ვიქტორიანული ეკლესია 1843 წელს ააგეს. 1980 წლამდე აქ ღვთისმსახურება ეწყობოდა.
ეს ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობა შოტლანდიის ქალაქ კუპერში მდებარეობს. Metro იუწყება, რომ მფლობელს შეეძლება არა მხოლოდ დატკბეს შენობის სილამაზით, არამედ იცხოვროს, როგორც საკუთარ სახლში.
ღმერთთან ახლოს იქნება და მიწიერ ცხოვრებასაც არ დათმობს.
გამოცემა წერს, რომ 1980 წლიდან შენობის ექსტერიერმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, მაგრამ, დიზაინერის ჩარევის მიუხედავად, 175 წლის ეკლესიამ განმასხვავებელი ორიგინალობა და ნიშნები შეინარჩუნა.
შენობის გამოყენება შეიძლება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე, პირადი სარგებლობისთვის. ქვის სვეტები, თაღები და ლამაზი ფანჯრები გულგრილს არავის დატოვებს.
შენობას აქვს ერთი მთავარი საძინებელი ოთახი, ორი ოთახი მანსარდაზე და სარდაფი. პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო, დარბაზი, საერთო ოთახი და ბუხრიანი კაბინეტი.