დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე პრეზიდენტს უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებს.
მისი თქმით, პრეზიდენტი ჭორებზე განმარტებებს არ უნდა აკეთებდეს, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტები მოეპოვება შესაბამის ორგანოებს უნდა გადაეცეს.
“ჭორებზე განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან არასწორია. უფრო მაღლა უნდა დადგეს ამ ყველაფერზე. თუ არსებობს დამადასტურებელი ფაქტი, ერთად მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, მოხდეს გამოძიება, თუ ვინმე ავალდებულებდა და იყო ზეწოლა, ესეც გამოვიძიოთ. ის, რომ მასწავლებელი, ბაღის თანამშრომელი, ექიმი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და მხარს გვიჭერდა მე და “ქართულ ოცნებას”, დასაძრახი და სიახლე არ არის. ყველას აქვს უფლება და შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს აგიტაცია. პრობლემას არ ვხედავ. თუ დარღვევაა, ერთად გამოვიძიოთ. სიცრუეზე აკეთებ განცხადებებს, თან პრეზიდენტი, არასწორია”, – აღნიშნა კალაძემ.
პრეზიდენტმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გუშინ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ქვეყანამ უარი ჯერ კიდევ ვერ თქვა, რომ სამსახური პოლიტიკური არჩევანის რისკთან დაკავშირებული არ უნდა იყოს.