კავკასიის რეგიონში ძალიან დაძაბული ვითარებაა. დასავლეთი ცდილობს, რუსეთს ყველა მიმართულებით შეუქმნას პრობლემები. გააქტიურდნენ ისლამური ქვეყნები, რამაც შეიძლება რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირება გამოიწვიოს. ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველო თითქმის მარტოა დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დიდად არ ერევა პროცესებში, ჩვენი ქვეყანა მაინც დგას საფრთხის წინაშე.
სოციალურ ქსელებში ხშირად წააწყდებით ასეთ მოსაზრებებს: ,,საქართველოს დარჩენილი ნაწილი აზერო–თურქეთის ვილაიეთი გახდება”; ,,საქართველოს მოუწევს, რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდეს რესპუბლიკის სტატუსით” და ა. შ.
კავკასიაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს გადარჩენის შესაძლებლობებზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:
_ კავკასიაში ვითარება ძალიან დაძაბულია და ეს რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ისტორიულ პარალელებს თუ გავავლებთ, 1918-1921 წლებშიც ასე იყო _ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, იმხანადაც ბრიტანეთი აქტიურობდა, ახლა მას ამერიკა და ევროკავშირიც შეუერთდნენ.
ამჟამინდელ არეულობაში ძალიან აქტიურია აზერბაიჯანი, რომლის სტრატეგიული პარტნიორები არიან ისრაელი და თურქეთი. აქ ე.წ. ტრიო შეიკრა… სურდათ აზერბაიჯანის გამოყენება ირანის წინააღმდეგ, მაგრამ ვერაფერს მიაღწიეს, ამიტომ დაიწყო საომარო მოქმდებები რეგიონში.
უცბად დაიწყო რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარო მოქმედებები, პიკს აღწევს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბულობა. ეს კავკასიის რეგიონზე გავლენას ახდენს… აგრეთვე, მნიშვნელოვანია სომხეთში მიმდინარე პროცესები. სომხეთის პრემიერი ფაშინიანი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, საერთოდაც, კავკასიის რეგიონია კონტექსტიდან ამოვარდნილი.
კავკასიის რეგიონი რუსეთს ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიიდან _ ეს მუსლიმანური სამყაროა. ამ რეგიონის არევა რუსეთის დასასრულის ტოლფასია, შეიძლება რუსეთის დაშლა დაიწყოს. ისლამური ფაქტორი დიდ მნიშვნელობას იძენს. თუ პროცესი გაგრძელდება, ჩათვალეთ, რომ ,,დიდი თურანის” აღდგენას დაიწყებენ. თურქულენოვანი ქვეყნების გაერთიანება დაიწყება, ასეთი ქვეყანა ბევრია პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამით სურთ მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის.
საქართველო ე.წ. სტრატეგიული პარტნიორია აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ირანის… აქ ძნელია საქართველოს პოზიციის გამოხატვა. ჩვენთანც მძიმე ვითარებაა _ 500 ათასი სომეხი და 500 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს… ამან შეიძლება ეთნიკური დაპირისპირება გამოიწვიოს, რაც დასავლეთს ხელს აძლევს. საქართველო ომში ვერ ჩაითრიეს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ვერ დაიყოლიეს, მაგრამ ახლა, როდესად ეთნიკური ომი მიმდინარეობს, ძალიან საშიში ვითარებაა _ შესაძლოა, აქ ჩაგვითრიონ ჩვენდა უნებურად. მგრძნობიარე თემები წამოწიეს წინ. ირანშიც ასე გააკეთეს. კვაზი ომების სქემა ასეთია.
აზერბაიჯანს სერიოზული ურთიერთობა და დამოკიდებულება აქვს ისრაელთან, აზერბაიჯანის არმია ირაელის შექმნილია, სტარგეტიული პარტნიორია.
ალიევს რამდენიმე ფრონტზე უწევს თამაში. ის ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია, პოლიტიკურად მიუღებელ მდგომარეობაში. რუსეთში უამრავი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ცხოვრობს, უმდიდრესები. ეს ადამიანები ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში გაჩნდნენ. ამან ალიევს საშულება მისცა, დაკარგული ტერიტორიები, ფაქტობრივად, უომრად დაებრუნებინა. მან აზერბაიჯანელი ბიზნესმენების გავლენა კარგად გამოიყენა…
აზერბაიჯანის პრეზიდენტი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ის გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც ე.წ. პარტიორებმა შეუქმნეს ისეთი გარემოება, რომელზეც უარის თქმა არ შეუძლია. ალიევს არ აქვს შესაძლებლობა, რუსეთს დაუპირისპირდეს. რუსეთის ბაზარს მწვანილით აზერბაიჯანი ამარაგებს. ამ სფეროს ის აკონტროლებს. ის ფული აზერბაიჯანში ჩადის. ალიევს არ უნდა ამ ფულის დაკარგვა. კიდევ ვიმეორებ: ალიევს ხელს არ აძლევს რუსეთთან კონფლიქტი. ის იძულებულია, სხვისი დაკვეთით იმოქმედოს.
_ ამ ვითარებაში ჩვენ პარტნიორების გარეშე დავრჩით, რუსეთს არ ველაპარაკებით… დასავლეთი კი ცდილობს, ომში ჩაგვრთოს…
_ თავს ვიტყუებთ, როდესაც ვამბოთ, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რადგან თურქეთი საქართველოს მეგობარი არასდროს იქნება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თურქეთი სულ ცდილობს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას. თურქეთისა და საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის იდენტურობას არ შეუძლია მოხსნას ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიულად განპირობებული ე.წ. სუბორდინაცია. თურქეთი ყოველთვის მაღლიდან გვიყურებს. საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ მას არ შეუძლია, იმპერიულ ქვეყნებს გაუტოლდეს.
გვინდა თუ არა, საქართველომ რუსეთისკენ უნდა იყუროს. კავკასია არის რუსეთის გავლენის სფერო და რუსეთი იცავს კავკასიას ისლამიზაციისგან. დღევანდელი რუსეთი ცდილობს, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან შექმნას პირობითად დავარქვათ ასე, ევრაზიული კავშირი, ამას უპირისპირდება დასავლური ნეოლიბერალიზმი, რაც იწვევს კატაკლიზმებს ჩვენს რეგიონში. თუ საქართველოს გადარჩენა უწერია, ეს რუსეთის ხელით მოხდება.
ვიმეორებ: საქართველოში 500 ათასი სომეხი და 500 ათასი აზერბაიჯანელი გვყავს. ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა ჩვენი ქვეყნისა გამოწვევს დიდ არეულობას. ამის მცდელობები იყო და ეს კარგად გვახსოვს.
რუსეთის ნდობის მოპოვება გადაგვარჩენს. მას უნდა დავანახვოთ, რომ პარტნიორები ვართ. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ არ ვმტრობთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, სრულიად საქართველო არ დაიკარგოს, ამიტომ საჭიროა, უსწრაფესად გადაიდგას ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. ქმედებებია საჭირო, დიპლომატიის ხელოვნება უნდა გამოვიყენოთ, კულუარულად თუ როგორც სურთ,ოღონდ არეულობა, რომელიც ჩვენ გარშემოა, საქართველოსკენ არ უნდა წამოვიდეს. ჩვენ ბევრი კერა გვაქვს ისეთი, სადაც მარტივად გამოიწვევენ არეულობას.
კავკასიაში ვითარების მოგვარება რუსეთის ხვედრია და ეს უნდა გააკეთოს ამ სახელმწიფომ.
საქართველოში საშინაო ვითარება ძალიან არეულია. დაგვეძაბა ურთიერთობა ევროკავშირთან, აგრეთვე, ამერიკასთან; არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. ასე რომ, კატაკლიზმების წინაშე ვდგავართ. ჩვენ გარშემო რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტებიც აშკარაა… ვითარება რთულია, ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ: რუსეთი კავკასიას მიხედავს, ის აქედან არ გავა. კავკასიის მიტოვება გამოიწვევს რუსეთის დაშლას, ამიტომ რუსეთი კავკასიიდან არ წავა, არ დათმობს. რუსეთი ოთხი საუკუნე ებრძოდა თურქეთს და გააგდო კავკასიიდან. ასე რომ, გამორიცხულია, ახლა დათმოს ეს რეგიონი.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი