Home რუბრიკები საზოგადოება დიეგო მარადონა და “ღვთის ხელი”

დიეგო მარადონა და “ღვთის ხელი”

1383
დიეგო მარადონა

დიეგო არმანდო მარადონასა და პელეს ერთ საფეხურზე აყენებენ, საკმაოდ ბევრი კი მიიჩნევს, რომ ის პელეზე მაღლა დგას. კამათს ბოლო არ უჩანს, თუმცა ერთი რამ ცხადია _ მარადონა შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში.

დიეგოსთვის ყველაფერი ადრეული ბავშვობიდან დაიწყო, როცა ძმამ ნამდვილი ტყავის ბურთი აჩუქა. 7 წლის დიეგო, რომელიც მანამდე მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იჩენდა ფეხბურთის მიმართ, თითქოს უცებ მოიხიბლა ამ თამაშით და ყველგან, სადაც ხელსაყრელ ადგილს იპოვიდა, ცდილობდა ბურთის გაგორებას. ამის გამო ხშირად საყვედურობდნენ დედა და უფროსი დები, მაგრამ მამა ხელს უწყობდა ვაჟს _ ასწავლიდა დრიბლინგის საიდუმლოს.

დიეგო მარადონა
დიეგო მარადონა

მამის გაკვეთილებს უკვალოდ არ ჩაუვლია _ ბიჭი ყველაფერს იმახსოვრებდა და 10 წლისა ბავშვთა ნამდვილ საფეხბურთო გუნდში აიყვანეს. “არგენტინოს ხუნიორსში” დიეგო მეგობარმა გოიო კარისომ მიიყვანა. მწვრთნელმა მყისვე შეამჩნია სხარტი და ნიჭიერი ბიჭი და გუნდში თამაში შესთავაზა.

მარადონას ოჯახი თავდაპირველად წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვერ გაუძლო მწვრთნელ ფრანცისკო კორნეხოს შეტევებს. კორნეხოს მონდომება ჯეროვნად დაფასდა: არგენტინოს ხუნიორსისბავშვთა გუნდმა ზედიზედ 136 მატჩში გაიმარჯვა და ამ წაუგებელი სერიის მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, მარადონა იყო.

დიეგო მარადონა
დიეგო მარადონა

ჩვენ ყველას ვუგებდით, ზოგჯერ ანგარიში იყო 20:0, _ იხსენებს სახელგანთქმული ფეხბურთელი, _ არგენტინის იმჟამინდელ ჩემპიონს იუნიორთა შორის _ “რივერ პლეიტს” _ 7:1 მოვუგეთ, მე 5 ბურთი გავიტანე. უნდა გენახათ, გაბრაზებული მეტოქეები როგორ დამდევდნენ”. გავიდა 7 წელი და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელზეც სრულიად არგენტინა ამყარებდა იმედს, ქვეყნის მთავარ გუნდში მიიწვიეს, ასეთი პატივი მანამდე არც ერთ არგენტინელს არ რგებია. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მარადონას დებიუტი შედგა 1997 წელს უნგრეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში. ასეთი სწრაფი წინსვლის გამო, ბევრი ვარაუდობდა, რომ დიეგოს ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაჯავშნილი ჰქონდა, თანაც 1978 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს არგენტინა მასპინძლობდა, მაგრამ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმ ჩათვალა, რომ მარადონა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო სერიოზული საქმეებისთვის და ნაკრებიდან “ჩახსნა” (1978 წელს არგენტინამ მენოტის ხელმძღვანელობით პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა). ამბობენ, რომ მარადონასთვის უარის თქმაში არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა დანიელ პასარელამ, რომელსაც არ მოსწონდა ახალგაზრდა ფეხბურთელი. ორივე _ მენოტიც და პასარელაც _ მყისვე იქცნენ მარადონას მტრებად.

დიეგო მარადონა
დიეგო მარადონა

სამაგიეროდ, დიეგო მოხვდა 1979 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, სადაც გაიბრწყინა მისმა ნიჭმა. ყმაწვილი ფეხბურთელის ფასი არა ყოველდიურად, არამედ ყოველ საათში მატულობდა. იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე დიეგომ არგენტინის უძლიერეს კლუბ “ბოკა ხუნიორსის” მაისური მოირგო. შემდეგ, როგორც იქნა, აუსრულდა ოცნება _ წავიდა 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთში, მაგრამ არგენტინის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტულის დაცვა ვერ შეძლო _ მეოთხედფინალურ ჯგუფში დამარცხდა იტალიელებთან და ბრაზილიელებთან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მარადონასთვის კონტრაქტი გაეფორმებინა კატალონიის “ბარსელონასთან” და გადასულიყო ევროპის ერთ-ერთ ძლიერ გუნდში. აქ ის ძალიან შეიყვარა კატალონიელმა გულშემატკივარმა, რასაც ვერ ვიტყვით კლუბის ხელმძღვანელობაზე. დაწყებული მზარეულით, დასრულებული კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ ლუის ნუნიესით, ყველა ცდილობდა ჭირვეული ვარსკვლავის მორჯულებას. მარადონას ჭირვეულობამ ცნობილი გერმანელი მწვრთნელი უდო ლატეკიც კი შეიწირა, რომელიც იძულებული იყო, “ბარსელონა” დაეტოვებინა. ლატეკის ნაცვლად კი მარადონას ნაცნობი მწვრთნელი მენოტი მიიწვიეს, მაგრამ დიეგოს ცხოვრება ესპანეთში კიდევ უფრო აუტანელი შეიქნა. როგორც მოგვიანებით თვითონ დიეგომ აღიარა, ბარსელონური პერიოდი ყველაზე საშინელი იყო მის კარიერაში, ხოლო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მატჩში ფეხი მოტეხეს, ესპანეთში აღარ გაჩერდა. დიეგო, პრაქტიკულად, დაუფიქრებლად გაიქცა იტალიურ “ნაპოლიში”, რომელმაც მას და “ბარსელონასაც” კარგი კონტრაქტი შესთავაზა. იტალიაში მარადონა ნელ-ნელა ჩადგა ფორმაში და ძველებურად გაიბრწყინა _ დიეგომ მყისვე დაიპყრო ნეაპოლელი გულშემატკივრების გულები _ ასე ხდებოდა ყველგან და ყოველთვის, სადაც მარადონა გამოჩნდებოდა. “ნაპოლიმ” მარადონასთან ერთად, რომელიც გუნდის კაპიტანი გახდა, ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად დაიწყო აღმასვლა და 1986-1987 წლებში სეზონში იტალიის ჩემპიონობა და თასი მოიპოვა.

1986-მა წელმა მარადონას კიდევ ბევრი სასიამოვნო მოგონება დაუტოვა. სწორედ ამ წელიწადს დადგა მისი კარიერის პიკი მექსიკის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე. ამ ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების კარში გატანილი ორი გოლი ისტორიაში შევიდა _ ერთი, როგორც სკანდალური, როდესაც მარადონამ ხელით გაიტანა ბურთი, შემდეგ კი განაცხადა, ამ გოლში “ღვთის ხელი ჩაერია”-ო; მეორე კი, ყველაზე ლამაზი, როცა მარადონამ ინგლისელთა ნახევარი გუნდი მოატყუა და ბურთი ბადეში გაახვია.

1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მარადონას კარიერაში დაღმასვლის პერიოდი დაუდგა. იტალიაში სათაყვანებელი კერპიდან ლამის საძულველ ადამიანად გადაიქცა, შემდეგ დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს და რამდენიმე თვით ფეხბურთს ჩამოაშორეს. დაბრუნების შემდეგ ის თავის ძველ მეგობარ კარლოს ბილარდოსთან (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი 1986 წელს) გაეშურა “სევილიაში”, მაგრამ მათი ურთიერთობა ფეხბურთელის სახლში ჩხუბით დასრულდა. ცოტა ხნის შემდეგ მარადონა არგენტინაში დაბრუნდა და თამაში დაიწყო კლუბ “ნიუელზ ოლდ ბოიზში”, სადაც ძველებურად ათამაშდა, ისე, რომ ნაკრებშიც გამოიძახეს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის.

არგენტინელმა საფეხბურთო ფუნქციონერებმა იცოდნენ დიეგო მარადონას დოპინგისადმი მიდრეკილების შესახებ, მაგრამ დაარწმუნეს ფეხბურთელი, რომ ხელს ვერავინ ახლებდა. ბერძნებთან მატჩის შემდეგ მარადონა დოპინგტესტზე გამოიძახეს და, რა თქმა უნდა, სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს. სწორედ აქ დაესვა წერტილი მის კარიერას. მარადონამ ცოტა ხნით ითამაშა საყვარელი “ბოკა ხუნიორსის” მაისურით, მაგრამ ეს ადრინდელი მარადონა აღარ იყო.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დიეგო სულ უფრო ხშირად ეხვეოდა სკანდალურ ისტორიებში. ნარკოტიკების მოხმარების გამო ჯანმრთელობა შეერყა _ 1997 წელს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გულის შეტევა დაემართა. ის კიდევ რამდენჯერმე გამოიჭირეს ნარკოტიკების მოხმარებისას. მერე სამკურნალოდ მიდიოდა კლინიკაში და ამბობდა, რომ გამოჯანმრთელდა, შემდეგ კვლავ გამოიჭერდნენ და ა.შ. მერე იყო სასამართლოები, სულელური გამოხდომები, ზარალის ანაზღაურების პროცედურები და სხვ.

ბოლოს და ბოლოს, მარადონას მიანდეს პოსტი “ბოკა ხუნიორსის” მმართველობაში და ცოტა დაწყნარდა. 2008-2010 წლებში კი არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში მესი ჰყავდა, არგენტინა სამხრეთ აფრიკაში გამართულ ჩემპიონატში მეოთხედფინალიდან გავარდა. 2011-2012 და 2017 წლებში წვრთნიდა გაერთიანებული არაბული საამიროების გუნდებს: “ალ-ვასლსა” და “ალ-ფუჯაირას”.

2018 წლის 6 სექტემბრიდან დღემდე კი მუშაობს მექსიკის მეორე დივიზიონის კლუბის “დორადოს დე სინალოას” ტექნიკურ დირექტორად.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

მიღწევები

საკლუბო:

* არგენტინის ჩემპიონი _ 1991 .

* ესპანეთის თასის მფლობელი _ 1983 .

* ესპანეთის სუპერთასის მფლობელი _ 1984 .

* იტალიის ჩემპიონი _ 1987, 1990 წწ.

* იტალიის თასის მფლობელი _ 1987 .

* უეფას თასის მფლობელი _ 1989 .

* იტალიის სუპერთასის მფლობელი _ 1990 .

სანაკრებო:

* მსოფლიოს ჩემპიონი (20 წლამდე) _ 1979 .

* მსოფლიოს ჩემპიონი _ 1986 .

* მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი _ 1990 .

პირადი:

* არგენტინის საუკეთესო ბომბარდირი _ 1978, 1979, 1980 წწ.

* ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე _ 1979 .

* ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი E Mუნდო ვერსიით _ 1979, 1980, 1986, 1989, 1990, 1992 წწ.

* სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი _ 1979, 1980 წწ.

* მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი _ 1986 .

* ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი Oნზე ორის

ვერსიით _ 1986, 1987 წწ.

* მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჭორლდ შოცცერის

ვერსიით _ 1986 .

* ასწლეულის მოთამაშე ფიფას ვერსიით _ 2000 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here