Home რუბრიკები პოლიტიკა ისტორია და პერსპექტივა

ისტორია და პერსპექტივა

ირანი _ აშშ: ხვალ მშვიდობა თუ კატასტროფა?

1679
ისლამური რევოლუცია

მოაზროვნე საზოგადოებრიობამ მოულოდნელ სენსაციად აღიქვა აშშის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილება ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულებიდან ამერიკის გამოსვლის შესახებ. ერთი მხრივ, ეს მართლაც ექსცენტრიკულ, უადგილო დემარშს ჰგავდა, რომელიც ნიადაგს გამოაცლიდა ბირთვული უსაფრთხოების არსებულ სტაბილურობას არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ, საერთოდ, მსოფლიოში, რომელიც რიგი წამყვანი ქვეყნების მიერ წლების განმავლობაში გაწეული ურთულესი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული და გაფორმდა აღნიშნული აქტით.

ამ “ექსცენტრიკას” თავისი ისტორია აქვს და მოქმედი პრეზიდენტის ახირებად არ შეიძლება ჩაითვალოს. აშშ-ს არასოდეს არ უთქვამს უარი მსოფლიო ბატონობის იდეაზე, მსოფლიო რესურსების, უწინარესად, ენერგეტიკული მარაგის დაპატრონების იმპერიალისტურ მისწრაფებაზე.

ნავთობით მდიდარ ქვეყნებზე გავლენის მოპოვება ამერიკის ყველა დროისა და ყველა ადმინისტრაციის პირობებში იყო და რჩება შტატების ექსპანსიური საგარეო-პოლიტიკური კურსის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მიზნად და ამოცანად.

ისტორიიდან ცნობილია, რომ ირანის შაჰის, რეზა ფეჰლევის, მმართველობის პერიოდში, რომელიც სწორედ აშშ-ის უპრეცედენტო და მრავალმხრივი მხარდაჭერითა და ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უპარდონო ჩარევის შედეგად აღზევდა, ამერიკულმა მონოპოლიებმა განუსაზღვრელი გავლენა მოიპოვეს და პრაქტიკულად დაეპატრონენ ირანის ბუნებრივ სიმდიდრეს. მხოლოდ ისლამურმა რევოლუციამ ბოლო დაუდო ქვეყნის ამგვარ ამერიკანიზაციას და ხალხს დაუბრუნა ის, რაც იმთავითვე მისი საკუთრება იყო.

მას შემდეგ, რაც ირანი დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის რეალიზაციას შეუდგა, აშშ ამ ქვეყანას, როგორც შეურიგებელ მტერს, ისე დაუპირისპირდა.

ეს პუბლიკაცია ამ დაპირისპირების ეტაპებს დეტალებში გაახსენებს “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებს. ეს განსაკუთრებით საჭიროა დღეს, როცა ტრამპის განზრახვის მატერიალიზაციას შეიძლება რეგიონში გეოპოლიტიკური სტაბილურობის დარღვევა მოჰყვეს: ირანი დაემუქრა ტრამპს, რომ საპასუხოდ გადაკეტავს ორმუზდის ყურეს, რომლის გავლით ხორციელდება მსოფლიო ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ შემთხვევაში რეგიონში (მსოფლიოში თუ არა) ვითარების გამწვავება შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი, როგორც ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, გარდაუვალი იქნება, რაც ჩვენ, როგორც ირანის ლამის კარის მეზობლებს, რაღა თქმა უნდა, საეჭვო პერსპექტივის წინაშე გვაყენებს: “ორ ზღვას შუა ძველიძველად საომარი იყო ლელო”.

ის, გადარჩა.

გადარჩება კი ამჯერად ასეთი საშიშროების წინაშე მდგარი ჩვენი სამშობლო?

ახლა კი იმ შტრიხებზე ვილაპარაკებთ, რომლებითაც რეგიონის ბოლო ათწლეულების გეოპოლიტიკური პორტრეტი დაიხატა.

ირანის შაჰი უმოწყალოდ არბევდა ოპოზიციის ნებისმიერ აქციას
ირანის შაჰი უმოწყალოდ არბევდა ოპოზიციის ნებისმიერ აქციას

ტერორი _ ამერიკის პოლიტიკის ინსტრუმენტი

30 წლის წინათ, 1988 წლის ივლისში, აშშმა ხმელთაშუა ზღვაში ჩამოაგდო ირანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 290 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. რა თქმა უნდა, ყველა დაიღუპა.

ეს იყო აშშის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული დემონსტრაციული სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც არაადამიანური სისასტიკითა და ცინიზმით ძნელად მოეძებნება ანალოგი.

რა მოხდა და რატომ _ ამას ჩვენი პუბლიკაციიდან შეიტყობთ.

ამერიკა-ირანის დღევანდელი დაპირისპირება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან იღებს სათავეს, როცა ირანის პრემიერმინისტრი, მოჰამედ მოსადიკი, შეეცადა ბრიტანეთის ნავთობკომპანიების ნაციონალიზაციას. 1953 წელს იგი დაამხო ირანის შაჰმა ფეხლევიმ. ამ გადატრიალების უკან იდგა ამერიკის სპეცსამსახურები, რომლებიც ნავთობის წყაროების დაკარგვის პერსპექტივამ შეაშფოთა.

“სამხედრო გადატრიალება, რომელსაც მოსადიკისა და მისი ეროვნული მთავრობის დამხობა მოჰყვა, ორგანიზებული იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ აშშ-ის მთავრობის თანხმობითა და მხარდაჭერით”, _ ნათქვამია ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნებული იყო ამერიკული დაზვერვის საიტზე. ამ დოკუმენტს ციტირებს გაზეთი The Guardian-ი.

ირანული ნავთობი ირანელ ხალხს

მოჰამედ მოსადიკი XX საუკუნის შუა წლებში ირანელი პოლიტიკოსი იყო. ამ დროს ქვეყანას მართავდა მონარქი _ შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი.

ქვეყნის უმდიდრეს საბადოებს ამუშავებდა ბრიტანული ინგლის-ირანის ნავთობკომპანია, რომელიც მოგვიანებით British Petroleum-ად ჩამოყალიბდა. ირანის ნავთობის გაყიდვიდან მიღებული მოგების ლომის წილი ბრიტანელების ჯიბეებში ილექებოდა, ირანის ბიუჯეტში კი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შედიოდა.

1950-იან წლებში ახლო აღმოსავლეთის არაბულმა ქვეყნებმა დაიწყეს ბრძოლა კოლონიალიზმის შედეგების აღმოსაფხვრელად. რიგ ქვეყნებში ძალაუფლება ხელთ იგდეს ნაციონალისტებმა, რომლებმაც გააუქმეს დასავლეთის ქვეყნებთან დადებული კაბალური ხელშეკრულებები.

ირანში ასეთ ნაციონალისტად მოსადიკი მოგვევლინა. მან ჩამოაყალიბა “ეროვნული ფრონტის” პარტია და შაჰისგან მთავრობის ფორმირების უფლება მიიღო. მოსადიკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა მზად იყო ნავთობმომპოვებელი კომპანიების ნაციონალიზაციის მოსახდენად და მათ მოგების განაწილების ხელშეკრულების გადახედვა მოსთხოვა.

ოპერაციატრაიაქსი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი მოსადიკსრეგიონში სამეფოს ეკონომიკური ინტერესების საფრთხედმიიჩნევდა. მან ნება დართო, დაეწყოთ მოსადიკის დამხობის ოპერაციის შემუშავება. ოპერაცია ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოშიტრაიაქსისსახელით მონათლეს, “МИ-6”-ში კიმხარდაჭერადაარქვეს.

ირანის არმიის მოსყიდულმა გენერლებმა დაამხეს მოსადიკის მთავრობა. პოლიტიკოსს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მის ნაცვლად პრემიერმინისტრი გახდა ფაზლულა ზაჰედი. მან შეაჩერა ინგლის-ამერიკის სანავთობო კომპანიების ქონების ნაციონალიზაცია.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცი წარმატება ხანმოკლე გამოდგა. მოსადიკის დამხობიდან 20 წლის შემდეგ ირანში უცხოელთა ქონების ნაციონალიზაციის ლოზუნგები წამოაყენა რელიგიურმა ოპოზიციამ, რომელმაც 1976 წელს დაამხო შაჰის რეჟიმი და შექმნა ირანის ისლამური რესპუბლიკა. მოსადიკი ამ დღეს ვერ მოესწრო, თუმცა მის სახელს დღესაც დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ.

ახალგაზრდობა შეტევაზე გადადის

ირანსა და აშშში 1979 წლის 4 ნოემბერს _ თეირანში ამერიკის საელჩოს ამბოხებული ახალგაზრდობის მიერ ხელში ჩაგდების თარიღს _ მიიჩნევენ ერთერთ ყველაზე დრამატულ დღედ ორი ქვეყნის ურთიერთობის ისტორიაში. მომხდარს შტატებში ტერაქტად აფასებენ, ირანელების აზრით კი, ეს დღე ვაშინგტონის გავლენისგან გათავისუფლებისა და სუვერენიტეტის მოპოვების დღეა.

რევოლუციურად განწყობილი სტუდენტების შეტევას ამერიკის საელჩოზე თეირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევენ.

მაშინ, სახალხო მღელვარების ფონზე, რომელიც 1978 წელს ქუმში სტუდენტური დემონსტრაციის დახვრეტის შედეგად დაიწყო, ირანში დაემხო აშშ-ის მხარდაჭერილი მოჰამედ რეზა ფეჰლევის რეჟიმი. 1979 წლის თებერვალში, შაჰის საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ, ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა, რომელსაც მეჰდი ბაზარგანი ჩაუდგა სათავეში.

მთელ ქვეყანაში იმართებოდა რევოლუციის ლიდერის _ იმამ ჰომეინის მხარდამჭერი დემონსტრაციები. 1979 წლის 24 ოქტომბერს სახალხო რეფერენდუმზე ირანმა აირჩია ისლამურ რესპუბლიკაზე, როგორც მმართველობის ახალ ფორმაზე, გადასვლა. ახალი ხელისუფლების ინსტიტუტები ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული.

ასეთ ვითარებაში ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა იბრაჰიმ ასჰარზადე და სახელად ერქვა “ისლამური სტუდენტები _ იმამ ჰომეინის კურსის მიმდევრები”, გადაწყვიტა სიტუაციის საკუთარ ხელში აღება. ასჰარზადეს თქმით, მას და მის მომხრეებს თავიანთი გეგმები აიათოლა ჰომეინთან არ შეუთანხმებიათ. ამაში მათ მხარი დაუჭირა აიათოლას ჯგუფის სულიერმა ლიდერმა მუჰამად მუსავი ჰოენიმ.

1979 წლის თებერვალში ჰომეინის მიერ დანიშნულ ბაზარგანის მთავრობას უკვე გათავისუფლებული ჰყავდა ტყვედჩავარდნილი ამერიკელი ჯარისკაცი კენეტ კრაუსი, რომელიც აშშის საელჩოს იცავდა. სტუდენტები ეჭვობდნენ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას შეიძლება მხარი არ დაეჭირა მათი რადიკალური მოქმედებისთვის.

1979 წლის 4 ნოემბრის სტუდენტური დემონსტრაციის მსვლელობისას ახალგაზრდები შეეცადნენ, ხელთ ეგდოთ აშშ-ის საელჩო. მას შემდეგ, რაც პირველი შეტევა დაცვამ მოიგერია, გააფთრებულმა ბრბომ გადათელა საზღვაო ფეხოსნები და დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიჭრა. თავდაპირველად სტუდენტებს შენობის მხოლოდ სიმბოლური დაპყრობა ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ საღამოს მათ მხარდასაჭერად გამოვიდა ჰომეინი. მან ახალგაზრდების ქმედებას უწოდა რევოლუცია, ამერიკის საელჩოს კი _ ჯაშუშების ბუდე.

იგივე განაცხადეს სტუდენტებმა. მათ ხელთ იგდეს საელჩოს საიდუმლო დოკუმენტები, რომელთა განადგურება ამერიკელმა დიპლომატებმა ვერ მოასწრეს. ირანული მხარის მტკიცებით, ზოგიერთი დოკუმენტი ადასტურებდა, რომ რიგი აქაური თანამშრომლებისა ამერიკის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა.

საელჩოს 60 თანამშრომელი მძევლად აიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ მეამბოხეებმა გაათავისუფლეს ყველა ქალი და აფროამერიკელი. 1980 წელს გაათავისუფლეს კიდევ ერთი მძევალი _ ვიცეკონსული რიჩარდ ქვინი. დანარჩენი 52 მძევალი 444 დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

ამბოხებულების მთავარი მოთხოვნა ლტოლვილი შაჰის მათთვის გადაცემა იყო. ამას გარდა, ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ქვეყნის გაყინული ფინანსური აქტივების დაბრუნებას და ოფიციალური ბოდიშის მოხდას ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის გამო 1953 წელს, როცა აშშ-ის აქტიური დახმარებით პროამერიკელებმა დაამხეს პოპულარული პრემიერმინისტრი მოჰამედ მოსადიკი.

მძევლები მხოლოდ 1981 წლის 20 იანვარს გაათავისუფლეს. ამ დროს შაჰი ფეჰლევი უკვე გარდაცვლილი იყო. 1981 წლის 19 იანვარს ალჟირის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად აშშ გახსნიდა ირანის გაყინულ ფინანსურ ანგარიშებს, გააუქმებდა სავაჭრო სანქციებს და ოფიციალურად უარს იტყოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაზე. საელჩოს არც ერთი წევრი სერიოზულად არ დაზიანებულა, არავინ უწამებიათ და არავის დამუქრებიან სიცოცხლის ხელყოფით.

ლოზუნგი “სიკვდილი ამერიკას!”, რომელსაც თეირანში ამერიკის საელჩოს ხელში ჩაგდების დროს გაიძახოდნენ, დღესაც პოპულარულია ირანელ კონსერვატორთა შორის. მაშინ ამ მოწოდებას ქვეყნის საზოგადოებრიობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ანტიამერიკული განწყობილება მაშინ ძალიან ძლიერი იყო და არც ამჟამად დამცხრალა.

ამერიკის სპეცოპერაცია “არწივის კლანჭი”, რომელსაც მძევლები უნდა გაეთავისუფლებინა, ჩაფლავდა, სამაგიეროდ გამწვავდა კრიზისი.

“აი, რეალურად ასეთები არიან ამერიკელი სპეცრაზმელები; ასე შეიჭრნენ ირანის ტერიტორიაზე”, _ აცხადებდნენ რევოლუციის მომხრენი. ამის კვალად ირანზე ერაყის თავდასხმა, რომელსაც შეერთებული შტატები იარაღით ამარაგებდა და დაზვერვის მონაცემებს აწვდიდა, მხოლოდ აძლიერებდა აშშ-ისადმი უარყოფით დამოკიდებულებას.

ყოველწლიურად, 4 ნოემბერს, ათასობით ადამიანი გამოდის შეერთებული შტატების საელჩოს ყოფილ შენობასთან იმ დღის აღსანიშნავად, როცა თეირანმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ვაშინგტონის იმიჯს და 1953 წლის გადატრიალებისთვის შური იძია.

მძევლებთან დაკავშირებულმა კრიზისმა გააფუჭა ამერიკისა და ირანის ურთიერთობა, რომლის გამოსწორებას ათწლეულები არ ეყოფა, _ დაწერა პიტერ . ჰანმა თავის სტატიაშიროგორ დაკარგა კარტერმა ირანი”, _ მან წარმოშვა პოპულისტური უნდობლობა და სიძულვილი ორივე ქვეყანაში, გააცამტვერა ამ სახელმწიფოთა მთავრობების დაახლოების იმედი. ნაცვლად იმისა, რომ თავდაცვის საქმეში აშშის სანდო პარტნიორი ყოფილიყო, ჰომეინის ირანი შეერთებული შტატების მუდმივ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ იქცა. ამ მეტოქეობამ აშშის სტრატეგიული შეცდომები გამოიწვია, მაგალითად, სადამ ჰუსეინის მხარდაჭერა 1980 წელს”.

ამ მოვლენაზე ხშირად მიუთითებენ დღევანდელი ამერიკელი პოლიტიკოსები. მაგალითად, შარშან, 13 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სიტყვა, რომელიც 2016 წელს ირანთან ბირთვული გარიგებიდან აშშ-ის შესაძლო გამოსვლას ეძღვნებოდა, სწორედ ამ მოვლენების გახსენებით დაიწყო.

ჯერ კიდევ 1979 წელს ირანის რეჟიმის აგენტებმა უკანონოდ ხელთ იგდეს აშშის საელჩო თეირანში და 60 ამერიკელი მძევლად ჰყავდათ კრიზისის 444 დღის განმავლობაში, _ შეახსენა ტრამპმა შეერთებული შტატების მოქალაქეებს, _ ირანის დიქტატორული რეჟიმის აგრესია დღემდე გრძელდება”.

კრიზისის სიმპტომები

იმაზე, თუ როგორ აღიქვამს შეერთებული შტატები ირანს და მის როლს ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, მოქმედებს არა მხოლოდ 1979 წლის მოვლენები, არამედ ისიც, რომ თეირანი შემდგომი ათწლეულების განმავლობაში ატარებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში”, _ აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ექსპერტების აზრით, კრიზისი, რომელიც აშშ-ის საელჩოს ხელში ჩაგდებას მოჰყვა, უფრო მეტად იყო სიმპტომი, ვიდრე ამერიკა-ირანის ურთიერთობის გამწვევების მიზეზი. ისლამურმა რევოლუციამ, რომელმაც წერტილი დაუსვა თეირანის პოლიტიკას, მკვეთრად შეცვალა ძალთა ბალანსი რეგიონში. აშშ-ს ხელიდან გამოეცალა კონტროლი ნავთობის უდიდეს მარაგებსა და თავის მოკავშირეზე შუა აღმოსავლეთში.

მკითხველებს შევახსენებთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ირანი დიდი ბრიტანეთის ნახევარკოლონია იყო და განიხილებოდა, როგორც ბრიტანელების ინტერესის ზონა. აშშ-მა უცვლელად მიითვისა და გააძლიერა ასეთი დამოკიდებულება.

პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება მნიშვნელოვანწილად “ნავთობის ფაქტორთან” არის დაკავშირებული. 1980 წელს განცხადებული კარტერის დოქტრინის შემდეგ, რომ სპარსეთის ყურეში ძალთა ბალანსის ნებისმიერი შეცვლის მცდელობა შეერთებული შტატების მიერ განიხილებოდა, როგორც ამერიკის ეროვნული ინტერესების ხელყოფა ნიშნავდა: იანკები ძალას არ დაიშურებდნენ ირანის რეჟიმის შესაცვლელად.

ასეთ ანალოგიას გვთავაზობენ: “ამერიკელები წლების განმავლობაში იბრძოდნენ ვიეტნამში და სერიოზული დანაკარგები განიცადეს, მაგრამ, როცა “ცივი ომის” დამთავრების შემდეგ დაინახეს, რომ მათთვის გაცილებით მომგებიანი იქნებოდა ვიეტნამში თავიანთი გავლენის გაძლიერება, გადაწყვიტეს ხოშიმინთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება”. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის პოლიტიკა ირანის მიმართ ნაკარნახევი იყო, არა საელჩოს მიტაცებითა და დიპლომატების მძევლად აყვანის ფაქტით, არამედ თეირანის საგარეო პოლიტიკით.

30 წლის წინათ, 1988 წლის 3 ივლისს ამერიკის კრეისერმავინსენსმარაკეტით ჩამოაგდო ირანის სამგზავრო ლაინერი Airbus A300B2-203. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეისით SR655 თეირანი _ ბენდერაბასი _ დუბაი მიემართებოდა, იმყოფებოდა 290 ადამიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კატასტროფაში აშკარად ჩანდა ამერიკის ხელი, თეთრმა სახლმა კატეგორიულად უარყო ბრალდება. მეტიც, ხომალდის კაპიტანი, რომელმაც გასცა სამოქალაქო თვითმფრინავის განადგურების ბრძანება, აშშ-ის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა. ისტორიკოსები და სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამერიკელი მეზღვაურების მოქმედება სამხედრო დანაშაულია.

კატასტროფის წინაპირობები

როგორც ვთქვით, 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ ირანში დაამხო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი შაჰის _ მოჰამედ რეზა ფეჰლევის რეჟიმი. ირანის მეზობელი ერაყის ხელისუფლებას ამერიკელები აქეზებდნენ, რომ რევოლუციურმა განწყობილებამ შეიძლება მოიცვას ოფიციალური ბაღდადის კონტროლს დაქვემდებარებული ტერიტორიები, სადაც ცხოვრობდა შიიტების მრავალრიცხოვანი თემი. ამავე დროს სადამ ჰუსეინი, რომელიც ერაყში ახალი აღზევებული იყო, იმავე ამერიკელების კარნახით, აპირებდა ირანის საზღვრისპირა, ნავთობით მდიდარი რაიონების დაპყრობას.

ერაყის ლიდერი სავსებით საფუძვლიანად მიიჩნევდა, რომ მას ამ იდეის განხორციელებაში მხარს დაუჭერდა აშშ და ევროპის ქვეყნები. ამიტომ იყო, რომ 1980 წელს ერაყის არმიამ გადალახა ირანის საზღვარი, მაგრამ სიტუაცია არ განვითარდა ისე, როგორც ჰუსეინი ვარაუდობდა. ირანელებმა შეძლეს მისი სამხედრო ძალების შეტევის არა მარტო მოგერიება, არამედ ეფექტიან კონტრშეტევაზეც გადავიდნენ.

ერაყის ხელისუფლებამ შეცვალა ირანზე შეტევის მეთოდი და გადავიდა .. ტანკერების წინააღმდეგ ომზე _ დაიწყო ტანკერების ჩაძირვა, რომლებითაც ირანულ ნავთობს დანარჩენ მსოფლიოში ეზიდებოდნან. ჰუსეინი და მისი კურატორები იმედოვნებდნენ, რომ ასეთი მეთოდი დაანგრევდა ოფიციალური თეირანის ეკონომიკას და მსოფლიო სახელმწიფოებს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევდა.

მაგრამ მოხდა ისე, რომ ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების საპასუხო დარტყმებით ჩაიძირა ბაღდადის მოკავშირე ქვეყნების ტანკერები, რომლებსაც ირანული ნავთობი გადაჰქონდათ. 1987 წელს აშშ-მა და საფრანგეთმა სპარსეთის ყურეში თავიანთი ჯარების ნაწილები გადაისროლეს.

1988 წლის 14 აპრილს ორმუზის ყურეში გაურკვეველი წარმოშობის ნაღმზე აფეთქდა ამერიკელების ფრეგატი. არსებობს ვერსია, რომ ამერიკელებმა თვითონ ჩაძირეს თავიანთი გემი, რათა გაემართლებინათ ირანის ობიექტებზე შეიარაღებული თავდასხმა. ამას გარდა, გავრცელდა ხმები, თითქოს ირანმა ჩინეთში შეისყიდა ახალი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები. ამერიკულმა სარდლობამ ამით გაამართლა სპარსეთის ყურეში ხომალდის შეყვანა, რომელიც აღჭურვილი იყო მრავალფუნქციური საინფორმაციო მართვის სისტემით Aegis. მიაჩნდათ, რომ ეს სისტემა ეფექტიანად რეაგირებდა მოწინააღმდეგის სარაკეტო დარტყმებზე. ეს გემი იყო აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების რაკეტმზიდი კრეისერი “ვინსენსი”.

A300-ის დაღუპვა

1988 წლის 3 ივლისს ამერიკელებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ირანის კატარღები ემუქრებიან პაკისტანის გემს. “ვინსენსის” კაპიტანმა უილიამ როჯერს III-ემ შესაძლო კონფლიქტის ადგილზე გააგზავნა შვეულმფრენი. მის დანახვაზე ირანელებმა თავიანთი ტერიტორიული წყლებისკენ დაიხიეს, მაგრამ ამან არ შეაჩერა ამერიკელები და მათი შვეულმფრენი ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში კონფლიქტის პროვოცირების მიზნით შეიჭრა. ირანელებმა, ბუნებრივია, ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა მომხდარის შესახებ აცნობა კაპიტანს და როჯერსმა კრეისერი ირანის ტერიტორიული წყლებისკენ დაუყოვნებლივ წარმართა. პარალელურად სარდლობისგან მოითხოვა და მიიღო ცეცხლის გახსნის ნებართვა. მალევე ორი ირანული კატარღა აკვატორიის წყლებში ჩაძირეს.

იმავე დროს ბენდერ-აბასის აეროდრომიდან აფრინდა ირანის სამგზავრო ლაინერი Airbus A300B2-203, რომელიც ასრულებდა რეისს SR655 არაბეთის გაერთიანებული ემირატებისკენ. იგი მიფრინავდა 35 კილომეტრის სიგანის საერთაშორისო საჰაერო დერეფნის ფარგლებში. ამერიკული კრეისერის Aegis სისტემამ მაშინვე შეამჩნია ირანის ლაინერი. ექსპერტების თქმით, ლაინერი აღჭურვილი იყო სპეციალური კოდით, რომელსაც მხოლოდ სამოქალაქო ხომალდები იყენებენ, მაგრამ “ვინსესმა” ამ ფაქტს შეგნებულად არ მიაქცია ყურადღება. მოგვიანებით ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ A300-ის ფრენის პროფილი თითქოს ჰგავს შეტევაზე გადასული ავიაგამანადგურებლის _ F-14-ის პროფილს და კრეისერის მეთაურმა თითქოს მიიჩნია, რომ ირანელებმა მათ ტერიტორიაზე შეჭრილი კრეისერის დასჯა გადაწყვიტეს.

ამერიკელებმა განაცხადეს, რომ 11-ჯერ შეეცადნენ, დაემყარებინათ კონტაქტი აირბუსთან რადიოკავშირის მეშვეობით, მაგრამ კოდების არეულობის მომიზეზებით, რითაც ირანელი მფრინავები თითქოს ცდილობდნენ თავიანთი სამხედრო-საჰაერო ძალებისადმი კუთვნილების დაფარვას, როჯერსმა თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება გასცა. ბრძანება დაუყოვნებლივ აღსრულდა. თვითმფრინავი აფეთქდა და ორ ნაწილად გადატეხილი სპარსეთის ყურეში ჩავარდა. 274 მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი დაიღუპა.

ამერიკის მხარის ოფიციალური პატაკის ტექსტის მიხედვით, თვითმფრინავი, როგორც სამოქალაქო ტრანსპორტი მხოლოდ კატასტროფის შემდეგ იყო იდენტიფიცირებული. ინციდენტის მიზეზებად დასახელდა ეკიპაჟისფსიქოლოგიური მდგომარეობადა, როგორც ვთქვით, ლაინერისა და ავიაგამანადგურებლის ფრენის პროფილის მსგავსება.

სინამდვილეში კი ამერიკელებმა დემონსტრაციულად დასაჯეს ირანი და ამის განსახორციელებლად აირჩიეს ბილწი და საძაგელი საშუალება _ და მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთადანაშაულიამერიკის ნებისგან დამოუკიდებელი და თანმიმდევრული კურსის მიმდევარი ირანის მოქალაქეობა იყო.

ვაშინგტონი ბოდიშს არ მოიხდის

მხოლოდ მას შემდეგ, რაც თეირანმა საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, ვაშინგტონი დათანხმდა დაღუპული ადამიანების ნათესავებისთვის კომპენსაციის გადახდას; ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს “ნებაყოფლობით” მიღებული გადაწყვეტილება იყო და სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ აშშ თავს დამნაშავედ მიიჩნევდა.

აშშ-მა, როგორც სახელმწიფომ, კატეგორიული უარი თქვა, ეღიარებინა დანაშაული. პრეზიდენტებმა რეიგანმა და ბუშმა ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ბოდიშს არ მოიხდის, რაგინდ ფაქტები წარუდგინონ.

ამერიკელებმა წინასწარი განზრახვით რომ ჩამოაგდეს ირანის სამოქალაქო თვითმფრინავი, ამაზე ნათლად მეტყველებს ის, თუ როგორ მოექცა ამერიკის ხელისუფლება ინციდენტის უშუალო დამნაშავეს. კრეისერის კაპიტნის გარდა, რომელიც “ღირსების ლეგიონის” ორდენით დააჯილდოვეს, მისი ხელქვეითების მოქმედებაც ჯილდოების მინიჭებით აღნიშნეს.

მომზადებულია ინტერნეტში გამოქვეყნებული

მასალების მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here