიოდში გაჩერდა წისქვილკომბინატები; დღემდე არ ვიცით, რა იქნება უახლოეს მომავალში ფქვილისა და ხორბლის შემოტანის მხრივ; რძის წარმოება ადგილობრივ დონეზე, პრაქტიკულად, კვდება; გლეხებს, რომლებიც თავს ყურძნით ირჩენენ, გაუნულდათ სუბსიდია, ისევე როგორც ვაშლის, ატმის და ვაშლატამას შემთხვევაში მოხდა; აღარ არსებობს ვაუჩერული სისტემა მიწების დამუშავებაზე. მოკლედ, სოფლის მეურნეობაში ჩაიდო 3 მილიარდ ლარზე მეტი და შედეგად მივიღეთ ის, რომ არაფერი არ გვაქვს. ჰო, დაიხარჯა ერთ მილიარდ დოლარამდე და არ გვაქვს არაფერი, რაზეც შეიძლება სოფლის მეურნეობის რომელიმე მიმართულება ჩამოვკიდოთ და განვავითაროთ. ამას წინათ თქვა ვიღაცამ: რას ერჩით დავითაშვილს, აგერ, საგარეჯოში ნუშის ბაღები გააშენაო დანუშის ბაღები გააშენა კერძო ინვესტორმა, რომელმაც 70 მილიონი ევრო გადაიხადა, სახელმწიფოსგან ერთი თეთრი შეღავათი არ მიუღია და პირველ მოსავალს წელს ელოდება. ასე, მეც ჩემს ეზოში ჭა ამოვთხარე და ცივი წყალი მაქვს, დავაბრალოთ დავითაშვილს, მის მინისტრობას დაემთხვა

წეღან ვაშლი, ატამი და ვაშლატამა ვახსენეთ. ჰოდა, თუ ევროკავშირი ჩვენი მთავარი პარტნიორია, რატომ არის, რომ გასული წლის მოსავლის 92% რუსეთში გაიყიდა და დანარჩენი 8% ევროპისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების 42 სახელმწიფოზე გადანაწილდა? თუ მაშინ ევროკავშირს ჩვენთვის არ ეცალა? მათ, სავარაუდოდ, არც რთველზე ეცალათ, არც ახლა სცალიათ, როცა ხორბლის ალტერნატიულ გზებს ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. ევროკავშირი სიტყვით დაარსების დღიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნირო და მთავარი მოკავშირეა, მაგრამ საქმით არაფერი მტკიცდება. არ გვიშვებენ ევროკავშირში და… გასულ სეზონზე, გერმანიამ 1500 ქართველის წაყვანისა და ოფიციალურად დასაქმების პროგრამა რომ განახორციელა, ხომ გახსოვთ? 54 ათასზე მეტი განაცხადი რომ შევიდა, ისიც გემახსოვრებათ და ისიც, რა პირობებში ჰყავდათ ჩასული ქართველები, რომელთა უდიდესი ნაწილი ისეთ სადგომებში შეუშვეს საცხოვრებლად, იქაური ცხოველთა დამცველები ოთხფეხა მეგობრებს რომ არ შეუშვებდნენ. ეს კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ გერმანიამ იგივე პროგრამა ახლაც გამოაცხადა დაგერმანიაში წასვლის სურვილი 18-მა მოქალაქემ გამოთქვა. როგორი პროგრესია 54 ათასიდან 18-მდე, თავად განსაჯეთ.

ნამდვილად ვერ გეტყვითა, რა ტემპით გაგრძელდება საქართველოში ლოკოკინების ფერმების განაშენიანება. მოცვის, თაფლისა და ბაყაყების შემდეგ ევროპა ახლა ლოკოკინების მოშენებას გვთავაზობს და დასავლეთში ეს პროცესი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მართლაც დაიწყო. თანაც, კილო ლოკოკინა ათი ლარი ღირს და ნახევარ ჰექტარზე იმდენის მომრავლება შეიძლება, წლიდან წლამდე ადამიანმა თავი რომ ირჩინოსო. მაგრამ მერე ისე არ გამოვიდეს, ქართული ლოკოკინა დაიწუნონ, სწრაფად დადის, ვერ ვიჭერთ და დამუშავება გვიჭირსო. ჰო, ბაყაყების მოშენებისას ფოთის ბაყაყებს თვალები დაუწუნეს და კუდის სიგრძე (არ ვხუმრობთ, მართლა ასე იყო).

მანამდე კი, სანამ ევროკავშირი სიტყვას საქმედ აქცევს და რეალურად მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდება, იმას გავუფრთხილდეთ, რაც გვაქვს. შევეცადოთ, ჩრდილოელ მეზობელთან ისეთი ურთიერთობა ავაწყოთ, რომ ქართული პროდუქტებისთვის ეს რეალურად ერთადერთი უდიდესი ბაზარიც არ დაიხუროს და მერე სამათხოვროდ არ გაგვიხდეს საქმე. თორემ გვახსოვს, სააკაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად წყალში გადაყრილი ყურძენიც, ხილიცა და საქონლისთვის საკვებად მიცემული ვაშლიც. ჰო, მთავარი _ წლიური ეკონომიკური ზრდის კუთხით რეგიონში ლიდერი რომ იქნები და წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ხურავ, ე.ი., ძალიან წარმატებული მინისტრი ხარ და არ უნდა შეგცვალონ. ასე ხდება, როცა საქმე რეალურ ციფრებთან გვაქვს, როცა ჰაერზე საუბრობ, შედეგები ბევრად მძიმეა ხოლმე. ჰოდა, წარმატებული ნათია თურნავა დავითაშვილით რომ შეცვალეს, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მაგრამ როდის იყო, საქართველოში კითხვებს პასუხებს სცემდნენ?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here