Home ახალი ამბები საქართველო დროა, საქართველომ იფიქროს შუამავლის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის  მოგვარებაზე

დროა, საქართველომ იფიქროს შუამავლის გარეშე რუსეთთან ურთიერთობის  მოგვარებაზე

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რუსეთს სანქციები დაუწესოს და მისგან არაფერი შეიძინოს, თვითონ კი რუსულ ნავთობს ყიდულობს

იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რამდენიმე პატარა ქვეყანა ამტკიცებდა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებსო, რეალურად არავის სურდა  ეს შედეგი, განსაკუთრებით ლიბერალურ ევროპასა და ამერიკელ დემოკრატებს, რომლებსაც სამომავლო გეგმები დაწყობილი ჰქონდათ. კამალა ჰარისს იმედით შეჰყურებდა ქართული ოპოზიციაც და ფიქრობდა, რომ მისი გამარჯვების შემდეგ  ამერიკის მხრიდან წნეხი მოიმატებდა. ჰოდა, გაიმარჯვა ტრამპმა და მართალია, ჯერ პრეზიდენტად ისევ ჯო ბაიდენი მოიხსენიება, გადაბარების პროცესი უკვე დაწყებულია და  მისტერ დონალდი ოვალურ კაბინეტში მალე დაბრუნდება.

ექსპერტები  ვარაუდობენ, რომ ტრამპი აუცილებლად მოუჭერს მარწუხებს და შეეცდება, ის ეკონომიკური უკუსვლა, რომელიც ქვეყანამ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში  განიცადა, როგორმე შეაჩეროს. საუბარია სამხედრო მიმართულებით დაფინანსების შემცირებაზე, უცხოური საქონლის შემოტანაზე, გადასახადების გაზრდაზე,  რათა ადგილობრივი ნაწარმი  გაიყიდოს.  ვარაუდობენ, რომ ბაიდენი მოიქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ქვეყნის პატრიოტი. მეტიც, მან უკვე განაცხადა, რომ  ჩინური პროდუქციის შეტანაზე გადასახადი 60%-მდე გაიზრდება, რაც ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ სხვაგვარად ჩინეთის ეკონომიკის გავლენა ამერიკულ ბაზარზე ვერ შემცირდება.

ტრამპის კრიტიკიდან მის მოფერებაზე გადავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი, კაცი, რომელსაც არჩევნებამდე აწ უკვე ამერიკის პრეზიდენტმა ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა. სხვათა შორის, ტრამპმა ისიც თქვა, ქარიშხლით დაზარალებულ მოსახლეობას ბაიდენმა 750 დოლარი მისცა, აქაოდა, ბიუჯეტს უჭირსო;  იმ დღეებში ამერიკაში ჩასულ ზელენსკის კი 7 მილიარდი გაატანა.  უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ასე მარტივად ვეღარ მიიღებს ამერიკულ ფულს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მისტერ დონალდის ერთ-ერთი დაპირება ომის დასრულებაა. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპელი ლიდერები ტრამპის გამარჯვების შემდეგ ამბობდნენ: იმედია, ამერიკა ისევ ისე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ადრე, თორემ მხოლოდ ჩვენ ხარჯებს  ვერ აუვალთო. ჰო, ქართული ოპოზიციაც ისე იქცევა, თითქოს სწორედ ტრამპს გულშემატკივრობდა არჩევნებზე,   ხელისუფლება კი მას ოლიგარქსა და თაღლითს ეძახდა.

„ევროკავშირმა უნდა გამოიკვლიოს თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვების გაზრდის შესაძლებლობა შეერთებული შტატებიდან, რათა მოიპოვოს ქვეყნის ახალ არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, კეთილგანწყობა, რომელიც იმპორტზე მასშტაბური გადასახადების შემოღებას გვპირდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა,  მაგრამ…

„იძლებულები ვართ, ვიყიდოთ რუსული ნავთობი, ვლადიმერ პუტინმა სხვაგან რომ არ გაყიდოს და უფრო მეტი ფული არ იშოვოს“, – ესეც ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებია, ანუ დაიბნა ქალი, ტრამპის არჩევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ახლა ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს ურჩევს, რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ ამერიკული თხევადი აირით რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლების შესაძლებლობა.

დავიწყოთ იმით, რომ ამერიკიდან თხევადი აირის გადაზიდვა ევროპელებს ტანკერებით მოუწევთ, ეს მის თვითღირებულებას ძალიან გაზრდის. ესეც არ იყოს, სახლებში, რომლებშიც ბუნებრივ აირს იყენებენ (და ეს მთელ მსოფლიოში ასეა), შესაცვლელი იქნება მთელი სისტემა –  გაყვანილობა, გაზქურებიც კი, რაც უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული და, რაც მთავარია, ვიღაცამ უნდა აუხსნას ევროპის მოსახლეობას, რატომ უნდა გასწიოს  დამატებითი ხარჯები, რატომ უნდა შეცვალოს ყველაფერს იმისთვის, რომ აირი ამერიკისგან იყიდოს, უფრო მეტი გადაიხადოს და მერე, როცა, ომი დასრულდება, ისევ რუსულ ბუნჯებრივ აირზე მოუწევს  დაბრუნება და ყველაფრის ხელახლა მონტაჟი.

ამ ყველაფრის პარალელურად, ურსულა ფონ დერ ლაიენის თამადობით, მთელი ევროპა მოუწოდებს საქართველოს, რუსეთს სანქციები დაუწესოს და მისგან არაფერი შეიძინოს. ჰო, ისინიბუნებრივ აირსა და  ნავთობს ყიდულობენ, ჩვენ კი რ უნდა ვიყიდოთ, ანუ ის, რაც შეიძლება მათთვის, არ შეიძლება ჩვენთვის. ანალოგიურ აზრზეა ოპოზიციაც, ის ოპოზიცია, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს 1000-ლარიან პენსიას ჰპირდებოდა. ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების წინ თქვა, თუ  რუსეთს  სანქციებს დავუწესებთ, 1000-ლარიანს კი არა, 100-ლარიან პენსიებსაც ვერ დავარიგებთო. ივანიშვილს შეიძლება  ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ დააბრალებ, რომ ამ კაცმა ფულის თვლა და ანგარიში არ იცის. შესაბამისად, ეს გათვლა თუ დათვლა ზუსტად ეცოდინებოდა ოპოზიციასაც, მაგრამ მაინც ამბობდა, რადგან მთავარი იყო არჩევნებში გამარჯვება, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. უფრო ზუსტად, ახლა დასავლეთი „ოცნების“ გასამართლებას ცდილობს და, რომ არა ტრამპის გამარჯვება, არავინ იცის, რაზე აანთებდა მწვანე შუქს ამერიკა, ხოლო ევროპამ უკვე რომ აანთო, ცხადია. აგერ ევროპელი ლიდერები ჩამოდიან და ოპოზიციას ხვდებიან, აგულიანებენ და მოითხოვენ იმის შეცვლას, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. მერე რა, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში ოპოზიცია იმარჯვებს, მოქმედი ლიდერების სკამები შერყეულია, ისინი მაინც ცდილობენ, საქართველო დღის წესრიგიდან არ მოხსნას და მერე რა, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი ვიქტორ ორბანი ჩვენს არჩევნებს აღიარებს და მოსახლეობის გადაწყვეტილებას პატივს სცემს, მაგრამ  თურმე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთის სიტყვა უფრო ფასეულია, იმ როთის, რომელმაც საქართველოს პრემიერი კაფეში დაპატიჟა, ორშაბათს შევხვდეთ კაფეში, თუ გეცლებაო. რა თქმა უნდა, კობახიძე კაფეში არ წავა და მართალიც იქნება – არ არის სანდო, როთის ორიენტაციის კაცი მამაკაცს კაფეში რომ  გეპატიჟება.

ტრამპს ჯერჯერობით განცხადებების კეთება და მოქმედება არ დაუწყია. მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და პირველ რიგში ის, რასაც ყველა ელოდება – ომის დასრულება, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და, თუ მისტერ დონალდის ინტერესებში უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დასრულება ნამდვილად შედის, იმავეს ვერ ვიტყვით ისრაელზე. ამერიკას კარგი შანსი აქვს, ირანს დაარტყას და  ჩანს, რომ ამ შანსის გამოყენებას აუცილებლად შეეცდება, მით უმეტეს, ტრამპი ირანის მიმართ ანტიპათიას არასოდეს მალავდა, მაგრამ მისივე სიტყვებით ის იყო ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის დროსაც ამერიკას ომი არავისთან დაუწყია, არც ერთ სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩაბმულა და ეგებ ახლაც ასე განაგრძოს. ჩვენთვის კი უმთავრესი საზუნავი საქართველოა და, რაც მალე დაიწყებს ტრამპი საქართველოზე დადებით კონტექსტში საუბარს, მით უკეთესი. ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განცხადებებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება და ამ განცხადების გაკეთება აუცილებლად მოუწევს. ოპოზიციისა და დასავლეთის აზრით, განცხადება მათი მხარდამჭერი იქნება, მაგრამ  ოჯახურ ღირებულებებზე მოფიქრალი მისტერ დონალდი არ უნდა იყოს ლიბერალურად აგრესიული. ჰო, ლიბერალები  აგრესიით გამოირჩეოდნენ და ცდილობდნენ ყველაფრის განადგურებას, რაც კი მათ მიზანს ეღობებოდა. გადაუჭარბებლად ვიტყვით, რომ გასანადგურებელ-დასამონებელი ქვეყნების სიაში საქართველო პირველ თუ არა, მეორე ნომრად ნამდვილად ეწერა. სწორედ ლიბერალებმა წაართვეს მოლდოვის მოსახლეობას არჩევანი და მაშინ, როცა მოლდოვაში მცხოვრებმა ამომრჩევემა ხმა სხვას მისცა, საზღვარგარეთიდან შესულმა ხმებმა მაია სანდუს გაამარჯვებინა და ახლა თურმე მას სამშობლოში ემიგრანტების პრეზიდენტს ეძახიან, მაგრამ ამის გამო დიდად არ ნაღვლობს, მთავარია, მოიგო და საფრანგეთში მაკრონმა გადაკოცნა. ისევ ბუნებრივ აირს დავურბუნდეთ. კარს ზამთარი მოგვადგა და რუსული ბუნებრივი აირი  ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკვე „გააპრავა“ რუსეთიდან ბუნებრივი აირის  შეძენა და მერე რა, რომ ეს უკრაინას არ მოსწონს. დიდი ხანია, უკრაინის არც მოსახლეობას და არც მით უმეტეს პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება, გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ და აგერ ახლა გაარკვიეს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში მობილიზაციის შემდეგ ქვეყნიდან გაქცეულია, ანდრეი შევჩენკოს და ელენა და მისი ქმარი ანდრეი ვასიურენკო ყოფილან. მეტიც, მათ საზღვარზე 20-20 ათასი დოლარი გადაუხადეს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, რომელსაც ქვეყნიდან ხალხის გაპარებით 400 ათას დოლარზე მეტი მოუგროვებია. უკრაინაში მაღალჩინოსნები დიდ ფულს რომ ჭრიან, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ დასავლეთი ამაზე თვალს ხუჭავს, შევჩენკოს სიძე კი ახლა მშვიდად ცხოვრობს უნგრეთში და ცოლის ძმის მიერ გაგზავნილ დოლარებსაც უდარდელად  ხარჯავს.

ჰოდა, ის დროა, საქართველომ იფიქროს რუსეთთან ურთიერთობის ისე მოგვარებაზე, რომ შუამავალი არ დასჭირდეს და გვერწმუნეთ, ეს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ისე პოლიტიკას დიდად წაადგება. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მკაფიოდ თქვა, რომ დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებს და მართლა აღარ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რას იტყვიან პარტნიორი თუ მეზობელი ქვეყნები – საქართველო დამოუკიდებელია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს!

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here