Home რუბრიკები სამართალი ვინ გაყიდა ეიფელის კოშკი და მოატყუა განგსტერი ალ კაპონე

ვინ გაყიდა ეიფელის კოშკი და მოატყუა განგსტერი ალ კაპონე

სახელგანთქმული აფერისტები და მათი საქმეები

3748
ვიქტორ ლუსტიკი და ალ კაპონე

აფერებისა და აფერისტების შესახებ ისტორიები ხშირად რომანტიზებულია. მათში არის ყველაფერი: ავანტიურიზმი, ახდენილი ოცნება, ანტისამართლებრივი ქმედებები და უეცარი გამდიდრება, კაშკაშა აღმასვლა და გამანადგურებელი დაცემა.

ნათან როტშილდი
ნათან როტშილდი

გამდიდრება ნაპოლეონის მარცხით

ქონების მოპოვება და გამდიდრება ტყუილით შეძლო ებრაული წარმოშობის ინგლისელმა ბანკირმა ნათან როტშილდმა. მან 1815 წლის ივნისში ისარგებლა ნაპოლეონის დამარცხებით ვატერლოოსთან და ბირჟაზე რამდენიმე ათეული მლნ გირვანქა სტერლინგი დაისაკუთრა.

ნათან როტშილდი ქსოვილების ვაჭრობით გამოიმუშავებდა ფულს, მაგრამ 1809 წელს, როდესაც ფრანგებმა გადაკეტეს ლა-მანშის სრუტე, როტშილდის საქმეები უკან-უკან წავიდა და იძულებული შეიქნა, მანჩესტერიდან ლონდონში გადაბარგებულიყო. იქ როტშილდმა გახსნა ბანკი. შემოსავლები სტაბილური იყო, თუმცა ქონების რამდენჯერმე გაზრდაში მას დაეხმარა ერთი მოვლენა _ ცნობილი ბრძოლა ვატერლოოსთან.

ვატერლოოს ბრძოლაში, თავდაპირველად, უპირატესობა ნაპოლეონის მხარეს იყო და დამკვირვებლები, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს ახლო მანძილიდან აკვირდებოდნენ, სასწრაფოდ გაემგზავრნენ ლონდონში, რათა ეცნობებინათ საფრანგეთის იმპერატორის მოახლოებული გამარჯვება, მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა _ ინგლისელებს სულზე მიუსწრეს პრუსიელმა მეომრებმა, რომელთა წყალობითაც ნაპოლეონი დამარცხდა.

გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ნათან როტშილდის კურიერი თვალყურს ადევნებდა ვატერლოოს ბრძოლას და, როდესაც დაინახა, რომ ფრანგები დამარცხდნენ, სასწრაფოდ გაემართა ბელგიის პორტ ოსტენდესკენ, მაგრამ შტორმის გამო გემები პორტიდან ვერ გადიოდნენ და ბრიტანეთში გადასვლა ვერ მოახერხა. საბოლოოდ როტშილდის კურიერმა მოისყიდა მეთევზე, რათა ლა-მანშის სრუტე გადაელახა (სხვა ვერსიით, ინფორმაციის გადასაცემად საფოსტო მტრედი გამოიყენა).

როტშილდმა ისარგებლა იმით, რომ ლონდონში ჯერ არავინ იცოდა ვატერლოოს ბრძოლის შედეგი და სასწრაფოდ დაიწყო თავისი აქციების გაყიდვა. მას მიბაძეს სხვა ბანკირებმაც და იმ მომენტში, როდესაც აქციების ფასი მინიმუმამდე დაეცა, მათი შესყიდვა ნათან როტშილდმა დაიწყო. ასე ჩაიგდო ხელში დაახლოებით 40 მლნ გირვანქა სტერლინგი, რომელთა მეშვეობითაც ბანკირების დინასტია დააარსა.

როტშილდის ამ აფერაზე ბევრი კამათობს. ერთნი ამბობენ, რომ როტშილდს ვატერლოოში კურიერი არ გაუგზავნია და იქ თვითონ იმყოფებოდა, სხვები ამ ისტორიას გამოგონილს უწოდებს, მაგრამ ასეა თუ ისე, 1815 წლის მოვლენები საფუძვლად დაედო უამრავ წიგნს და მოხსენიებულია პრესტიჟულ ენციკლოპედია “ბრიტანიკაში”, ხოლო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა ალენ დალესმა 1960-იან წლებში ნათან როტშილდის ამბავი მოიყვანა სანიმუშო მაგალითად, რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ.

 ვიქტორ ლუსტიკი
ვიქტორ ლუსტიკი

ეიფელის კოშკის გაყიდვა და ალ კაპონეს მოტყუება

ავსტრიელი ვიქტორ ლუსტიკი 1914 წლამდე ფულს აზარტული თამაშებით გამოიმუშავებდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ შემოსავლების ახალ წყაროებზე დაფიქრდა. 1920 წელს ლუსტიკი აშშ-ში გაემგზავრა, ამბობენ, რომ მისი პირველი მსხვერპლი იყო განგსტერი ალ კაპონე. ლუსტიკმა, რომელიც ალ კაპონეს წარუდგა, როგორც გრაფი, განგსტერს 50 ათასი დოლარი გამოართვა იმ პირობით, რომ ორი თვის შემდეგ ამ თანხას გააორმაგებდა. ლუსტიკმა ფული ბანკში დატოვა, თვითონ კი ნიუ-იორკში გაემგზავრა. დათქმული ვადის გასვლის შემდეგ ის მივიდა ალ კაპონესთან, უთხრა, რომ თანხის გაორმაგების გეგმა ჩაუფლავდა, მოუბოდიშა და 50 ათასი დოლარი დაუბრუნა. ლუსტიკი ისე დამაჯერებლად იქცეოდა, რომ ალ კაპონემ არა მხოლოდ მიუტევა მას, არამედ 5 ათასი დოლარით დაასაჩუქრა. სწორედ ასე ჰქონდა გათვლილი გაქნილ აფერისტს. მაგრამ ლუსტიკმა სახელი სხვა აფერით გაითქვა. 1925 წელს ჩავიდა საფრანგეთში, სადაც თავის პარტნიორ დენ კოლინზთან ერთად პარიზის მთავარი სიმბოლოს _ ეიფელის კოშკის _ გაყიდვით გამდიდრდა.

ლუსტიკმა ერთ-ერთ გაზეთში წაიკითხა წერილი სათაურით “გაიყიდება თუ არა ეიფელის კოშკი?” მასში ავტორი აღწერდა პარიზის სიმბოლოს საშინელ მდგომარეობას და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა გუსტავ ეიფელის არქიტექტურული შედევრის გაყიდვა. ლუსტიკმა, ისარგებლა რა შექმნილი ვითარებით, გააყალბა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც ის უკვე ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტროს ხელმძღვანელი იყო. შემდეგ წერილები გაუგზავნა ლითონებით მოვაჭრე ხუთი უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებს და მათ შორის აუქციონი გამართა. ლუსტიკის აფერა წარმატებით დასრულდა _ მისი მსხვერპლი შეიქნა მეტალურგიული მრეწველობის წარმომადგენელი ანდრე პუასონი.

რამდენიმე წლის შემდეგ ლუსტიკმა კვლავ სცადა ამ ტრიუკის გამეორება, მაგრამ ადამიანი, რომლის მოტყუებასაც აპირებდა, განზრახვას მიუხვდა და აფერის შესახებ პოლიციას აცნობა. ლუსტიკმა აშშ-ში გაქცევით შეძლო ფრანგული მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება, მაგრამ თავისუფალი დიდხანს არ ყოფილა: ამერიკელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს და სასამართლოს გადასცეს. ლუსტიკს ყალბი ფულის დამზადებისთვის 15 წლით აღუკვეთეს თავისუფლება.

ფერდინანდ დემარამ
ფერდინანდ დემარა

დიადი თვითმარქვია

ფერდინანდ დემარამ თავის ხანგრძლივ თაღლითურ კარიერაში ათობით ადამიანის როლი ითამაშა _ საშუალო განათლების არმქონე თავს ხან ინჟინრად ასაღებდა, ხან ფსიქოლოგად, ხანაც შერიფის მოადგილედ თუ ადვოკატად, ციხის უფროსიც იყო და ქირურგიც. გაუნათლებლობის მიუხედავად, თავის “მოვალეობებს” მშვენივრად ართმევდა თავს ეშმაკობის, მოხერხებულობასა და შესანიშნავი მეხსიერების წყალობით.

ამერიკელმა ფერდინანდ დემარამ სახელი 1950-იან წლებში გაითქვა. ის კორეასთან ომის პერიოდში კანადის სამეფო ფლოტის ხელმძღვანელს, ექიმ ჯოზეფ კაირად წარუდგა და მუშაობა დაიწყო. ერთხელაც ნაღმოსანზე, რომელზეც დემარა მსახურობდა, 16 დაჭრილი სამხედრო მიიყვანეს. სანამ დაჭრილებს საოპერაციოდ ამზადებდნენ, დემარა კაიუტაში ჩაიკეტა და ქირურგიის შესახებ წიგნის კითხვა დაიწყო. დემარამ შეძლო ოპერაციების წარმატებით ჩატარება და დაჭრილების გადარჩენა. 16 სამხედროს გადარჩენის ამბავი გაზეთებში დაიბეჭდა. ნამდვილი ჯოზეფ კაირის დედამ, როცა თავისი შვილის ნაცვლად სხვისი ფოტო ნახა, უცხო პირის მიერ შვილის სახელის მითვისებაზე საჯაროდ განაცხადა. მიუხედავად ამისა, დემარას სასამართლოში არ უჩივლეს და ისიც მშვიდად დაბრუნდა ამერიკაში. აქ დემარა კვლავ განაგრძობდა სხვისი სახელით მოქმედებას, მაგრამ დაჭრილი სამხედროების გადარჩენის ამბავმა ისეთი პოპულარობა მოუხვეჭა, რომ სხვა ადამიანად თავის გასაღება ძალიან უჭირდა.

ბერნარდ მეიდოფი
ბერნარდ მეიდოფი

საუკუნის პირამიდა

ამერიკელი ბიზნესმენის _ ბერნარდ მეიდოფის მოფიქრებულ და განხორციელებულ გეგმას ბევრი უწოდებს საუკუნის აფერას და საქმე, მხოლოდ გავლენიანი ადამიანების დიდად დაზარალებაში კი არა, ბიზნესმენის დამაჯერებელ და ცივსისხლიან მოქმედებაშია.

1960-იან წლებში მეიდოფმა პატიოსნად გამომუშავებული 5 ათასი დოლარით დააარსა საინვესტიციო ფონდი Madoff Investment Securities-ი. კომპანია თავის კლიენტებს დიდ მოგებას ჰპირდებოდა _ წელიწადში, სულ ცოტა, 10-12%-ს. ინვესტორები ენდნენ მეიდოფის უმწიკვლო რეპუტაციას და ფიქრობდნენ, რომ ის ბირჟაზე ფულს ინსაიდერული ინფორმაციის მოპოვებით გამოიმუშავებდა, მაგრამ ასე არ იყო. კომპანიის ხელმძღვანელი მეიდოფი ძველ კლიენტებს იმ ფულს უხდიდა, რომელსაც ახალი ინვესტორებისგან იღებდა. 2008 წელს კი, როცა მსოფლიოში საფინანსო და ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა ჩადებული ფულის დაბრუნება ერთობლივად მოითხოვა. მეიდოფს ფული არ ჰქონდა და პირამიდაც დაინგრა.

მეიდოფს 150 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, რადგან მილიონობით მეანაბრე აზარალა. ერთმა ფრანგმა ინვესტორმა, რომელმაც მეიდოფის კომპანიაში 1,5 მილიარდი დოლარი დააბანდა, მაგრამ გაკოტრდა, თავი მოიკლა.

მეიდოფის ერთ შვილს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მეორემ კი ნიუ-იორკში, თავის სახლში, თავი ჩამოიხრჩო.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here