Home რუბრიკები საზოგადოება დაკარგული შესაძლებლობები და შესაძლო პერსპექტივა

დაკარგული შესაძლებლობები და შესაძლო პერსპექტივა

2913
გიორგი გამცემლიძე

დღეს, როცა ჩვენი მოსახლეობა მსოფლიო ბრენდების თბილისურ მაღაზიებში შედის, როგორც მუზეუმებში, დასათვალიერებლად და თვალისთვის წყლის დასალევინებლად, საყიდლად კი მეორადი, ანუ სხვისი ნახმარი ევროპული საქონლის ყიდვას სჯერდება, საქართველოს მსუბუქ მრეწველობაზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგზე, ლაპარაკი ზედმეტია. არადა, იყო დრო, როცა საქართველო მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საერთო პროდუქტის გამოშვებით პირველ სამეულში შედიოდა, როგორც მაშინ იტყოდნენ, ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იდგა.

პოეტი სიტყვის ფეიქარიაო, _ წერდნენ პოეზიის სახელგანთქმული ოსტატები, ელოლიავებოდნენ ამ დარგს, როგორც რამ ნაზსა და სათუთს. ქსოვილების დამზადების კულტურა იმთავითვე მოგვდევდა _ ოჯახებში მამაპაპური წესით პენტავდნენ მატყლს, ჩეჩავდნენ, ართავდნენ, ქსოვილს ამზადებდნენ. ეს კუსტარული წარმოების ისტორიაა, რომელიც ეფუძნებოდა მეაბრეშუმეობისა და მეცხოველეობის ჩვენს მხარეში საკმაოდ განვითარებულ ბაზას.

_ მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში გაჩნდა აბრეშუმისა და ბამბის სახელოსნოები, კუშნირის მაუდის საქსოვი და ალქსერბეკ მაჰმუდის ბამბის ფაბრიკები, _ გვიყვება 1971-1985 წლებში საქართველოს მსუბუქი მრეწველობის მინისტრი გიორგი გამცემლიძე, რომელიც ინტერვიუს ჩამორთმევაზე დაგვთანხმდა. ბატონი გიორგი ჯერ მინისტრის მოადგილედ, შემდეგ მინისტრად თბილისის სართავსატრიკოტაჟო კომბინატის დირექტორობიდან მოვიდა.

_ ჩემ დროს, _ იხსენებს გაზეთის სტუმარი, _ საქართველოში წარმოებული მთელი სამრეწველო პროდუქციის მეხუთედი მსუბუქი მრეწველობის წილად მოდიოდა, რაც, ერთი მხრივ, განსაზღვრავდა რესპუბლიკის საწარმოო პოტენციალს და არსებითად განაპირობებდა მისი განვითარების ტემპს. მეორე მხრივ, მსუბუქი მრეწველობის გამართულ მუშაობაზე დიდწილად იყო დამოკიდებული რესპუბლიკის მოსახლეობის უზრუნველყოფა ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ქსოვილებისა და ტრიკოტაჟის ნაწარმით. დარგის განვითარება გასული საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო, როცა ქუთაისში ამუშავდა მაუდის მწარმოებელი ფაბრიკა. 1932 წელს მწყობრში ჩადგა თბილისის მაუდის ფაბრიკა და ამავე წელს დაამზადა მილიონი მეტრი შალის ქსოვილი. 1961 წელს თბილისის ნაძალადევის რაიონში ამუშავდა სართავ-სატრიკოტაჟო კომბინატი, რომელიც 2,5 ჰექტარზე იყო განლაგებული და ტრიკოტაჟის ნაწარმის გამოშვებაზე იყო ორიენტირებული. მართალია, საწარმომ დასაწყისში წაიფორხილა, მაგრამ ორგტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით დაძლია ჩამორჩენა და მოწინავეთა რიგში ჩადგა.

დარგის განვითარებამ სერიოზულ მასშტაბებს 1960-80 წლებში მიაღწია, როცა უახლესი ტექნიკით აღიჭურვა თბილისის მაუდკამვოლის კომბინატი, რომელიც წელიწადში 8 მილიონ მეტრ შალის ქსოვილს უშვებდა. თბილისში ამუშავდა გლდანის ტრიკოტაჟის ფაბრიკა, ცხინვალში _ ტრიკოტაჟის ფაბრიკა, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ცხაკაიის (სენაკის) ხალიჩების კომბინატს, ზუგდიდში აშენდა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფაიფურის ქარხანა, საჩხერეში _ სართავი ფაბრიკა (რომელშიც 1000-მდე მუშა დასაქმდა) და ..

1980 წლის მონაცემებით, მსუბუქი მრეწველობა აწარმოებდა ბამბის ქსოვილს _ 60,0 მლნ გრძივ მეტრს; შალის ქსოვილს _ 5,17 მლნ გრძივ მეტრს; აბრეშუმის ქსოვილს _ 49,2 მლნ გრძივ მეტრს; ტრიკოტაჟის თეთრეულს _ 27,7 მლნ ცალს; ზედა ტრიკოტაჟს _ 15,9 მლნ ცალს და ა.შ. ნუ გადავღლით თქვენს მკითხველებს ციფრებით. მხოლოდ ერთს დავუმატებ: რესპუბლიკის ეკონომიკაში მსუბუქი მრეწველობის წილი 20-22 პროცენტს შეადგენდა. იმ წლებში საკავშირო მსუბუქი მრეწველობის ზრდის ტემპს 30 პროცენტით ვუსწრებდით. აქვე ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ წარმოების მოცულობის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ნეგატიურად აისახებოდა ხარისხზე, განსაკუთრებით _ ფეხსაცმლისა და სამკერვალო საწარმოებში.

_ ბატონო გიორგი, მიღწევების შესახებ პატაკი რომ არ გამოგვივიდეს, ერთ ამბავს შეგახსენებთ. ოთხმოციანი წლების დასაწყისში საქართველოს ტელევიზიის ციკლში _ “გულახდილი დიალოგებიმონაწილეობისთვის გვეწვიეთ. საუბარში წამოიჭრა საკითხი ნაწარმის ხარისხის შესახებ, რომელსაც მოსახლეობა კრიტიკულად აფასებდა. მაშინ, პირდაპირ ეთერში შეგეკითხეთ, რომელი საწარმოს შეკერილი კოსტუმი გაცვიათმეთქი. მიპასუხეთ, _ ფინურიო (იმ დროს ძალიან პოპულარული იყო).

_ მახსოვს, როგორ არ მახსოვს, მაგრამ მეც გაგახსენებთ: როცა მეორედ მოვედი ტელევიზიაში, თქვენ მოგეწონათ ჩემი ჩაცმულობა და გითხარით, რომ ეს კოსტიუმი თბილისის ფაბრიკაში იყო შეკერილი.

_ ეს საუბარიც პირდაპირ ეთერში გადაიცა.

_ დიახ, და სწორედ ნაკლოვანებებზე მინდა გავაგრძელო ეს მომიხილვა. მაგალითად, ყოვლად გაუმართლებელი იყო, როცა 5-მილიონიანი მოსახლეობის რესპუბლიკა 15 მილიონ წყვილ ფეხსაცმელს და 23 მილიონ ერთეულ სამკერვალო ნაწარმს ამზადებდა. ასე იყო დაგეგმილი. გეგმა კი კანონად ითვლებოდა. ასეთი მანკიერი დაგეგმვა გამოწვეული იყო ჩვენი რესპუბლიკის დოტაციურობით, რომლის დაფარვა პროდუქციის რაოდენობის გაზრდით შეიძლებოდა. თუმცა ეს გამამართლებელი არგუმენტი, ცხადია, არ არის. და თუ ამ საკითხს შევეხე, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენმა მკითხველმა არ იფიქროს, თითქოს საბჭოთა წარსულის გაიდეალებას ვცდილობ.

აბრეშუმის პარკის მწარმოებლები
აბრეშუმის პარკის მწარმოებლები

ჩვენ მაშინაც კრიტიკულად ვიყავით განწყობილი ასეთი შეუსაბამობის მიმართ და ვცდილობდით, სამოღვაწეო არეალში საკუთარი ინიციატივით დაგვეძლია მსგავსი ნეგატივიზმი. სამინისტროს საწარმოებში განსაკურებულ ყურადღებას ვაქცევდით ნაწარმის ასორტიმენტის განახლებასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. დიდი სამუშაოები განხორციელდა დარგში ტექნოლოგიური გადაიარაღების მხრივ, მოძველებული დაზგა-დანადგარები შეიცვალა თანამედროვე აღჭურვილობით. საფეიქრო საწარმოებში მექანიკური დაზგები უმაქო, პნევმატური, ავტომატური საქსოვი დაზგებით შეიცვალა; დამონტაჟდა ახალი ტიპის უთითისტარო სართავი მანქანები, რამაც განაპირობა მსუბუქი მრეწველობის ძირითად სახეობებში პროდუქციის ზრდის მაღალი ტემპი და ხარისხი. მაგალითად, ბამბის ქსოვილები 1940 წელთან შედარებით 1980 წელს 150 პროცენტით, შალის ქსოვილი 20,3 პროცენტით, ტრიკოტაჟის 10 პროცენტით გაიზარდა, ფეხსაცმლის რაოდენობა კი _ 10 პროცენტით.

და ისევ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც დღევანდელ პირობებში წარმოუდგენელია: 1940 წელთან შედარებით მთლიანი პროდუქციის ზრდამ 1980 წელს 1069 პროცენტი შეადგინა, საფეიქრო დარგში _ 1050 პროცენტი, სამკერვალო მრეწველობაში _ 232 პროცენტი, ტყავფეხსაცმლის წარმოებაში _ 372 პროცენტი.

1960-1970-იან წლებში საწარმოებში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი. ქართულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა იზმირის, ბერლინისა და პარიზის საერთაშორისო გამოფენებზე.

ეს ყველაფერი იყო, მაგრამ დღეს აღარ არის: 1990 წლიდან დაიწყო მსუბუქი მრეწველობის საწარმოების დახურვა და ამჟამად ყოფილი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს არც ერთი მნიშვნელოვანი ფაბრიკაკომბინატი არ მუშაობს. ეს განაპირობა გარდამავალი პერიოდის უდროობამ და იმანაც, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგ შეწყდა მოკავშირე რესპუბლიკებიდან (დღეს სუვერენული სახელმწიფოებიდან) ნედლეულის მიღება და ჩვენგან მათთვის მზა ნაწარმის მიწოდება. დსთდან გამოსვლის შემდეგ კი საერთოდ დავკარგევთ ამ თანამეგობრობის ბაზრები.

დარგი მზად არ აღმოჩნდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად, ხოლო ეკონომიკის სამინისტრო ავადმოსაგონარი 9 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაინტერესებულა მისი ბედით.

სხვათა შორის, ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა ერთმა, თითქოს უმნიშვნელო გარემოებამაც: 1989 წლიდან მასშტაბური ხასიათი მიიღო უცხოეთიდან მსუბუქი მრეწველობის უხარისხო საქონლის შემოტანამ, რომელიც ჩვენ ნაწარმზე იაფი ღირდა. იმ პირობებში, როცა მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, ჩვენი ნაწარმი ქვეყნის ბაზრიდან განიდევნა, მეორადი მომხმარების საქონელმა კი, საერთოდ, ბოლო მოუღო.

არ გავაგრძელებ საუბარს იმაზე, რომ ჩვენი ფაბრიკებიდან უნიკალური დაზგადანადგარები თურქეთში ჯართად გაიყიდა, საწარმოთა კორპუსებიც კი განადგურდა და (ყველაზე მტკივნეული) ათიათასობით კვალიფიციური მუშა და ინჟინერტექნიკური პერსონალი უმუშევარი დარჩა.

გაგახსენებთ, რომ ჩვენი მუშებისთვის ვაშენებდით საცხოვრებელ სახლებს, ბაგა-ბაღებს, სკოლებს, საყოფაცხოვრებო ობიექტებს. სამინისტრო წილობრივად მონაწილეობდა ქალაქებისა და დაბების კეთილმოწყობაში.

_ ბატონო გიორგი, ამითმოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი”. მომავაზე ვიზრუნოთ. თქვენ, როგორც დარგის აღიარებულ ორგანიზატორსა და სახელმწიფო მოღვაწეს, როგორ გესახებთ მსუბუქი მრეწველობის აღდგენაგანვითარების პერსპექტივა, რას ურჩევთ საქართველოს მთავრობას?

_ გიპასუხებთ, მაგრამ ჯერ გეტყვით, რომ პერსპექტივასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქამდეც არაერთხელ მისაუბრია, დამიწერია კიდეც, მაგრამ სასურველ შედეგებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ამიტომ ნუ დამძრახავთ, ზოგიერთ ჩემს მოსაზრებას თუ გავიმეორებ.

მსუბუქი მრეწველობის საწარმოებს განსაკუთრებით მძიმე ტვირთად დააწვა 1997 წელს შემუშავებული საგადასახადო კოდექსი, ხოლო ხელისუფლების სათავეში ნაციონალების მოსვლის შემდეგ ეს დარგი პირწმინდად განადგურდა: თბილისის გლდანის ტრიკოტაჟის ფაბრიკა, ქუთაისის აბრეშუმის კომბინატი, თბილისის ფეხსაცმლის საწარმოო გაერთიანებაისანი”, საჩხერის ბამბის სართავი კომბინატი და სხვები დღეს, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

თქვენს მკითხველს უთუოდ მოეხსენება, რომ საფეიქრო დარგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნედლეული არის მატყლი. სამოცდაათიანი წლების ბოლოს საქართველოში 2,2 მილიონი სული ცხვარი იყო. მზადდებოდა 5,2 ათასი ტონა მატყლი, მუშაობდა მატყლის გადამუშავების ორი საწარმო თბილისსა და შულავერში, დღეს ისინი უმოქმედოდაა. მატყლს არავინ აბარებს: სოფლად ცხვრის მოშენებით აღარ ინტერესდებიან. ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხვარი გაედინება ირანსა და არაბეთის ქვეყნებში.

სამკერვალო საამქროში
სამკერვალო საამქროში

საქართველოში აღარ არსებობს ტყავის გადამმუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი არც ერთი საწარმო. არადა, მსოფლიოში ნატურალურ ტყავზე მოთხოვნა ძალიან დიდია.

ამასთანავე, კარგი იქნება, თუ შულავერის მატყლის სარეცხ საწარმოში დაიწყებენ ქეჩის დამზადებას, რომელზეც დღეს დიდი მოთხოვნაა.

მისასალმებელია, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებული სოფლის განვითარების პროგრამაში ადგილი აქვს დათმობილი აბრეშუმის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ბაზის შექმნას. აბრეშუმის პარკის წარმოების ზრდა დღის წესრიგში დააყენებს აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკების აღდგენის საკითხს. უწინ საქართველოში 5 ასეთი ფაბრიკა მუშაობდა და საბჭოთა კავშირში მე-4 ადგილზე ვიყავით.

დღის წესრიგში დგება დასავლეთ საქართველოში (სამტრედიაში) და აღმოსავლეთ საქართველოში (თელავში) აბრეშუმის პარკის ძაფსახვევი-საგრეხი ფაბრიკების აღდგენის საკითხი. პირველ ეტაპზე უნდა ამოქმედდეს ერთი ტყავ-ნედლეულის ქარხანა, სავარაუდოდ, თბილისში.

ადგილობრივი წარმოების აბრეშუმის ნატურალური ძაფის, ასევე, კამვოლური ნართის მიღების პირობებში, ჩემი აზრით, ეტაპობრივად უნდა განვიხილოთ თბილისის მაუდკამვოლის კომბინატისა და ქუთაისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების აღდგენის მიზანშეწონილობა, რათა ადგილობრივი ნედლეულით დავამზადოთ ნატურალური შალისა და აბრეშუმის ქსოვილები, რომლებზეც დღეს დიდი მოთხოვნაა.

შემდეგ: ვინაიდან ქვეყანაში ბამბეულისა და ქიმიური ბოჭკოს ნართს არ ვაწარმოებთ, საწყის ეტაპზე გართულდება ტრიკოტაჟის საწარმოების ამოქმედება, შემოტანილი ნედლეული კი გაზრდის პროდუქციის თვითღირებულებას, რაც გააძვირებს საცალო ფასებს და, საბოლოო ჯამში, შეაფერხებს ნაწარმის რეალიზაციას. ამ გასათვალისწინებელი ფაქტორის მიუხედავად, ჩემი აზრით, განსახილველია თბილისში ერთი ტრიკოტაჟის ფაბრიკის ამუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქალისა და მამაკაცის ზედა ტრიკოტაჟის გამოშვებაზე.

მოცემულ ეტაპზე გადამწყვეტია საპარტნიორო ფონდის როლი, რომელმაც, ვფიქრობ, საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურებთან ერთად უნდა იზრუნოს დარგის საწარმოთა ამოქმედებისთვის.

ურიგო არ იქნება, თუ ჩვენს დარგს დაუბრუნებენ მოდების სახლს და მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობას.

მსუბუქ მრეწველობაზე სააკაშვილის ხელისუფლების “ზრუნვის” საუკეთესო მაგალითია ამ ინსტიტუტის ფაქტობრივი ლიკვიდაცია, რაც პირადად კახა ბენდუქიძის სახელს უკავშირდება. დარგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაშლას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი განათლების ყოფილი მინისტრის _ კახა ლომაიას 2010 წლის დეკემბრის ბრძანებამ, რომლითაც შესაბამის ინსტიტუტებს გაუუქმდა იურიდიული სტატუსი.

სავსებით სწორია რეფორმატორთა კავშირის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების წინადადება სოფლის მეურნეობისა და აგრარული მრეწველობისთვის, ასევე, მსუბუქი მრეწველობის საწარმოებისთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების შემოღების თაობაზე. სხვაგვარად ვერ განხორცილდება ის მასშტაბური გარდაქმნები, რომლებიც მთავრობამ დასახა.

კარგი იქნება, თუ დარგის კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკის სამინისტრო განიხილავს მსუბუქი მრეწველობის საწარმოთა ბაზაზე პროფესიული განათლების ორი სასწავლებლის გახსნის საკითხს (დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში). ჩემი აზრით, ამ სამინისტროს ხელმძღვანელობამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან ერთად უნდა შეისწავლოს მსუბუქი მრეწველობის დარგის საინჟინრო კადრებით უზრუნველყოფის პრობლემა.

დასასრულ, საწყის ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროში, ალბათ, უნდა შეიქმნას კვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც კურატორობას გაუწევს დარგის მასშტაბური აღდგენის პროცესს.

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. ასეთია საქართველოში მსუბუქი მრეწველობის აღდგენის პროგრამა, რომელსაც ბატონი გიორგი გამცემლიძე პირველად არ წარმოგვიდგენს. აქამდე მისი წინადადებები შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების მიღმა რჩებოდა.

ვნახოთ, ამჯერად რამე თუ შეიცვლება.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here