Home რუბრიკები ისტორია ერი, რომელიც სულ სხვის ჭკუაზე დადის, სხვისგან ითვისებს ათასგვარ სიგლახეს, დასაღუპადაა განწირული

ერი, რომელიც სულ სხვის ჭკუაზე დადის, სხვისგან ითვისებს ათასგვარ სიგლახეს, დასაღუპადაა განწირული

15531
ერი, რომელიც სულ სხვის ჭკუაზე დადის, სხვისგან ითვისებს ათასგვარ სიგლახეს, დასაღუპადაა განწირული

ქართველი ხალხის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად ილია საერთაშორისო სინამდვილის გაცნობიერებას და ამ სივრცეში საკუთარი ადგილის მოპოვებას მიიჩნევს. ამის დასტურია ის, რომ ილიას პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა სხვადასხვა ხალხისგან განვითარების საუკეთესო გამოცდილებების ათვისებასა და სხვათა მცდარი გზების ანალიზს. მისი საგანგებო ყურადღების საგანია დასავლეთის დაწინაურებული ქვეყნები, რომელთა გამოცდილების გაზიარება და მათ მიერ არჩეული განვითარების გეზის გათავისება საქართველოს ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებად ესახება. ჩვენ კი დღეს ევროპიდან ისეთი ცხოვრების წესის გადმოღებასა და ისეთი სიმახინჯეების დანერგვას გვთავაზობენ, რომლებიც საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარების პროგრესის შესაძლებლობას კი არა, ერის გადაგვარებასა და სახელმწიფოს მოშლას უფრო შეუწყობს ხელს.

თავისი დროის ევროპის წინსვლას ილია ასე აფასებს: “ისტორია და წარმატება მარჯვესი, გამრჯესი, მხნესი და მერმისისთვის მებრძოლის კუთვნილია. ამისთანად აღმოჩნდა ევროპიელნი და ბურთი და მოედანიც იმას დარჩა. იგია დღეს გამგებელი ქვეყნიერობისა, იგია დღეს ქვეყნის უღლის მწეველი და იგივეა ქვეყნის სიკეთის მკრეფავი და პატრონიცა. ამა ქვეყნის მადლის თაფლსა მარტო ევროპიელიღა იღებს ქვეყნის სკისგან, რომელსაც ხან იქით უბრუნებს პირს, ხან აქეთ, იმისდა მიხედვით, როგორც და საითაც უჯობს, რადგან ამისთვის ბარიც აქვს და ნიჩაბიც, ესე იგი, მეცნიერება და მხნეობა, ჭკუა და ხელი.

ამ მეცნიერებას და მხნეობას, ამ ჭკუასა და ხელს ამოქმედებს დაუღალავი წყურვილი ხვალის უკეთესობისა და მწვავი უკმარობა დღევანდელობისა” (ილია ჭავჭავაძე, “აზია წინათ და ეხლა”, 1889), ხოლო აზია, “რომელიც ერთს დროს მამამთავარი იყო ცივილიზაციისა, და რომელსაც დღესაც ევროპის მეცნიერნი ცივილიზაციის აკვანად ჰხადიან, დიდი ხანია ჩრდილშია მიმდგარი, და ეხლა თუ ვინმე ახსენებს, _ ან იმისთვის, რომ როგორ და რა გზით გამოვწოვო მისი ხელუხლებელი სიმდიდრეო, ან იმისთვის, რომ ხელთ იგდოს მისი რომელიმე მხარე და ყურმოჭრილ ყმად იყმოს იმ მხარის მემკვიდრენი, ისევ _ რასაკვირველია _ გამოსაწოებლად და მოსაწველად”. ეს იმიტომ, რომ მეცნიერებით, ხელოვნებით, ხელოსნობით შეჭურვილმა და ძლევამოსილმა ევროპამ პირში ჩალა გამოავლო ამ მოხუცს ქვეყანას, რომელიც ერთს დროს მთელის ქვეყნის ბედის წარმატებას სათავეში ედგა, და ეხლა იმ ქვეყნის შვილობა, სად პირველ ფეხი აიდგა ცივილიზაციამ და საიდამაც მისი შუქი მთელს ცასაქვეშეთს პირველ მოეფინა, სამარცხვინოდ მიაჩნიათ უფრო, ვიდრე სასახელოდ. ეხლა აზიელობა უფრო საბიაბრუო სახელია, ვიდრე თავმოსაწონებელი”.

იქვეა განმარტებაც: ისტორია და წარმატება იმისი კი არ არის, ვინც მარტო თავისთავის ავკარგიანობას შეჰხარის, ვინც მარტო დღევანდელობას _ ავია თუ კარგი ჰკმარობს, ვითარცა ხელშეუვალს რასმე ანდერძს მამაპაპეულს, არამედ იმისია, ვინც მას არა ჰკმარობს _ რაც დღეს არის, და ვისაც დღევანდელობა მარტო ხიდად მიუჩნევია ხვალისათვის და არა ბინად, საცა კაცმა თავი უნდა შეიკეტოს, როგორც სამუდამო სადგურში, სამუდამოდ გულზე ხელდასაკრებად და მოსასვენებლად”.

რამ დაჰმართა ეს ამბავი აზიას?

რამ დაუხუთა მუხლი მსვლელობისა და ერთს დროს წინმავალი ქვეყანა ეხლა ასე უკან რამ დააყენა?”

იმან, რომ, “რაცა ჰქონდა, სასულიერო თუ სახორციელო, იმას დასჯერდა და თავმოწონებული შეჰხაროდა, თითქო იმაზე უკეთესი სხვა აღარა ეგულება რაო ქვეყნიერობაზედ. ამით კმაყოფილმა თავი ცალკე შეიკეტა და გარედამ აღარ მიიკარა არც ამაყვავებელი შუქი მზისა, არც გამაცოცხლებელი სიო”.

ილიას აზრით, ერი, რომელიც “ჰთაკილობს სხვისგან ჭკუის სწავლებას”, არ ითვისებს “სხვის ავკარგიანობას”, კარგავს საკუთარ ისტორიასაც, ნაციონალურ ფასეულობებსაც, განვითარების შესაძლებლობებსაც, ის ვერ გაუფრთხილდება იმას, რაც აქამდე შეუქმნია და ვერც რამე ახალს შექმნის. მაგრამ ცხოვრებამ ისიც დაადასტურა, რომ ერი, რომელიც სულ სხვის ჭკუაზე დადის, სხვისგან ითვისებს ათასგვარ სიგლახეს, დასაღუპადაა განწირული.

ყოველივე ამის გააზრებასა და გადახარშვას განათლებული, გონებაგახსნილი ადამიანები სჭირდება, რომლებსაც, უპირველესად, სკოლა უზრდის ქვეყანას. დღეს საქართველოში განათლების სისტემას “რამდენად საბუთიანად უკიჟინებენ, რომ თავის დანიშნულებას არ ასრულებს”, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. ერის მამაც ამ საკითხს მეტად საჭირბოროტოდ მიიჩნევდა და ყურადღებას ამახვილებდა სკოლის პრობლემებზე. “ბევრს გამოუთქვამს აზრი და ყველა ეს აზრი, სხვადასხვაფერად გამოთქმული, ერთს საფუძველზეა აგებული, ერთის სათავიდამ წარმომდინარებს. ეს საფუძველი, ეს სათავე ის არის, რომ სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთნიდეს კიდეც ბავშვსა და ასწავლიდეს კიდეც. წურთვნა და სწავლა ხელიხელს გადამბული უნდა ვიდოდეს სკოლაში. წურთნა სხვაა და სწავლა სხვა. ერთს ერთი საგანი აქვს და მეორეს _ სხვა. წურთვნა მიმართულია ზნეხასიათის ზრდასა და განვითარებაზე და სწავლა კიგონების გახსნასა და მსჯელობის გაძლიერებაზე. საკმაო არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, დიდი სწავლა მიეღოს, ბევრი ცოდნა შეეძინოს. ამასთანავე, იგი კაი კაციც უნდა იყოს და კაი-კაცობის შემძლებლობაც ჰქონდეს. ეს კაიკაცობა და კაიკაცობის შემძლებელობა მარტო ზნეხასიათისაგან ეძლევა ადამიანს.

ავი კაცი რამოდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშარია, უფრო დიდად მავნებელია. ეს ყველამ იცის და, გვგონია, ბევრსაც თავის თვალით უნახავს და გამოუცდია. რათ უნდა იყოს კაცი ავი, როცა მხოლოდ სწავლულია და არა ზნე-ხასიათ გაწურთნილიცა? სავსება ერთობ ადამიანისა იმაშია, რომ მის გონების აღმატებულებას შეწონილ ჰქონდეს აღმატებულება ზნეხასიათისაცა. საჭიროა, ზნე გაწმენდილი და გაფაქიზებული ჰქონდეს პატიოსნებითა, ნამუსიანობითა, კაცთმოყვარეობითა და სამართლიანობის გრძნობითა. უამისოდ მისი მსჯელობა და ყოფაქცევა ერთმანეთს გადუდგება, ერთმანეთს არ შეეთანხმება, მისი აზრი სხვა იქნება და ყოფაქცევა _ სხვა, გონება ერთს ეტყვის და გული სხვას აქმნევინებს. უზნეობა, უხასიათობაც ეს არის და ამ უზნეობათა და უხასიათობით არის ავი ზნეუწვრთნელი სწავლული კაცი. ჭეშმარიტი განათლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის და, ჩვენის ფიქრით, ისევ გონებაგანუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწრთვნელი. ხოლო ზნე-ხასიათის წურთვნა დიდად დამოკიდებულია სწავლასა და ცოდნაზედა, და ამიტომაც ჩვენა გვგონია, რომ, თუ სკოლას უნდა თავის დანიშნულება შეასრულოს, ეგ სწავლა-ცოდნა ზნე-ხასიათის წურთვნასაც უნდა შეურჩიოს, ესე იგი იმ თვისების სწავლა-ცოდნა უნდა აძლიოს, რაც გონების გახსნილობასაცა ჰშველის და ზნე-ხასიათის წურთვნასა და დამთავრებასაც უხდება და ჰრგებს. რასაკვირველია, ზნე-ხასიათის წარსამატებულად წურთვნას სკოლაში თავისი საკუთარი გზაცა აქვს, თავისი საკუთარი სახსარიცა. ამ შემთხვევაში დიდად დიდი მნიშვნელობა აქვს მთელს გამგეობას სკოლისას საერთოდ და ოსტატს და მოხელეს ცალკე. ამ შემთხვევაში დიდი რამ არის ოსტატის მოხერხებულობა, ყოფაქცევა, მაგალითი, სიფრთხილე, წინდახედულობა. ერთს მშვენიერს ამბავს გვიამბობს ერთი მწერალი მასზედ თუ, _ წინდახედულად და გონიერად მოქცევა ოსტატისა რის შემძლებელია ზნე-ხასიათის წურთვნისათვის. თუმცა გრძელია ეს ამბავი, მაგრამ ისე კარგი რამ არის, რომ გვსურს, სულ ამოვწეროთ და მით ვასიამოვნოთ ჩვენს მკითხველებსა. აი ის ამბავი: რა ადვილად შესაძლოა ბავშვს შთააგონოს კეთილი, თუ გონება-გახსნილი კაცი ხელსა ჰკიდებს საქმეს და სიყვარულით ეძლევა თავის დანიშნულებას, შემდეგი მომხდარი ამბავია. ამ რამდენისამე წლის წინათ ერთმა ყმაწვილმა კაცმა, გაათავა უნივერსიტეტი თუ არა, ოსტატის თანამდებობა მიიღო ერთ სასწავლებელში. პირველი განაკვეთი ერგო საშუალო კლასში, საცა უფრო მოზრდილნი შეგირდები არიან, ესე იგი, ბავშვობიდამ ყრმობაში გადამდგარნი. ამ ხანში ყმაწვილები უფრო ცელქები და მოუსვენარნი არიან. დირექტორმა აუწყო ბავშვებს ახალის ოსტატის ვინაობა, თითონ ოსტატმაც ორიოდე ტკბილი სიტყვა უთხრა ყმაწვილებს და დაუყოვნებლივ შეუდგა სწავლების საქმეს. გასაკვეთის ახსნის დროს დასჭირდა კლასის დაფაზედ წერა. როცა წერა დაიწყო, რა თქმა უნდა, ზურგშექცეული იქნებოდა და შეგირდებს ვერა ჰხედავდა. ამ დროს დაფას მოხვდა და ზედ დააჯდა დაღეჭილი ქაღალდი, რასაკვირველია, ერთ-ერთის შეგირდისაგან ნასროლი. ოსტატმა უკან არცკი მოიხედა და განაგრძო წერა, მითამ და საყურადღებო არა მოხდა-რაო”.

ანურ რაჯ ფათაჰი: “თქვენ ტოვებთ ამ ნაყოფიერ მიწებს და სხვაგან მიდიხართ.მიწა არ უნდა იყოს უპატრონოდ! არ გინდათ საკუთარი მიწა? მაშინ ჩვენ მოვალთ და ვუპატრონებთ! შრომა არ გვეზარება!
ანურ რაჯ ფათაჰი: “თქვენ ტოვებთ ამ ნაყოფიერ მიწებს და სხვაგან მიდიხართ.მიწა არ უნდა იყოს უპატრონოდ! არ გინდათ საკუთარი მიწა? მაშინ ჩვენ მოვალთ და ვუპატრონებთ! შრომა არ გვეზარება!

როცა გაათავა წერა, ვინმესთან კი არ გაქცეულა საჩივლელად, _ გაკვეთილის ჩატარებაში ხელს მიშლიანო, მოუბრუნდა შეგირდებს და უთხრა: “ყმაწვილებო, დღეს ჩემი პირველი ნაბიჯია ოსტატობის სარბიელზედ. სამართალსა ვთხოვ თქვენს პატიოსნებას, თქვენს სინიდისსა. აბა იფიქრეთ, _ მას შემდეგ, რა უპატიურებაც მომაყენა ერთმა თქვენგანმა, _ რა გამწარებული გრძნობა უნდა გამყვეს მე თან თქვენის კლასიდამ, საცა ჩემს სიცოცხლეში პირველად დავიწყე სწავლება შეგირდებისა. მე არ მინდა ვიცოდე, მე არ მინდა შევიტყო, ვინ არის დამნაშავე ამ ჩემს გაუპატიურებაში. რა საჭიროა!..”

დღეს ჩვენს სკოლაში მსგავსი პრობლემების მოგვარებაში მასწავლებელს მანდატურები ეხმარებიან.

ვინ არიან ისინი?

ენციკლოპედია გვეუბნება, რომ მანდატური ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ხელჯოხიანს, საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალ მოხელეს. მანდატურები ჩვენს საჯარო სკოლებში პირველად 6 წლის წინათ გამოჩნდნენ, როგორც სკოლასა და პედაგოგებზე კონტროლის ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუმენტი. თუ ილიას მიერ მოყვანილ მაგალითს გავითვალიწინებთ, კარგ პედაგოგს მოსწავლეებთან ურთიერთობაში არავის დახმარება არ სჭირდება, ის თვითონ აგვარებს პრობლემებსაც და იხვეჭს ავტორიტეტს შეგირდებს შორის. “დეე განიკითხოს ის იმისმავე სინდისმა, _ განაგრძო მასწავლებელმა, _ მე მით უფრო ვერ გამიგია ჩემის გამაუპატიურებელის საქციელი, რომ მან ჯერ არ იცის, როგორი ოსტატი ვარ და როგორი კაცი. იქნება, თქვენის სიყვარულის ღირსი გამოვდგე. ჯერ გამიცანით, გამომცადეთ და მერე გამიკითხეთ, დიაღ, ბატონებო, სამწუხაროა, რომ ჩემი პირველი გამოსვლა საპედაგოგიო სარბიელზედ ამისთანა ამბით დაიწყო. ხელმეორედ მოგახსენებთ, რომ მე არ მინდა შევიტყო, ვინ არის ამ უკადრისის ცელქობის მომქმედი. დამნაშავის სახელი რომ შევიტყო, _ ვინ იცის, მეც კაცი ვარ _ იქნება გულში იმისი ჯავრი ჩავიყოლიო და ჯავრმა, ცოტად თუ ბევრად, იმაზე გული ამაყრევინოს. როცა ოსტატმა გაათავა ლაპარაკი, შეგირდებში ჩუმი ჩოჩქოლი ასტყდა. დაიწყეს აქეთ იქით ჩურჩული, ერთი მეორეს რაღაცას ეუბნებოდა, მეორე მესამეს და ეგრე მთელს კლასს აცნობეს ერთმანეთის გულისპასუხი. ბოლოს წამოდგა ფეხზედ ერთი მათგანი და უთხრა ოსტატს: “ნება მომეცით მე, მოვითხოვო თქვენთან ბოდიში ყველას მაგიერ: ყველა ჩემი ამხანაგი გთხოვენ, გვაპატიოთ ეგ მეტად ცუდი საქციელი ერთის ჩვენგანისა”. ოსტატმა სიხარულით მიიღო ბოდიში და გამოუცხადა, რომ სამუდამოდ დავიწყებას მივეცი ეს ამბავი და გულიდამ ამოვიღეო. ამ დღის შემდეგ ამ ახალგაზრდა ოსტატის საქმე ისე კარგად გაიმართა, რომ უკეთესი არ უნდოდა: ძალიან მალე მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა თავის შეგირდებისაგან მთელს ხუთსავე კლასში, რომელშიაც იგი ასწავლიდა”. ერთი ასეთი ჭკვიანური, გულთბილი საქციელი ოსტატისა უფრო ძლიერ მოქმედობს ბავშვის გაადამიანებაზედ, ვიდრე სამისა და ოთხის წლის ზეპირება გრამატიკისა, თუ სხვა რისამე ამისთანისა. ჩვენ ამ ამბავმა მეტად გაგვიგრძელა წერილი და რაც სათქმელი გვქონდა, იმასაც გადაგვახვევინა. ჩვენა გვგონია, რომ ამით ბევრი არა დაშავდა-რა და თუ დაშავდა, ვეცდებით, შემდეგში დანაშაული ვიპატივოთ”.

მეც იმავეს გავიმეორებ, რომ მთავარი სათქმელიდან გადავუხვიე, მაგრამ ამით არც ამჯერად “ბევრი არა დაშავდა-რა”, რადგან განათლების გარეშე სხვა ქვეყნების განვითარების საუკეთესო მოდელების ათვისება შეუძლებელია.

ილია ევროპისა და აზიის ქვეყნების გამოცდილებათა შეპირისპირებით ქართველებს აჩვენებს, ერთი მხრივ, რა საშიშია იზოლაცია და, მეორე მხრივ, როგორ პერსპექტივებს ქმნის კულტურული გახსნილობა, განვითარების საუკეთესო მოდელების ათვისება.

“წარსულმა საუკუნემ, რომელმაც დღეს გზა და ტახტი თავისი დაუთმო ახალს საუკუნესა, ბევრი რამ შესძინა ქვეყნიერობას. რაც ამ საუკუნეში მეცნიერებამ სასწაული მოახდინა, რაც განათლებულ ქვეყნების ადამიანმა სახელი და დიდება მოიპოვა, მთელს დანარჩენს თვრამეტს საუკუნეს ერთად არ უნახავს. რა თქმა უნდა, რომ წინა საუკუნეთაც არ ემოქმედნათ, არც ეს მეცხრამეტე საუკუნე იქნებოდა ასე ნაყოფიერი, რადგანაც, რაც გინდა სთქვან, წინა საუკუნენი სთესდნენ და სახელი და დიდება მეცხრამეტე საუკუნისა ის არის, რომ უხვი მოსავალი მოგვცა ნათესისა, იმოდენად უხვი, რომ მოულოდნელი იყო ჩვენთა წინაპართათვის.

ბეკონმა, ინგლისელმა ფილოსოფოსმა, სთქვა, რომ პროგრესი კაცობრიობისა სხვა არა არისრა გარდა იმისა, რომ დღიდამ დღემდე განზე გადადგმულ იქმნას საზღვარი შეუძლებელისაო. ამ თვალით რომ შეხედოს კაცმა ამ მეცხრამეტე საუკუნის ღვაწლს, მართლა რომ საკვირველებაა. რაც შეუძლებლად მიაჩნდათ ჩვენთა მამაპაპათა _ დღეს შესაძლებელი გახდა მეცხრამეტე საუკუნის წყალობით. მანძილი, რომელიც დღეს-აქამომდე იყო სხვადასხვა ქვეყნებ-შორის, რკინისგზებმა, ტელეგრაფებმა და ტელეფონებმა თითქმის მოსპეს. დოსტაქრობამა და მკურნალობამ იქამდე მიაღწია, რომ ცოცხალ ადამიანის აგებულებაში თითქმის გამოუცნობი და დაუნახავი, გაუსწორებელი, შეუკეთებელი აღარა არის-რა. დღეს ცოცხალ ადამიანის შიგნეულობას ისე ჰხედავენ, ისე ითვალისწინებენ, თითქო გარეთ გამოტანილი საგანიაო. ბევრს ჭირს, რომელიც დღესაქამომდე მუსრს ავლებდა ქვეყნიერობას, წამალი უპოვეს, და ლამის ის სიცოცხლის ელექსირიც-კი იპოვონ, რომელსაც ასე გულმოდგინებით ეძიებდა და ეძიებს ყოვლად-მძლევი გონება ადამიანისა. მეცნიერება უკვე წააწყდა სახსარს მოხუცებულობისაგან განახლებისათვის და, ვინ იცის, იქნება მალეც მოვესწრათ, რომ ამ გზაზედაც მეცნიერებამ თავისი სასწაულთმოქმედება გამოიჩინოს. ადამიანი გამოკეთდა აზრით, ფიქრით, ქონებით, გონებით და ზნეობით. სიმდიდრემ გონებითმა, ზნეობითმა და ქონებითმა იმ სიმაღლემდე მიაღწია, რომ სიზმრადაც არ ზმანებიათ წინანდელ საუკუნეებს. ერთობ კაცობრიობის სიკეთემ აიწია, წეწვაგლეჯამ, ერთმანეთზე მისევამ, ერთა ერთმანეთზე მტრულად მისვლამ, _ პირში ლაგამი ამოიდო საზოგადო მსჯავრის შიშითა. ეხლანდელმა ომმა ინგლისისამ და ტრანსვაალისამ, სხვას აღარ ვიტყვით, ცხადი მაგალითი გვიჩვენა, რომ კაცობრიობა ჰთაკილობს ძლიერისაგან უძლურზე ზედმისევას, თავდასხმას, და ამისთანა უსამართლო მოქმედებას თავისს სამართლიანს მსჯავრსა სდებს წყრომისას და რისხვისას.

ვინ მოსთვლის ყოველს იმ სიკეთეს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნემ შესძინა კაცობრიობას. ერთი დიდი და სახელოვანი საქმე მეცხრამეტე საუკუნისა, სხვათა შორის, ის არის, რომ მაგარს საფუძველზე დააყენა და ფრთა გააშლევინა იმ კაცთმოყვარულს მოძღვრებას, რომ ყოველი ადამიანი, რა წოდებათა კიბის საფეხურზედაც გინდ იდგეს, მაინც ადამიანია, და ვითარცა ადამიანი _ ყველასთან თანასწორი, თანასწორად შესაწყნარებელი და გულ-შესატკივარი. მართალია, ამ მოძღვრების დასაბამი დიდის ხნისაგან მოდის, მაგრამ ამ საუკუნემ ეს მოძღვრება განადიდა, გააძლიერა, გააფართოვა და, დაუდვა რა მეცნიერული საბუთი, ღარიბთა და უძლურთა სამწეო მოძღვრებად გარდააქცია. ამ მეცხრამეტე საუკუნემ სოციალურის წყობილების იდეალად გამოსახა “გაუქმება ქონებისა და შემოსავლის მეტ-ნაკლებად განაწილებისა ადამიანთა შორის, გაუქმება ყოველის კლასობრივის ბატონობისა და, შეძლებისამებრ, ყოველის კლასობრივის სხვადასხვაობისა, ფეხზე წამოყენება და ხელშეწყობა გამრჯელ და მშრომელ კლასებისა წარსამატებლად”. ამ გზაზე წინა საუკუნეებს ერთად იმოდენი არა უქმნიათ-რა, რაც ამ ერთმა მეცხრამეტე საუკუნემ ჰქმნა თვისდა პატივის მოსახსენებლად.

ერთის სიტყვით, რასაც კი თქვენდა გარეშემო თვალს და ყურს მოჰკრავთ, ყველგან წარმატება და წინსვლაა. მართალია, შექსპირისა არ იყოს, ქვეყნიერობაში კიდევ ბევრი რამ არის, რომელიც სიზმრადაც არ მოზმანებიათ ეხლანდელ მეცნიერთ, მაგრამ რაც დღემდე იქმნა, ისიც დიდი ძლევამოსილობაა ადამიანის მჭრელის გონებისა, და აქ ღვაწლდადებული იგი საუკუნეა, რომელმაც გუშინ გზა დაულოცა ახალს საუკუნეს, ეხლა შენ იცი და შენმა ძალ-ღონემაო.

კიდევ ვიტყვით: წარსულმა საუკუნემ თავისის მხრით ბევრი კეთილი შესძინა ადამიანს. ხოლო საკითხავი ეს არის: დღეს უფრო ბედნიერია კაცი თუ არა, ამოდენა სიკეთით გარემოცული და ესე წარმატებულის მეცნიერებით გაღონიერებული და გაძლიერებული? არა გვგონია. მართალია, დღეს ადამიანი ერთობ, ღარიბია თუ მდიდარი, _ უფრო უკეთ არის მოწყობილი, უფრო მეტად მოსახერხებელია მისთვის წასვლა-წამოსვლა, ქვეყნიერობასთან გამოხმაურება, ქვეყნიერობასთან ურთიერთობის გაწევა; დღეს ადამიანი უფრო უკეთ იცვამს, იხურავს, უკეთ სჭამს და სვამს, მაგრამ ბედნიერება კი შორს არის. დღეს ღარიბსა და მდიდარს შორის, ძლიერსა და უძლურს შორის უფრო დიდი ზღვარი არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა, და აქ არის იგი სიმწვავე იმ ტკივილისა, რომლის მორჩენაც მეცხრამეტე საუკუნემ უანდერძა აწ მომავალს საუკუნეს.

მეცნიერება, ადამიანის გონების წინსვლა, ზნეობის აღმატება, _ ჯერ ბევრს სხვას კიდევ ძლევამოსილობით მოიქმედებს, მაგრამ ამ მეცხრამეტე საუკუნის ანდერძზე უაღრესს და უდიდესს საგანს სხვას ვერას აღმოაჩენს და არ გაუთვალისწინებს კაცობრიობას დღეის ამას იქით” (მეცხრამეტე საუკუნე 31 დეკემბერი, 1899 წელი).

“სახელი და დიდება მეცხრამეტე საუკუნისა ის არის, რომ უხვი მოსავალი მოგვცა ნათესისა, იმოდენად უხვი, რომ მოულოდნელი იყო ჩვენთა წინაპართათვისო”, _ ამბობს ერის მამა. უფრო უხვი მოსავალი კი XX საუკუნემ დაახვედრა XXI-ს, იქნება ეს მეცნიერება, კულტურა თუ ცხოვრების დონე… წესით, დღეს უფრო ბედნიერი უნდა იყოს ადამიანი, ამდენი სიკეთით გარემოცული, მაგრამ იმ პრობლემათა ზღვაში, რომლებიც ქვეყანაში დაგვიგროვდა, ძნელია ბედნიერებაზე საუბარი; ძნელია, რადგან სამშობლოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქართველი ტოვებს, მკვიდრი მოსახლეობის ადგილს ჩვენი ისტორიული მტრების შთამომავლები იკავებენ, უმუშევარი და ნაგვის ურნებში სარჩოს მძებნელთა რაოდენობა კი არ მცირდება…

მწარე სიმართლეა ისიც, რომ ადამიანური, რელიგიური, ეროვნული ღირსებების დაკარგვის მიზნით ისეთ ქცევებსა და ურთიერთობებს გვიქადაგებენ, რომლებიც პროპაგანდას უწევს აღვირახსნილობასა და გარყვნილებას, ანგრევს ადამიანების ერთგულებას ისტორიული ფასეულობების მიმართ; ხოლო სიტყვის თავისუფლების ნიღბით ჩვენგან გააფთრებით მოითხოვენ მკრეხელობის თავისუფლებას…

“აქ არის იგი სიმწვავე იმ ტკივილისა”, რომელსაც “ერთ ბეწო ხანს” არათუ თვალი არ უნდა მოვუხუჭოთ ერმა და ბერმა, საერთო ძალით უნდა ვუწამლოთ და ვუსაშველოთ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

4 COMMENTS

  1. ძველი ქართული ბევრად აზრიანი და სრულყოფილია ვიდრე თანამედროვე მარტივი ,გლეხების და ბოგანოთა ენა .რომელიც თერგდალეულმა ლიბერსლებმა შემოგვტენეს ,ერის მამის ძალისხმევით ..და ვბოდიალობთ ეხლა ჩერჩეტ უაზრო ენაზე …სანამ რაიმეს ცუდს გაიაზრებ ,ბოლო წინადადება წარმოთქვი ძველ ქართულად ,და მერე განმსაჯე .

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გრიგოლ ორბელიანი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here