საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე სოციალურ შემწეობასა და პენსიაზეა დამოკიდებული, რაც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ლამის მილიონამდე მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა, პარლამენტსა თუ მთავრობაში მილიონერების სიმცირეს არ ვუჩივით. საქართველოს პარლამენტში 41 მილიონერი დეპუტატია (დამთხვევა სიმბოლურია _ 41 ხომ “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომერია?!)… მილიონერ დეპუტატთა შორის საპატიო ადგილი უკავიათ კახაბერ ოქრიაშვილს 5 637 900 ლარით და გოჩა ენუქიძეს 5 181 800 ლარით.
პარლამენტარი კახაბერ ოქრიაშვილი 1966 წლის 21 მარტს თბილისში დაიბადა, მისი მეუღლე ლინა თოფურია კი _ 1967 წლის 16 აგვისტოს სოხუმში. ოქრიაშვილს დეკლარაცია 2016 წლის 16 ივნისს შეუვსია. დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის უძრავი ქონების ნუსხა საკმაოდ შთამბეჭდავია. კახაბერ ოქრიაშვილის საკუთრებაა 500 კვ.მ საცხოვრებელი სახლი წავკისში. ლინა თოფურიასია ჯანაშიას/ხორავას ქუჩაზე 94.23 კვ.მ ბინა. პარლამენტარის მეუღლეს ეკუთვნის 276 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი აღმაშენებლის გამზირზე. ოქრიაშვილის საკუთრებაა 888 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღმაშენებლის გამზირზე. თავის დროზე ნაციონალების მხარდაჭერით გადეპუტატებული ოქრიაშვილის საკუთრებაა 1250კვ.მ, 12357 კვ.მ, 6363 კვ.მ და 3091 კვ.მ მიწის ნაკვეთები. დმანისში 31, 40 კვ.მ და 32 კვ.მ ბინებიც დეპუტატის სახელზეა გაფორმებული. ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის, საკუთრებაა 1682 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი თბილისში აღმაშენებლის გამზირზე. დეპუტატის სახელზეა, აგრეთვე, გაფორმებული 4499 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 200 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი დმანისში, სოფელ განთიადში.
კახაბერ ოქრიაშვილი სს “ელექტრონიკა 94”-ის აქციების მფლობელიცაა. ფასიანი ქაღალდების ნომინალი 1 აშშ დოლარია, სულ კი 21 624 ცალს ფლობს.
კახაბერ ოქრიაშვილს მიმდინარე ანგარიშზე “ბანკ ქართუში” 350.57 ლარი, 546.90 აშშ დოლარი და 11020 ევრო ერიცხება. ლინა თოფურიას “ბანკ ქართუში” მიმდინარე ანგარიშზე 30683.43 და 53.99 ლარი ერიცხება. დეპუტატს “საქართველოს ბანკის” მიმდინარე ანგარიშზე 19988.72 ლარი აქვს დარიცხული.
ლინა თოფურია სს “ეგისის წარმომადგენლობის” დირექტორია (უვადოდ) და მისი წლიური შემოსავალი აღნიშნული საქმიანობიდან 78381 ლარითაა განსაზღვრული. კახაბერ ოქრიაშვილი 2002 წელს დაფუძნებულ შპს “პსპ ფარმას” პარტნიორია და სამეწარმეო საქმიანობაში მისი მონაწილეობა უვადოდაა განსაზღვრული, ხოლო მისი წლიური შემოსავალი 6 700 000 ლარია. პარლამენტარი შპს “ალფას” პარტნიორიც უვადოდაა. სს “ელექტრონიკა 94”-ს აქციონერი პარლამენტარის წლიური შემოსავალი 50973 ლარია. კახაბერ ოქრიაშვილი შპს “მანდარინის” პარტნიორიც უვადოდ გახლავთ. შპს “პსპ დაზღვევაშიც” პარლამენტარის პარტნიორობა უვადოდ განისაზღვრება. უვადო პარტნიორია შპს “ჯისითი ინჯინირინგშიც” და შპს “პატრია მედიკაშიც”.
კახაბერ ოქრიაშვილის სახელს უკავშირდება შპს “მარგვეთი”; “GMP Production LTD”; შპს “სანიმედი”; შპს “პსპ”; შპს “ჯეომედი” და შპს “აქსა მედიქალი”. ყველა ჩამოთვლილ კომპანიაში პარლამენტარის მონაწილეობა უვადო პარტნიორობით განისაზღვრება. შპს “ჯი-ემ-პი”-ს პარტნიორია (უვადოდ) ლინა თოფურია. ის, აგრეთვე, არის შპს “ლინატის” პარტნიორი და დირექტორი.
ფრაქცია “ქართული ოცნება _ რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარის _ კახაბერ ოქრიაშვილის წლიური შემოსავალი 65 625 ლარს შეადგენს. კახაბერ ოქრიაშვილის სესხი “ბანკ რესპუბლიკაში” 899134.26 დოლარია, აღნიშნულ სესხზე წლიური გასავალი კი _ 89622.68 დოლარი.
რაც შეეხება ოქრიაშვილის ბიზნესს, ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიებში წილების მართვა მინდობით ხორციელდება, თუმცა დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი, ვის მიანდო პარლამენტარმა ქონების მართვა.
კახაბერ ოქრიაშვილს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, სპეციალობით _ სამკურნალო საქმე. მისი სამუშაო გამოცდილება კი ასეთია:
* შპს “პსპ” (PSP) გენერალური დირექტორი (1995-2003);
* დმანისის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი (1990–1995;
* სოფელ განთიადის საექიმო ამბულატორიის მთავარი ექიმი (1989-1990).
“ქართული ოცნების” კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, 1962 წლის 8 აპრილს თბილისში დაიბადა. მეუღლე დეა მელაძეც თბილისშია დაბადებული 1971 წლის 12 დეკემბერს. შვილები თინათინ და გიორგი ენუქიძეებიც თბილისში არიან დაბადებული, შესაბამისად _ 1997 წლის 4 მაისსა და 1999 წლის 8 იანვარს. დეპუტატს დეკლარაცია 2016 წლის 6 ივნისს აქვს შევსებული.
ენუქიძეების უძრავი ქონების ნუსხა მოცულობითია და შთამბეჭდავად გამოიყურება. დეპუტატის საკუთრებაა ყიფშიძის ქუჩაზე 345 კვ.მ ბინა და 20 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობი, ასევე, 71.87 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პარლამენტარის საკუთრებაა, აგრეთვე: ამბროლაურში 1018 კვ.მ მიწის ნაკვეთი; საგურამოში კი 2400 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დეა მელაძის საკუთრებაა 792 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბაკურიანში; 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი საგურამოში. პარლამენტარის მეუღლის საკუთრებაა საგურამოში 1300 და 534 კვ.მ 2 მიწის ნაკვეთი. გოჩა ენუქიძეს ეკუთვნის 69.83 კვ.მ ბინა დაბა წყნეთში. დეა მელაძის საკუთრებაა 750 კვ.მ საცხოვრებელი სახლი საგურამოში. დეპუტატი ბათუმშიც ფლობს 52 კვ.მ ბინას. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 62.30 კვ.მ ბინაც ენუქიძის საკუთრებაა. მის სახელზეა აგრეთვე გაფორმებული 156.20 კვ.მ ბინა და 43 კვ.მ ავტოფარეხი. 22.60 კვ.მ-ის კიდევ ერთი ავტოფარეხი ჭავჭავაძის გამზირზე პარლამენტარის საკუთრებაა. დეა მელაძე დაბა ბაკურიანში 250 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 118.80 კვ.მ საცხოვრებელი სახლის მფლობელიცაა. გოჩა ენუქიძის საკუთრებაა, აგრეთვე, 75.40 კვ.მ ბინა ჭავჭავაძის გამზირზე.
“ქართული ოცნების” დეპუტატი სს “ლიბერთი ბანკში” აქციების მფლობელია. ფასიანი ქაღალდის ნომინალი 0.01 ლარია, რაოდენობა კი _ 1 201 278 ცალი.
გოჩა ენუქიძეს “საქართველოს ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 10188 ლარი, 20606 აშშ დოლარი და 2594 ევრო ერიცხება. დეპუტატს “საქართველოს ბანკში” ანაბარზე 160 000 გირვანქა სტერლინგი ერიცხება, კიდევ ერთ ანაბარზე ასევე “საქართველოს ბანკში” _ 50 000 აშშ დოლარი. გოჩა ენუქიძეს “თი-ბი-სი ბანკში” საკრედიტო ანგარიშზე 15 000 აშშ დოლარი ერიცხება, მიმდინარე ანგარიშზე კი _ 1863 აშშ დოლარი. პარლამენტარს “საქართველოს ბანკში” მიმდინარე ანგარიშზეც ერიცხება 4020 გირვანქა სტერლინგი. “პროგრეს ბანკში” კი მას დეპოზიტზე 100 000 და 50000 ევრო აქვს.
გოჩა ენუქიძეს შვილების _ თინათინ და გიორგი ენუქიძეების სწავლის საფასური 25000 ევრო და 6000 ევრო აქვს გადახდილი. ოჯახის დასვენებისა და მოგზაურობის წლიური ხარჯი 10000 ლარია. გოჩა ენუქიძეს ბიზნეს წილების მართვა მინდობილი აქვს ბექა კიკალეიშვილისა და მიხეილ ალხანიშვილისთვის.
გოჩა ენუქიძეს დამთავრებული აქვს ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით _ წარმოების ეკონომიკა და მართვა. მისი სამუშაო გამოცდილება:
* შპს “ლუკოილ-ჯორჯიას” გენდირექტორის მოადგილე (2004-2009);
* შპს “იბერკომპანი ჰოლდინგის” პრეზიდენტი (1999-2008);
* შპს “ივერია-ენსის” დირექტორი (1995-1999);
* კოოპერატივი “ალფას” თავმჯდომარე (1989-1995);
*მეჯამბარე საურნალე საამქროში _ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (1986-1988);
* ზეინკალ-შემკეთებელი _ თბილისის ტრიკოტაჟის თეთრეულის საწარმოო გაერთიანებაში (1979-1982).
გიორგი გელაშვილი