Home რუბრიკები პოლიტიკა ვლადიმერ პუტინის 20 წელიწადი

ვლადიმერ პუტინის 20 წელიწადი

1111
ვლადიმერ პუტინის 20 წელიწადი

რედაქციისგან:

ხელისუფლებაში ყოფნის 20 წლის განმავლობაში პუტინმა წაქცეული და გათელილი რუსეთი კვლავ ფეხზე წამოაყენა და მსოფლიოს პოლიტიკის განმსაზღვრელ ქვეყნად აქცია. ამაში დიდი როლი ითამაშა პუტინის პიროვნულმა თვისებებმა _ სამშობლოს სიყვარულმა, ქვეყნისა და ადამიანების წინაშე პასუხისმგებლობამ, მოუსყიდველობამ, ზნეობამ და ადამიანურმა წესიერებამ. ყოველივე ამაში არცთუ მცირე როლი მისმა მართლმადიდებლურმა რწმენამ შეასრულა. ის ჭეშმარიტი მორწმუნეა და მაცხოვრის მცნებებით ცხოვრობს. პუტინი არის კაცი, რომელიც მიცემულ სიტყვასა და დაპირებას ყოველთვის ასრულებს (რამდენი პოლიტიკოსი ვიცით ასეთი, გნებავთ, ჩვენში, გნებავთ, უცხოეთში?!).

20 წლის წინათ, 1999 წლის 10 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მთავრობის მეთაურად დანიშნეს. პუტინის ეპოქა _ ეს არის ისტორია მფრინავისა, რომელმაც შეძლო მიწაზე დასაცემად განწირული თვითმფრინავის გამოყვანა ე.წ. “კორპსაძრობიდან” (“შტოპორი”).

ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური კარიერის დასაწყისი დაემთხვა პერიოდს, როცა ყველაფერი, რაც, ჩვეულებრივ, სახელმწიფოს საყრდენად ითვლებოდა, დანგრეული აღმოჩნდა.

ბანდიტებით, უცხო ქვეყნის დაზვერვების დაუფარავად მოქმედი აგენტებითა და ინტელიგენტური დილეტანტებით იყო სავსე სახელისუფლო დერეფნები და არანაირი კვალი არ ჩანდა, რომ რაღაც მაინც დაუპირისპირდებოდა ამ ნგრევის ბაკქანალიას.

პუტინის პირველი რეფლექსი იყო შერწყმა გარემოსთან, სანამ შეძლებდა ვითარებაში გარკვევას.

თავდაპირველად განსაზღვრა საკვანძო სახეები, რომლებსაც შეიძლებოდა დაყრდნობოდა. მხოლოდ უკიდურესად გულუბრყვილოები მიიჩნევენ პუტინს “სობჩაკის ერთგულ მოწაფედ”, უბრალოდ იმიტომ, რომ ის პატივისცემის ნიშნებს ავლენს პიროვნების მიმართ, რომელიც დაეხმარა, მუშაობა დაეწყო გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ.

პეტერბურგის იმდროინდელი ელიტის კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობისას პუტინმა თავი წარმოაჩინა, როგორც მოუსყიდველმა და პრინციპულმა ადამიანმა. მას არავისთვის არ უღალატია და ერთი ბანაკიდან მეორეში არ გაქცეულა, თუმცა ყველასთან ინარჩუნებდა დისტანციას და არავისზე დამოკიდებული არ გახდა.

ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ისეთმა არაერთმნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე პირებმა, როგორებიც იყვნენ ჯერ კიდევ “ბანდიტური პეტერბურგის” მერი ანატოლი სობჩაკი და პრეზიდენტის საქმეთა მმართველი პავლე ბოროდინი, პუტინი შეიყვანეს მძიმე წონის კატეგორიის პოლიტიკოსთა წრეში, შემდეგ კი ხელს უწყობდნენ მის წინსვლას სამსახურებრივ-კარიერულ კიბეზე და არ შეშინებიათ მისთვის სულ უფრო მეტი უფლებამოსილების გადაცემის. ისინი პუტინს არასოდეს მოუტყუებია.

20 წლის წინათ, 1999 წლის 10 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინი მთავრობის მეთაურად დანიშნეს რუსეთის პრეზიდენტად არჩევის პერსპექტივით. იმხანად ვერავინ ივარაუდებდა, რომ რუსეთის ხელისუფლების მეორე ეშელონის ეს სიტყვაძვირი მოხელე XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს დიდი პოლიტიკოსი გახდებოდა; ის ადამიანი, რომელმაც მიიღო დაშლის პირას მყოფი მშიერი და გამათხოვრებული რუსეთი, რომლის სამხრეთი _ ჩრდილოეთი კავკასია _ სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, 20 წლის შემდეგ კი ეს ქვეყანა გადააქცია მონოლითურ გეოპოლიტიკურ ზესახელმწიფოდ, რომელმაც თავის შემადგენლობაში დაიბრუნა ყირიმი, დაიწყო ინტეგრაცია ბელარუსთან, სირიასთან და სრულიად ახლო აღმოსავლეთში ბოლო მოუღო აშშის ბატონობას; გახდა მთავარი ძალა, რომელიც დაუპირისპირდა ფინანსურ გლობალიზმს.

ასე დაიწყო პუტინის ეპოქა, რომელიც ისეთივე მოვლენად იქცა, როგორიც იყო დიდ სამამულო ომში სტალინგრადის ბრძოლის შედეგად გამოწვეული გარდატეხა, თუმცა საჭიროა, ეს გარდატეხა გამარჯვებაში გარდაისახოს.

პირველი, რაც პუტინმა გააკეთა ქვეყნის გადასარჩენად, ეს იყო ელიტის კონსოლიდაცია. ის შეუდგა შეკავებისა და საპირწონეების ახალი სისტემის აწყობას, ელცინის ოლიგარქების რიგებში იმ პირების შეყვანას, რომლებსაც გაუთვითცნობიერებლებმა “პუტინის მეგობრები” და “პუტინის ოლიგარქები” უწოდეს.

სინამდვილეში ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პუტინმა პასუხისმგებლობა დააკისრა რამდენიმე სტრატეგიულ დარგზე. ეს დარგები ხელიდან გამოჰგლიჯეს ელცინის ძველ ოლიგარქიას, რომელიც დაკავშირებული იყო აშშ-ის ისტებლიშმენტთან. ამით ეს დარგები და მათი საკვანძო საწარმოები, რომლებიც შემდეგ სახელმწიფო კორპორაციებად იქცნენ, შენარჩუნებული იქნა რუსეთისთვის და სამართავად ხელში არ ჩაუვარდა დასავლურ ტრანსნაციონალურ კომპანიებსა და მათ ფინანსურ პატრონებს.

და ამ პუტინის აგენტებისმიერ ოფშორებში გადატანილი ფულიც სინამდვილეში იყო დასავლეთისთვის განკუთვნილი საფარველი სხვადასხვა წამოწყებისა, რომლებიც დასავლეთს გამოაპარეს. ეს იყო, უწინარესად, წამოწყებები სამხედროსამრეწველო კომპლექსის სფეროში და ნახშირწყალბადოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

და როდესაც 2014 წლის შემდეგ ოფშორების თემა ამოიწურა, რუსეთს ფული პირველებმა დაუბრუნეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც “პუტინის ოლიგარქებს” უწოდებდნენ, მაგრამ კრინტს არავინ ძრავდა იმაზე, რომ ელცინის ოლიგარქები ჯერჯერობით არაფრის დაბრუნებას არ აპირებენ, გამონაკლისია მხოლოდ სამი პერსონა, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ.

ელცინის მთავარი ოლიგარქების განეიტრალების შემდეგ პუტინმა შეძლო ელიტის კონსოლიდაცია სახელისუფლო პარტიაში, რომელიც ამ წლების განმავლობაში პოლიტიკური ღერძის, სახელისუფლო ვერტიკალის კარკასის როლს ასრულებდა. ელიტა დაუქვემდებარა ერთიან პარტიულ დისციპლინას, ამასთანავე, აქცია ის მთავრობის მეხამრიდად ლიბერალების ყველა ინიციატივისთვის.

პუტინის ეპოქაში ყველაზე სარისკო იყო პრემიერმინისტრის პოსტზე მისი ყოფნის პერიოდი, როცა პრეზიდენტად დიმიტრი მედვედევი აირჩიეს. სწორედ იმხანად იყო მიღებული ყველა ძირითადი გადაწყვეტილება არმიისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიმართ. ეს გადაწყვეტილებები მიიღო არა მედვედევმა, არამედ პუტინმა, როგორც მთავრობის მეთაურმა.

ყველაზე საშინელი პრობლემა, რომელიც პუტინს ელცინისგან მემკვიდრეობით ერგო, არის სისტემური კორუფცია. მას იყენებდა ელიტის კონსოლიდაციის და იმისთვის, რომ ის (ელიტა) აშშ-ისგან გამოესყიდა. კორუფცია დიდი ხნის განმავლობაში იყო პუტინის სახელისუფლო ვერტიკალისადმი ელიტის ლოიალურობის პირობა, მაგრამ 2014 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და პუტინმა მრავალრიცხოვანი გაფრთხილების შემდეგ თანამიმდევრულად დაიწყო ელიტის წმენდა; ამასთანავე, კარგად აცნობიერებდა, რომ თავის ტკივილი თავის მოკვეთით არ იკურნება. სისტემურ კორუფციას სისტემური მკურნალობა სჭირდება, და მხოლოდ პოპულისტური რეპრესიებით ეს პრობლემა არ მოგვარდება, მაგრამ რუსეთში კორუფცია ყოველწლიურად სულ უფრო სახიფათო საქმეა და კორუფციის ბრალდების მუხლით სულ უფრო მეტი მაღალჩინოსანი ხეხავს ნარს ციხეებში. მიუხედავად ამ მიმართულებით პრობლემებისა, ამ ფრონტზე ბრძოლის გაგრძელებით რუსეთმა შეძლო, მნიშვნელოვნად გაეფართოვებინა თავისი სუვერენიტეტი.

ქვეყანაში მოგვარებულია პროდუქტებით უზრუნველყოფის პრობლემა, საკითხი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მოუგვარებელი ჩანდა. ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს მძიმე მანქანათმშენებლობის რამდენიმე დარგის, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო ინდუსტრიისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროს ტექნიკური გადაიარაღება. რუსეთმა აშშის გადაასწრო მაღალი ტექნოლოგიებისა და სტრატეგიული შეიარაღების სფეროებში. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა მაღალია, როგორც არასდროს, ბოლო 20 წლის განმავლობაში.

მთავარი პრობლემა იყო და არის კადრების პრობლემა. დასავლეთთან მწვავე დაპირისპირების ვითარებაში პუტინს, პრაქტიკულად, არავინ ჰყავს, ვისთანაც დაგეგმავდა ვაშინგტონის კონსენსუსიდან გამოსვლის პოლიტიკას. კადრები, რომლებიც “წყვეტენ ყველაფერს”, ეს არის შინაარსი პუტინის სტრატეგიისა რუსეთის მოსამზადებლად 1990-იან წლებში დაკარგული მსოფლიოს ზესახელმწიფოს პოზიციების დაბრუნების ისტორიული პერიოდისთვის.

ალექსანდრე ხალდეი

inforuss.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით შემოკლებული ვერსია

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. მე როგორც ისტორიის ყოფილ მასწავლებელს, მაქვს უფლება მქონდეს საყვარელ პოლიტიკოსთა
    გრძელი სია. ეს სია იწყება ეგვიპტის ფარაონ რამზეს მესამით და მთავრდება – ბატონი
    პუტინით. ის თანამედროვეობის ერთ -ერთი უჭკვიანესი და გაწონასწორებული პოლიტიკოსია.
    როცა ბერლინის კედელი დაანგრიეს და ბერლინში სსრკ- საელჩოს დარბევა უნდოდათ, იგი გერმანელებს კიბის თავში დახვდა იარაღით ხელში და მთელი სეიოზულობით განუცხადა :”
    ჩვენ გავდივართ მშვიდობიანად, საარქივო მასალების გატანის უფლებით. თუ ხელს შეგვიშლით, კიბეზე დარჩება იმდენი მკვდარი გერმანელი რამდენიც ტყვია მაქვს ამ იარაღში, ბოლო ტყვიას ვიტოვებ ჩემთვის”
    გერმანელები ადგილზე დარჩნენ. პუტინმა შეძლო საელჩოს თანამშრომელების და არქივის გადარჩენა. გადარჩნენ გერმანელებიც.
    მეორე : “ცხინვალის ომის დროს მან თქვა : რას არ მივცემდი, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ვიყოო ”
    მესამე :” ჩვენ შევძელით რუსეთის სამხედრო ავტორიტეტის და პოტენციალის აღდგენა, ახლა დროა მივხედოთ შიგა პოლიტიკას ”
    სხვაც შეიძლება, მაგრამ ეს სხვა დროს იყოს!
    მე ვინატრებდი ასეთ პოლიტიკოსებს მსოფლიოში
    გამარჯვებაში, ბატონო პრეზიდენტო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here