Home სხვადასხვა დაიჯესტი “დასავლეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში ფიასკო განიცადა”

“დასავლეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში ფიასკო განიცადა”

593
“დასავლეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში ფიასკო განიცადა”

კორონავირუსმა დაუნდობლად გააშიშვლა დასავლეთის სუსტი მხარეები”, _ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა გამოცემა Die Welfისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“დასავლეთმა, მისმა ლიდერმა სახელმწიფოებმა სრული ფიასკო განიცადეს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში. ეს განსაკუთრებით ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ადრე კრიზისულ ვითარებაში ხშირად ეხმარებოდა სხვა სახელმწიფოებს, ახლა კი მხოლოდ თავისი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, _ განაცხადა ზიგმარ გაბრიელმა. _ დღეს პოლიტიკოსები ძალიან ვიწრო ჭრილში განსაზღვრავენ თავიანთ ნაციონალურ ინტერესებს: “პირველ რიგში, ჩემი ქვეყანა” ან ასე _ “მხოლოდ ჩემი ქვეყანა”.

ექსდიპლომატს მიაჩნია, რომ მეზობლებისთვის ზურგის შექცევა ჭკვიანური საქციელი არ არის: “დღევანდელ მსოფლიოში შეუძლებელია საკუთარი ერის ინტერესების გატარება დანარჩენი ქვეყნების ინტერესების იგნორირებით. ჩვენ ძალიან ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულნი. კერძოდ, ეს ეხება გერმანიას, რომლის კეთილდღეობა უზრუნველყოფილია გლობალიზაციით, _ აღნიშნა გაბრიელმა. _ ჩვენ შემოგვაქვს ნედლეული მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, გვაქვს საწარმოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ჩვენ გვაქვს მაღალტექნოლოგიური წარმოება გერმანიაში, მაგრამ დამოკიდებულნი ვართ უცხოელ მომწოდებლებზე. ეს ყველაფერი რომ გაუქმდეს, გერმანია და ევროპა გაღარიბდებიან”.

გაბრიელი შოკირებული იყო ოფიციალური ბერლინის პირველი რეაქციით იტალიაში გავრცელებულ კორონავირუსის ეპიდემიაზე. ის ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა, რომ იტალიელები არ აპატიებდნენ გერმანელებს ჰუმანიტარული ტვირთების ექსპორტის აკრძალვას. მოგვიანებით შეზღუდვა გაუქმდა, მაგრამ მას მოჰყვა “სამარცხვინო დისკუსია რომისთვის ფინანსური დახმარების თაობაზე” და, თუმცა ამ მომენტისთვის ეს საკითხი თითქოს გადაწყდა, წყენა მაინც დარჩა”, _ აღნიშნა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.

რუსეთი და ჩინეთი იყენებენ აშშ-ისა და ევროკავშირის სისუსტეებს და ცდილობენ შექმნილი ვაკუუმის შევსებას. განმარტავს პოლიტიკოსი: “რუსეთს ეს ნაკლებად ეხება, ის ცდილობს, გაუმკლავდეს პანდემიას და ნავთობზე ფასის დაცემას, ჩინეთი კი თავს წარმოაჩენს პანდემიასთან ბრძოლის ლიდერად, თუმცა ვირუსი სწორედ იქიდან გავრცელდა. ეკონომიკური აბრეშუმის გზის გარდა, ჩინელები სამედიცინო აბრეშუმის გზის გაყვანას ცდილობენ”.

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გაიხსენა ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვით, იტალიელთა 50% მთავარ მეგობრად ჩინეთს მიიჩნევს, ხოლო მთავარ მტრად _ გერმანიას. “ეს მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსმა იმუშავა, როგორც ცეცხლგამჩენმა ნაერთმა. ის დაუნდობელია არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ, არამედ აშიშვლებს ჩვენს სისუსტეებს ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე”.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here