ვიქტორ ვიქტორის ძე გოლცევი ქართველი მწერლების დიდი მეგობარი იყო. იგი გახლდათ ჟურნალ “დრუჟბა ნაროდოვის” რედაქტორი; როგორც რედაქტორსა და კრიტიკოსს, მას დიდი წვლილი მიუძღვის რუს მკითხველთა შორის ქართული ლიტერატურის პროპაგანდის საქმეში. იგი შესანიშნავად იცნობდა საქართველოს ისტორიას, ეროვნულ ტრადიციებს, წეს–ჩვეულებებს, ბევრს მოგზაურობდა საქართველოში, შექმნა წიგნი–ნარკვევი სვანეთში მოგზაურობის შესახებ.12
ავტორია რამდენიმე წიგნისა და 50-ზე მეტი სტატიისა ქართული ლიტერატურის შესახებ; საგანგებო ნაშრომები მიუძღვნა შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა–ფშაველას, ეგნატე ნინოშვილის, გიორგი ლეონიძის, ტიციან ტაბიძის… შემოქმედებას. ამ უკანასკნელთან ვიქტორ გოლცევს დიდი მეგობრობაც აკავშირებდა. ისინი ერთად მუშაობდნენ ქართული პოეზიის ანთოლოგიის (რუსულ ენაზე) შედგენაზე. გოლცევი 1936 წელს მოსკოვში გამოცემული ტ. ტაბიძის “რჩეულის” რედაქტორიც გახლდათ. გთავაზობთ ამონარიდებს მათი მიმოწერიდან, როგორც ნიმუშს საუცხოო მეგობრობისა და თანამშრომლობისა.
* “ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი მეგობრობა საუკუნოა ანუ, სანამ პირში სული გვიდგას, ურღვევი და მტკიცე იქნება.
როგორც ადრე შეგატყობინეთ, ა. ფადეევი თქვენი შემოქმედებითი საღამოს მოწყობის მომხრეა…
მაშასადამე, შევთანხმდებით თებერვლის მეორე ნახევარში თქვენი საღამოს მოწყობის თაობაზე…” (ვიქტორ გოლცევი);
* “…ტფილისში მუდამ ჩემთვის სასიხარულო თქვენი წერილი დამხვდა… რა შესანიშნავია, მოსკოვში ქართული პოეზიის ასეთი დიდი საღამო რომ იმართება, პროგრამა გადმომცეს და მოსკოვიდან გამოგზავნილი დეპეშაც, დიდად, დიდად მოხარული ვარ, რომ გახსოვართ. უღრმესი მადლობა ასეთი მეგობრობისთვის… ანთოლოგია თითქოს ყველას აინტერესებს, მეტისმეტად დაკავებულ და საქმიან უწყებებსაც, მაგრამ საქმით კი არაფერი კეთდება. ყოველ შემთხვევაში აქნობამდე” (ტიციანი);
* “ძვირფასო ტიციან!
ძალზე მესიამოვნა ჩემი საყვარელი თბილისიდან თქვენი და ნინო ალექსანდრეს ასულის ხმის გაგონება, იმწუთას ბორის ალექსანდრეს ძეს დავურეკე, კვლავ გაგიხსენეთ თქვენ. ვილაპარაკეთ ქართულ პოეზიაზე. ჩვენს მუშაობასა და მეგობრობაზე.
გუშინ კი პავლე ანტოკოლსკიმ ქ. გორკიდან ჩამოსვლისთანავე ჩვენთან შემოიარა და თქვენი “სამშობლოს” თარგმანი წაგვიკითხა, რომელიც, ჩემი და იულიას აზრით, ძალზე კარგადაა შესრულებული.
როგორც ადრე ტელეფონით შეგატყობინეთ, სერგეი სპასკი ამთავრებს მუშაობას თქვენს “ამუნდსენზე” და რამდენიმე ლირიკულ ლექსზე. ვფიქრობ, არც ის გაგვიცრუებს იმედებს.
მაგრამ, ძვირფასო ტიციან, სასწრაფოდ გამოაგზავნეთ თარიღები და ავტობიოგრაფია, თუ გინდათ, რომ წიგნში მოვათავსოთ”;
* “ეს წუთია, მივიღე თქვენი წერილი და მინდა, სასწრაფოდ გიპასუხოთ. ავტობიოგრაფია ცოტა გვიანდება, მაგრამ ამ დღეებში უთუოდ გამოგიგზავნით. ვაჟა–ფშაველას წიგნი თუ გამოვიდა? თუ “ქართველ ლირიკოსებზე” რაიმე დაიწერა ან დაიბეჭდა გაზეთებში, რომლებიც თბილისამდე ვერ აღწევს, ძალიან გთხოვთ, გამომიგზავნოთ”;
* “ძვირფასო ტიციან!
თქვენ იცით, როგორ გვიყვარხართ და გაფასებთ. შინ გლანძღავთ მასალების დაგვიანებისათვის, მაგრამ გამომცემლობებში, რასაკვირველია, თქვენს საქმეებზე ვხლაფორთობ. საწარმოო სექტორს ვემუდარე, შემდეგ… შევუთანხმდი წიგნში დამატებით თქვენი ავტობიოგრაფიის შეტანის შესახებ, რომელსაც წინასწარ გადავამუშავებ. როგორც იქნა, თქვენი ავტობიოგრაფიის წიგნის ბოლოს მოთავსების ნება დამრთეს _ შემცირების, ციტატების და ზედმეტი დეტალების ამოღების ხარჯზე. ახლა რედაქტორის ხელში უნდა გაიაროს. ყველაფერი ეს იანვარში უფრო ადვილი გასაკეთებელი იქნებოდა.
ტირაჟი ჯერჯერობით ისევ 5 ათასია, მაგრამ ამაზეც მოვილაპარაკებ…”