Home რუბრიკები საზოგადოება დიანა ნემსაძე: თუ ასე გაგარძელდა საქართველოში მალე ჯანმრთელი ადამიანი აღარ იარსებებს

დიანა ნემსაძე: თუ ასე გაგარძელდა საქართველოში მალე ჯანმრთელი ადამიანი აღარ იარსებებს

1793
დაბინძურებული დედამიწა

დემოგრაფიული მონაცემები სულ უფრო და უფრო უარესდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2016 წელს გარდაიცვალა 50 771 მოქალაქე. ეს  1990 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

2017 წლის პირველი ნახევრის დემოგრაფიული მაჩვენებლის მიხედვით კი გარდაცვლილთა რაოდენობამ  25 954 შეადგინა, ქვეყანაში 15 წელს ქვემოთ 724 100 ადამიანია; 15-64 წლის მოსახლეთა რიცხვი – 2 456 700-ია, ხოლო 65 წელს ზემოთ 537 400 კაცია. მოსახლეობის რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 5 443 400 კაცი  დაფიქსირებულია 1989წელს. გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქალაქო დასახლებაში ფიქსირდება. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს საქალაქო დასახლებაში 26 788, ხოლო სასოფლო დასახლებაში 23 983 ადამიანი გარდაიცვალა.

შობადობის მხრივ ბოლო 9 წლის განმავლობაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ამ მონაცემებს საგანგაშოს უწოდებენ დემოგრაფები.2016 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლებით, დაბადებულია 56 569 ახალშობილი, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 4,5%-ით, 2700-მდე ახალშობილით ნაკლებია. ბოლო წლებში ყველაზე მეტი ახალშობილი დაბადებულია 2009 წელს – 63 377, ყველაზე ცოტა კი – 2008 და 2016 წლებში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი სამი მიზეზი სიმსივნე, ინფექციური და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობაა.

დიანა ნემსაძე ონკოლოგი:

-რა არის ძირითადი ფაქტორი, რაც უწყობს ხელს სიმსივნური დაავადების გაღვივებას?

-გარემოს დაბინძურება ეს არის დიდი ტკივილი, რომელიც მაწუხებს ბოლო რამდენიმე წელია, სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში არის საგანგაშო და შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ თუ მდგომარეობა ესე გაგარძელდება საქართველოში აღარ იარსებებს ჯანმრთელი ადამიანი. ეს არის სრული კატასტროფა რაც საქართველოში, კერძოდ თბილისში ხდება. რაშიც ყველაზე დიდი წვლილი გამონაბოლქვს მიუძღვის. ეს პირდაპირ კავშირშია სიმსივნურ დაავადებასთან. გარემოს დაბინძურება ხდება გამონაბოლქვით, სხვადასხვა ნივთიერებებით, რომლებიც სათითაოდ არის კარცენოგენული, ყველა მოქმედებს კიბოს განვითარებაზე და ასევე მაღალი კონცენტრაცია მძიმე მეტალების, რაც ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას. კიდევ უფრო მოიმატებს დაავადებულთა რიცხვი და მალე ჩვენს ქვეყანაში იქნება უფრო კატასტროფული მდგომარეობა.განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა თბილისში.

-გარემოს დაბინძურებასთან ერთად კიდევ რა ფაქტორები იწვევს ამ დაავადებას და როგორ უნდა აარიდოს მოსახლეობამ თავი?

-არაჯანსაღ გარემოსთან ერთად არის ასევე გენების მუტაცია, ბიოლოგიური პაქტორები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელია. არის ფიზიკური, ქიმიური და გენეტიკური ფაქტორები. ის რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული ვერ შევცვლით, თუმცა თუ ამას ემატება კიდევ გარემო ფაქტორები, რომლებიც უკვე ჩვენზეა დამოკიდებული არის გაასმაგებული დაავადების განვითარება.ჯანსაღი ცხოვრების წესი არის პრევენცია, სკრინინგი, ნაადრევი დიაგნოსტიკა და რაც მთავარია გარემო ფაქტორები.

ანზორ თოთაძე დემოგრაფი:

-ბოლო წლებში საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება და იკლებს შობადობა, რა არის თქვენი აზრით ამის მიზეზი?

-კატასტროფული მდგომარეობაა! 1980-1989 წლებში საქართველოში ბუნებრივი მატება იყო  433 ათასი კაცი, 2000-2009 წლებში მხოლოდ _ 53 ათასი. 10 წლის მანძილზე ბუნებრივი მატების მაჩვენებელი 8,3-ჯერ შემცირდა და არ არსებობს არანაირი დამაიმედებელი ნიშანი,რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო არ გაუარესდება. 10 წელიწადში 53-ათასიანი ბუნებრივი მატება არაფერია, მართლაც გადაშენებისკენ მივექანებით. 1989 წელთან შედარებით, ანუ 28 წლის განმავლობაში, მოსახლეობა 1,7 მილიონითაა შემცირებული. ბუნებრივი მატება არის თბილისში, რეგიონებიდან კი აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში, სხვა რეგიონებში გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია დაბადებულთა რაოდენობზე. საზღვარგარეთ სულ ახალგაზრდა, ძალ-ღონით სავსე, ჯანმრთელი, 20-დნ 50-წლამდე ადამიანები წავიდნენ. 1,7 მილიონი ადამიანი, როდესაც იმ ასაკში წავა ქვეყნიდან, როცა შვილები უნდა გააჩინოს, ბუნებრივია, შობადობა შემცირდება.სიღარიბე განაპირობებს დემოგრაფიულ უმძიმეს მდგომარეობას.

-რაში ხედავთ გამოსავალს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად?

-თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს თავისი დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია, უზრუნველყოს გლობალიზაციისა და ეროვნული ინტერესების შეხამება. ეს თანამედროვე მსოფლიოში ურთულესი პრობლემაა. უმწვავესი დემოგრაფიული ვითარებაა საქართველოშიც, საფრთხე ემუქრება ქვეყნის ფიზიკურ არსებობას. ისე, როგორც ყოველგვარი მწვავე პრობლემა, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელია მხოლოდ ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი სოლიდარობა არ იგრძნობა დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისათვის. წლების განმავლობაში არც ხელისუფლება ზრუნავდა პრობლემის სამკურნალოდ ფიზიკური გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე მდგარი ერის გადასარჩენად. «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დემოგრაფიული პრობლემებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მშობიარობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. უფასო იქნება, აგრეთვე, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგ ქალის მკურნალობა, გაუმჯობესდება მშობიარობისას შვებულებისა და ანაზღაურების სისტემა, სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდება მოსწავლეებს და, რაც მთავარია, შეიქმნა საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი, რომელიც ძირითადად ყოველთვიურ დახმარებას გაუწევს ოჯახს მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევაში. დახმარების ოდენობა საარსებო მინიმუმის ტოლი იქნება. საქართველოში ნორმა გახდება სამბავშვიანი ოჯახი, რაც მოსახლეობის გამრავლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

გვანცა ნამიჭეიშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here