ენერგეტიკა, ნავთობპროდუქტები, წიაღისეული, ტელეკომუნიკაციები, საბანკო სექტორი, ტრანსპორტი, კვების პროდუქტები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროების, სადაც რუსული კაპიტალი საქართველოს ბაზარზე საკმაოდ დიდ წილს ფლობს. რა ინტერესები აქვს რუსულ ფულს საქართველოს ბიზნესში და არის თუ არა სახიფათო ოკუპანტი ქვეყნის დომინირება ისეთ სფეროებში, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის, ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. ეკონომისტების, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ რუსული კაპიტალის შემოდინება საქართველოში საყურადღებო და საფრთხის შემცველია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, “რუსულ ფულს სუნი არა აქვს” და ის საქართველოს ეკონომიკაში თავისუფლად უნდა შემოდიოდეს, რადგან საქართველო ღია ტიპის მცირე ეკონომიკაა და ინვესტიციების თავისუფლად მოძრაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა” ასოციაციამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა კვლევა, სადაც ნათლად ჩანს რუსული ფულის ადგილი საქართველოს ბიზნესში. მკვლევრების განმარტებით, სრული და დეტალური ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, თუმცა კვლევაში მოყვანილია ყველა ის მსხვილი კომპანია, რომლებიც დღეს ქართულ ბაზარზე მოქმედებს და ამ კომპანიებში 50%-იან წილს ან მეტს რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კერძო და სახელმწიფო კომპანიები ფლობენ.
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან წილს ფლობს რუსული მსხვილი კომპანია “ინტერ რაო”, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა. “ინტერ რაოს” ეკუთვნის თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუტორის, სს “თელასის” 75%. “ინტერ რაოს” ასევე ეკუთვნის თბოსადგური შპს “მტკვარი ენერგეტიკა”, რომლის მთავარი საქმიანობა ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. ასევე “ინტერ რაოს” საკუთრებაა ჰიდროელექტროსადგურები “ხრამჰესი 1″ და ხრამჰესი 2”.
რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის “დარიალიჰესი”, “ლარსიჰესი”, “შილდაჰესი”. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია “ავანიჰესი”, “ალგეთიჰესი”, “სკურდიდიჰესი”. კომპანია “ენერგია” 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა და მისი 70% რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30% კი შპს “ფერს”. შპს “ენერგია” სს “დარიალი ენერჯის” აქციონერია.კვლევის მიხედვით, რუსული კაპიტალია ასევე მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების სეგმენტშიც. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოს”, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელია.
ნავთობპროდუქტები
ნავთობკომპანია “ლუკოილ ჯორჯია”, რომელსაც ავტოგასამართი სადგურების საკუთარი ქსელი აქვს, რუსული სააქციო საზოგადოება “ლუკოილის” შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ჰოლანდიაში არსებული 1998 წელს რეგისტრირებული კომპანია “ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი.”, კომპანიის დირექტორია აზერბაიჯანის მოქალაქე გოგშარ მაჰმუდოვი.
საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა “გალფი” – “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი”, რომელსაც საწვავი იმპორტით შემოაქვს ევროპიდან თავისთვისაც და საქართველოში მოქმედ ავტოგასამართი სადგურების სხვა ქსელსაც აწვდის. კომპანიის მფლობელი ქართული წარმოშობის რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია. მისი კუთვნილი “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-ს რუსული “როსნეფტი” ფლობს. საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ქსელის გარდა, კომპანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული, ასევე აქვს ავტოგასამართი სადგურები სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ფოთში კი ორი ნავთობტერმინალი. “როსნეფტის” 69,50%-ს რუსული კომპანია “როსნეფტგაზი” ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა, ამიტომ “როსნეფტსა” და “პეტროკას ენერჯი ლიმიტედს” შორის ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა საზოგადოებისა თუ პოლიტიკოსების კრიტიკა. ნიშანდობლივია, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსნეფტს” რუსეთისთვის დაწესებული დასავლეთის სანქციებიც შეეხო. ამას გარდა, კომპანია ოპერირებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, რომლითაც არღვევს საქართველოს კანონს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”.
მადნეული
RMG Gold-ი და RMG Copper-ი ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიებია, რომელთა ერთადერთი მფლობელი ოფშორულ ზონაში, ნიდერლანდებში, რეგისტრირებული Rich Metals Group-ია. მისი მფლობელები რუსი მილიარდერები – დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევი არიან, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ირინა ნიკიფოროვა.
ტელეკომუნიკაცია
2007 წელს კავშირგაბმულობის კომუნიკაციის კომპანია “მობიტელი” საქართველოში “ბილაინის” ბრენდით შემოვიდა. კომპანია რუსული “ვიმპელკომის” ჯგუფის წევრია. “ვიმპელკომის” აქციათა 43% ნორვეგიულ საკომუნიკაციო კომპანია თელენორ-ს ეკუთვნის. 47,9% რუსი ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის, “ალფა ჯგუფის” წევრი “ალტიმოს” საკუთრებაა.
საბანკო სექტორი
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემებით, “ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯიას” აქციათა 97,38%-ს რუსული “ვი-თი-ბი ბანკი” ფლობს. ამ უკანასკნელის აქციების 59,34%-ის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსული “ვითიბი ბანკის” საკუთრებაა რამდენიმე ათეული საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაცია ევროპისა და აზიის ქვეყნებში, მათ შორისაა საქართველოში არსებული “ვი-თი-ბი ბანკიც”.
ტრანსპორტი
ერთი წელია, რაც საქართველოში ტაქსის ონლაინგამოძახების რუსული ტრანსნაციონალური კომპანია “იანდექსი” მუშაობს. კომპანიის 100%-ის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა. კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე არკადი ვოლოჟია, რომელიც კომპანიაში აქციების 10,78%-ს ფლობს. სხვათა შორის, რუსული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ტაქსის ბიზნესით დასაქმებულთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი რუსულ კომპანიას დემპინგური ფასებით მომსახურებაში ადანაშაულებდნენ.
ალკოჰოლური სასმელები
ღვინის მწარმოებელი კომპანია “ტიფლისკი ვინნი პოგრები” საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. რეესტრის მიხედვით, ამჟამად კომპანიის ოფიციალური მფლობელი რუსეთში დაფუძნებული შპს “დკ-სერვისია”.შპს “კარლსბერგ საქართველოს” ერთპიროვნული მფლობელი რუსული შპს “ლუდსახარში კომპანია “ბალტიკაა”. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან რუსეთის მოქალაქე ანტონ როგაჩევსკი, რომელიც რუსული “ლუდსახარშ “ბალტიკის” ვიცე-პრეზიდენტია იურიდიულ საკითხებში, ასევე დანიის მოქალაქე ტომას კეჟლერ ჰანსენი და პოლონეთის მოქალაქე იაცეკ კშიშტოფ პასტუშკა. 2012 წელს “ლუდსახარში “ბალტიკის” 100% დანიურმა კონცერნმა “კარლსბერგ ჯგუფმა” იყიდა. რეორგანიზაცია 2014 წლის იანვარში დასრულდა და ამჟამად “ბალტიკა” თვეში დაახლოებით 2,5 მილიონ ლიტრ ლუდს ასხამს. საქართველოს გარდა, კომპანიას, ლუდი ექსპორტზე 74 ქვეყანაში გააქვს.
კვების პროდუქტები
“ვიმ-ბილ-დან საქართველო” რუსული კომპანია “ვიმ-ბილ-დანის” შვილობილი კომპანიაა და საქართველოში რძის პროდუქტების, არაალკოჰოლური სასმელებისა და სხვა პროდუქციის წარმოებითა და იმპორტითაა დაკავებული. კომპანიის დირექტორია ნუნუ ფორჩხიძე, თავად კომპანია კი ზემონახსენებ დავით იაკობაშვილს ეკუთვნის.
სამშენებლო ბიზნესი
სამშენებლო კომპანია “ელიტ დეველოპმენტი” ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც თბილისის სხვადასხვა უბანში 15 საცხოვრებელი სახლი აქვს აშენებული და ამჟამად კიდევ 3 პროექტს ახორციელებს. კომპანიის დირექტორია რუსეთის მოქალაქე ოლგა მოისეენკოვა. ასევე, კომპანიის 30%-იან წილს ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვლადიმირ მოისეენკოვი, ხოლო 70%-იანი წილის მფლობელია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული ოლგა მოისეენკოვას კომპანია Airline Transport Iincorporation-ი.
“რუსულ მხარეს სურს სულ უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდეს ქართულ ბიზნესში“
გიორგი კაპანაძე, “ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტი: “ბუნებრივია, რუსული კაპიტალის ასეთი მასშტაბით არსებობა ქართულ ეკონომიკაში განსაზღვრულ საფრთხეებს ქმნის. ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს და წლებია მასთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, რუსული სახელმწიფოს თუ კერძო კომპანიების საქართველოს ეკონომიკური ექსპანსია უფრო გაზრდის საფრთხეებს.
მართალია, საქართველოს ღია ტიპის მცირე ეკონომიკა აქვს და ინვესტიციების თავისუფლად მოძრაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკის განვითარებისთვის, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას პოლიტიკური დაძაბულობის შემთხვევაში.
დღეს ქართულ ეკონომიკაში დიდი მასშტაბითაა წარმოდგენილი რუსული კაპიტალი და ეს რეალობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, განსაკუთრებით ენერგოსექტორში, რომლის უდიდეს ნაწილს რუსული სახელმწიფო კომპანია “ინტერ რაო” აკონტროლებს. კომპანიის საკუთრებაა არაერთი ჰესი და თბილისის ელექტროსადისტრიბუციო კომპანია “თელასის” 75% .
– გამოდის, საქართველოში რუსული ბიზნესი დიდ ფულს შოულობს და შემდეგ აქ ნაშოვნი კაპიტალით ფინანსდება რუსული ინტერესების გატარება?
– პირდაპირ და გადაჭრით ამაზე საუბარი რთულია, თუმცა, როგორც ჩვენმა კვლევამ ცხადყო, დღეს საქართველოში სამი მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანია ფლობს აქტივებს: “ინტერ რაო” – ენერგეტიკის სექტორში, “როსნეფტი” – ნავთობპროდუქტების ბაზარზე და “ვითიბი ბანკი” – ფინანსურ სექტორში. არა მარტო ენერგეტიკაში, რუსული კაპიტალი მასშტაბურად არის წარმოდგენილი ქართული ბიზნესის, ფაქტობრივად, ყველა სექტორში. ჩვენი კვლევა სრულად ვერ ასახავს არსებულ სურათს, ვინაიდან ჩვენ გამოვყავით ის ძირითადი კომპანიები, სადაც რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კომპანიები 50%-ზე მეტს ფლობენ. არადა, მრავლად არის ისეთი ორგანიზაციები, სადაც რუსეთის მოქალაქეები 50%-ზე ნაკლებს ფლობენ ან წილები სხვებზე აქვთ გაფორმებული.
– რით შეიძლება აიხსნას რუსული ფულის ინტერესი საქართველოში?
– ბუნებრივია, რუსეთს პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესი აქვს საქართველოში. ეკონომიკური ანექსიის წყალობით უფრო ადვილია საკუთარი ინტერესების გატარება. გავლენის გასამყარებლადაც მომგებიანია ჩვენთან რუსული კაპიტალის მასშტაბურად შემოსვლა. ფაქტია ისიც, რომ ბოლო წლებში ქართული ეკონომიკა განვითარების გზას დაადგა და შესაბამისად რუსულ მხარეს სურს სულ უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდეს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაში.
– უნდა არსებობდეს თუ არა განსაზღვრული დარგები, ობიექტები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისა და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, დაცული იქნება მტრულად განწყობილი ქვეყნის ბიზნესინტერესებისგან? უნდა არსებობდეს თუ არა განსაზღვრული შეზღუდვები რუსული კაპიტალისთვის საქართველოში?
– რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ სტრატეგიული ობიექტები და ის დარგები, რომელთა გასხვისებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის უსაფრთხოებას, მაქსიმალურად იქნეს დაცული და არ გასხვისდეს ოკუპანტ ქვეყანაზე. გავიხსენებ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას, როცა იგეგმებოდა ყველაზე დიდი ენერგეტიკული ობიექტის, “ენგურჰესის” რუსეთისთვის საერთო მართვაში გადაცემა. ასევე არსებითად მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის ისტორიაც – “ნაციონალური მოძრაობა” აპირებდა გაზსადენის გაყიდვას, თუმცა მაშინ დასავლეთის ზეწოლის გამო გარიგება ჩავარდა. ამიტომაც ყველა ხელისუფალს დიდი დაფიქრება და ყურადღება მართებს, სანამ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ობიექტებს რუსეთს ჩაუგდებს ხელში.
P.S. შარშან საქართველოში რუსეთიდან დაახლოებით 60 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 16 მილიონით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი საინვესტიციო ფული რუსეთიდან 2014 წელს შემოვიდა – 87 მილიონი. გამორჩეული იყო 2007 წელიც, როცა რუსეთიდან საქართველოში ინვესტიციებმა 75 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. საქართველოთი პირველი და მკვეთრად გამოხატული დაინტერესება რუსული კაპიტალისა 2003 წელს გამოიკვეთა, როცა რუსული ინვესტიციების მოცულობა ერთ წელიწადში 7-დან 41 მილიონამდე გაიზარდა. ყველაზე მცირე კაპიტალი რუსეთიდან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შემოვიდა – მხოლოდ 10 მილიონი დოლარი, ხოლო 2013-ში დაახლოებით 7 მილიონი.
www.bpn.ge