Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ლიბერალურად განწყობილი სასულიერო პირები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ დედაეკლესიისთვის,...

მამა გიორგი (რაზმაძე): ლიბერალურად განწყობილი სასულიერო პირები უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენენ დედაეკლესიისთვის, ვიდრე თვით ე.წ. ლიბერალური ელიტა

რისთვის შეხვდა უნისეფის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს?!

2141
მამა გიორგი (რაზმაძე)

რამდენიმე დღის წინათ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ღასან ხალილი, რომელმაც ბოლო ანგარიშში ტრადიციული ქართული ოჯახი ძალადობრივ ინსტიტუციად გამოაცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა და კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების კუთხით მიმდინარე ცვლილებებზე ესაუბრა. როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკთხები, როგორიცაა: ბავშვის უფლებების კოდექსი, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევების პრევენცია, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაცია და ოჯახების როლი ბავშვების ცხოვრებაში.

შეხვედრის შემდეგ ღასან ხალილმა მედიასთან მოკლედ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძლიერი ოჯახი ძლიერ საზოგადოებას ნიშნავს: “იუნისეფის” აზრით, ოჯახი უმნიშვნელოვანესია ბავშვის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. ძლიერი ოჯახი ძლიერ საზოგადოებას ნიშნავს”. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კი ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა “იუნისეფის” ოფიციალურ ვებგვერდზე მოგვიანებით განთავსებულ ცნობას თუ დავუჯერებთ, უწმინდესმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს, მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია…

რა მიზანს ემსახურებოდა გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენლის ვიზიტი საპატრიარქოში და რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრას? “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, “იუნისეფის” წარმომადგენლის შეხვედრა პატრიარქთან მედიით სათანადოდ არ გაშუქებულა, ითქვა მხოლოდ ის, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო. როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრას რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა?

_ არ მაქვს დეტალური ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ, მაგრამ თავისთავად ფაქტია საინტერესო. წარმომადგენელი ორგანიზაცისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღიდან ებრძვის და აკრიტიკებს ტრადიციულ ფასეულობებს, ძალადობრივ ინსტიტუტად აცხადებს ოჯახს და ირიბად ეკლესიასაც ადანაშაულებს ამაში, მიდის და ხვდება ამ ეკლესიის საჭეთმპყრობელს. რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. ეს, ალბათ, არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანონ და შექმნან ილუზია, თითქოს ეს ორგანიზაცია ეკლესიასთან თანამშრომლობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ნებისმიერ საკითხში, რომელიც ეხება ოჯახსა და ტრადიციებს, პრინციპული იქნებოდა და, როგორც ყოველთვის, უკომპრომისოც. ყოველ შემთხვევაში ის, რომ იქ რაღაც “ლიბერალური” რეფორმების აუცილებლობა ყოფილიყო მთავარ საკითხად დაყენებული და ოჯახი ძალადობრივ ინსტიტუციად განხილული, გამორიცხულია. მისი უწმინდესობა, რა თქმა უნდა, არასოდეს არ მიიღებს მონაწილეობას ისეთ მსჯელობაში და არ გაიზიარებს ისეთ მოსაზრებას, რომელიც მიმართული იქნება სწორედ ამ ღირებულებებისა და ფასეულობების წინააღმდეგ.

_ შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ვერსიები, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი, შესაძლოა, გარკვეული ზეწოლას ცდილობდეს საპატრიარქოზე. რამდენად რეალურია ეს ვერსია?

_ გაეროს ბავშვთა ფონდი არის მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უზარმაზარი რესურსი საერთაშორისო დონეზე. ამ რესურსს ის სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ფორმით იყენებს და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ზეწოლაც. ახლა საქართველო ავიღოთ. გამოქვეყნდა კვლევა თუ ანგარიში იმის თაობაზე, რომ თურმე აქ მშობლების უმრავლესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს და პარლამენტში მაშინვე დაფაცურდნენ. სხდომა სხდომაზე გაიმართა, განხილვა _ განხილვაზე და უმოკლეს დროში, რომ იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით მომზადდა კანონპროექტი სახელწოდებით “ბავშვის უფლებათა კოდექსი”. ჩნდება მარტივი შეკითხვა: რამდენი ადამიანი უნდა გამოვიდეს დღეს ქუჩაში რამე მოთხოვნით, რომ ხელისუფლებამ ასეთი რეკორდული სიჩქარით შეძლოს საკითხის განხილვა და დოკუმენტის მომზადება? რამხელა მასშტაბის აქციები და პროტესტი იქნება საჭირო, რომ თუნდაც ერთი დეპუტატის დონეზე მიაქციონ ყურადღება ხალხის მოთხოვნას? აი, აქ ჩანს ის ზეწოლა და გავლენა, რომელიც იუნისეფის მსგავს გლობალისტურ ორგანიზაციებს აქვთ საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებაზე.

რაც შეეხება შეკითხვას, შეიძლება თუ არა პატრიარქთან შეხვედრის მიზანი რამე ზემოქმედება ყოფილიყო საპატრიარქოზე, გამორიცხული არაფერია, მაგრამ ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: რა ძალაც უნდა იყოს და რა მცდელობებიც, გამორიცხულია, უწმინდესს კომპრომისი დააშვებინონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტრადიციული ოჯახი, ფასეულობები და ღირებულებები…

_ ისე, იუნისეფის წარმომადგენელმაც აღნიშნა შეხვედრის შემდეგ მედიასთან, რომ ძლიერი ოჯახი ძლიერ საზოგადოებას ნიშნავს.

_ რა თქმა უნდა, ეს ერთი შეხედვით ისეთი სიტყვებია, რომლის საწინააღმდეგოც თითქოს რა უნდა გქონდეს, მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც ამ საკითხზე საუბრისას მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. თანამედროვე ლიბერალური გაგებით, ძლიერი და პროგრესული საზოგადოება ნიშნავს ისეთი ტიპის საზოგადოებას, რომელიც შორსაა ყოველგვარი ტრადიციების, ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობისგან. მათ გაგებაში ძლიერი და ცივილიზებული ნიშნავს, როცა საზოგადოება იღებს ლიბერალური დღის წესრიგით ნაკარნახევ ნებისმიერ ცვლილებას. უბრალოდ, ლიბერალური პროპაგანდა ისეთი ფორმით აწვდის ხალხს ამ ყველაფერს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს აღქმა, რეალურად რასთან აქვს საქმე. ზუსტად ამიტომაა მუდმივად საჭირო განმარტება და საჯარო საუბრები იმაზე, რას ნიშნავს ან შეიძლება ნიშნავდეს ესა თუ ის განცხადება; ამიტომაა მხილება და სწორი, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება აუცილებელი, რაც დასაწყისშივე გამორიცხავს საზოგადოების მოტყუების ნებისმიერ მცდელობას…

ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო, რაც ისევ და ისევ საზოგდოებასა და მასში არსებულ განწყობებს ეხება. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ბოლო პერიოდში ისეთი გულგრილი და ინერტული გახდა მიმდინარე პროცესებისადმი, რომ, ფაქტობრივად, რეაქცია აღარ აქვს არაფერზე. არანაირ ემოციას, მღელვარებასა და პროტესტს არ იწვევს ისეთი ფაქტები, როგორიცაა მაგალითად, პარლამენტის მიერ განსახილველად დამტკიცებული “ბავშვის უფლებათა კოდექსი”, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა თითოეული ოჯახის, თითოეული მშობლის ტოტალურად გაკონტროლების მცდელობა _ არ აღზარდოს შვილი. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა ლგბტ ორგანიზაციებმა ზაფხულისთვის გეიაღლუმი დააანონსეს. რის თქმა მინდა: ყოველთვის, როცა დგება რაღაც პრობლემური საკითხი, გამოდის ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე ჯგუფი და მარტო იბრძვის…

_ თქვენი აზრით, რით არის ეს განპირობებული: საკმარისი საპროტესტო მუხტის არარსებობით თუ სხვა რამით?

_ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში არის უკმაყოფილება, მაგრამ ამ განწყობამ რეალურიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა, ამიტომაც ვამბობ ყოველთვის ხაზგასმით, რომ კი, კარგია სოციალურ ქსელებში აქტიურობა, კარგია სხვადასხვა საჯარო სივრცეში კრიტიკული კომენტარების წერა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბუნებრივია, ეს ვერ იქნება აღქმული პროტესტის იმ ფორმად, რომელმაც ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს. რაც შეეხება მიზეზს, თუ რით შეიძლება განპირობებული იყოს ეს გულგრილობა, საერთოდ, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელმძღვანელობს პრინციპით _ სხვისი ჭირი, ღობის ჩხირი. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ პარლამენტის რომელიღაც კომიტეტში განხილული კანონპროექტი მას არ ეხება. არადა, სწორედ მას, რიგით მოქალაქეს, ეხება ეს ყველაფერი. სწორედ მასზეა და მის გაკონტროლებაზე მსგავსი ცვლილებები გათვლილი…

_ თუმცა ეკლესიის წიაღშიც არიან კონკრეტული პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად იზიარებენ უცხოეთიდან ნაკარნახევ დირექტივებს. ესენი, ძირითადად, არიან საზღვარგარეთის ეპარქიებში მოღვაწე სასულიერო პირები.

_ ეს მტკივნეული თემაა და ყველა შევთანხმდით, რომ მსგავს საკითხებზე ძალიან ფრთხილად უნდა ვისაუბროთ. თუმცა მე არ ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკს და, მათ შორის, არც კონკრეტული სასულიერო პირების მისამართით რამის თქმას, როცა ამის აუცილებლობაა. ახლა _ ვინ არიან ეს ადამიანები: დავიწყოთ იმით, რომ ისინი პირდაპირ ხელებში შეჰყურებენ თავიანთ დასავლელ მამა-მარჩენლებს და საკმარისია, მიიღონ ის, რაც ფიზიკური არსებობისთვის სჭირდებათ, მზად არიან, თვალი დახუჭონ ყველაფერზე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ, როდესაც სასულიერო პირი ცდილობს, მოდერნისტულად იაზროვნოს და თანამედროვეობის რაღაც ტენდენციებს აჰყვეს, ეს დამღუპველია, ოღონდ დამღუპველია არა მხოლოდ მისთვის, არამედ უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები, როგორც დამნაშავეები ღვთის წინაშე, ეკლესიამ უნდა ამხილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეიძლება ისე დააკნინონ ეკლესიის ავტორიტეტი, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს. მე თუ მკითხავთ, პროდასავლური ლიბერალური განწყობების მქონე სასულიერო პირები გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენენ დღეს დედაეკლესიისთვის, ვიდრე თვით ე.წ. ლიბერალური ელიტა. ისინი გარედან გებრძვიან, როგორც ხილული მტრები; ესენი შიგნიდან ღრნიან, შიგნიდან ჭამენ და ასუსტებენ სამღვდელოებას. ჩემი აზრით, ეს ადამიანები არც არიან სასულიერო პირები, ისინი დასავლეთის გლობალისტური ძალების მიერ შემოგზავნილი აგენტები არიან, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობით _ სიტყვით თუ საქმით ანგრევენ და ძირს უთხრიან ეკლესიას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here