მაკრონმა პუტინთან შეხვედრისას დე გოლის ფილოსოფიას მიმართა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის ვიზიტისას რუსეთისა და საფრანგეთის ურთიერთობების გადატვირთვა გამოაცხადა და თქვა, რომ სჯერა “ევროპის ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე”. მაკრონმა თავისი სახელგანთქმული წინამორბედის _ შარლ დე გოლის ნათქვამი გაიმეორა.
“დიდი ევროპის” იდეა არახალია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შარლ დე გოლმა საჯაროდ განაცხადა: “ევროპა ერთიანი უნდა იყოს ატლანტიკიდან ურალამდე”.
შარლ დე გოლი აკრიტიკებდა ნატოს, მოუწოდებდა დასავლეთსა და სსრკ-ს შორის ურთიერთობის დათბობისკენ. მის წარმოდგენაში “დიდ ევროპას” არ ჰქონდა არანაირი გამყოფი ხაზი, არც დაპირისპირებული ბანაკები და იყო ერთიანი ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული სივრცე. ამ სქემას უნდა გაეერთიანებინა მთელი კონტინენტი.
საერთო მომავალზე ჯერ კიდევ 5 წლის წინათ ლაპარაკობდა ვლადიმერ პუტინი: “რუსეთის თავისებურებები სიღრმისეულად არ განსხვავდება ევროპული ფასეულობებისგან. ჩვენ ერთი ცივილიზაციის ადამიანები ვართ, დიახ, ჩვენ განვსხვავდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი თავისებურებები, მაგრამ ფასეულობები ერთნაირია. ვფიქრობ, უნდა მივისწრაფოდეთ ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ევროპის შექმნისკენ. თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, გვექნება შანსი, მომავალ მსოფლიოში ღირსეული ადგილი დავიკავოთ, _ განაცხადა პუტინმა.