Home რუბრიკები პოლიტიკა მაინცდამაინც საქართველოში რატომ ყარს ფული და ინვესტიციები?

მაინცდამაინც საქართველოში რატომ ყარს ფული და ინვესტიციები?

როცა გვინდა, რუსეთი მტერია, როცა არ გვინდა _ მეგობარი

176

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბ შეიხებს შეხვდა და მათთან ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებზე ისაუბრა. პრემიერმა პირობა დადო, რომ შეიხების სურვილის შემთხვევაში სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ არაბული ინვესტიცია ჩაიდოს საქართველოში. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია ქართულ ენერგეტიკაში ჩინურმა კომპანიებმა ჩადეს და ისინი ახალი 250-მილიონიანი ქვესადგურის მშენებლობას წელსაც აპირებენ, არაბული კომპანიები კი ფიქრობენ, რომ საქართველოში მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურებისთვის კარგი გარემოა. რა თქმა უნდა, როცა ინვესტიციები შემოდის, ეს დადებითად აისახება რიგით ადამიანებზე, რადგან შავი მუშა ყველას სჭირდება და სურთ თუ არა, ინვესტორები მძიმე სამუშაოზე სწორედ ადგილობრივებს ქირაობენ (უცხოეთიდან კაპიკებზე სამუშაოდ არავინ მოდის), მაგრამ

შარშან, შარშანწინ, იმის წინათ და წელსაც ქართულ ბაზარზე შემოსვლა რამდენიმე რუსულ კომპანიას სურდა. საუბარი მილიარდიან ინვესტიციაზეც კი იყო ყაზბეგის მხარეს და თანაც ისეთ ინვესტიციაზე, ზამთარში ბუნებრივი აირის ფულს რომ არ იხდის ყაზბეგის მოსახლეობა, არც ელექტროენერგიისას გადაიხდიდა. მასშტაბური სამუშაოები ოთხი წლის განმავლობაში ორი ათასამდე ადამიანს დაასაქმებდა და შემდეგ ეს ყველაფერი ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენ ხომ მუდმივად იმისკენ ვისწრაფვით, რომ რაღაც სფეროში მაინც ვიყოთ დამოუკიდებლები და სხვა ქვეყნების დახმარება არ დაგვჭირდეს. ეს ჯერჯერობით მხოლოდ მტკნარი წყლის წარმოებაში გამოგვდის, დანარჩენი ყველაფერი შემოგვაქვს და… წყალს რომ მიაქვს საქართველო, აგერ, აქ გამოგვადგა.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, რომ საქართველოში რუსულ კომპანიებს ჰქონდათ ინვესტირების სურვილი და არამხოლოდ ენერგეტიკის სფეროში. ისინი წყალტუბოთი და აბასთუმნითაც იყვნენ დაინტერესებულნი, სადაც დასასვენებელი კომპლექსების მშენებლობას გეგმავდნენ, მაგრამ რუს ინვესტორებს ყველაფერზე უარი უთხრეს. მიზეზი კი ის იყო, რომ თურმე რუსეთი ჩვენი ნომერი პირველი მტერია და არ შეიძლება, მტრის ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ეს არაოფიციალურად, თორემ ოფიციალურად რუსული ფულის შემოდინება ბიუროკრატიული მეთოდებით აკრძალეს.

ყველაფერს საღი გონებით რომ შევხედოთ, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. უარს ვეუბნებით რუს ბიზნესმენებს ინვესტიციებზე და ეს მაშინ, როცა ენერგომატარებლების მიმართულებით მთავარი მომწოდებელი რუსეთია. ბუნებრივი აირი და ელექტროენერგიაც სწორედ რუსეთიდან შემოდის და, რუსეთმა ეს ორი წყარო რომ გადაგვიკეტოს, არათუ საქართველოს მოსახლეობა გაიყინება, არამედ ბიზნესი გაჩერდება და ვერაფრის წარმოებას ვერ შევძლებთ, უბრალოდ, შიმშილითა და სიცივით სიკვდილისთვის ვიქნებით განწირული. არადა, საქართველოში არავინ ამბობს: არ გვინდა ბუნებრივი აირი და დენი, რუსულია და მოდი, ტყეები გავჩეხოთ და შეშით გავთბეთო. არც იმას ამბობს არავინ, რომ იმ პურის 95%-ზე მეტი, ყოველდღიურად რომ ვყიდულობთ მაღაზიაში, რუსული ხორბლისგან არის დამზადებული. არც იმას აპროტესტებს არავინ, საქონლისა თუ ფრინველის საკვებად სიმინდის 97% რუსეთიდან რომ შემოდის და არც იმას ვაპროტესტებთ, მზესუმზირისა თუ სიმინდის ზეთი მთლიანად რუსული რომ არის. რა გამოდის? როცა გვინდა, რუსეთი მტერია და, როცა არ გვინდა, მეგობარი? ცხოვრებაში ხომ ასე არ ხდება? მაგრამ ჩვენთან ხდება, ჩვენ სხვანაირად არ გამოგვდის.

ახლა ის ვთქვათ, რით ჯობია არაბული ინვესტიცია რუსულს: საამიროებში მილიონზე მეტი ქართველია წასული ლუკმაპურის საშოვნელად და იქ ნაშოვნი ფულით ნახევარ საქართველოს არჩენენ თუ ზაფხულსა და შემოდგომაზე ხილისა და ყურძნის ჭარბ მოსავალს არაბეთში ვასაღებთ? თუ ერთმორწმუნეა არაბეთი და ჩვენს მეზობლადაა, დახმარების ხელს გვიწვდის, როცა გვჭირდება, და ჩვენი ეკონომიკა მასზეა მიბმული? ერთადერთი, რაც საამიროებზე გვახსენდება, ნაციონალების ზეობის ხანაში ერთერთი შეიხის მიერ ნაჩუქარი პალმის ხეებია და ამ ხეების ხათრით ქუჩას იმ შეიხის სახელი დავარქვით. ვინც არ იცის, ვეტყვით: ბათუმში შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალნაჰიანის სახელობის ქუჩა გვაქვს. საამიროებში ქართული ქუჩა რომ არ არის, კი ვიცით და რუსეთში… სადგური “ბაგრატიონოვსკაია” მოსკოვის მეტროპოლიტენში, რუსთაველის, ბოლშაია და მალაია გრუზინსკაიას და არაერთი გამოჩენილი ქართველის სახელობის ქუჩები, სკვერიც კი. საუკუნეების წინათ თქვეს, ფულს სუნი არ ასდისო და მაინცდამაინც საქართველოში რატომ ყარს? რატომ ვცდილობთ, მსოფლიოს თვალში მუდმივად სასაცილო მდგომარეობაში ჩავიგდოთ თავი? ბოლო პერიოდში ქართველი პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ, რომ თურმე, დასავლეთში დახურულ კარს მიღმა ცალკე მმართველ ძალას დასცინიან, ცალკე _ ოპოზიციას. რომელი არ არის დასაცინი? იმისთვის, რომ დასავლეთს ასიამოვნონ, ერთმანეთს ლანძღავენ და რუსეთუმეობაში დებენ ბრალს. საქართველოს არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლება არ ფიქრობს იმაზე, რომ ერთ, არცთუ მშვენიერ დღეს რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტოს, გამოგვიცხადოს, რომ არც არაფერს იყიდის ჩვენგან და არც არაფერს მოგვყიდის. გვერწმუნეთ, 3-მილიონიან ქვეყანასთან ურთიერთობის გაწყვეტა რუსულ ეკონომიკას არც შეეტყობა (მოსკოვში 12 მლნზე მეტი ადამიანი ცხოვრობს _ საქართველოზე ოთხჯერ მეტი), ქართულ ეკონომიკას კიქართული ეკონომიკა ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს და ერთადერთი, რაც შეიძლება მოვახერხოთ, აზერბაიჯანს ვთხოვოთ, დროებით, ყველაზე დიდი, 1-2 თვის განმავლობაში მოგვაწოდოს ბუნებრივი აირი, თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში განწირულები ვართ. დავრჩებით ყველაფრის გარეშე და თანაც ერთ დღეში ისეთი პანიკა და დეფიციტი დაიწყება, ვერანაირი დასავლეთი რომ ვერ შეაკავებს. რაც მთავარია, ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, რუსეთს თავისუფლად შეეძლება, თავისი ქმედება მარტივად დაასაბუთოს _ ამოიღოს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები და ყველაფერს დაუსვას დიდი წერტილი. ქართველი პოლიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს. იმიტომ კი არა, რომ დასავლეთის შეეშინდება ან ამერიკას გაუწევს ანგარიშს. არა, ჩვენ, ქართველებს, არ გაგვწირავენ და სწორედ ამის იმედით ვამბობთ და ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს, თუმცა ვიცით, რომ ეს არასწორია.

ნახევარი ევროპა რუსულ ბუნებრივ აირს რომ იყენებს, ესეც კარგად ვიცით, მაგრამ გსმენიათ, მაგალითად, რომელიმე გერმანელ პოლიტიკოსს იმის ნახევარი მაინც ეთქვას რუსეთზე, რასაც ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ? ან გინახავთ, გამოსულიყოს გერმანიის კანცლერი და კატეგორიულად მოეთხოვოს, რუსული ინვესტიცია არ დავინახო გერმანიაშიო? აგერ, ხმამაღლა და გამოთქმით აკრიტიკებს რუსეთს ბრიტანეთის პრემიერი, მაგრამ, როცა საქმე რუსულ ინვესტიციას ეხება, არამხოლოდ მზად არის, ყველა დოკუმენტს მოაწეროს ხელი, არამედ საეჭვო წარმომავლობის რუსულ ფულსაც კი ფართოდ უღებს კარს. რატომ? იმიტომ, რომ ზუსტად იცის, ნებისმიერი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, ეკონომიკა _ მოსახლეობას და მოსახლეობაა ის მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერი უწევს ანგარიშს… ყველა, მაგრამ არა საქართველოსი.

ნამდვილად ვერ გეტყვით, განახორციელებენ თუ არა არაბი შეიხები საქართველოში ინვესტიციებს და დაინტერესდებიან თუ არა ქართული ენერგოსექტორით, მაგრამ კიდევ გავიმეორებთ _ რუსულ ინვესტიციებზე უარის თქმა და ფულის შემოდინება არ არის ქვეყნის ღალატი. ასე რომ იყოს, რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას ყველა გაწყვეტდა. ბოლოს და ბოლოს, უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორი დღემდე რუსეთია და სადმე ყურმოკვრით მაინც თუ გაიგონეთ, ვლადიმერ ზელენსკის ეთქვას, არც რუსული ბუნებრივი აირი გვინდა და არც რუსული პროდუქტებიო? არა. და არა იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ერი დაიმშევა. ზელენსკი ეკონომიკურ ურთიერთობას პოლიტიკურში არ ურევს. არც სხვა, დიდი ქვეყნები ურევენ, ჩვენ კი ჯიუტად ვცდილობთ, მწვადიც დავწვათ, შამფურიც და მშიერი დავრჩეთ. რატომ? დასავლეთს რომ ესიამოვნოს, იმიტომ? და როდის უნდა მივხვდეთ, რომ დასავლეთი მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს და არ აინტერესებს, რა ხდება იმ ქვეყნებში, რომლებიც ზვარაკად ჰყავს გამზადებული და მზად არის, ნებისმიერ მომენტში გაწიროს.

არც ერთი ქვეყანა არ უშვებს ისეთ შეცდომას, როგორსაც საქართველო. არც ერთი სახელმწიფო არ ცდილობს, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტას და სარგებლის სხვაგან ძებნას. პირიქით, ისინი მზად არიან, თუნდაც დღესვე 50-წლიანი ხელშეკრულებები გააფორმონ ამ სახელმწიფოსთან და გარანტირებულად იცოდნენ, რომ მათ სამომავლოდ საფრთხე არ დაემუქრებათ. ჩვენ კი, ნახევარსაუკუნოვან კი არა, ნახევართვიან გათვლებს ვერ ვაკეთებთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here