Home რუბრიკები საზოგადოება “კანცლერის ნათქვამიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება_ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ემუქრება!”

“კანცლერის ნათქვამიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება_ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ემუქრება!”

1143
ვალერი კვარაცხელია

23-24 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. კანცლერის სკეპტიკური პოზიცია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე უცვლელი დარჩა: “ჯერჯერობით არ არის საუბარი ნატოში გაწევრებაზე. ნელნელა, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ვისაუბროთ გაწევრებაზე. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი 5 წელიწადში დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის ერთერთი მიზანი ამაზე საუბარია გახსნილად”, _ განაცხადა მერკელმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

სიტყვა “ოკუპაცია” კი კანცლერმა ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში პირველად სტუდენტებთან შეხვედრისას გამოიყენა _ გერმანიის კანცლერმა მხოლოდ მესამედ დასმული კითხვის შემდეგ ახსენა ტერმინი “ოკუპაცია”. “დიახ, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, და ეს რჩება უდიდეს უსამართლობად”, _ განაცხადა მერკელმა.

მერკელის ვიზიტისას ორ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც დაახლოებით 199 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას ითვალისწინებს. თანხა ბუნებრივი აირის საცავის, წყლის მომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ასაშენებლად გამოიყოფა. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით გამოჰყო 150 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისთვის. მთლიანი საინვესტიციო თანხა 220-250 მილიონი ევროა.

რა იყო გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ვიზიტის ძირითადი მიზანი და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი ქვეყნისათვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი ვალერი კვარაცხელია და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

სამიტზე ჩვენ მაპზე გვითხრეს უარი, ხოლო სწრაფ გაწევრებაზე თავად მერკელმა გვტკიცა მტკიცე უარი

ვალერი კვარაცხელია, ანალიტიკოსი:

_ მერკელი, შესაძლოა, ძალიან ბევრი რამისთვის იყო ჩამოსული, მაგრამ ყველაზე ნაკლებად _ საქართველოს ინტერესებისთვის. მერკელი თვითონ არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. დასავლეთში კაპიტალისტურ-იმპერიალისტური კრიზისია, მაგრამ ის, რაც გერმანიაში ხდება, მერკელს თავსატეხს უჩენს. გერმანიის კანცლერის ვიზიტი საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვას ნიშნავდა. მას სურდა, რაღაც დაენახვებინა, როგორც რუსეთისთვის, ისე ამერიკისთვის.

მერკელის ინტერესია “ჩრდილოეთის ნაკადი 2”, რომლის საშუალებით გერმანიამ რუსული ბუნებრივი აირი უნდა მიიღოს. რუსეთთან თანამშრომლობა გერმანიისთვის უალტერნატივოა. მერკელმა საქართველოში პირდაპირ თქვა, რომ რუსული ბუნებრივი აირი გაცილებით იაფია, ვიდრე ამერიკული ე.წ. ფიქლური აირი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებს დაანახვა, რომ ძიების პროცესშია და კავკასიის ტურნეც ამისთვის ჩაატარა. მერკელმა ამერიკასაც და რუსეთსაც დაანახვა, რომ აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირსაც ნიადაგი მოუსინჯა.

ამერიკასა და ევროპას შორის საუკეთესო ურთიერთობა არ არის, ამერიკა ზეწოლას ახდენს ევროპაზე, მას თავისი ზრახვები აქვს, ამიტომ დასავლეთში დაწყებულია ანტიამერიკული მოქმედებები.

_ თქვენ ასე საუბრობთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი მერკელის ვიზიტის გამო. ისინი ამბობენ, რომ გერმანია ჩვენი გზამკვლევია ევროპისკენ

_ ანგელა მერკელმა პირდაპირ განაცხადა: სანამ საქართველო ევროკავშირამდე მივა, კიდევ ათი წელიწადია საჭირო, მათგან ხუთი წელი საუბარს დასჭირდებაო. კანცლერის სიტყვებიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება _ საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ემუქრება. საქართველოსთვის ევროპის კარი დაკეტილია.

რაც შეეხება ნატოში შესვლას, გარკვევით თქვა მერკელმა, რომ არავითარი სწრაფი გაწევრება არ მოხდება. სამიტზე ჩვენ მაპზე გვითხრეს უარი, ხოლო სწრაფ ინტეგრაციაზე თვითონ მერკელმა გვტკიცა უარი.

ჩვენი მთავრობა იმედიანად უყურებს მის ჩამოსვლას იმიტომ, რომ კანცლერმა სიტყვა “ოკუპაცია” ახსენა, ისიც ორდღიანი მცდელობის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ჯერ ხელისუფლების წარმომადგენლები შეესივნენ, მერე _ ჟურნალისტები; ბოლოს, სტუდენტების შეტევის შემდეგ, დაიბნა საწყალი ქალი და იკითხა: _ რა გინდათ? გინდათ, ვთქვა, რომ ოკუპირებულია თქვენი ტერიტორია? და თქვა სანატრელი სიტყვა “ოკუპაცია”. მერე რა, რომ თქვა ეს სიტყვა? ამ სიტყვით ბრძანება გასცა რუსეთის მისამართით, რომ დააბრუნოს ჩვენი ტერიტორია, გაიყვანოს ბაზები თუ რა? ამ შეკითხვას ვუსვამ მკითხველსაც და ამ უპასუხისმგებლო მთავრობასაც.

როგორ შეიძლება ხალხს ტვინი ამ ერთი სიტყვით გამოურეცხო? შეყვარებულები არიან ამ მაზოხისტურ სიტყვაზე, ოღონდ ვინმემ თქვას და პრობლემაც მთავრდება. ვერავინ ხვდება, რომოკუპანტისთქმა საქმეს არ შველის.

რეალურად თუ განვიხილავთ საკითხს, იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის. ოკუპაცია ნიშნავს, როდესაც ერთი სახელმწიფო შევარდება სამხედრო ძალით მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და იმ სახელმწიფოს მთლიანად დაიკავეს, რასაც ფაშისტური გერმანია აკეთებდა. რუსეთს არ მიუთვისებია ჩვენი ტერიტორიები. ეს არის სეპარატისტული რეგიონები, რომლებმაც მიიღეს დე ფაქტო დამოუკიდებლობა, აღმოჩნდნენ ჩვენი იურისდიქციის მიღმა და ითხოვეს, ეღიარებინათ მათი დამოუკიდებლობა, რუსეთმა კი მათი დამოუკიდებლობა ცნო. ამის შემდეგ დადო ხელშეკრულება და ხელშეკრულების საფუძველზე განთავსდა იქ რუსეთის სამხედრო ბაზები. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს ფაქტობრივი ოკუპაციაა, სხვა საკითხია, მაგრამ ამას ვერც ერთ სასამართლოში ვერ დავამტკიცებთ იურიდიულად. ასე რომ, ანგელა მერკელმა კი არა, სრულიად მსოფლიომ რომ თქვას, ეს ტერიტორიები ოკუპირებულიაო, ჩვენი რეალობა არ შეიცვლება, ვიქნებით დაგლეჯილ-დაჩეხილი და გაუბედურებული.

_ მერკელი კავკასიაში ჩამოსვლამდე რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. თქვენი აზრით, ჩამოიტანა მან მისგან რაიმე გზავნილი?

_ არა, მერკელს არაფერი გზავნილი არ ჩამოუტანია, ის თვითონ არის გზების ძიებაში, ის ამერიკასაც და რუსეთსაც კოჭს უგორებს და თავისთვის საუკეთესო გამოსავალს ეძებს. არ არსებობს საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ მერკელი რომელიმე ქვეყნის ინტერესების გასატარებლად ჩამოვიდა.

_ მერკელი აზერბაიჯანელებს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში ჩარევას დაჰპირდა, ანალოგიური რამ საქართველოში არ უთქვამს. მან თავი აარიდა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას

_ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული პრობლემა სხვა ყაიდისაა, საქართველოსი კი _ სულ სხვა. საქართველოს დაკარგული ტერიტორიები დამოუკიდებლად აღიარა რამდენიმე სახელმწიფომ. ეს ართულებს საქმეს, თანაც იქ უკვე განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზები. ჩვენ საქმეს ყოველი დაკარგული წუთი და წამი აუარესებს.

ასე რომ, მერკელის ვიზიტს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად ჩამოვიდა აქ. ჩვენი პრობლემის მოგვარება თვით ამერიკასაც და გაერთიანებულ ევროპასაც არ შეუძლია, რადგან საქმე გვაქვს რუსეთის ინტერესებთან. ჩვენი პრობლემის მოგვარება რუსეთის ხელშია. მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან დიალოგი, ოცდაათი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობის რადიკალური შემობრუნება შეცვლის ჩვენს მდგომარეობას. ყველა სხვა გზა ჩვენთვის დამღუპველია. საქართველო დაანგრია რუსეთთან დაპირისპირებამ და შესაძლოა, საერთოდაც დაშალოს, თუკი, რადიკალურად არ შევცვლით რიტორიკას ნატოს მიმართ. საქართველო უნდა გახდეს რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი.

თამარ კიკნაძე
თამარ კიკნაძე

გერმანიის კანცლერმა კარგად იცის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს

თამარ კიკნაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი:

_ კავკასია ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, ამიტომ მერკელი ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიულ გზას ეძებდა. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანი კარგი პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას არ უნდა ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია და, საერთოდ, არანაირ სტუქტურაში არ უნდა ყოფნა. 2011 წელს აზერბაიჯანი მიუმხრობელ ქვეყანათა მოძრაობის წევრი გახდა, ასევე _ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრიც. საქართველოც არის ტრანზიტული ქვეყანა და ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული.

რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობაა და ვფიქრობ, მერკელისთვის საინტერესო იქნებოდა საქართველოს პოზიცია მისთვის საჭირო ტრანზიტის შესახებ, მან მოსინჯა ნიადაგი მოსალოდნელი გართულებების გასაცნობიერებლად…

სომხეთის პოზიციაც მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებენ, _ კოლექტიური უსაფრთხოების შეათანხმების ორგანიზაციიდან არ გამოვალთო, ისინი მაინც მიილტვიან ევროპისკენ. მერკელისთვის ფაშინიანის აზრიც საინტერესო იყო. ამ კავკასიური ტურნეს ფარგლებში მერკელისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი აზერბაიჯანი აღმოჩნდა. კანცლერის დელეგაციაში იმყოფებოდა მისივე პარტიის წევრი ალბერტ ვაილერი, რომლის მიღებაზეც აზერბაიჯანმა უარი განაცხადა, რადგან ის ყარაბაღში იყო ნამყოფი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი შეხვდა რუსეთის პტრეზიდენტს და მთელი რიგი ხელშეკრულებები დადეს. ალიევი ტრიმერის პოლიტიკას აწარმოებს. ბაქომ და ბრიუსელმა დაამტკიცეს განახლებული, ინდივიდუალური გეგმა ნატოსთან. აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ნატოს ტვირთების გადაზიდვაში, მას ჰყავდა თავისი სამხედროები კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში… ის თანამშრომლობს ნატოსთან, მაგრამ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს.

მერკელის ჩამოსვლით საგარეო პოლიტიკაში დიდ გარღვევას არ ველოდი, რადგან მისთვის უმნიშვნელოვანესიაჩრდილოეთის ნაკადი 2”. გერმანიის კანცლერმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესებს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს; თქვა, რომ, მიუხედავად იმისა, ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოს ნატოში გაწევრება სერიოზული პრობლემაა.

_ მერკელი ჩვენ არ დაგვპირებია, რომ ტერიტორიული პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა, აზერბაიჯანს კი დაჰპირდა

_ იქ სხვა სახის პრობლემაა. გარდა ამისა, ერევნის პოლიტიკით რუსეთი უკმაყოფილოა. ამ ფაქტმა უპირატესობა აზერბაიჯანს მიანიჭა, რაც მერკელმაც დაადასტურა. ალიევმა ახლა ხელშეკრულება რომ გააფორმა რუსეთის პრეზიდენტთან, იქ იარაღის შესყიდვაზეა საუბარი.

ხბოს აღტკინებით იმის ძახილი, რომ მერკელმა თქვა: “რუსეთი ოკუპანტია”, კარგი არ არის. გერმანიის კანცლერმა კარგად იცის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ეროვნული ინტერესები უპირველესია. მერკელმა იცის, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებები ირღვევა, მაგრამ ამაზე არ უსაუბრია, რადგან ის თავისი ქვეყნის მომავალზე ფიქრობს. ასე უნდა ვიფიქროთ ჩვენც, ვერავის ჩამოსვლა ვერ გვიშველის, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით საქართველომ უნდა გადახედოს დღეს არსებულ პოლიტიკას და გეზი უნდა შეცვალოს. არავის არავისი დარდი არ აქვს პოლიტიკაში, ინტერესთა თანხვედრაა მნიშვნელოვანი, პოლიტიკამ სხვა პრაქტიკა არ იცის.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here