Home ახალი ამბები საქართველო თუ ბავშვებს დასჭირდებათ დახმარება, ყველას გავუწოდოთ დახმარების ხელი, უპირველესად კი _ ჩვენს...

თუ ბავშვებს დასჭირდებათ დახმარება, ყველას გავუწოდოთ დახმარების ხელი, უპირველესად კი _ ჩვენს სისხლსა და ხორცს

305

გახსოვთ, ალბათ, სასტუმროების მფლობელები კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნას რომ ითხოვდნენ და საპროტესტო აქციებს მართავდნენ _ აქაოდა, ბიზნესი კვდება, შიმშილის ზღვარზე ვართო. ისიც გვახსოვს, უმოძრაობისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში, სასტუმროში მისულ ადგილობრივ დამსვენებლებს ცხრაპირ ტყავს რომ აძრობდნენ და ერთი სტუმრით სურდათ მთელი თვის დანახარჯის ამოღება. ჰოდა, როცა რეგულაციები მოიხსნა, გვეგონა, რომ ეს სექტორი საბოლოოდ დამშვიდდა და თავისი საქმის კეთებას განაგრძობდა, მაგრამ არა _ როგორც კი უკრაინასა და რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო და პირველი დევნილები გაჩნდნენ, სასტუმროების უმრავლესობამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ისინი მზადყოფნას გამოთქვამდნენ სასტუმროში 2 ან 3 უკრაინული ოჯახის მასპინძლობაზე. ერთი შეხედვით ეს ჰუმანური აქტია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

სასტუმროების გარდა, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ ცნობილი ადამიანები, უბრალოდ, მდიდარი პიროვნებები და დაწერეს, რომ აქვთ დაკეტილი სახლები, აგარაკები, სოფლებში უქმად უდგათ მამაპაპისეული სახლები და მზად არიან, რამდენ ხანსაც დასჭირდებათ, იმდენ ხანს უმასპინძლონ უკრაინულ ოჯახებს და არა მხოლოდ უმასპინძლონ, არამედ გამოკვებონ კიდეც. რაც მთავარია, ამ ადამიანებისა თუ სასტუმროების ოფიციალურ გვერდებზე აღნიშნული განცხადებების გამოქვეყნების შემდეგ ათასობით მოქალაქე დადებით ემოციას გამოხატავს, ხოტბას ასხამს და წერს, რომ ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან, რომ მათ ყველაზე მეტად უყვართ სამშობლო და მოძმე ერი. სინამდვილეში კი მათ საკუთარი ერი არ უყვართ და ადამიანი, რომელიც საკუთარ ერს ვერ შეიყვარებს, სხვა ერებს პატივს ვერ სცემს. რეალურად, სწორედ ეს ადამიანები და სასტუმროების მფლობელები, რომლებმაც ანალოგიური მოწოდება გაავრცელეს, არიან ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი რეგვნები, ლიბერასტული პროპაგანდით გამოთაყვანებულები და ახლავე გეტყვით, რატომ.

რამდენიმე წლის წინათ ვაკეში, ერთ-ერთ ქუჩაზე ორი მათხოვრის სერიოზულ დაპირისპირებას შევესწარი, ლამის მუშტი-კრივი ჰქონდათ გამართული. გასაყოფი ვაკეში მდგარი ნაგვის ურნები იყო. ერთი იძახდა, მე აქ წლებია “ვმუშაობ”, შენ ვინ ხარ, ადგილს რომ მართმევო; მეორე უმტკიცებდა: მეც მშია და მეც აქ უნდა ვიაროო. თურმე ვაკეში შეძლებული ადამიანები სხვა უბნებში მცხოვრებლებთან შედარებით მეტ ნარჩენებს ყრიდნენ და ამიტომაც იქ მათხოვრობა ნაგვიდან ამოღებულ ბევრ საჭმელს უდრიდა. ჰოდა, ერთი მეორეს სწორედ ვაკის ნაგვის ურნას არ ანებებდა.

იმის მიუხედავად, რომ მას შემდეგ წლები გავიდა, საქართველოში მათხოვრების რაოდენობა ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად მატულობს და ნაგვის ურნებისთვის ბრძოლაც სულ უფრო მძაფრდება. თანაც, უკვე შეძლებული ადამიანებიც კი ნაკლებ საჭმელს ყრიან სანაგვეში, იმიტომ, რომ საკვები ძალიან გაძვირდა. ჰოდა, რაღაც არ გაგვიგია, რომელიმე სასტუმროს მფლობელს ან შეძლებულ ადამიანს საჯაროდ ეთქვას: ეს რამდენი უსახლკარო და გაჭირვებულია ქუჩაში, რამდენი ბავშვი დადის უპატრონოდ, შევიფარებ, ჩემს სახლს დავუთმობ, სასტუმროში 2-3 ნომერს გამოვყოფო. მათ ეს არ უთქვამთ, მაშინაც კი, როცა ტურიზმის ბუმი იყო საქართველოში და სასტუროებს ათეულათასობით მოგება ჰქონდათ, არც ერთს არ წამოსცდენია: ჩვენთან ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახია, ისინი ვერ ახერხებენ დასვენებას კურორტებზე და აგერ, ერთი კვვირით 2-3 ნომერს გამოვყოფ და ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს ჩემს ხარჯზე დავასვენებო. არა, ბატონებო, ეს მაშინ თავში აზრად არავის გაუვლია, თუმცა ახლა ყველა მზად არის, უკრაინელები შეიფაროს. რა თქმა უნდა, მათი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, შეფარება თუ დასჭირდათ ბავშვებს, იცით, როგორ უნდა მოიქცეთ? ბავშვი ეროვნული და რასობრივი კუთვნილების მიხედვით არ უნდა გამოარჩიოთ _ მნიშვნელობა არ აქვს, ის რუსია, უკრაინელი თუ ქართველი, ან კიდევ _ ფერადკანიანი… ის არის ბავშვი, რომელსაც, უწინარესად, საკვები და სითბო სჭირდება. შესაბამისად, განცხადება, შევიფარებ უკრაინელ ბავშვებსო, ცოტა არ იყოს, ყურს ცუდად ხვდება. და რუსი ბავშვი რომ მოგადგეთ კარზე, არ შეიფარებთ? ქუჩაში გააგდებთ და სასიკვდილოდ გაწირავთ? აბა, რატომ უსვამთ ხაზს, რომ ბავშვი აუცილებლად უკრაინელი უნდა იყოს?

აგერ ერთ განცხადებას გაგაცნობთ:

“სოციალურ ქსელში ჩემს გვერდზე დავპოსტე და ვთქვი, რომ ვიშვილებდი 5 ბავშვს. არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელია, ქართველი, რუსი თუ ა.შ. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და მის უნარებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მათ აშშ-ში წავიყვან, მივცემ განათლებას, გავზრდი, როგორც იქნება, დავეტევით. 5 ბავშვს იმიტომ ვამბობ, რომ, ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, 5 ბავშვს შემიძლია გავუწიო უზრუნველყოფა. იქნებ რამენაირად დამიკავშირდეს ვინმე წარმომადგენელი, პოლონეთში ჩავალ, რომ ბავშვები წამოვიყვანო”, _ ეს განცხადება ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ნინი შერმადინმა გაავრცელა.

მიხვდით, ხომ, რაშია საქმე? “ვიშვილებ 5 ბავშვს. არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელია, ქართველი, რუსი თუ ა.შ…” ალალად გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი, რომელი სიმღერა ჩაწერა ბოლოს ნინი შერმადინმა, მაგრამ მისი ეს განცხადება ყოველთვის მემახსოვრება. და, როგორ გგონიათ, ამ განცხადების შემდეგ მან საქართველოს უღალატა და სხვაზე ნაკლები პატრიოტია?! თუ პირიქით _ ახლა გამოჩნდა, რომ ის, უბრალოდ, ადამიანია და სხვა დანარჩენები მხოლოდ პიარზე გათვლილ სვლებს აკეთებენ, აქაოდა, მეც საერთო საქმეში ვარ ჩართული და ჩემ წილ აგურს ვდებო. მეგობარმა მითხრა ამას წინათ, იჭირვებს ეს ხალხი და იმიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებას, მეგობარ სახელმწიფოს მხარში უდგანანო. მოდი, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, როგორი მეგობარია უკრაინის ხელისუფლება ჩვენი, ის ხელისუფლება, რომელიც დღემდე თანამდებობაზე ამუშავებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულ და სასჯელმისჯილ ზურაბ ადეიშვილს; ის ხელისუფლება, რომელსაც კვლავ თანამდებობაზე ჰყავს გასამართლებული და ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი. ნეტავი რა რეაქცია ექნებოდათ, ჩვენ რომ ვიქტორ იანუკოვიჩი დაგვენიშნა საქართველოში დიდ თანამდებობაზე? ხომ აფრენდნენ საპროტესტო ნოტას ნოტაზე? ხელისუფლებაზე ვთქვით და ახლა მოსახლეობაზეც ვთქვათ, რომელსაც მართლა არაფერს ვერჩით, მაგრამ უკრაინელებს ახლა გაუჭირდათ, ახლა არიან დევნილები, თორემ ერთი თვის წინათ ათჯერ იმაზე კარგად ცხოვრობდნენ, ვიდრე ჩვენ. ჰოდა, იმ ერთი თვის წინათ ეს პატრიოტი ქართველები რატომ არ გამოვიდნენ და ქართველი ბავშვები რატომ არ შეიფარეს? ქართველი ქართველს რატომ არ დაეხმარა, რატომ?!

ჩემი თვალით რომ არ წამეკითხა და შემდეგ მომესმინა, ეგებ არც დამეჯერებინა:

ეპარქიაში მაქვს საბავშვო ბაღებისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მზად ვარ, უკრაინიდან მივიღო 30 ბავშვი (თუ საჭირო იქნება მშობლებიც) უზრუნველვყო ისინი საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობით”, _ ეს მიმართვა არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა გააკეთა.

მეუფეო, გისმენთ და გამკვირვებია _ ამბობთ, რომ ეპარქიაში გაქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 30 ოჯახის მისაღებად, ხომ? და ამ 30 ოჯახს უზრუნველყოფთ საცხოვრებლითა და ყველა სხვა აუცილებელი პირობით, რაც, სავარაუდოდ, კვებას გულისხმობს. და აქამდე სად იყავით? გნებავთ, ჩამოვალ თქვენს ეპარქიაში და ერთ დღეში 50 ისეთ ოჯახს მოვნახავ, რომლებსაც, წლებია, ნოყიერი კი არა, საძღომად საჭმელი არ მიუღიათ; ისეთებს მოვნახავ, შემოდგომაზე რომ აწვიმთ და ზამთარში ათოვთ. ეს პირობები გაქვთ და უკრაინარუსეთის ომს ელოდით, იქიდან ოჯახები რომ მიგეღოთ? და გაჭირვებულებს უფრო მეტი რწმენისკენ რომ მოუწოდებენ მღვდელმსახურნი, ღმერთი არ მიგატოვებთო, ეს მიტოვება არ არის? 30 ოჯახი კი არა, 10 ბავშვი წაიყვანეთ, ჭერი მიეცით, დააპურეთ და აღზარდეთ, ჰო, ეკლესიის წიაღში აღზარდეთ, ამაზე მადლიან საქმეს, უბრალოდ, ვერ გააკეთებთ.

ამიტომ ვამბობთ: თუ ბავშვებს დასჭირდებათ დახმარება, ყველას გავუწოდოთ დახმარების ხელი, უპირველესად კი _ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომლებიც ყოველდღიურად ნაგვის ურნებთან გადარჩენისთვის იბრძვიან. ჰო, უკრაინაში ტყვიას გაურბიან, საქართველოში _ შიმშლს. იმ სასტუმროს მეპატრონეების ან შეძლებული ადამიანების გასაგონად ვიტყვით, რომლებიც მზად არიან, რამდენიმე უკრაინული ოჯახი თვეების განმავლობაში გამოკვებონ: ზამთარში მაინც, 3-4 თვით, შეიფარეთ ხოლმე უსახლკაროები, ქუჩაში რომ არ გაიყინონ, თორემ შემდეგ სოციალურ ქსელში გაყინულ ადამიანზე მოთქმა-გოდება და ხელისუფლების კრიტიკა ძალიან მარტივია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here