Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ შეაჩერებს “სისხლიან აიათოლას”?

ვინ შეაჩერებს “სისხლიან აიათოლას”?

990
თეირანი

19 მაისს ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. შედეგი ტრადიციულად წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელიც უცხოელ კომენტატორებს ეხმარება, უკეთ გაერკვნენ ამ ქვეყნის პოლიტიკაში.

IPP-ჯგუფის გამოკითხვის თანახმად, ყველაზე კარგი შანსი მოქმედ პრეზიდენტს, ჰასან რუჰანის აქვს _ თვის დასაწყისში მას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 60%. შემდგომ მის მომხრეთა რაოდენობა 55%-მდე შემცირდა, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ბრძოლა პირველსავე ტურში დასრულდება, კვლავინდებურად მაღალია. საერთოდ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტი, თანამდებობიდან გადაყენებული აბულ ჰასან ბანისადრისა და მოკლული მოჰამედ ალი რაჯაის გარდა, პოსტს ორი საპრეზიდენტი ვადის განმავლობაში იკავებდა. თუმცა რუჰანის მოწინააღმდეგეები ამ გარემოებას ყურადღებას არ აქცევენ და მწვავედ აკრიტიკებენ მას.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ირანს ამ ეტაპზე ნამდვილად არ ულხინს, მიუხედავად იმისა, რომ რუჰანის გუნდმა ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირება 30-35%-დან 7,5%-მდე მოახერხა, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ 6%-ს გადააჭარბა. ბირთვული პრობლემის მოგვარების გეგმის მიღების შემდეგ, ირანი უმეტესი საერთაშორისო სანქციებისგან გათავისუფლდა, თუმცა დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი კვლავინდებურად ძალაშია, ეს ხელს უშლის უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ნეგატიურ როლს ნავთობის ფასის შემცირებაც ასრულებს. იხურება ბევრი საწარმო, უმუშევრობამ რეკორდულ მაჩვენებელს _ 12%-ს მიაღწია, ახალგაზრდებში კი 20%-ს გადააჭარბა.

“ბირთვული გარიგების” გაფორმების შემდეგ ირანისა და დასავლეთის ურთიერთობებში “დათბობა” დაიწყო, მაგრამ 2016 წლის დეკემბერში აშშ-ის კონგრესმა ირანის წინააღმდეგ სანქციები (ამ სანქციებს ბირთვულ პროგრამასთან კავშირი არ აქვს; პირველად 1996 წელს შემოიღეს) კიდევ 10 წლით გაახანგრძლივა. დონალდ ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ობამას ადმინისტრაცია “ბირთვული გარიგებისთვის” და ირანის მისამართით რამდენიმე ძალზე კონფრონტაციული განცხადება გააკეთა, ხოლო ვიცეპრეზიდენტმა პენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ირანს “მსოფლიოში ტერორიზმის მთავარი სპონსორი” უწოდა. ასეთი საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მოქმედი პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ დასავლეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ორიენტირებული რუჰანი ახალ გამოწვევებს ჯეროვნად ვერ გაუმკლავდება.

კომენტატორები ტრადიციულად ყოფენ კანდიდატებს რეფორმატორებად და კონსერვატორებად. პირველ ბანაკს მიაკუთვნებენ მოქმედ პრეზიდენტ რუჰანის, ვიცე-პრეზიდენტ ესჰაყ ჯაჰანგირისა და მრეწველობის ყოფილ მინისტრ (1994-2001) მუსტაფა ჰაშემიტაბას. ვიდრე კონსერვატორებზე გადავალთ, მნიშვნელოვანი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ _ ირანში საკმაოდ ხშირია ასპარეზზე ერთი ან რამდენიმე “ტექნიკური კანდიდატის” გამოყვანა, რათა მათ მიზანმიმართულად იმუშაონ იმ ელექტორატთან, რომელთანაც მთავარ კანდიდატს გარკვეული პრობლემები აქვს. არჩევნების წინ ისინი კანდიდატურებს ხსნიან და თავის ამომრჩევლებს მოუწოდებენ, ხმა ამა თუ იმ ლიდერს მისცენ. 2013 წლის არჩევნებში ასეთი კანდიდატი იყო მოჰამედ-რეზა არეფი, ახლა იგივე როლი შეიძლება ვიცეპრეზიდენტმა ჯაჰანგირიმ შეასრულოს, რომელიც თავიდანვე აცხადებდა, რომ არჩევნებში მხარს რუჰანის დაუჭერს. გამორიცხული არაა, ჰაშემიტაბამ იგივე გაკეთოს, რომელიც ამ ეტაპზე, “უმაღლესი ლიგის” მოთამაშედ ნამდვილად არ ითვლება. არც ჯაჰანგირის, არც ჰაშიმიტაბას რეიტინგი, IPP-ჯგუფის მონაცემებით, 5%-ს არ სცდება. ამგვარად, რეფორმატორების ერთადერთი რეალური კანდიტატი ჰასან რუჰანია.

განსხვავებული ვითარებაა კონსერვატორთა ბანაკში, სადაც სუსტი პრეტენდენტი მხოლოდ ერთია, ორი კი _ შედარებით ძლიერი. ყველაზე დიდ ყურადღებას ებრაჰიმ რაისის კანდიდატურა იპყრობს. რადიკალურად განწყობილმა მოწინააღმდეგეებმა მას საგულისხმო მეტსახელი _ “სისხლიანი აიათოლა” შეურჩიეს, რადგან ისლამური რევოლუციის შემდეგ რაისიმ, როგორც მოსამართლემ, არაერთი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. შემდეგ ის სასამართლო ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა; მედია მას ძალზე იშვიათად ახსენებდა. რაისის მხარს ულტრაკონსერვატორები უჭერენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აშშ-თან ურთიერთობის გართულებისა და შიდა სიტუაციის გაუარესების ფონზე ქვეყანას “მკაცრი ხელი” სჭირდება. ამ კანდიდატურას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი უკავშირდება _ ებრაჰიმ რაისის განიხილავენ, როგორც ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის (რაჰბარის) _ ალი ჰამენეის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელს. საპრეზიდენტო კამპანიამ შეიძლება ხელი შეუწყოს ებრაჰიმ რაისის “გაპიარებას” რაჰბარად არჩევის წინ, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ცუდმა შედეგმა არჩევნებში მის პერსპექტივებს რელიგიურ ასპარეზზე ხაზი გადაუსვას. ამ გარემოებას იმთავითვე დაუკავშირდა არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, ექსპერტები მკითხაობდნენ იმის თაობაზე, მოხსნიდა თუ არა “სისხლიანი აიათოლა”, მომავალი პერსპექტივების გათვალისწინებით, თავის კანდიდატურას სხვა კონსერვატორი კანდიდატის სასარგებლოდ თუ პირიქით _ სხვა პრეტენდენტი მხარს მას დაუჭერდა.

მეორე ძლიერი კანდიდატი კონსერვატორთა ბანაკიდან თეირანის მერი მოჰამედ ბაგერ გალიბაფია. ამ პოსტზე ის 2005 წლის სექტემბერში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ამავე წლის ივნისში საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა. გალიბაფმა პირველ ტურში ხმათა 13,93% მიიღო და მეოთხე ადგილზე გავიდა, მეორე ტურში კი აჰმადინეჯადმა რაფსანჯანისთან ბრძოლაში გაიმარჯვა. 2013 წლის არჩევნებში გალიბაფმა ხმათა 16,46%-ით მეორე ადგილი დაიკავა. მაშინ პირველსავე ტურში ჰასან რუჰანიმ გაიმარჯვა (50,88%). გალიბაფს ზომიერ კონსერვატორად და რეფორმების მომხრედ მიიჩნევენ, თუმცა მის ბიოგრაფიაში არის ერთი შტრიხი, რომელიც ლიბერალურად განწყობილ ირანელებს აფრთხობს – გალიბაფი პოლიციის უფროსად მუშაობდა, 1999 და 2003 წლების სტუდენტური პროტესტის ჩახშობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მიუხედავად ამისა, მისი რეიტინგი წლევანდელი არჩევნების წინ საკმაოდ დამაჯერებელია და ის, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე ხმაურიანი კორუფციული სკანდალი თეირანის მერიაში, რომელიც ბოლო დროს მოხდა.

სოციოლოგების შეფასებით, გალიბაფის რეიტინგი 15-25 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. IPP-ჯგუფის მონაცემებით, მას ამჟამად 23% აქვს, ხოლო რაისის რეიტინგი ბოლო კვირების განმავლობაში 13-დან 20 პროცენტამდე გაიზარდა. მესამე კონსერვატორი კანდიდატის მუსტაფა მირ-სალიმის რეიტინგი, ამ მონაცემების თანახმად, 3%-ს არ სცდება. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, მოხსნის თუ არა რომელიმე კონსერვატორი ბოლო მომენტში თავის კანდიდატურას სხვა პრეტენდენტის სასარგებლოდ.

ექსპერტების შეფასებით, არჩევანს იდეოლოგიური სიახლოვის საფუძველზე ირანელი ამომრჩევლების მხოლოდ 20-25% აკეთებს. დანარჩენებისთვის მთავარია კონკრეტული პრობლემების მოგვარების დაპირება და შთაბეჭდილება, რომელსაც სატელევიზიო დებატების დროს იღებენ. ამასთანავე, დაყოფა კონსერვატორებად და რეფორმატორებად მნიშვნელოვანწილად პირობითია, ზოგიერთი კანდიდატის (მაგალითად, გალიბაფის) შეხედულებები საკმაოდ ეკლექტურია. სხვადასხვა პარტიისა და გავლენიანი პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესები არ ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ კონსერვატორებმა ერთიანი პოზიცია შეიმუშავონ და ერთი კანდიდატის გარშემო გაერთიანდნენ. საბოლოო ჯამში კი არჩევნების დრამატურგიას ქმნიან არა პოლიტიკოსები, არამედ სასულიერო ლიდერები, რომლებიც “კონსტიტუციის მცველთა საბჭოს” მეშვეობით წყვეტენ, ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

საბჭო 12 წევრისგან შედგება, მას აიათოლა აჰმად ჯანათი ხელმძღვანელობს. მის ექვს წევრს უმაღლესი სასულიერო ლიდერი ნიშნავს, ექვსს კი _ პარლამენტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დეპუტატობის კანდიდატებსაც ეს საბჭო ამტკიცებს, ნაკლებად სავარაუდოა, იქ თუნდაც ერთი “მეამბოხე” მოხვდეს. საბჭო ამოწმებს ყველა კანონპროექტს და, აგრეთვე, წყვეტს, მინისტრობის, დეპუტატობისა და პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს შეუძლია დაიკავოს თანამდებობა. საბჭოს უფლება აქვს, პარლამენტის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს და კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. წელს განაცხადი საბჭოში 1636 კანდიდატმა შეიტანა, მაგრამ არჩევნებზე მხოლოდ 6 დაუშვეს.

სხვებთან ერთად დისკვალიფიკაცია შეეხო ყოფილ პრეზიდენტს _ მაჰმუდ აჰმადინეჟადს და რამდენიმე მის თანაგუნდელს. საინტერესოა, რომ აჰმადინეჟადის პრეზიდენტობის მიწურულს მას უმაღლეს სასულიერო ლიდერ ალი ჰამენეისთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა. წლევანდელი არჩევნების წინ რაჰბარმა ალი ჰამენეიმ ღია წერილში მოუწოდა ყოფილ პრეზიდენტს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო, მაგრამ აჰმადინეჯადმა რეგისტრაცია მაინც გაიარა, რაც, ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური ტრადიციების გათვალისწინებით, სასულიერო ლიდერის პოზიციის უპრეცენდენტო უგულვებელყოფაა. ის არჩევნებზე არ დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მცველთა საბჭოს თავმჯდომარე აიათოლა აჰმად ჯანათი მის მოკავშირედ ითვლება და ეს, რაჰბართან კონფლიქტის გარდა, შესაძლოა, კიდევ ერთმა მნიშვნელოვანმა მიზეზმა განაპირობა.

აჰმადინეჟადი დაპირისპირებულია როგორც კონსერვატიული, ისე რეფორმისტული ბანაკის ბევრ ლიდერთან და ამავე დროს მოსახლეობაში საკმაოდ პოპულარულია. მას აქვს იმის პოტენციალი, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ერთგვარიმესამე ძალაჩამოაყალიბოს. ახალიპოლუსი”, დიდი ალბათობით, ბოლოს მოუღებსორი ბანაკისბიპოლარულ სისტემას, რომლის მეშვეობით სასულიერო ლიდერები ირანულ პოლიტიკას აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ აჰმადინეჟადი არჩევნებზე არ დაუშვეს, სავარაუდოდ, ის კვლავ შეეცდება ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამჯერად კი, თუ კონსერვატორები არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში სასწაულს არ მოახდენენ, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი გახდება.

სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ გალიბაფმა კანდიდატურა რაისის სასარგებლოდ მოხსნა. ამგვარად “სისხლიანი აიათოლა” მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი გახდა..

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here