Home რუბრიკები საზოგადოება “ვინც მეორედ არ იშვას წყლისაგან, მან ვერ იხილოს ცათა სასუფეველი”

“ვინც მეორედ არ იშვას წყლისაგან, მან ვერ იხილოს ცათა სასუფეველი”

1368
ნათლისღება

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს” (კირილე იერუსალიმელი).

ნათლობის საიდუმლო ეკლესიაში არსებული 7 საიდუმლოდან ერთ-ერთი უმთავრესია. ნათლობით იწყება ადამიანის ქრისტიანული ცხოვრება, რადგან მონათლული ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. ყველა ადამიანი უნდა ისწრაფოდეს, გახდეს ამ უდიდესი საიდუმლოს თანაზიარი. ნათლისღება ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო და ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს (ძველი სტილით 6 იანვარს) აღნიშნავს.

მართლმადიდებლობა, ქრისტეს მოძღვრების მართალი აღმსარებლობა, თვითშეფასებით, დასაბამს მოციქულთა ხანიდან იღებს და დღემდე შეურყვნელად და მრთელად ინახავს მას. ამიტომაც იგი თავის თავს მიიჩნევს იმავე ეკლესიად, რომელზედაც მრწამსშია ნათქვამი: “ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”. რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არ აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად, არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში (მდინარე ახლო აღმოსავლეთში. ითვლება მსოფლიოს უწმინდეს მდინარედ, ძველი აღთქმის შესაბამისად, ისუ ნავესმა ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები გადაიყვანა სასწაულებრივად გაწეულ იორდანეს წყლებზე და ამით დასრულდა ებრაელთა 40-წლიანი ხეტიალი უდაბნოში) მონათლა იესო ქრისტე.

სახარებების (მათე, მარკოზი) თანახმად, იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედია, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე, იესო ქრისტე მდ. იორდანეში.

იოსებ ფლავიუსის (ახ. წ. I საუკუნე) ცნობით, იოანე ნათლისმცემელი ჰეროდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის _ ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა. სინამდვილეში იოანე ნათლისმცემლის კულტი ქრისტიანობაში უფრო ადრე უნდა შემოსულიყო.

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობასა (ა. ვეროკიო, ლეონარდო და ვინჩი, პ. ბრეიგელი, ა. ივანოვი) და ქანდაკებაში (დონატელო, ო. როდენი და სხვები). შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების (ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი) კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურა იყო.

ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.

ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება.

სამება არის ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების ამ ერთი მხრივ არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც არის პლანეტა მზე, რომლისგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია, მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მოგეხსენებათ რომ, მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება, შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო _ სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე _ ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი, როგორც ვიცით, არის იესო ქრისტე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები), ასევე, ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.

ღვთის განცხადებისას ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

ქრისტიანული ნათლობა უფლისგან არის დადგენილი, როდესაც თვითონ უფალმა ნათელი იღო იოანე ნათლისმცემელისგან. იოანე ნათლისმცემელი ნათლობის ჟამს ამბობს: ესე არს ტარიგი ღმრთისა და თავის მოწაფეებს მიუთითებს, რომ მისულიყვნენ და დამოწაფებოდნენ მაცხოვარს, ანუ თვითონ ნათლისღების ჟამს, როდესაც მაცხოვარი ნათელს იღებს, იოანე ეუბნება, მე მეკუთვნის შენგან ნათლისღება და შენ ჩემგან ღებულობა ნათლისაო. უფალმა მიიღო ნათლობა იოანესგან, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება და ამ დროს ყველამ დაინახა, როგორ დაადგა მაცხოვარს მტრედის სახით სულიწმინდის მადლი და ხმა ისმის, ესე არს ძე ჩემი და მას უსმინეთო.

ეს არის განცხადება ქრისტიანული ცხოვრებისა და ნათლისღების მადლით, შთაფვლით ხდება ადამიანის მეორედ შობა. უფალი ამბობს: “ვინც მეორედ არ იშვას წყლისაგან, მან ვერ იხილოს ცათა სასუფეველი”. ამ დღეს სამების საკატედრო ტაძარში პატრიარქის ნათლული ასობით ბავშვი ხდება. პირველი ნათლობა 2008 წელს გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკვე ათიათასობით ბავშვის ნათლიაა.

ბათუმში მეუფე დიმიტრიმ დაამკვიდრა ნათლისღებისთვის ტრადიციულად ზღვაში შესვლის რიტუალის ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ყინულივით ცივი წყალი და ცუდი ამინდია, ძალიან ბევრი მორწმუნე და მსურველი იკრიბება სანაპიროზე. ეს ტრადიცია _ განბანვის ტრადიცია, უკვე რამდენიმე წელია, სრულდება, რადგან ნათლისღების მადლით, შთაფვლით ხდება ადამიანის მეორედ შობა.

გთავაზობთ ამონარიდს წმიდისა იოანე ოქროპირის, კონსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსის ქადაგებიდან:

“ქრისტე ყველასთვის ცნობილი იმ დღეს კი არ გახდა, როცა იშვა, არამედ იმ დღეს, როდესაც ნათელს-იღო; მანამდის იგი ხალხისთვის უცნობი რჩებოდა. იმის შესახებ, რომ ხალხი მას არ იცნობდა და გულის-ხმაში ვერ მოდიოდა, მოუსმინე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ამბობს: “თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ” (იოანე 1,26). და განა გასაკვირია, რომ ხალხი არ იცნობდა მას, რამეთუ თავად იოანეც იმ დღემდე არ იცნობდა მას? “მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ჩემმა მომავლინებელმა წყლით ნათლის-ცემად, მითხრა: ვისზედაც იხილავ სულს გადმომავალს, და დავანებულს მასზე, სწორედ იგია სული წმიდით ნათლისმცემელი” (იოანე 1,33). მაშ ასე, აქედან ჩანს, რომ – ორია ნათლის-ღება, ხოლო ქრისტე რისთვის მოვალს ნათლის-ღებად და რომელ ნათლის-ღებად, ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ითქვას: რამეთუ ესეც აუცილებელია, ვიცოდეთ, ისევე როგორც ის. და ჯერ-არს თქვენს სიყვარულს წინასწარ ვუთხრა ამ უკანასკნელზე: რამეთუ აქედან შევიტყობთ პირველზეც. იყო ნათლის-ღება იუდაური, რომელიც სხეულებრივ არაწმინდებას განწმენდდა, მაგრამ არა სინდისის ცოდვებს. ასე მაგალითად, როდესაც ვინმე იმრუშებდა, ან ქურდობას ხელს მიჰყოფდა, ანდა რომელსამე სხვა ცოდვას ჩაიდენდა, ამის მოქმედს იგი დანაშაულისაგან არ ათავისუფლებდა. ხოლო ვინც მიცვალებულის ნეშტს შეეხებოდა, ვინც სჯულით აკრძალულ საჭმელს იხმევდა, ვინც გადამდები სნეულების მქონესთან იქონიებდა ურთიერთობას, ვინაც კეთროვანს ეზიარებოდა, იგი განიბანებოდა და საღამომდე იყო არაწმინდა, ხოლო შემდეგ განიწმინდებოდა. “წყალში განიბანოს, _ ნათქვამია წმ. წერილში, – და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება” (ლევიანნი, 15,5; 22,4). ყველაფერი ეს ნამდვილად ცოდვა და არაწმინდება როდი იყო, მაგრამ რამდენადაც იუდეველები სრულყოფილი არ ყოფილან, ამდენად ღმერთი მათ ამ გზით უფრო ღვთისმოსავთ ხდიდა, დასაწყისშივე უფრო მნიშვნელოვანის უზუსტესად აღსრულებას აჩვევდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here