Home რუბრიკები საზოგადოება კვალიფიციური მწვრთნელის შემდეგ საქართველოდან კვალიფიციური ძიუდოისტებიც წავლენ

კვალიფიციური მწვრთნელის შემდეგ საქართველოდან კვალიფიციური ძიუდოისტებიც წავლენ

1173
ქევხიშვილი

საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ხშირად იმეორებს მისი წინამორბედის დაშვებულ შეცდომებს. სავარაუდოდ, არც წინა ხელისუფლებას სჯეროდა, რომ მათი მომრევი გამოჩნდებოდა, მაგრამ მისმა უდიდებულესობა ხალხმა ნაციონალები ტახტიდან ჩამოაგდო. “ქართული ოცნებაცდარწმუნებულია (მით უმეტეს, პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ), რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ასეა?

წინა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის ძალისმიერი სახეობების ფედერაციების გაკონტროლება იყო და ამიტომ ფედერაციების პრეზიდენტებად მხოლოდ ერთგულ და მისაღებ ადამიანებს ნიშნავდნენ. სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ, მაგალითად, პეტრე ცისკარიშვილს კრივის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ეკავა…

ახლაც ასეა _ ფედერაციებს პარტიული ნიშნით შერჩეული ხალხი მართავს, უფრო ზუსტად, ცდილობს, მართოს, რადგან ფედერაციის პრეზიდენტობა მხოლოდ ხელფასის აღება არ არის და შედეგიც აშკარაა _ მთავარ ტკივილზე, ფეხბურთზე, რომ არაფერი ვთქვათ, სპორტის ისეთ სახეობებშიც ვთმობთ პოზიციებს, როგორიც არის ძიუდო და ჭიდაობა. ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს აუჯანყდნენ, ფულს არამიზნობრივად ხარჯავს, ფედერაცია საძმაკაცოთი გაავსოო. თავის მხრივ, ქევხიშვილმა თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე დოკუმენტები მოითხოვა, საძმაკაცოს დასაქმება კი აღიარა. ჰო, აღიარა, აქაოდა, მათ წინაშე ვალდებულება მქონდა და, აბა, რა მექნაო.

“იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომლებიც მოვისმინე, ერთ რამეს გეტყვით: ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ შეცდომა დაშვებულია პრეზიდენტის მხრიდან. კერძოდ, როდესაც კომისიამ მას შეკითხვა დაუსვა, რატომ გაათავისუფლე წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანე შენი მეგობრებიო, მან ასეთი პასუხი გაგვცა: მე მქონდა ვალდებულება”. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი. მე კი ვიცოდი ეს, მაგრამ, როდესაც განაცხადა, რომ ვალდებულება ჰქონდა მათ წინაშე, მათი მეშვეობით მოვიდა პრეზიდენტად, და ეს ყველაფერი კი ძმაკაცური და მეგობრული მომენტებიდან გამომდინარეობდა, დაადასტურა, რომ ვალდებულება ჰქონდა მათი მოყვანის. ყველაფერს ხაზი რომ გადავუსვათ, ფინანსურ მანიპულაციებს და ა.შ., პირველი პრობლემა არის ეს, როდესაც პრეზიდენტი დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საზიანოა ნაკრებისთვის და საზიანოც გამოდგა, მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო. წარმატებული მწვრთნელები გაუშვა და მოიყვანა ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ყველაზე მთავარი. მიუღებელია ეს. ზუსტად ეს არის იმის საფუძველი, რა მოთხოვნასაც სპორტსმენები აყენებენ”, _ განაცხადა დახურული შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტარმა, ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა შოთა ხაბარელმა.

ვერ ვხვდებით, მეტი რა უნდა ეთქვა ქევხიშვილს, სახლში რომ გაეშვათ?! როგორ უნდა ეთქვა სხვანაირად ის, რომ ფედერაცია საძმაკაცოს ბირჟად აქცია და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები ახლობლებზე გადაანაწილა?! როგორ უნდა აეხსნა სხვაგვარად ის, რომ კვალიფიციური მწვრთნელი ირაკლი უზნაძე მხოლოდ საძმაკაცოს გამო დაითხოვა?! ეს ჩვენ გვგონია, რომ უზნაძე სახლში გაუშვა, თორემ რეალურად ირაკლი უმუშევარი ერთი დღეც არ დარჩენილა, რადგან მაშინვე წაიყვანეს თურქებმა და ეროვნული ნაკრები ჩააბარეს. რაც შეეხება თანხების განკარგვა-გაფლანგვას, “ჩემი და კიდევ 24 ახალგაზრდა სპორტსმენის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსურ და არამხოლოდ ფინანსურ საკითხებში ქევხიშვილსა და მის საძმაკაცოს უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. გასულ წელს ის თანხა, რომელიც ჩვენ ზედაზენის თასზე მოვიგეთ (საპრიზო ფონდი 10 000 დოლარი), დაიკარგა, გაქრა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ტურნირის მოგებისა და დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, გადაღლილმა და ემოციურად დატვირთულმა სპორტსმენებმა დარბაზი დავტოვეთ. მეორე დღეს კი, როდესაც დარბაზში მივედით, გამოგვიცხადეს, რომ თურმე დილით ვარჯიში ყოფილა და, რადგან არ გამოვცხადდით, სასჯელის სახით მოგებულ თანხას ვერ მივიღებდით, თანხას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა. როდესაც კატეგორიულად მოვითხოვეთ მთელმა გუნდმა მოგებული კუთვნილი ჯილდო, გამოგვიცხადეს: ვისაც ფული უნდა, აიღოს და ნაკრებიდან წავიდესო. არადა, როცა დაუგეგმავი ვარჯიში ინიშნება, მწვრთნელი ვალდებულია, ყველა სპორტსმენი გააფრთხილოს. ამათ კი დაჯილდოების შემდეგ გამოუცხადებიათ დილის ვარჯიშის შესახებ, რაც ვერც ერთმა სპორტსმენმა ვერ შევიტყვეთ (მხოლოდ 2 სპორტსმენი იმყოფებოდა დილით ვარჯიშზე, 1 პირადმა მწვრთნელმა გააფრთხილა, მეორე დილით ექიმთან იყო შემოწმებაზე). ჰოდა, ჩვენი მოგებული თანხა სასჯელის სახით ჩამოგვართვა ფედერაციამ და, ღმერთმა იცის, სად წაიღო. მე კი, როგორც გუნდის სახელით მოლაპარაკეს, იაპონიაში შეკრებაზე წასვლაც აღარ დამიფინანსეს. ვიბრძოლებ ბოლომდე, რათა ქართული ძიუდო ქევხიშვილსა და მის კლანურ მმართველობას არ შეეწიროს. ქევხიშვილი და მისი საძმაკაცო კლანური მმართველობით ანგრევენ ქართულ ძიუდოს, სპორტსმენებს უკლავენ მოტივაციას, ამის მიუხედავად, მაინც არ ტოვებს თანამდებობას და მიჯაჭვულია ამირანივით იმ სკამს”, _ გვითხრა ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა.

მანამდე მწვრთნელმა ლევან ციგრიაშვილმა განაცხადა, აღებული ხელფასიდან 200 ლარი ყოველთვიურად ფედერაციაში მიმქონდაო. უფრო ადრე, ეროვნული ნაკრების წევრებმა თქვეს, რომ საერთაშორისო ტურნირებზე მოგებული თანხების 10 პროცენტი ფედერაციაში ბრუნდებოდა, ხელფასის 20 პროცენტს ფედერაცია კატეგორიულად ითხოვდა და იღებდა კიდეც. ნაკრების წევრები სვამენ კითხვებს: სად არის ეს თანხები? რისთვის დაიხარჯა? რატომ აღარ არის ფედერაციის ბიუჯეტში ფული?ა რატომ დადიან უცხო ადამიანები უცხოეთში ტურნირებზე ფედერაციის ხარჯით?

“მორჩა, დამთავრდა… ძიუდოისტები თავისას ვეღარ გაიტანენ, იმიტომ, რომ საქმეში მძიმე არტილერია ჩაერთო. ნაკრების წევრები შეხვედრაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ დაიბარა და აუხსნა, რომ ამ ეტაპზე ქევხიშვილის გადადგომა გამორიცხულია. მანვე სპორტსმენებს მოსთხოვა, პროტესტი შეეწყვიტათ, მაგრამ დიდი ნაწილისგან უარი მიიღო, ნაწილმა კი მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსის ჩარევა იმას ნიშნავს, რომ ბიჭების მხარეს უკვე ვერც ერთი თანამდებობის პირი ვეღარ დადგება, რაც გამოჩნდა კიდეც. პარლამენტარები თუ სხვა მაღალჩინოსნები პირდაპირ ამბობენ, ქევხიშვილი მართალია და უნდა დარჩესო. ეს იმის მიუხედავად, რომ ფინანსური დარღვევები აშკარაა და სწორედ ჩუბინიძის ფაქტორს უკავშირდება ის, რომ, ამდენი განცხადების მიუხედავად, ძიუდოს ფედერაციაში არც სახელმწიფო აუდიტი შევიდა და არც ფინანსური პოლიცია. არც საქმე აღძრულა რამდენიმე ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, აღებული ხელფასის ნაწილს ქეშად ვუბრუნებდით ფედერაციის პრეზიდენტსო, რაც კრიმინალში მხილებაა”, _ გვითხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.

შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვოს, ამასთანავე, ისიც გამორიცხულია, რომ ნაკრების ლიდერებმა პროტესტი შეწყვიტონ და ვარჯიში განაახლონ. არადა, კარს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვადგა, რომელიც ბაქოში სექტემბერში უნდა გაიმართოს და წესით, ძიუდოისტებს მოსამზადებლად 4-თვიანი გეგმა უნდა ჰქონდეთ შემუშავებული. ვეჭვობთ, რომ, კვალიფიციური მწვრთნელის შემდეგ, საქართველოდან კვალიფიციური ძიუდოისტებიც წავლენ.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის _ დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა. მათ დავით ქევხიშვილის სავარძელი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს. სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ, დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here