Home სხვადასხვა დაიჯესტი “თუ ხალხს დემოკრატია სურს, ის თვითონ მივა მასთან, საჭირო არ არის ამის...

“თუ ხალხს დემოკრატია სურს, ის თვითონ მივა მასთან, საჭირო არ არის ამის გაკეთება ძალისმიერი მეთოდებით”

86

შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ უნივერსიტეტში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რამდენიმე საკითხზე ილაპარაკა.

შორეულ აღმოსავლეთზე

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა შორეულ აღმოსავლეთში შექმნის კაპიტალისა და ეკონომიკის ცენტრს, შესაძლებლობების სივრცეს მოქალაქეებისა და ბიზნესმენებისთვის.

რუსეთის ლიდერის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ამ ფედერალურ მხარეში 6 წლის განმავლობაში 6-ჯერ მოიმატა და მთავრობას სთხოვა, მოამზადოს ენერგეტიკული პროექტები ამ მხარისთვის. ამასთანავე, პუტინის განცხადებით, შორეულ აღმოსავლეთში გაიზრდება ჯანდაცვის სისტემის ბიუჯეტი. პრეზიდენტმა ყველას შეახსენა, რომ შორეულ აღმოსავლეთში 2019 წლიდან მოქმედებს სპეციალური დემოგრაფიული პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს დედებისთვის დახმარების მომატებას მეორე ბავშვის გაჩენისას, ხოლო მესამე, მეოთხე და შემდეგი ბავშვების გაჩენის შემთხვევაში დედებს სახელმწიფო ყოველთვიურად დაეხმარება.

“შორეული აღმოსავლეთის წინმსწრები განვითარება ქვეყნის ხანგრძლივვადიანი პრიორიტეტია”, _ აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

კურილის კუნძულებზე

ვლადიმერ პუტინმა კურილის კუნძულებზე “ბიზნესისთვის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმის” შექმნაზე ილაპარაკა. მისი თქმით, მეწარმეები 10 წლით გათავისუფლდებიან მოგების, ქონების, მიწის გადასახადებისგან; დაწესდება, აგრეთვე, სამუშაო შეღავათები.

ვიმედოვნებთ, რომ კურილის კუნძულებზე პრეფერენციული რეჟიმი მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს კუნძულების გასავითარებლად, პერსპექტიული პროექტების ასამოქმედებლად, უწინარესად, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტურიზმი, ზღვის კულტურა და ზღვის პროდუქტების გადამუშავება”.

განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ კურილის კუნძულებზე მომუშავე უცხოური კომპანიები.

იაპონიასთან ურთიერთობაზე

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და იაპონია დაინტერესებულნი არიან ურთიერთობის ნორმალიზაციით.

“მხედველობაში მაქვს ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები თანამშრომლობის განვითარების მიმართ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პატივი უნდა ვცეთ მეორე მსოფლიო ომის საერთაშორისო დოკუმენტებში ასახულ შედეგებს”. რუსეთის პრეზიდენტმა, ომის შედეგებიდან გამომდინარე, სამშვიდობო შეთანხმების არარსებობას ნონსენსი უწოდა და თქვა, რომ ამ საკითხზე დიალოგის გამართვას ყოველთვის მხარს უჭერდა. ამასთანავე, პუტინმა ყველას შეახსენა, რომ, განახლებული კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთი განუყოფელია და კურილის კუნძულების სამხრეთი ნაწილი რუსეთის კუთვნილებაა სამუდამოდ. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ “მოსკოვი თავს დაიცავს იაპონიის ტერიტორიაზე აშშ-ის რაკეტების განლაგებისგან”.

ჩრდილოეთის საზღვაო გზებზე

რუსეთს განზრახული აქვს, განავითაროს შორეული აღმოსავლეთის სატრანსპორტო პოტენციალი, მათ შორის უფრო გამოიყენოს ჩრდილოეთის ზღვის გზის შესაძლებლობები. “2024 წლისთვის ამ მარშრუტით წელიწადში უნდა გადაიზიდოს 80 მლნ ტონა ტვირთი”, _ განაცხადა პუტინმა.

“აქ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სანაპიროსა და პორტების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გამაგრებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, მაგრამ მთავარია, რომ ტვირთის კონტეინერებით გადაზიდვა იყოს ეკონომიკურად მიზანშეწონილი, ამასთანავე, რუსეთი არ აპირებს, ვინმე შეზღუდოს ჩრდილოეთის დერეფნის ათვისების საქმეში”, _ აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პანდემიაზე

პუტინმა “უზარმაზარი შეცდომა” უწოდა ზოგიერთი ქვეყნის მიერ პანდემიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის პოლიტიზებას, რადგან მსოფლიო სრულად არ არის დაცული ვაქცინებით და ეს მათ ბუმერანგივით დაუბრუნდებათ.

“ჩემი აზრით, დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია პოლიტიზაციაზე უარის თქმა და პანდემიისა და მისი შედეგების დასაძლევად ერთობლივი ბრძოლა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის”.

სახელმწიფო სათათბიროში არჩევნებზე

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან არ უნდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების _ სერგეი შოიგუსა და სერგეი ლავროვის გაშვება სახელმწიფო სათათბიროში, თუმცა მათ თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

ისინი თავიანთ ადგილებზე არიან, კარგად მუშაობენ, კოლეგებმა, უბრალოდ, თხოვნით მომმართეს, სათავეში ჩასდგომოდნენ სიას და ყველასთვის დაენახვებინათ, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებს პარტიაედინაია როსია”, ცხოვრებაში რეალურად ხორციელდება, მათ შორის ამ ადამიანების მიერაც”.

ლავროვი და შოიგუ შემოდგომაზე გასამართ არჩევნებში პარტია “ედინაია როსიას” სიით პირველ ხუთეულში იქნებიან.

უკრაინაზე

რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კიევთან ურთიერთობა არანორმალურ და არაბუნებრივ ხასიათს ატარებს.

“და, ადრე თუ გვიან _ უკეთესი იქნება, თუ ეს მოხდება ადრე, და რაც ადრე, მით უკეთესი _ ჩვენ სრულფორმატიანი მასშტაბით აღვადგენთ ურთიერთობას უკრაინასთან”.

კითხვაზე _ დადგება თუ არა დღე, როცა რუსეთში გამართულ ფორუმს უკრაინის პრეზიდენტიც დაესწრება, პუტინმა უპასუხა, რომ ამის დიდი იმედი აქვს.

ეს დამოკიდებულია არა რუსეთზე, არამედ უკრაინელ ხალხსა და ამომრჩეველზე. მათ უნდა განსაზღვრონ დონე, ხარისხი, მუშაობის შედეგები იმ ადამიანებისა, რომლებსაც ხმა მისცეს. და, თუკი პრეზიდენტ ზელენსკის აირჩევენ და ის თავის რეალურ პოლიტიკას არა სიტყვით, არამედ საქმით გაატარებს და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისკენ მიმართავს, რატომაც არა?”

ავღანეთზე

რუსეთის სახელმწიფო მეთაურს უყურადღებოდ არ დაუტოვებია სამხრეთ აზიაში შექმნილი ვითარება. იმას, რაც ავღანეთში მოხდა, ვლადიმერ პუტინმა ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა.

“ეს ჩემი სიტყვები არ არის. ეს ამერიკელი ანალიტიკოსების სიტყვებია… ამერიკელები, საერთოდ, ძალიან პრაგმატულები არიან _ ამ კამპანიაში 1,5 ტრილიონი დოლარი დახარჯეს და შედეგი? ნულოვანი. თუ გავითვალისწინებთ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც კოლექტიური დასავლეთისთვის, აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის მუშაობდნენ და ავღანეთში მიატოვეს, მაშინ ეს ჰუმანიტარული კატასტროფაა”.

რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი შეწყვეტს ძველი პოზიციებიდან მოქმედებას და აღარ შეეცდება სხვა ხალხების “გაცივილურებას”.

თუ დემოკრატია სურს რომელიმე ხალხს, მაშინ ეს ხალხი თვითონ მივა მასთან. საჭირო არ არის ამის გაკეთება ძალისმიერი მეთოდებით”.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თალიბების მთავრობის აღიარების საკითხი განხილული უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რა დგას მათი განცხადებების უკან. მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვიტონ ავღანეთის პრობლემა.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here