Home რუბრიკები პოლიტიკა მილიარდერის ნაზონდერალი ფავორიტი, ანუ მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ...

მილიარდერის ნაზონდერალი ფავორიტი, ანუ მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ

2329
ვანო ზარდიაშვილი

ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვანო ზარდიაშვილმა პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის, იუსტიციის საბჭოში დანიშვნა გააკრიტიკა. რა მიზნის მიღწევას ცდილობს ზარდიაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო სიაში სკანდალური წარსულის მიუხედავად ჩასვა?

“გულწრფელად ვისურვებ, რომ ანა დოლიძემ გამიჯნოს პოლიტიკა და მართლმსაჯულება ერთმანეთისგან, მაგრამ ამაში ნამდვილად ეჭვი მეპარება ერთი მარტივი მიზეზის გამო: უბრალოდ, მას ვერ გაურჩევია, რომ სააკაშვილი თავის 9-წლიან მმართველობაში იყო ჭანჭიკი და მარგველაშვილი თავის 5-წლიან მმართველობაში დევგმირია, მას რეალურად ასე ჰგონია. შესაბამისად, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამოვა მართლმსაჯულების ინტერესიდან და სასამართლო ხელისუფლების ინტერესიდან და მგონია, რომ ის შეიტანს პოლიტიკას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ხუმრობით ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ პატარა ცირკები ელოდებათ”, _ განაცხადა ზარდიაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილს ბევრი ოპონენტი ჰყავს, ხოლო ანა დოლიძის იდეები ყველას როდი მოსწონს, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ _ ყველას ახსოვს დოლიძის მონაწილეობა სანდრო გირგვლიანისა და “მეამბოხე მოსამართლეების” საქმეებში. ის, რომ მათ წინააღმდეგ ვანო ზარდიაშვილი გამოდის, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სააკაშვილის ერთგულ ზონდერად თვლის, ამ ეპიზოდს საკმაოდ ორაზროვანს ხდის.

ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, სააკაშვილის მმართველობის წლებში ზარდიაშვილი იყო იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი (2004), სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე (2004) გენერალური პროკურორის მრჩეველი (2004-2006), თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი (2007), თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე (2007-2010) და თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010-2012). ყველაზე მძიმე ბრალდებები სასამართლოში მუშაობის პერიოდს უკავშირდება _ მანდატურების ნაწილმა ზარდიაშვილს ბრალი დასდო იმაში, რომ, სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, მათზე ზეწოლას პოლიტიკური შეხედულებების გამო ახდენდა. 2012 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ 7 მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლა. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ სასამართლოს შენობაში მონტაჟდებოდა მოსასმენი აპარატურა. ერთ-ერთი მანდატურის, თამაზ ზურაშვილის, თქმით, “გარეთ იდგა შავი ჯიპი, რომელშიც ისხდნენ კუდის თანამშრომლები და ნაუშნიკებით ისმენდნენ ყველაფერს. როცა დავინტერესდით და ვიკითხეთ, რატომ ხდებოდა, ჩუმად ხომ არ ხდებოდა, სასამართლოს თავმჯდომარემ და ვანო ზარდიაშვილმა პირდაპირ განგვიცხადეს, რომ ეს მოსმენები ხდებოდა უზენაეს სასამართლოსთან შეთანხმებით და პირადად ბატონი კუბლაშვილი საქმის კურსშიაო” (“ახალი თაობა”, 08.11.2012, გვ.6). ამ ბრალდებას ადვოკატებისა და ნაფიცი მსაჯულების უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება ან რაიმე სხვა სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

მანდატურები, აგრეთვე, ამბობდნენ, რომ ზარდიაშვილი მონაწილეობდა მათ მომზადებაში ოპოზიციის აქციების დარბევისთვის. ამისთვის სასამართლოში ინსტრუქტორები მიიყვანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობა” არჩევნებში დამარცხდა, ის არწმუნებდა თანამშრომლებს, რომ პარტია ხელისუფლებაში მალევე დაბრუნდებოდა. იმ პერიოდში “ტვ-9”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მანდატურები საუბრობდნენ იმაზე, რომ ზარდიაშვილი მათ აგრესიულად ექცეოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. იგივე ითქვა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, სხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში, “უფლებადამცველთა გაერთიანებასთან” ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და ა.შ.

ამ სკანდალის პერიოდში პირველად დაიწყო საუბარი ვანო ზარდიაშვილის კავშირზე მიხეილ ჩინჩალაძესთან, რომელიც 2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. 2005 წლის მაისში სააკაშვილმა ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 2007 წლიდან ჩინჩალაძე იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე. 2017 წლის 11 მაისს იუსტიციის საბჭომ ის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გაამწესა. 29 მაისს ის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს. მის დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” და “სამართლიანი არჩევნები”, თუმცა იუსტიციის საბჭომ მათი მოწოდება არ გაითვალისწინა. კრიტიკული კითხვები ჩინჩალაძეს მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა დაუსვა და ხმა მისი დანიშვნის წინააღმდეგ მისცა. იუსტიციის საბჭოს 12-მა წევრმა ჩინჩალაძეს მხარი დაუჭირა (2 სხდომას არ დასწრებია).

მეორედ საუბარი ზარდიაშვილისა და ჩინჩალაძის კავშირზე “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული სასამართლო დავის დროს დაიწყო. სააკაშვილის რეჟიმის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჩინჩალაძე ასე დაახასიათა: “მისი დანიშნულება ადრეც და დღესაც არის ზონდერის როლის შესრულება და სასამართლოში ხელისუფლების დაკვეთების შესრულება და მისი განსაკუთრებული სიახლოვე ვანო ზარდიაშვილთან არის დამატებითი არგუმენტი და ასევე ჩვენი ძალიან მწვავე შეფასებები მის მიმართ” (აიპრეს.ჯი).

ორ ყოფილ თანაგუნდელს, გვარამიასა და ზარდიაშვილს, შორის საინფორმაციო ომი გაიმართა. იმ პერიოდში “რუსთავი 2”-მა გაასაჯაროვა ფოტოები, რომლებიც ზარდიაშვილის, ჩინჩალაძისა და იუსტიციის საბჭოს მდივნის _ გიორგი მიქაუტაძის რესტორანში არაფორმალურ შეხვედრას ასახავდა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზარდიაშვილის მეუღლე თინათინ აბრალავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსია. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულ დოკუმენტებზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადო გამწესება.

2017 წლის 7 ივნისს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: “ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია, ღიად საუბრობს, რომ სწორედ ვანო ზარდიაშვილია საკონტაქტო პირი საკანონმდებლო ხელისუფლებასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის”. მან ჩინჩალაძის როლზეც ისაუბრა: “აქ მთავარი ფიგურა არის ის ადამიანი, რომელიც ახლახან “ქართულმა ოცნებამ” გამოიყვანა სააშკარაოზე, ჩინჩალაძე, რომელიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო, როგორც რუხი კარდინალი სასამართლო სისტემაში” (ინტერპრესნიუსი).

ვანო ზარდიაშვილის შეყვანამ პარლამენშტი გააღიზიანა “ქართული ოცნების” არაერთი ამომრჩეველი, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდნენ, და მედიასა და სოციალურ ქსელებში ბევრი რადიკალური კომენტარი გაჩნდა. გაკვირვება გამოიწვია არა იმდენად ზარდიაშვილის “პორტირებამ” ძველი სისტემიდან ახალში, რადგან ასეთი ფაქტი ბევრია, არამედ იმან, რომ “ქართულმა ოცნებამ” ზარდიაშვილი წინა პლანზე გამოიყვანა. ის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა და ხშირად ახმიანებს ხელისუფლების პოზიციას ამა თუ იმ იურიდიულ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს, როგორც წესი, მისი წარსულის გახსენებით სრულდება _ ისე, როგორც ეს მოხდა ზარდიაშვილისა და ყოფილ ომბუდსმენ უჩა ნანუაშვილის პარლამენტში დაპირისპირებისას, რასაც მმართველი პარტიისთვის ნეგატიური შედეგი მოაქვს. იმისთვის, რომ მოსამართლეებთან არაფორმალური კომუნიკაცია შედეგს, აუცილებელი არაა საკონტაქტო პირი ყურადღების ცენტრში იყოს, მას შეუძლია ჩრდილშიც იმოქმედოს. შესაბამისად, შეიძლება არსებობდეს სხვა მოტივი, რომელმაც ივანიშვილს უბიძგა, ზარდიაშვილი სიაში შეეყვანა, მიუხედავად იმისა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ეს “ქართული ოცნების” იმიჯზე უარყოფითად აისახებოდა.

ნეგატიური კომენტარები გიორგი მარგველაშვილზე მმართველი პარტიის არაერთ წევრს გაუკეთებია, თუმცა მათი უმრავლესობა ცდილობს, გარეგნული კორექტულობა მაინც შეინარჩუნოს და ირონია ქვეტექსტში ჩააქსოვოს, მაშინ როდესაც ზარდიაშვილის რეპლიკები აშკარად ცინიკურია: “ვეტოს მაინცდამაინც დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით იმიტომ, რომ ეს ვეტო დაადო გიორგი მარგველაშვილმა”… “პრეზიდენტობის ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, მარგველაშვილი მეათე ადგილზე გავა, თუ არჩევნები ჩატარდება. თუ დავფიქრდებით და მარგველაშვილის სამწლიან პრეზიდენტობას შევაფასებთ, ნებისმიერი მოქალაქე მიხვდება, რომ მას პრეზიდენტობის შანსი არ აქვს. მის მიერ განხორციელებულ ერთ პოზიტიურ ცვლილებას მაინც თუ დამისახელებთ, რაც მან ქვეყნისთვის გააკეთა, კი ბატონო, საკითხზე ვიმსჯელოთ”, _ აცხადებს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც 2013-ში გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ანა დოლიძესთან დაკავშირებული ბოლო რეპლიკა ამ ხაზის გაგრძელებას წარმოადგენს.

ზარდიაშვილი რადიკალურია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ, თუმცა ეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში შესამჩნევ ოპტიმიზმს არ იწვევს, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ზარდიაშვილთან დაკავშირებული ძველი ისტორიები ახსოვთ. როგორც ჩანს, ასეთი ფორმით ვანო ზარდიაშვილი ცდილობს, ხაზი გაუსვას ერთგულებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი “გენერალური ხაზის” მიმართ. მისი კარიერა მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი აფასებს ასეთ ერთგულებას, მიუხედავად იმისა, ვისგან მოდის ის და, შესაძლოა, მას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე პრინციპულობასა და სამართლიანობას. ალბათ, სულ ეს არის, რაც უნდა ვიცოდეთ ივანიშვილის ხელისუფლების არსისა და ზნეობრივი ორიენტირების შესახებ.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here