Home რუბრიკები პოლიტიკა კალაძის “ჰარლი-დევიდსონები” და ქუმსიშვილის “ბღუჯა-ბღუჯა” ლარები

კალაძის “ჰარლი-დევიდსონები” და ქუმსიშვილის “ბღუჯა-ბღუჯა” ლარები

1432
კალაძე-ქუმსიშვილი

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე დამოკიდებულია სოციალურ შემწეობასა და პენსიაზე, რომელიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ლამის მილიონამდე მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა, პარლამენტსა თუ მთავრობაში მილიონერების სიმცირეს არ ვუჩივით. მილიონერ მაღალჩინოსანთა შორის არიან ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე და ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, გაპოლიტიკოსებული ფეხბურთელის ქონება 36.604.500 ლარია, ხოლო ქუმსიშვილის 1.965.000 ლარადაა შეფასებული.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე 1978 წლის 27 თებერვალს სამტრედიაში დაიბადა. მისი მეუღლე, ანა არეშიძე, თბილისში 1989 წლის 1 ივლისსაა დაბადებული. შვილები _ ლევან, კახაბერ და ვაჩე კალაძეები იტალიაში, მილანში, დაიბადნენ. ენერგეტიკის მინისტრმა ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 31 იანვარს შეავსო.

ყოფილი ფეხბურთელისა და მოქმედი ვიცეპრემიერის უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხა მეტად შთამბეჭდავია: კახა კალაძეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 367,60 კვ.მ ფართობის ბინა 71 280 ლარად შეუძენია. მინისტრს საჩუქრად მიუღია 410 კვ.მ საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში, აგრეთვე, 697,60 კვ.მ და 735,20 კვ.მ ორი აგარაკი დაბა წყნეთში, 396 კვ.მ ბინა _ ბურძგლას ქუჩაზე. მისი საჩუქრების ნუსხას ემატება, აგრეთვე, 2380 კვ.მ მიწის ნაკვეთი სამტრედიაში. 20 000 ლარად კი მას 3031 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეუძენია დაბა ბაკურიანში. კალაძის საკუთრებაა, აგრეთვე, 1060 კვ.მ და 1058 კვ.მ მიწის ნაკვეთები დაბა წყნეთში და, როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, მას აღნიშნული ქონებაც საჩუქრად მიუღია. 1139 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყნეთში კი მინისტრს 298 000 აშშ დოლარად შეუძენია. ვიცეპრემიერის საკუთრებაა 35 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი ბურძგლას ქუჩაზე, რომელიც მას, ასევე, აჩუქეს. როგორც ხედავთ, კალაძის დეკლარაციაში არაერთი საკმაოდ ძვირად ღირებული უძრავი ქონებაა ჩამოთვლილი, რომლებიც მას საჩუქრად მიუღია, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ვისგან მიიღო ივანიშვილის ფავორიტმა მინისტრმა ზემოჩამოთვლილი ძვირად ღირებული უძრავი ქონება. კიევში, გამარჯვების გამზირზე, 220 კვ.მ ბინა კახა კალაძეს 150 000 აშშ დოლარად შეუძენია; შევჩენკოს გამზირზე 250 კვ.მ ბინაში კი მას 700 000 აშშ დოლარი გადაუხდია. ენერგეტიკის მინისტრი კიევში 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მფლობელიცაა, რომელშიც 800 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. ვიცეპრემიერს სამტრედიაშიც შეუძენია 93,90 და 76,20 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობები და მათში 60 000 და 55 000 აშშ დოლარი გადაუხდია. კალაძის საკუთრებაა, აგრეთვე, 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში, რომელშიც მას 80 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

საქართველოს ვიცეპრემიერის მიერ ავტომობილებსა და ფერწერული ტილოებზე დახარჯული თანხაც საკმაოდ შთამბეჭდავია. მოტოციკლი Harley Davidson Springer-ი მას 25 000 ევროდ შეუძენია, ავტომანქანა Bentley Continental-ი _ 135 000 დოლარად. ლადო გუდიაშვილის ფერწერულ ტილოებში 20 000; 50 000 და 120000 აშშ დოლარი გადაუხდია, ხოლო ელენე ახვლედიანის ნამუშევარები ენერგეტიკის მინისტრს 15000 და 40000 აშშ დოლარად შეუძენია. ელენე ახვლედიანის ერთი ფერწერული ტილო კი საჩუქრად მიუღია. კახა კალაძეს მსუბუქი ავტომანქანა Mercedes G63 შეუძენია 140000 ევროდ, ხოლო მსუბუქი ავტომანქანა Ferari GTO _ 360 000 ევროდ. ვიცეპრემიერის საკუთრებაა მოტოციკლი Harley Davidson Boober -ი, რომელშიც 20 000 ევრო გადაუხდია, ხოლო ავტომობილ Fiat 500 Biposto-ში _ 50 000 ევრო.

კალაძის საკუთრებაა, აგრეთვე, მოტოციკლი Harley Davidson V ROD, რომელიც მინისტრს 28 000 ევროდ აქვს შეძენილი, ავტომანქანა Mercedes Benz AMG GT S-ში კი “ოცნების” ლიდერს 145 000 ევრო გადაუხდია.

დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კალაძეს “პროკრედიტ ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 960,45 აშშ დოლარი ჰქონდა. “ინტეზა სან პაოლო”-ში კი მიმდინარე ანგარიშზე 900 000 ევრო ერიცხებოდა; ამავე ბანკში, ასევე, მიმდინარე ანგარიშზე _ 3 600 000 აშშ დოლარი. “ჯიულიუს ბაერ”-ში კალაძეს მიმდინარე ანგარიშზე 3 900 000 ევრო ერიცხება, “ქართუ ბანკში” კი _ 252219,75 ევრო.

კახა კალაძე შპს “კალა კაპიტალ ლიმიტედ”-ის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია. ვიცეპრემიერს 2007 წელს შპს კვიპროსზე, “ლიმასოლი ნიკოლაუ პენტადრომის” ცენტრში უვადოდ დაურეგისტრირებია, საწარმოო კაპიტალი 2176,29 ევროს შეადგენს, თუმცა კალაძის შემოსავალი “კალა კაპიტალ ლიმიტედ”-იდან ნული ლარია. “ოცნების” მილიონერი მინისტრი შპს “კოლხეთის” მფლობელია, რომელიც რეგისტრირებულია ქობულეთში, აღმაშენებლის #285-ში, მისი საწარმოო კაპიტალი 2 301 950 ლარია, კალაძის შემოსავალი კი აქედანაც ნული ლარია. შპს “ანოუკის” დამფუძნებელია ყოფილი ფეხბურთელის დიზაინერი მეუღლე. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 100 ლარს შეადგენს, მინისტრის მეუღლეს კი აღნიშნული საქმიდან შემოსავალი არ აქვს. კალაძე უკრაინაში შპს “юка”-ში 33%-ის მფლობელია. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 420000 UAH, საიდანაც მისი შემოსავალი 480000 აშშ დოლარია. საქართველოს მთავრობის წევრი კალაძე უკრაინაში “ნესტ გრუპ”-ის 50%-ის მფლობელიცაა და მისი წლიური შემოსავალი 250 000 ევროა. გასულ წელს ენერგეტიკის მინისტრის ხელფასი 58563 ლარს შეადგენდა.

კახა კალაძეს 501 000 ლარი სესხი აქვს გაცემული და აქედან მისი შემოსავალი 1 328 161,99 ლარია. 5 500 ლარის გასესხების შედეგად მისი შემოსვალი 12 129,86 ლარით განისაზღვრება, ხოლო გასესხებული 6227 ლარის შედეგად მისი შემოსავალი 13 733,21 ლარია. კალაძეს სხვა თანხებიც აქვს გასესხებული: 301000 ლარი, 100 000 ლარი, 516297 აშშ დოლარი და 2 000 000 აშშ დოლარი და, როგორც დეკლარაციაში განმარტავს, ზემოჩამოთვლილი თანხების გასესხებით მას შემოსავალი არ მიუღია.

ენერგეტიკის მინისტრს საკუთარი წილები და აქციები მართვის უფლებით მინდობილობით გადაუცია, თუმცა დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ვის ანდო ბიზნესის მართვა გაპოლიტიკოსებულმა ფეხბურთელმა. ივანიშვილის აშკარა ფავორიტ კალაძეს სს “ბანკ ქართუში” არაერთი სესხი აქვს.

საქართველოს ვიცეპრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს 1996_2003 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაუმთავრებია. პროფესიით ისტორიკოსია, კვალიფიკაციით _ ისტორიის მასწავლებელი. სამუშო გამოცდილება:

* 25.11.2013 -დან დღემდე _ პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი;

* 26.11.2016 -დან დღემდე _ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი;

* 2012-2016 _ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი;

* 2008-2012 _ სს “პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

საქართველოს მეორე ვიცეპრემიერს _ დიმიტრი ქუმსიშვილს დეკლარაცია 2017 წლის 31 იანვარს შეუვსია. იგი 1974 წლის 7 სექტემბერს თბილისში დაიბადა. მისი მეუღლე, ნატალია თევდორაშვილიც, თბილისში დაბადებულა 1976 წლის 16 დეკემბერს. შვილები _ ირაკლი და ნინო ქუმსიშვილები შესაბამისად, 2003 წლის 10 მარტსა და 2008 წლის 25 ივლისს დაიბადნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილს თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, 119 კვ.მ ბინა 112 775 ლარად შეუძენია; შარტავას ქუჩაზე 189 კვმ. ბინა _ 124716 ლარად. მემკვიდრეობით აქვს მიღებული 312 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 451 კვ. მ მიწის ნაკვეთი ლამისყანის ქუჩაზე. საჩუქრად მიუღია 55 კვ.მ ბინა ფინანსთა მინისტრის მეუღლესაც. ნატალია თევდორაშვილის საკუთრებაა 603 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა წყნეთში, ე.წ. “ნუშის ბაღის” ტერიტორიაზე, რომელშიც 16 236 ლარი გადაუხდია. იქვე ვიცეპრემიერის მეუღლეს 604 კვ.მ მიწის ნაკვეთი 16 263 ლარად შეუძენია. 58 კვ.მ ბინა ქავთარაძის ქუჩაზე 61 727 ლარად შეუძენია, ხოლო ავტოფარეხი მათ ამავე მისამართზე _ 9790 ლარად. დიმიტრი ქუმსიშვილს 91 კვ.მ ბინა ჯიქიას ქუჩაზე 110 027,72 ლარად შეუძენია; თეთრიწყაროში 187 კვ.მ სახლი, 475 და 480 კვ.მ მიწის ნაკვეთები ქუმსიშვილს საჩუქრად მიუღია, თუმცა დეკლარაციის მიხედვით გაუგებარია, ვისგან მიიღო ვიცეპრემიერმა ეს ძვირად ღირებული საჩუქრები. ვიცეპრემიერის საკუთრებაა მსუბუქი ავტომანქანა “მერსედეს ბენცი მლ 350”, რომლიც მას 18000 აშშ დოლარად შეუძენია.

დეკლარაციის შევსების მომენტისთვის დიმიტრი ქუმსიშვილს “ბანკ ქართუში” დეპოზიტზე 1000 აშშ დოლარი ერიცხებოდა, სახელფასო ანგარიშზე _ 15 398 ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე _ 4 836,23 ლარი. ფინანსთა მინისტრს “თი-ბი-სი ბანკში” 3527 აშშ დოლარი ერიცხება, მის მეუღლეს კი “ბანკ ქართუში” _ 9 780 ევრო. დეკლარაციის შევსებისას მინისტრს, რომელმაც საზოგადოებას თავი განსაკუთრებით “ბღუჯა ლარითა” და “ჟრიალით” დაამახსოვრა, 48 000 ლარი ჰქონდა, როგორც დეკლარაციაში განმარტავს, ეს წინა წლის დივიდენდი და განაღდებული ფასიანი ქაღალდებია.

დიმიტრი ქუმსიშვილი შპს “რეშენალ სოლუშენსის” პარტნიორია, რომელშიც მისი წილი 10%-ით განისაზღვრება. საწარმოს კაპიტალის ოდენობა 64 000 ლარია, ხოლო “ქართული ოცნების” მინისტრის წლიური შემოსავალი _ 45030 ლარი. ისე, საინტერესოა, “ბღუჯასსაკუთარი ბღუჯაბღუჯა ლარების დანახვაზეც აჟრიალებს თუ მხოლოდ სხვისი ფულის მიმართ აქვს ასეთი ემოციური დამოკიდებულება?!

საქართველოს ვიცეპრემიერისა და ფინანსთა მინისტრის სამუშაო გამოცდილება ასეთია:

* 27.11.2016-დან დღემდე _ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი;

* 13.06.2016-დან 27.11.2016-მდე _ საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

* 30.12.2015-დან 13.06.2016-მდე _ საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

* 01.09.2015-დან 30.12.2015-მდე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

* 17.03.2015-დან 01.09.2015-მდე _ ქალაქ თბილისის ვიცემერი;

* 2012-2015 (მარტამდე) _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე; სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე”;

* 2011-2012 _ ბიზნესგანვითარების დირექტორი, “პალიტრა მედია”;

* 2012 _ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, “რეშენალ სოლუშენს”;

* 2012 _ დირექტორი, “დამწყები ბიზნესის საინვესტიციო ფონდი”;

* 1999-2011 _ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, სს “ბანკი ქართუ”;

* 2000-2011 _ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა;

* 2010-2012 _ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, “გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”;

* 1997-1999 _ ხაზინის უფროსი, სს “ქართუ ბანკი”;

* 1996-1997 _ აუდიტორი, “აუდიტკონსალტინგი”;

* 1995-1996 _ წამყვანი სპეციალისტი, სს “გაერთიანებული ქართული ბანკი”.

გიორგი გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here