Home რუბრიკები პოლიტიკა “ვინც იტყვის, რომ ზუსტად იცის, როგორი იქნება ამერიკის სტრატეგია ჟენევის სამიტის შემდეგ,...

“ვინც იტყვის, რომ ზუსტად იცის, როგორი იქნება ამერიკის სტრატეგია ჟენევის სამიტის შემდეგ, ან სულელია, ან მატყუარა”

უკრაინის მაგალითი, როგორც საქართველოს შესაძლო პერსპექტივა პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკების ფონზე

211

ეს სატელევიზიო ინტერვიუ აკადემიკოსმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა და ამერიკელმა პოლიტოლოგმა დიმიტრი საიმსმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვს ჩამოართვეს. ამ პუბლიკაციას მხოლოდ მონაწილეთა რანგების ნიშნით თუ განვიხილავთ, უნიკალური ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით. საქართველოში არსებული ჟურნალისტიკის პრაქტიკის მიხედვით, ასეთი პროფესიული დონის დემონსტრაცია საერთოდ წარმოუდგენელია.

ეგ კი არა, ვინ არის ჩვენი პრემიერმინისტრის პრესმდივანი, ვეჭვობ, ჟურნალისტთა ამქრის ყველა წევრმა იცოდეს.

მზეთუნახავივით მალავენ.

არადა, საინტერესოა.

მით უფრო, რომ საკმარისია, ნებისმიერი ორკაციანი პარტიის თვითმარქვია ლიდერი ვინმე ტელეეკრანზე გამოჩნდეს, რომ ჩვენ, ჟურნალისტები, დაუყოვნებლივ ჩავებათ ისეთ რიტუალურ ფერხულში, როგორსაც ბავშვები საახალწლო ნაძვის ხის გარშემო მართავენ ხოლმე.

ინტერვიუ ОРТ-ის არხზე აჩვენეს წლევანდელი პირველი ივნისის პროგრამაში “დიდი თამაში” (“ბოლშაია იგრა”).

აქვე: შეკითხვების ავტორების პერსონიფიცირებას არ შევუდგები, ყურადღების გაფანტვა იცის. არადა, ინტერვიუს აღსაქმელად მაინცდამაინც ყურადღების კონცენტრაცია დაგჭირდებათ.

მაშ, ვიწყებთ.

_ პრეზიდენტისპირდაპირი ხაზიგამოირჩეოდა საკითხის მრავალფეროვნებით, მაგრამ უმეტესობა მაინც შეეხებოდა იმას, რაც რუსეთის მოსახლეობას ყოველდღიურად აღელვებს _ პანდემიას, სხვადასხვა გამოწვევას, ბუნების უშნო საქციელის ჩათვლით.

მეორე თემა ომისა და მშვიდობის საკითხებს შეეხო.

და აი, რა თქვა პრეზიდენტმა პუტინმა იმის თაობაზე, თუ რატომ მიაჩნია, რომ არ უნდა გვეშინოდეს მსოფლიო ომის გაჩაღების: “ჩვენ კიდეც რომ ჩაგვეძირა ის ხომალდი (რომელმაც რუსეთის საზღვაო აკვატორია დაარღვია), მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ მსოფლიო აღმოჩნდებოდა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. რადგან მათ, ვინც ამას აკეთებს, იციან, რომ ისინი ვერ გაიმარჯვებენ ამ ომში. ეს ფრიად მნიშვნელოვანია. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გავიხარებდით მოვლენების ისეთი განვითარების გამო, რომლებზეც თქვენ ლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რისთვისაც ვიბრძვით. ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე საკუთარი თავის დასაცავად, ჩვენი მომავლისათვის ვიბრძვით. ჩვენ ხომ არ მივსულვართ მათთან ათასობით კილომეტრს იქით, ჩავფრინდით ან ზღვით მივაღწიეთ?! ისინი მოუახლოვდნენ ჩვენ საზღვრებს და დაარღვიეს ჩვენი ტერიტორიული ზღვის მიჯნა, რომელიც ამ კონსტრუქციის არსებითი ელემენტია”.

დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის იმ მოხელეთა შორის, რომელთაც ხელეწიფებათ გადაწყვეტილების მიღება დასავლეთში, არც ერთს მსოფლიო ომი არ სურს, მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც, როცა არავის ომი არ სურს; მაგრამ არსებობს მოწინააღმდეგის ზემოქმედება, საკუთარი სიმართლის განცდაც. ამ პირობებში როგორ აპირებს პრეზიდენტი პუტინი თავისი მისიის განხორციელებას _ ურყევად დაიცვას რუსეთის ინტერესები, ისე, რომ არ დაუშვას ომის გაჩაღება?

დიმიტრი პესკოვი
დიმიტრი საიმსი
ვიაჩესლავ ნიკონოვი

“ცივი ომის” დროს ყველას მიაჩნდა, რომ ბირთვული ომის დაწყება შესაძლებელია. ეს აფხიზლებდა მსოფლიო დედაქალაქებში ცხელ თავებს, დღეს ყველა ფიქრობს, რომ მსოფლიო ომი ვერ დაიწყება და რახდგან ასეა, იქნებ სადმე, რომელიღაც ადგილზე, მაგალითად, მოსკოვზე შეიძლება უფრო ძლიერად იმოქმედონ.

როგორ აპირებს პრეზიდენტი პუტინი ამ რთული გამოწვევის, უმნიშვნელოვანესი ბალანსირებადი აქტის დაძლევას?

_ მე მაინც “პირდაპირი ხაზიდან” დავიწყებ, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. აქ მთავარია იმის გაგება, რომ რუსეთის ინტერესები ამერიკის გარშემო არ ტრიალებს. საუბრის თემა რუსეთის ინტერესებით იყო განსაზღვრული. შეკითხვების დიდი უმრავლესობა ეხებოდა სწორედ რუსეთის ეკონომიკას, იმას თუ როგორ ვებრძვით კორონას, როგორ ვაპირებთ კრიზისიდან გამოსვლას, როგორ შევაკეთებთ ჩვენს გზებს, ავაშენებთ ახალს და ა.შ. და ა.შ.

ამერიკის შესახებ და საერთაშორისო ვითარების შესახებ შეკითხვების წილი მინიმალური იყო. ეს არის, უთუოდ, “პირდაპირი ხაზის” განმასხვავებელი ნიშანი მიმდინარე წელს.

_ ნაწილობრივ იმიტომ, რომ ადამიანები არ ელიან ომს და არ ეშინიათ მისი. ასეა?

_ შეშფოთება ჩვენს გარემოცვაშიც არსებობს და ნათლადაც იყო გამოკვეთილი იმ შეკითხვებში, რომლებიც ნანახი მაქვს “პირდაპირი ხაზის” მომზადების პროცესში, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი.

თქვენ ახსენეთ პუტინის მისია. პუტინის, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, მისია რუსეთის შესახებაა, რუსეთის არსის შესახებ, რუსეთის კეთილდღეობას, რუსეთის კრიზისისთან ბრძოლას, ამ კრიზისიდან გამოსვლას, ადამიანების კეთილდღეობას, სიღარიბესთან, პანდემიასთან ბრძოლას ეხება. ხოლო ყველაფერი, რაც გარე პერიმეტრის თემატიკაა, სრულად ექვემდებარება ამოცანებს, რომლებიც შიგა ფლანგზე დგას. ეს უმთავრესია პუტინისთვის და იგი ამის შესახებ ყოველთვის ზუსტად და მკაფიოდ ლაპარაკობს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მშვიდად დავკავდეთ ჩვენი, შიგარუსული საქმეებით?

ჩვენ გვჭირდება ლოგიკურობა ჩვენს ოპონენტებთან თუ პარტნიორებთან ურთიერთობაში საგარეო ასპარეზზე. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, განმუხტვა და სხვა ქვეყნებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას.

სწორედ ამაზეა კონცენტრირებული პუტინის ყველა საგარეო-პოლიტიკური ძალისხმევა.

შეიძლება თუ არა, დაიწყოს ომი?

პუტინმა გასაგებად განაცხადა, რომ არა. და აქ ჩვენ გვაზღვევს ნახსენები ბირთვული პარიტეტი. მისი მნიშვნელობა უდავოა. იგი დამზღვევი მექანიზმიცაა, ბალანსირებისა და მასტაბილიზებელი მექანიზმი დღევანდელი საერთაშორისო ურთიერთობის სისტემის.

გამუდმებით ცდილობენ ამ ბირთვული პარიტეტის დარღვევას, ამიტომ რუსეთმა განახორციელა რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც აზღვევს აღნიშნულ სისტემას, ანუ ჩვენ აღვიჭურვეთ შეიარაღების გარკვეული სისტემებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ ეს ბირთვული პარიტეტი და თავი დავიზღვიოთ იმისგან, რომ აშშ არ შეიქმნის ისეთ რამეს, რაც, მაგალითად, უპირატესი დარტყმის უფლებას მისცემს, ანუ ისეთ ტექნოლოგიურ შესაძლებლობას, რომელიც ომის დასაწყებად იქნება საკმარისი.

ვფიქრობ, რომ ამაზე ლაპარაკობდა პუტინი.

მაგრამ მიმაჩნია, რომ ომზე ლაპარაკი, საერთოდ, საჭირო არ არის, რადგან მისი გაჩაღება შეუძლებელია. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ პრეზიდენტ პუტინის ხაზზე, რომელიც მიმართულია, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის კომპლექსური გაუმჯობესებისკენ. მისი ინიციატივა უშიშროების საბჭოს წევრების სამიტზეა წამოყენებული და ჯერჯერობით რეალიზებული არ არის, მაგრამ დამიზნებულია სწორედ ასეთ კომპლექსურ რემონტზე.

ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ იქნება რეალიზებული ის შეთანხმებანი, რომლებსაც ჟენევაში მიაღწიეს. ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა დღეს ევროკავშირი, ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ კავშირის ძრავაა, დარწმუნებული არიან ამ დიალოგის აუცილებლობაში, მხედველობაში მაქვს ბერლინი და პარიზი, მაგრამ ახალი ევროპელები, ახალგაზრდა ევროპელები ენერგიულად ცდილობენ, აღმართონ კედელი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის. პრეზიდენტ პუტინის სამშვიდობო გზავნილები იმსხვრევა ამ ბეტონის კედელთან შეჯახებისას, ხოლო ის ძრავები, რომლებიც ვახსენე, ვერაფერს აკეთებენ მათ აღსაკვეთად.

_ გეთანხმებით ყველაფერში, რაც ესესაა განაცხადეთ, მაგრამ დღეს იშვიათობა არ არის სამხედრო მანევრები, ძალიან არასასიამოვნო ინციდენტები, ის, რასაც ორივე მხარე პროვოკაციებს უწოდებს. როგორ აფასებს პრეზიდენტი პუტინი ნატოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ამგვარ დაახლოებას? აღიქვამს, როგორც უბრალო პროვოკაციას, თუ როგორც რეალურ საფრთხეს, როგორც ინციდენტს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა?

_ პრეზიდენტი პუტინი ძალიან კარგად ერკვევა სამხედრო მანევრების ნიუანსებში, თავდაცვის საქმეში და, რა თქმა უნდა, სათანადოდ აფასებს ამგვარი ქმედების საშიშროებას და პროვოკაციულ ხასიათს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პროვოკაციების თავხედური ქმედება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეს კი გვაიძულებს, რომ მუდმივ მზადყოფნაში ვიყოთ. პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენი სამხედრო პოტენციალი შესაძლებელს ხდის ამ პროვოკაციებზე ეფექტიან ზემოქმედებას.

ამ შემთხვევაში უნდა გავარკვიოთ პროვოკაციული ქმედების მიზეზები. საქმე ის არის, რომ, ჟენევის სამიტის შესახებ კონსტრუქციული რიტორიკის მიუხედავად, ოკეანის გაღმა არავის უარი არ უთქვამს რუსეთის შეკავების სტრატეგიულ მიმართულებაზე. არც ნატოში, არც ბრიუსელში არავის უარი არ განუცხადებია რუსეთის, როგორც მოწინააღმდეგის, როგორც მტრის, აღქმაზე. ამაზეა აგებული რუსეთის მიმართ პროვოკაციული კონფიგურაცია. ასეთია რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელშიც კვლავაც მოგვიწევს ცხოვრება, რადგან არავინ უარს არ იტყვის ამ სტრატეგიულ, არამეგობრულ გზავნილზე, უკან არ დაიხევს, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ხელთ გვაქვს რუსეთის შეკავებაზე რეაგირების აუცილებელი პოტენციალი.

_ “ეს გემი რომ ჩაგვეძირა კიდეც”, _ თქვა პუტინმა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ასეთი შესაძლებლობა განიხილებოდა თავდაცვის სამინისტროში, შეიძლება კრემლშიც, მით უფრო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რებკოვმა განაცხადა, _ ასეთი ობცია რეალურიაო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდება, ჩავძირავთ კიდეც?

_ ჩვენ ყოველთვის ვილტვით ასეთი აპოკალიფსური სცენარებისკენ.

_ რატომ აპოკალიფსური? პუტინმა აკი განაცხადა, რომ დიდი ომი ამის გამო არ დაიწყებაო.

_ ბრიტანეთის ხომალდი ხომ შეიჭრა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ წყლებში. კაპიტანმა რომელიღაც მომენტში მოიკრიბა გონება. ასე რომ არ მოქცეულიყო, მაშინ უეჭველია, რუსეთის მესაზღვრეები, რუსი სამხედროები იძულებული იქნებოდნენნ, ემოქმედათ განაწესის მიხედვით. აქ, რა თქმა უნდა, ვოლუნტარიზმს ადგილი არ ექნებოდა, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რომელთა განხორციელება გაწერილია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შემთხვევაში.

_ თავხედობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება. უმეტესად იმიტომ, რომ აშშ და მის მოკავშირეებს თავი ვერ დაუღწევიათ თავიანთი უპირატესობის კომპლექსისთვის, რომ ისინი რჩეულები არიან და მსოფლიოს სწორედ ისინი უნდა წარუძღვნენ, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან დგას (რის შესახებაც პუტინმა სამართლიანად განაცხადა) აშშისა და მათი მოკავშირეების გლობალური როლის დასუსტება და მრავალპოლარულ სამყაროდ მსოფლიოს ჩამოყალიბების ფაქტი.

იგრძენით თუ არა, რომ საღად მოაზროვნე ამერიკელების პოზიცია და მოსაზრებები აშშის პრეზიდენტამდე აღწევს?

_ საკუთარ სახლში საჯარო რისტორიკა ან კონგრესში სიტყვით გამოსული პრეზიდენტის რიტორიკა ერთია, ხოლო მოლაპარაკების ტონი _ სულ სხვა. ჟენევაში მოლაპარაკების ტონი მართლაც კონსტრუქციული იყო. ეს არ ნიშნავს, რომ სუფევდა სრული იდილია და ორი პრეზიდენტი უნისონში ლაპარაკობდა. არავითარ შემთხვევაში! ისინი ზუსტად ასახელებდნენ იმ საკითხებს, რომლებზეც შეთანხმების მიღწევა საერთოდ შეუძლებელია, ზუსტად ასახელებდნენ წითელ ხაზებს, აღნიშნავდნენ, რომ მთელი რიგი საკითხების შესახებ პოზიციების დაახლოების მცდელობას აზრი არ აქვს, რადგან პოზიციები დიამეტრულად განსხვავებულია, მაგრამ მაინც ეს იყო კონსტრუქციული საუბარი, რომლის მიზანი იყო მოესინჯათ ის ადგილები, რომლებზეც შესაძლებელი იქნებოდა დიალოგი, ურთიერთობა და გარკვეული შეთანხმებების მიღწევა ორი ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ინტერესების სასარგებლოდ. არავითარ მენტორობას იქ ადგილი არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტ პუტინთან მენტორობის სურვილის განხორციელება შეუძლებელია. პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ზუსტ და ერთმნიშვნელოვან პასუხებს იძლევა, რომლებიც შეუძლებელს ხდის ამგვარ რიტორიკას. ასეთი მცდელობა არც ყოფილა.

რა გამოდნება ჟენევის ამ კონსტრუქციული მოლაპარაკებიდან, ჩვენ ჯერ ვერ გაგვირკვევია. ვარდისფერი სათვალეების ტარების მიდრეკილება არ გვაქვს, მიგვაჩნია, რომ აშშ არ დათმობს თავის სტრატეგიას _ საკმაოდ არამეგობრულ სტრატეგიას რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ მაინც არ ვკარგავთ იმედს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მზაობას, გამართოს დიალოგი რუსეთთან იმ დარგებში, რომლებშიც ეს მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის, არ წალეკავს ბიუროკრატიული სახელმწიფო დერეფნის დინებანი, გნებავთ, დაარქვით სიღრმისეული სახელმწიფო, გნებავთ, ნებისმიერი სხვა სახელი. არ განმეორდება ის, რასაც ბევრჯერ სხვა ადმინისტრაციების დროს ჰქონდა ადგილი.

_ თქვენ განაცხადეთ, რომ არ იცით, ვერ გარკვეულხართ, რუსეთის მიმართ როგორი იქნება აშშის სტრატეგია ჟენევის სამიტის შემდეგ. თქვენ და პრეზიდენტ პუტინს ამის გამო ტაშს გიკრავთ, რადგან, ვინც იტყვის, რომ ზუსტად იცის, როგორი იქნება ამერიკის სტრატეგია ჟენევის სამიტის შემდეგ, ან სულელია, ან მატყუარა.

_ პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ იგი პრაგმატიზმის მტკიცე და ურყევი მომხრეა ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. მას აბსოლუტურად ესმის ამერიკის სახელმწიფოს ძირითადი არსი და შინაარსი რუსეთთან ურთიერთობის სფეროში. პრეზიდენტმა პუტინმა მოლაპარაკებისას განაცხადა, რომ, მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციების განსხვავებულობის კრიტიკული მასის მიუხედავად, ჩვენი ბიზნესმენები არ უნდა შეგვეწუხებინა, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის აუცილებლობაში, პროექტების განხორციელებაში, ერთობლივად ფულის გამომუშავებასა და ა.შ. ამერიკის მხარეს არ ეტყობა, რომ მონდომებულია, არ შეაწუხოს ბიზნესმენები. ამერიკელებს არ სურთ, მწვანე შუქი აუნთონ თავიანთ ბიზნესმენებს რუსეთის ბაზარზე შესასვლელად, სახსრების ინვესტირების განსახორციელებლად. პუტინი ასახელებდა მაგალითებს, როცა ამერიკელები აიძულებდნენ თავიანთ კომპანიებს, მაგალითად, “ექსენს” უარი განეცხადებინა მთელ რიგ მეგაპროექტებზე შავ ზღვაში, და ამერიკული კომპანიები კარგავდნენ შემოსავალს, ფულს ამერიკის ხელისუფალთა გადაწყვეტილების გამო.

პუტინი ყოველთვის პატივისცემითაა განმსჭვალული აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ და ეს პატივისცემა ყოველთვის გამოსჭვივის დიალოგის დროს. ამასთან, პუტინი არ ივიწყებს, რომ დღესა და ხვალ ამერიკის საშინაო პოლიტიკაში რაიმე როლსა და მნიშვნელოვან თანამდებობაზე თუ გაქვს პრეტენზია და გსურს მონაწილეობა მიიღო ამა თუ იმ არჩევნების ნებისმიერ ეშელონში, თუ ეფუძნები ამერიკის პოლიტისტებლიშმენტისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მესიჯებს რუსეთთან კეთილი ურთიერთობის დამყარების საქმეში, ამის განხორციელება შეუძლებელია, ამის მოთხოვნა აშშ-ში არ არის. აქ მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციასთან კონფრონტაციის თეზისი რუსეთის ფედერაციის შეკავების შესახებ და სწორედ ეს შეიძლება იყოს აშშ-ის ამა თუ იმ არჩევნებში მონაწილეობის ერთგვარი პატრონტაში. ნებისმიერ დონეზე ეს არ ნიშნავს, რომ დიალოგის გამართვა შეუძლებელია. ჩვენ ვნახეთ, რომ ჟენევაში დიალოგი გაიმართა და იგი მართლაც კონსტრუქციული იყო. დაველოდოთ, რა მოხდება ხვალ. ჩვენს ვიზავის ოკეანის გაღმა ახასიათებს გაუთვალისწინებლობის გარკვეული თვისება, რომელიც, ალბათ, ართულებს ყველა საქმეს.

* * *

ინტერვიუს ერთი ნაწილი შეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩინეთის კომპარტიის 100 წლის საიუბილეო თარიღს, რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარების საკითხებს.

ინტერვიუს დასკვნითი ნაწილი უკრაინის აქტუალური თემატიკიდან იყო. ქვეყანა, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთის უშიშროების გააქტივებულ პრობლემად არის ქცეული, მეორე მხრივ, იმართება გარე ძალების მიერ უცხოეთიდან.

დიმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა:

_ ეს არის წითელი ხაზი. უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის. იგი სხვა ქვეყნების უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება, უფრო ზუსტად, შეერთებული შტატების გავლენის ქვეშ არის მოქცეული. ეს ქვეყანა მზად არის, გადაწყვიტოს თავისი საშინაო პრობლემები, მხედველობაში მაქვს დონბასი, ნატოში შესვლის გზით, ანტირუსულ სამხედრო კავშირში შესვლის გზით. ჩემი აზრით, ეს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რადგან ნატოსკენ სწრაფვამ შეიძლება უფრო არასტაბილური გახადოს ევროპის კონტინენტი სრულად. შეიძლება ფაქტობრივად გადახაზოს რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზაციის პერსპექტივა და უფრო დაძაბოს მდგომარეობა რუსეთის მთელი საზღვრის გაყოლებით. პრეზიდენტ პუტინისთვის ასეთი პერსპექტივა ფრიად შემაშფოთებელია. უთუოდ ეს არის ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისთვის განხორციელებული ღონისძიებების მიზეზი, სწორედ იმ პარიტეტის უზრუნველსაყოფად ევროპის კონტინენტზე.

არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ პრეზიდენტ პუტინს კარგად ესმის უკრაინის ხელმძღვანელობის ამგვარი მისწრაფების პოტენციური საშიშროება და იგი რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად დაკავებულია უშიშროების იმ ღონისძიებების არქიტექტურით, რომლებიც დაგვიცავს იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება ასეთი პროვოკაციული მისწრაფებანი.

_ ყველაზე დიდი ქარიშხალი კიევში გუშინ გამოიწვია პუტინის განცხადებამ, რომ რუსები და უკრაინელები საბოლოოდ ერთი ხალხია. რუსების უმრავლესობისთვის ეს განცხადება, ვფიქრობ, საკამათო არ არის, ისევე, როგორც ბევრი უკრაინელისთვის, მაგრამ უკრაინის პოლიტიკური ელიტისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ასეთი აზრი გამოთქვა ყველამ, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ გამოეხმაურა ამ პოზიციას:

ბოლოს და ბოლოს, დავუსვათ წერტილი ამ მტკიცებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ერთი ხალხი არ ვართ. დიახ, ბევრი რამ გვაქვს საერთო. გვაქვს საერთო ისტორიის ნაწილი, მეზობლობა, ნათესაობა, საერთო გამარჯვება ფაშიზმზე და საერთო ტრაგედიები. უკრაინელები და რუსები ერთი ხალხი რომ ვიყოთ, მოსკოვში გრივნებით ივაჭრებდნენ, ხოლო სახელმწიფო სათათბიროს თავზე იფრიალებდა ყვითელცისფერი დროშა”.

ამაზე რას იტყვით?

_ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავზე ფრიალებდა და კვლავაც იფრიალებს რუსეთის სამფეროვანი დროშა.

ჩვენ ისტორიის საერთო ნაწილი გვაქვს, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, მაგრამ ისტორიის ნაწილი კი არ გვაქვს საერთო, არამედ ერთი საერთო ისტორია გაგვაჩნია. რუსები და უკრაინელები მართლაც ერთი ხალხი ვართ. ერთი საზოგადოება. აზრი არ აქვს ამ საკითხის განხილვის გაგრძელებას. აქ ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. დაველოდოთ, როცა პრეზიდენტი პუტინი დაასრულებს თავის სტატიას უკრაინის შესახებ. იგი წერს, ამზადებს და, როგორც კი დაასრულებს მუშაობას, სტატია გამოქვეყნდება. ვფიქრობ, ყველა შეფასება ამომწურავად იქნება განმარტებული.

_ ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთ, ფრიად მნიშვნელოვან თემას შეეხო გუშინ. უკრაინაში მყოფი რუსების პრობლემას: ისინი დღეს განიცდიან აშკარა ენობრივ დისკრიმინაციას და დისკრიმინაციის სხვა ფორმებსაც.

მოუსმინეთ: “მე არ მიმაჩნია, რომ უკრაინელი ხალხი მეგობრულად განწყობილი ხალხი არ არის. მსგავსი არაფერია! ჩვენ ერთი მთლიანი ერი ვართ. აი, უკრაინის დღევანდელი ხელმძღვანელობა კი ჩვენდამი აშკარად არამეგობრულია. ეს სავსებით ნათელია. სხვანაირად გაძნელდებოდა იმის გაგება, თუ რატომ შეიტანა პრეზიდენტმა რადაში კანონპროექტი, მკვიდრი ხალხების შესახებ, რომლითაც რუსი ხალხი მკვიდრ ხალხად არ არის მიჩნეული ამ ტერიტორიაზე. ეს სრულიად გაუგებარია. საუკუნეებია, აქ ცხოვრობენ რუსები. ახლა კი უცხადებენ, რომ მკვიდრნი არ არიან. სადამდე მიგვიყვანს ასეთი დამოკიდებულება?! იქამდეც კი, რომ რუსი ადამიანი შეიძლება აიყაროს და გადასახლდეს, მაგრამ სად? რა უნდა უყოს ბინას? სამუშაო ადგილს და ..? მაშინ იძულებულნი იქნებიან, მეორეხარისხოვან ადამიანებად მიიჩნიონ თავი. ეს გამოიწვევს რუსების საერთო რაოდენობის შემცირებას და თავისი ნეგატიური შედეგებით შეიძლება შევადაროთ მასობრივი განადგურების რომელიღაც იარაღის გამოყენებით გამოწვეულ შედეგებს. ეს სერიოზული საქმეა”.

“მასობრივი იარაღის გამოყენებასთან” შედარება ადეკვატურ პასუხს მოითხოვს.

_ უკრაინის დიდი ტრაგედიაა ის, რომ ამ ქვეყანაში ყალიბდება ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ზრდიან რუსეთის მიმართ სიძულვილის სულისკვეთებით. ტრაგედიაა ის, რომ უკრაინაში ძალიან ბევრი რუსია იმისთვის, რომ შეგძულდეს. შედეგად ეს იქნება დამანგრეველი სიძულვილი თვით ამ ქვეყნისთვის, რაც დიდი შეცდომაა. პუტინმა გასაგებად თქვა, რომ უკრაინელი ხალხი არ არის არამეგობრული, იგი ჩვენი მოძმე და მეგობარი ხალხია, მაგრამ, ასეთი ხელმძღვანელები რომ ჰყავს, ეს უკრაინის კიდევ ერთი მარცხია. იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინა დაძლევს ამ თავდასხმას და რამენაირად იპოვის თავის ნათელ მომავალს.

ინტერვიუს სააგაზეთო ვერსია იბეჭდება მცირედი შემოკლებით.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here