Home რუბრიკები საზოგადოება ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. მაგრამ ეს წისქვილიც რომ ვერ...

ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. მაგრამ ეს წისქვილიც რომ ვერ ფქვავს ხეირიანად?!

ეს ისე... სხვათა შორის

677
ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. მაგრამ ეს წისქვილიც რომ ვერ ფქვავს ხეირიანად?!

ერი, უმრავლესობა, რასაც დაადასტურებს, უცვალებელია. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: ხმა ღვთისა _ ხმა ერისაო”, მაგრამ სად არის ერი? რატომ დუმს?…რატომ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს არ უკრავს კვერს, არ უჭერს მხარს? იმედგაცრუებული და გარინდული, არის თავისთვის, მაგრამ, თუ ხმა ამოიღო, მერე მისი დაჩუმება, დადუმება ყოვლად შეუძლებელი იქნება.

ჩვენი ნათქვამი მწარე სიმართლე ბევრს ყელში აქვს გაჩხერილი და შესაძლოა, ცილიც დაგვწამოს _ ვინმეს დაკვეთას ასრულებსო, მაგრამ, ღმერთია მოწამე, ჩვენი მიზანი იმ მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორებაა, რომელიც, წლებია, ვერა და ვერ შეიცვალა.

ამიტომაც არა და არ დაძველდა ეს რუბრიკა და ყოველ ნომერში ერის ამა თუ იმ სატკივარზე მკითხველს გარკვეულ თვალსაზრისს სთავაზობს, ან, უბრალოდ, გულისტკივილს უზიარებს. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი პუბლიკაციებით ვინმეს პირად ანგარიშს ვუსწორებთ და ამის გამო პიროვნულად შეურაცხვყოფთ. უბრალოდ, ვწერთ საერთოდ, ზოგადად რასაც ვხედავთ და ვგრძნობთ, ჩვენ პირადი ანგარიში არავისთან გვაქვს გასასწორებელი. ქვეყანაზე რომ გული შეგვტკივა, სწორედ ამიტომ ვუკიჟინებთ მავანთ.

სიავისა და სიკეთის ყნოსვა ყველას ერთნაირი ხომ არ აქვს. დიახ, ბატონებო, თუ ვინმე იმაზეა გამწყრალი, რომ ისიც მათ რიცხვში მოჰყვა, ვისაც ჩვენ ქართული და, საერთოდ, საზოგადო საქმეებისადმი გულგრილობის გამო ვამხელთ, ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის. პოლიტიკაშიდაფრთიანებული” “საზოგადო მოღვაწეებისნაღვაწი დღეს ხელის გულზე დევს. ამგაუგებრობაშიჩვენ არ ჩაგვითრევია, ეს მათი არჩევანია და საკუთარ თავს მოჰკითხონ, რამდენად გულწრფელნი არიან თავიანთ ქმედებაში, რამდენად აწუხებთ ქვეყნისა და რიგითი მოქალაქეების ბედი.

აქცია

ის, რომ დროის სვლასთან ერთად მათი რეიტინგი ეცემა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ კი არ ვდებთ მსჯავრს მათნაშრომნაღვაწს”, არამედ თავადვე გამოაქვთ განაჩენი საკუთარი თავისთვის და, უპირველესად, ხალხისთვის.

მეტისმეტი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ერთს ფონში ორჯელ და სამჯერ ცხენი დაეფლას, სამჯერვე სხვის წყალობით გადაჰრჩეს და მეოთხედაც კიდევ მიჩერჩეტდეს იმ ფონში გასასვლელად. ამისთანა ადამიანი, გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ, არავისთვის სახარბიელო არ არიო”, _ ამას ვაჟაფშაველა ამბობს, ჩვენი ვაიპოლიტიკოსები კი საქმით ადასტურებენ. ოღონდ ერთს ვერ ითვალისწინებენ: ამდენი სიცრუის შემდეგ მათი აღარავის სჯერა და ამიტომაც აღარავინ უსმენს.

და ასე დგანან აქციებზე _ ხან იქ, ხან აქ და ქაქანებენ, თუმცა, ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. მაგრამ ეს წისქვილიც რომ ვერ ფქვავს ხეირიანად?!

როგორც ვაჟა-ფშაველა იტყოდა, “ვერაფერი დროება გახლავთ”, თუმცა უწინ უარესიც არაერთხელ ყოფილა, “მომხდარა ისიც, რომ ბედაურები დახოცილან და ვირებს დაჰრჩენიათ ბურთი და მოედანი, მაგრამ ქვეყანა ისევ ქვეყანად დარჩენილა, გამოჩენილა კიდევ ბედაურები და ვირებისთვის დაუცლეინებიათ მოედანი”.

“ძალა მუდამ უმრავლესობაშია, მაგრამ ეს ძალა თუ შეუგნებელია, ბრმა, უფრო მავნებელია საქმისთვის, ვიდრე მარგებელი. ეს მაგალითებმა დაგვიმტკიცესო”. ჩვენ მსგავსი მავნებლური, სამარცხვინო და დამღუპველი მაგალითები ცოტა ვიცით? რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?!

“განუვითარებელი, გაუზდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული თვალახილებული ხალხიაო”. შეიძლება ვინმეს სიტყვები: “განუვითარებელი” და “გაუზდელი” ცუდად შეეჩხირა თვალში, მაგრამ სულ ამაოდ, რადგან დიდი მგოსანი, დარწმუნებული ვარ, გონებრივ ჩამორჩენილობასა და უზრდელობას არ გულისხმობდა. ამ შემთხვევაში სწორედ რომ დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო განვითარებასა და ცოდნაზეა საუბარი.

ეს ისე… სხვათა შორის, რადგან ჩვენი ცხოვრებაც სასხვათაშორისოა _ სხვათა შორის ვფიქრობთ, ვსაქმიანობთ და, საერთოდ, ვცხოვრობთ. მოვუსმინოთ ისევ ვაჟა-ფშაველას:

სხვათა შორის

ჩვენი ცხოვრება სწორედ რომ სხვათა შორისოა: რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ, გამოდის, რომ სხვათა შორის გვიფიქრია და გვიკეთებია. საწყენი ის არი, რომ უმთავრესს, უსაჭიროეს საქმესაც სხვათა შორის ვაკეთებთ. ვმწერლობთ, ვპედაგოგობთ თუ ვქველმოქმედობთ გამოდის სულ სხვათა შორისებურად.

ვერაფერი დროება გახლავთ: ადამიანს მამის სული გაუშვია და პაპისას ფიცულობს. ალბათ წინად, ძველ დროშიაც, მომხდარა ამისთანა მაგალითები, თორემ ამისთანა ანდაზა არ დაიბადებოდა. დიაღ, ყოფილა ამისთანა მაგალითები, მაგრამ ქვეყანა არ წარღვნილა, არც დაღუპულა. ამიტომ მეც იმედს არა ვკარგავ.

მომხდარა ისიც, რომ ბედაურები დახოცილან და ვირებს დაჰრჩენიათ ბურთი და მოედანი, მაგრამ ქვეყანა ისევ ქვეყანად დარჩენილა, გამოჩენილა კიდევ ბედაურები და ვირებისთვის დაუცლეინებიათ მოედანი. მომხდარა ისიც, რომ ბედაური აზრები დახოცილა ისე, როგორც გაზაფხურზე ყვავილები და ბალახი იხოცება და ვირულ აზრებს უფარფაშიათ. მაგრამ დამდგარა გაზაფხული და ბედაური აზრები ამდგარან მკვდრეთით.

მომხდარა ისიც, რომ ძაღლს პატრონი ვეღარ უცნია და პატრონს _ ძაღლი, მაგრამ ბოლოს უცნიათ ერთმანეთი მაინც და მაინც.

მომხდარა ისიც, მაჩაბლის ცუღლუტობის გამო ურია დაუსჯიათ, მაგრამ, ჰხედავთ, დღეს ვიცით ცხადად, ნათლად დასასჯელი ვინ იყო და ვინ დასაჯეს. სიმართლე გამოაშკარავდა, არ დაიმალა: ვიცით დღეს ცხადად, აშკარად, რომ ტყუილუბრალოდ დაისაჯა საწყალი ურია და გვებრალება, ხოლო მაჩაბელზე ბრაზი მოგვდის.

ერი, უმრავლესობა, რასაც დაადასტურებს, უცვალებელია. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: ხმა ღვთისა _ ხმა ერისაო.

სხვათა შორის ჩვენს ცხოვრებაში ასეთი მაგალითებიც მომხდარა, რომ სულელს (იქნება ძალიან გულკეთილი იყო) მამას და დედას დამშეული შვილებისთვის აურთმევია ტაბლა და სხვისთვის გადაუცია: თქვენ მიირთვითო!.. ამაზე მეტი კაცთმოყვარეობა იქნებაღა? რადა სწყინს ერს, ხალხს და რად იძახის დაჟინებით: შინ რომ ბალღებს გიშიოდეს, გარეთ ტაბლას რა ხელი აქვსო?! ალბათ, ამისთანა კაცთმოყვარეობა არ მიაჩნია ნამდვილ კაცთმოყვარეობად და იმიტომ სთვლის არა ბუნებრივ, არა ნორმალურ მოვლენად, ეს თქვენ და თვით ერმა განსაჯეთ, მე არ შევდივარ ამის განსჯაში; მე მხოლოდ აღვნიშნავ იმას, რაც მომხდარა და რაც დღესა ხდება.

ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. მაგრამ ეს წისქვილიც რომ ვერ ფქვავს ხეირიანად?!

რად გიკვირსთ. მაშასადამე, რომ ჩვენში არიან ისეთები, რომელთაც თავის თავი წარმოუდგენიათ ქვეყნის ლალად, პატრონად, არა პირადი თავის ნაღვაწი, არამედ ერის საუნჯეტერიტორია გახადონ საძმო, საკაცობრიო ტაბლად და თვით ერსაც ააღებინონ ხელი ეროვნებაზე? გაივლის ყველა ეს, დაჰლევს ჩაილულის წყალს, მხოლოდ ეს არის სავალალო, რომ ნამუსახდილ ბებრის სახლის კარებს გვიან გაეგდება ურდული.

მაშ, რევოლუციის ქარიშხალმა სრულიად უნაყოფოდ ჩაიარა ჩვენთვის? არა. იმან ერთი დიდი სიკეთე მოგვიტანა: გამოამჟღავნა ჩვენი გონებრივი სიღატაკე, მოუმზადებლობა, ხალხის სიბნელე და დაჰბადა მისწრაფება კულტურულ მუშაობისა; დაგვახედებინა წინ, დაგვანახვა ჩვენი გონებრივი და ზნეობრივი ძალღონე. დღეს ყოველი შეგნებული ქართველი მიისწრაფის ერში, ხალხში მეტი თვითცნობიერება, მეტი სინათლე შეიტანოს, ამისთვის არ ჰზოგავს დაეხმაროს ჯან-ღონით თუ ნივთიერად. ძალა მუდამ უმრავლესობაშია, მაგრამ ეს ძალა თუ შეუგნებელია, ბრმა, უფრო მავნებელია საქმისთვის, ვიდრე მარგებელი. ეს მაგალითებმა დაგვიმტკიცეს.

განუვითარებელი, გაუზდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული თვალახილებული ხალხია.

ასეა სწორედ, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ხალხის გათვითცნობიერობას მხოლოდ დღესღა შეუდექით. დიქტატორებს და დემაგოგებს სწყინთ და უნდა კიდევაც ეწყინოთ, რადგან იმათ ბრმად აღარავინ დაემორჩილება და იმათ მეუფებას აღარავინ აღიარებს, მაგრამ იმათ წყენასაც უნდა გაუძლოთ იმ დრომდე, ვიდრე თავის გუდა-ნაბდით ჩვენს ბანაკში არ გადმოსახლდებიან. ვითომ? ჰკითხულობთ თქვენ. მე ასე მგონია, როგორც სხვათა შორის ავტორს და რა ვიცი. მგონია და საბუთიცა მაქვს ასე მეგონოს, რადგანაც მეტისმეტი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ერთს ფონში ორჯელ და სამჯერ ცხენი დაეფლას, სამჯერვე სხვის წყალობით გადაჰრჩეს და მეოთხედაც კიდევ მიჩერჩეტდეს იმ ფონში გასასვლელად. ამისთანა ადამიანი, გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ, არავისთვის სახარბიელო არ არი.

* * *

მახლას შორისდებულია და გამოხატავს დანანებას: რას იზამ, რა გაეწყობა, აფსუს!

ასევე სათაურია ვაჟაფშაველას წერილისა, რომელიც მას იმ პერიოდში არსებულმა ვითარებამ მოაფიქრებინა.

მახლას! _ დღეს ვამბობთ ჩვენც, როცა ვხედავთ, ხელიდან როგორ მიდის ქვეყანა და ამის შემჩერებელი კაცი არ ჩანს.

მახლას!

მახლას!

წყალნი წავლენ და წამოვლენ,

ქვიშანი დარჩებიანო.

ვინც რა უნდა თქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. მაგრამ ეს წისქვილიც რომ ვერ ფქვავს ხეირიანად?!

სწორედ ის დრო დადგა, დილიდან საღამომდე “მახლას” რომ იძახო, მეტი როდი მოვა, მკითხველო, თქვენი არ ვიცი და, მე კი წამდაუწუმ ეს სიტყვა მეკერება ენაზე მას შემდეგ, რაც მდ. იალბუზზე ბრძოლა მოხდა, დღეს აქამომდე.

მახლას! მახლას!

მოხუცი ბიძაჩემიც ამასვე იძახის, თუმცა იგი სრულიად წინააღმდეგს მოელოდა, როგორც ომისგან, ისე ცხოვრებისგან და იმდენად უბირია, უკაცრავად მის ჭაღარის წინაშე, რომ, რაც უნდა მოხდეს, უსათუოდ იმას არ მოელის, არა სჯერა.

ვისაც არა სჯერა, ნუ სჯერა.

ერთმა ჩემმა ნაცნობმა ექიმმა საგიჟეთში წამიყვანა. ერთს შეშლილს გამაცნო: “ეს თავადიშვილი გახლავთ, თარხან-მოურავოვი”. უკანასკნელმა იტკიცა: “ნეეტ. არა. ია პაკოვსკი”.

წადით და დაარწმუნეთ ეხლა თქვენ ის, რომ პაკოვსკი არ არის.…

ბიძაჩემის საქმეც ასეა.

ნათქვამია: ვინც რა უნდა სთქვასო, წისქვილმა კი ფქვასო. ცხოვრება ჩვენს წადილს და გემოვნებას არ დასდევს; იმას საკუთარი თავისი კანონი აქვს; როგორც გაზაფხულის მთიდან მომსქდარს ღვარებს ვერავინ დააგუბებს, ვერ შეაჩერებს, ისე ცხოვრების წადილს, მის მისწრაფებას, ბევრის წყენას, ბევრის ცემას, გვემას არ დაგიდევს. მომწიფებული მსხალი და ვაშლი თუ დროზე არ მოსწყვიტე, თავისთავად დაბლა ვარდება; ეგრეთვე მომწიფებული აზრი ცხოვრებისა, თუ მისი მოთხოვნილება დროზე არ დააკმაყოფილე, ბრაზდება, ცხარდება; მისი დაჩუმება, დადუმება, ყოვლად შეუძლებელია. ასე ყოფილა სხვაგან, ასევე იქნება ჩვენში. ვინ იტყვის, თუ არ ბრიყვი, რეგვენი, თავხედი, _ ცხოვრებას კისერში ხელსა ვტაცებ და თავს, საითაც მინდა, იქით ვუზამო. ეცადოს, ვისაც ტვინი და ხელები ექავება.

ყველაფერი დროს მოაქვს და ბევრი რამ იმასვე მიაქვს, ხოლო არა სასარგებლო, არამედ ის, რაც გამოუსადეგარი, რაც მავნებელია. დრო, რასაკვირველია, არ უნდა წარმოვიდგინოთ განყენებულად, არამედ როგორც თაობა, როგორც ისტორიული ხანა.

დღევანდლამდის სიმართლეს ჯადოდ აწვა გონებრივი სიჯიუტე, ხოლო დღეს მან მოიგდებინა ჯადო, აღსდგა, გამობრწყინდა, როგორც მზე შავის ღრუბლებიდან, და იძახის: “აქა ვარ, არ მოვმკვდარვარო!” “კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო”.

ჩვენს ისტორიულს ხანას, ჩვენს ცხოვრებას ჭირი სჭირდა, მაგრამ ჰმალავდა, გვატყუებდა: კარგადა ვარ, ჯანსაღად, არაფერიც არა მტკივაო, გვარწმუნებდა, გვეფიცებოდა ლოგინად ჩავარდნილი, დაკუტებულ-დამუნჯებული. დღეს კი, როცა ტკივილი მოერია, მოთმინება გაუწყდა, გაიღეღა გულ-მკერდი და დაგვანახა ზედ ღრმად დაჩნეული წყლულები: “მიექიმეთო”. ყველა ჭკვასაღი, შორსგამჭვრეტი ადამიანი ჰგრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან, ეს ასე უნდა მომხდარიყო.

მოხდა კიდევაც. და დღეს ყველა ძალაუნებურად მოსთქვამს იმას, რაცა სტკივა. მოთმინების ძაფი გაწყდა; აღარ ჰმალავს მშიერი სიმშილს, ნაცემი _ ცემას, ტყვე _ ტყვეობას, მონა _ მონობას. ბალღებმაც კი შეიგნეს თავიანთი ადამიანობა, ისინიც იბრძვიან, იღწვიან, ცდილობენ ადამიანური უფლებები მოიპოვონ. ვისაც არაფერი დაუკარგავს, არც ეძებს. ვისაც სატირელი არა აქვს რა, არცა ტირის; ვისაც საჩივარი არა აქვს, არ ჩივის.

დიაღ, აბარებს ძველი ცხოვრება ანგარიშს ახალს, მომავალს ცხოვრებას; როგორც გაწბილებული მატყუარა ცდილობს, გაიპაროს ისე, რომ ფეხები არ დაემტვრეს. დროა და!

ეჰ, მახლას!

მიხეილ სააკაშვილი

* * *

მინაწერი: იმედია, ადრე თუ გვიან ჩვენც მოვესწრებით ლოგინად ჩავარდნილი, დაკუტებულდამუნჯებული ერის ფეხზე წამოდგომას და ერთ დღეს, როცა ტკივილი მოერევა, მოთმინების ძაფი გაუწყდება, მიექიმეთო, უხმობს თავის შვილებს გულმკერდზე ღრმად დაჩნეული წყლულების მოსაშუშებლად. იმედია, არც ამჯერად გაგვწირავს ღმერთი და მოგვევლინება ის, ვისაც დღედაღამ ჩუმის ნატვრით ნატრულობს ქართველი, თორემ დღეს ადამიანს მამის სული გაუშვია და პაპისას ფიცულობს. ეს ანდაზა არ დაიბადებოდა, ძველ დროშიაც რომ არ მომხდარიყო ამისთანა მაგალითები. “დიაღ, ყოფილა ამისთანა მაგალითები, _ გვიდასტურებს ვაჟაფშაველაც, _ მაგრამ ქვეყანა არ წარღვნილა, არც დაღუპულა. ამიტომ მეც იმედს არა ვკარგავ”-. ნურც ჩვენ დავკარგავთ. მით უფრო, რომ უკვე კარგად ვიცით, რომაპეკუნობა, რაც უნდა კარგი აპეკუნი იყოს იგი, აჩლუნგებს ერის ძალღონეს, თვითცნობიერებას”.

ეჰ, მახლას!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here