Home რუბრიკები პოლიტიკა დავით იაკობიძე: ჩილეს პარლამენტში მეც ჩავჯექი პინოჩეტის სავარძელში, ამიტომ უნდა ესროლათ ჩემთვის?!

დავით იაკობიძე: ჩილეს პარლამენტში მეც ჩავჯექი პინოჩეტის სავარძელში, ამიტომ უნდა ესროლათ ჩემთვის?!

742
დავით იაკობიძე

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩვენი პარლამენტის ზოგიერთი უფლებამოსილი დეპუტატი მყისიერად მისაღებ საპასუხო ღონისძიებებზე რომ ალაპარაკდა, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების პუნქტები უკვე მოქმედებდა.

რუსეთის მთავრობის ვიცეპრემიერის წარმომადგენლის განცხადებით, ყველა ავიაკომპანიამ აღნიშნა საქართველოს მიმართულებით ავიარეისებზე გაყიდული ბილეთების მასობრივი დაბრუნება.

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციამ დაადასტურა, რომ ამჟამად საქართველოში იმყოფება 5-7 ათასამდე ორგანიზებული ჩასული ტურისტი რუსეთიდან, დამოუკიდებლად ჩასულთა რაოდენობა კი ორ-სამჯერ მეტია.

ყველა ტუროპერატორმა შეწყვიტა საქართველოზე გათვლილი ტურების გაყიდვა, საინტერესოა, რომ ტურების ჩარჩოებში 3,5 ათას კაცს ახალ წლამდე ნაყიდი ჰქონდა საგზურები საქართველოში სამოგზაუროდ.

გასული კვირის შაბათს “აეროფლოტმა” განაცხადა, რომ 8 ივლისიდან სრულად შეწყვეტს ავიარეისებს საქართველოს მიმართულებით. იმავეს ადასტურებს ავიაკომპანია-ლოუკოსტერი “პობედა”, რომელიც “აეროფლოტში” შედის, აგრეთვე “ურალსკიე ავიალინიი” და “ნორდავია”. “ურალსკიე ავიალინიის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია ფრენების აკრძალვის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდება.

მაგრამ, როგორც არაერთხელ ითქვა, ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება, რადგან, პრაქტიკულად, ტურისტულ ბიზნესზეა აწყობილი.

ამ პრობლემაზე გვესაუბრება ცნობილი ეკონომისტი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი 1993-1997 წლებში, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით იაკობიძე.

_ ელოდით თუ არა, ბატონო დავით, რომ რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა?

_ არ ველოდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ვლადიმერ პუტინი არ მოექცეოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წამოწყებული ე.წ. სანქციების ომის გავლენის ქვეშ.

არ ველოდი იმიტომ, რომ თანამედროვე სიტუაციაში გაუგებარია, უკვე გაყიდული სერვისების პატრონებს აუკრძალო მათი რეალიზაცია. ეს ხომ მოგება-ზარალზე აგებული პროცესებია. ამ გადაწყვეტილებით ზარალდება ხალხი რუსეთშიც და საქართველოშიც. დისკომფორტზე აღარაფერს ვამბობ.

ტურისტები ძველ თბილისში
ტურისტები ძველ თბილისში

_ ექსპერტები, რომლებიც არ გვაკლია, ამ ბრძანებულების რეალიზაციის გამო საქართველოს ეკონომიკის ზარალს ხან ერთი მილიარდი დოლარით საზღვრავენ, ხან 750 მილიონით, ზოგი გვამხნევებს _ გამოსავლის პოვნა ძნელი არ არის, ჩასანაცვლებელ ბაზრებს ვიპოვითო.

_ საქმე ასე მარტივად არ არის. ჯერ ერთი, სტატისტიკა მოიკოჭლებს. მეორე: მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთიდან შემოსულ ტურისტულ ნაკადზე ორიენტირებული ჩვენი ტუროპერატორები, სასტუმროები ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებიან. განსაკუთრებით იზარალებს ბათუმი, სადაც ყველაფერი გათვლილი იყო რუსებზე. ამიტომ გასაგები და გასაზიარებელია აჭარლების მყისიერი უარყოფითი რეაქცია, უწინარეს ყოვლისა, აღებული კრედიტების დაბრუნების შეუძლებლობის გამო. საკურორტო სეზონისთვის გაწეული ხარჯი და სამუშაო წყალში ჩაგვეყარა და ხელცარიელი დავრჩითო.

მდგომარეობა მართლაც მძიმეა, მაგრამ ამ ნეგატივიზმშიც შეიძლება დადებითი მუხტის პოვნა.

_ რას გულისხმობთ, ბატონო დავით?!

_ თქვენს მკითხველებს უთუოდ ახსოვთ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის მიერ როყიოდ წარმოთქმული დებულების გამო (ეს ლიდერი ამ დღეებში კვლავ პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩნდა) _ რუსეთში ფეკალიებიც გასაღდებაო, ღვინის შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე საერთოდ რომ აგვიკრძალეს. ზარალის გარდა კიდევ რა შედეგი მოიტანა ამ აკრძალვამ?

_ ღვინის ხარისხი გავაუმჯობესეთ.

_ ასეთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ აკრძალვასაც _ ტურიზმის ხარისხი გაუმჯობესდება.

_ მაგრამ ეს ბანკების კრედიტებით დაბორკილ თვითდასაქმებულებს ამჯერად ვერ უშველის.

_ გეთანხმებით, მაგრამ მე პერსპექტივაზე ვლაპარაკობ. ბანკები გაუძლებენ ამ დარტყმას. მთავარია, ლარი იდგეს მტკიცედ და, ამასთანავე, ის ზარალი, რომელსაც მცირე მეწარმეები მიიღებენ, კომპენსირებული იყოს, ვთქვათ, კრედიტების გადავადებით, რესტრუქტურიზაციით, კონკრეტული აღრიცხვიანობითა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ტურიზმზე ორიენტირებული მცირე მეწარმეებისთვის გარკვეული დახმარების აღმოჩენით. თუ ამ დარტყმას არ მოჰყვება სხვა დამატებითი ღონისძიებები, იგი არ არის ისეთი მომაკვდინებელი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს.

თუ მიაქციეთ ყურადღება, ავიარეისების შეწყვეტაზე ლაპარაკისას მიგვანიშნეს იმ ვალებზე, რომლებიც საქართველოს ავიაკომპანიებს აქვთ. ე.ი. ლაპარაკია დაბალეფექტიან ეკონომიკურ სტრუქტურებზე, რომელთა გაჯანსაღება ისედაც ჩვენი ამოცანა იყო. ახლა ეს პრობლემა დღის წესრიგში დადგა და აუცილებლად გადასაწყვეტია. როგორ გერგილიანად მოეპყრობიან შესაბამისი სტრუქტურები ამ საკითხს, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. იმავეს თქმა შეიძლება ტურიზმით დაკავებულ ორგანიზაციებზეც.

ერთ რამესაც მინდა თქვენი მკითხველების ყურადღება მივაქციო.

ამ დაძაბულმა ვითარებამ, რომლის მოწმენიც ვართ, კიდევ უფრო მეტი დისტანცირება მოახდინა ჩვენსა და სოხუმს, ჩვენსა და ცხინვალს შორის, გარკვეულად განამტკიცა ამ თვითაღიარებული რეგიონების სტატუსი.

მინდა გითხრათ ისიც, რომ ეკონომიკა ამ შემთხვევაში არ არის დომინანტი. მნიშვნელოვანია, მაგრამ დომინანტი არ არის.

_ დომინანტი მიზეზი (თუ შეიძლება ასეთი ტერმინის ხმარება) ის არის, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს _ დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის სპიკერის ადგილზე დაჯდათუ დასვეს

_ რა არის ახლა ეს, რა მოვლენაა?! ევალებოდა სხდომის წაყვანა და დაჯდა სკამზე. სხვისი სკამიაო! რამ გამოიწვია ეს შფოთი და აურზაური?! ეს ხომ მითოლოგიზებული პრობლემაა, კაცო! ეს ხომ არის სიტყვის ფეტიში და ტვინდაბნეულობა.

_ და ჩასაფრებულობა გარკვეული ძალების, პროვოკაცია.

_ ხომ ვნახეთ, რა მოჰყვა ამას _ დარბაზის ანექსია და შტურმი პარლამენტის.

_ დიახ.

_ ჰოდა, თუ გარედან შეაღწევდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოიერიშეები, იქ დამხდურებს შეუერთდებოდნენ, დალევდნენ ჩაის და განაცხადებდნენ: ახლა ჩვენ ვართ მთავრობაც და ხელისუფლებაცო.

_ რაც 2003 ვნახეთ: “დეჟა ვიუ”.

_ სავარძელში ჩაჯდაო! ჩილეს პარლამენტში მეც ჩავჯექი პინოჩეტის სავარძელში და ავთო სილაგაძემ ფოტოსურათი გადამიღო. ამიტომ უნდა ესროლათ ჩემთვის?! (ხუმრობს ბატონი დავითი და იგივე ტონალობაში განაგრძობს _ ა.ს.) ვაშინგტონში “ბლერ ჰაუსში”, ხომ გახსოვს, როგორ არის _ ყველა პრეზიდენტის ოთახია. ნოდარ ჯავახიშვილი ლინკოლნის საწოლში იწვა… რა პრობლემაა ეს?! სიმბოლოა?! ვოვა სიხარულიძე აღმოჩნდა ისეთი პრეზიდენტის საწოლში, რომელიც მეტრი და 55 სანტიმეტრის სიმაღლისა იყო, ლოგინში ვერ ეტეოდა და ფეხები გარეთ ჰქონდა გამოყოფილი… (ვიცინით). აქ უფრო მნიშვნელოვანი წყალქვეშა დინებებია.

_ და მაინც ეკონომიკა, განსაკუთრებით, ზღვისპირეთის მოსახლეობის გაცუდებული ბიზნესი

_ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახლა იქ გვალვაა. წინა სამი წელიწადი უმოსავლო იყო, ზარალიანი, ახლა ეს დაემატება, გაჩნდება ახალი პრობლემები და საჭირო იქნება სახელმწიფოს ჩარევა, ღონისძიებათა სისტემის შექმნა და განხორციელება. აი ამ პროგრამით უნდა წარდგეს მოსახლეობის წინაშე მთავრობა და თანაც, რაც შეიძლება მალე. მე მგონი, მდგომარეობა ასე უფრო მალე განიმუხტება.

ყველაფერს ეშველება!

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S. დავეთანხმოთ ბატონ დავითს _ ყველაფერს ეშველება, მაგრამ ერთი პირობით: მთავრობამ სწორი ნაბიჯები უნდა გადადგას. გადადგამს კი? გვქონდეს მთავრობის იმედი?

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here