Home რუბრიკები საზოგადოება გოგი გოგოლაშვილი: სკოლისთვის აღმზრდელობითი ფუნქციის ჩამორთმევამ მასწავლებელი მხოლოდ ზედამხედველად აქცია

გოგი გოგოლაშვილი: სკოლისთვის აღმზრდელობითი ფუნქციის ჩამორთმევამ მასწავლებელი მხოლოდ ზედამხედველად აქცია

1304
გოგი გოგოლაშვილი

განათლების სისტემის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი ადამიანის აღზრდა, რომ ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კანონმორჩილი მოქალაქე, ეროვნული და საგანმანათლებლო ღირებულებების მქონე იყოს. არადა, 27 წელია, ეს პრობლემა მუდმივად დგას ქართველი საზოგადოების წინაშე.

ვინ დაწერა დედაენა? ვინ დაარსა თბილისი? რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე? რა ჰქვია პლანეტას, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ? _ ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემა უჭირს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს. საქართველოში განათლების დაბალი დონე რომ არის, საერთაშორისო ორგანიზაციაპისასკვლევის შედეგებშიც აისახა. კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა 60%- მათემატიკასა და საბუნებისმეტყევლო საგნებში საკმარისი კომპეტენცია არ აქვს იმისთვის, რომ სწავლა შემდგომ საფეხურზე განაგრძოს. საქართველოში განათლების რეფორმის დაწყების დღიდან მიმდინარეობს დავა: შეესაბამება თუ არა განათლების სფეროში განხორციელებული ცვლილებები სისტემაში არსებულ რეალობას, როგორ განათლებას ვაძლევდით ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომავალ თაობას და რა განათლებას ვაძლევთ დღეს? ვის სჭირდება საქართველოში განათლების ცუდი სისტემა? _ ამ საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრა რუსთაველის საზოგადოების განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გოგი გოგოლაშვილი.

_ რეფორმის მიზანი ყოველთვის არის სისტემისა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესება. რეფორმა მაშინ იქნება წარმატებული, თუ მიზანი იქნება გაუმჯობესება და შედეგები _ შესაბამისი. რასაც ვუყურებ ბოლო ორ ათწლეულში, ჩვენდა სამწუხაროდ, რეგულარულად მიმდინარეობს რეფორმა-ცვლილებები, მაგრამ შედეგები უარესი და უარესია. ბოლო სამი წელია, დაახლოებით 11 ათასი მოსწავლე ვერ აბარებს გამოსაშვებ გამოცდებს. ჩვენ ისევ ვსაუბრობთ სტანდარტების შეცვლაზე, ახალი სახელმძღვანელობის შექმნაზე, მაგრამ ის ახალი სტანდარტი მომცემს შედეგს? ვინ გამოიკვლია, რომ ასეთი მწარე შედეგები ძველი სტანდარტების ბრალია? სტატისტიკის გასაუმჯობესებლად უკვე თამასას დაბლა წევენ და მინიმალურ ზღვარს ამცირებენ.

_ რატომ ვერ ხერხდება შედეგზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელება? რა არის ამის რეალური მიზეზი, არაკომპეტენტური ხელმძღვანელები ხომ არა?

_ განათლების სისტემას სათავეში ჩაუდგა ნამდვილად პროფესიონალი და განათლების საქმის კარგი მცოდნე ბატონი მიხეილ ჩხენკელი. მას საინტერესო ხედვა და დიდი გამოცდილება აქვს. წლის დასაწყისში მინისტრმა განცხადა, რომ სკოლებში უნდა დაბრუნდეს რელიგიის ისტორიის სწავლება, ჩვენც მხარში უნდა ამოვუდგეთ, როცა ასეთი პროგრესული ინტერესები ჩნდება. დიახ, არაპროფესიონალიზმი, ვისწრო პარტიული და კლანური ინტერესები დაღუპავს ქვეყანას. განთლების სამინისტრო არის უზარმაზარი სისტემა, ზევით ცვლილება განხორციელდა მინისტრის დონეზე, მაგრამ ქვედა რგოლებში ცვლილება მოხდა? არ ვიცი, რა ვალდებულება აქვს იმ კადრის მიმართ ვიღაცას, როცა ვერ ელვევა მას და უკეთესით ჩანაცვლების საკითხს არ სვამს, მაგრამ ვიცი, რომ ამით საქმე ფუჭდება.

 _ სხვა მინისტრებზე რას იტყვით, თუ გახსენდებათ მათ მიერ გატარებული რეფორმა, რომელმაც დადებითი შედეგი მოგვცა?

_ ალექსანდრე კარტოზია, რომელიც სისტემას 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა 2003 წლამდე, დაინტერესებული იყო, რომ განათლების სფერო წარმატებული ყოფილიყო. ის უსმენდა აკადემიური წრეების რჩევებს, მაგრამ დევნა დაუწყეს და ამის შემდეგ დაიწყო მინისტრების შეცვლის მარათონი: სასჯელაღსრულების სამინიტროს მინისტრი გადმოიყვანეს განთლების სისტემაში, შედეგად, კურიოზული შემთხვევების მოწმეები ვიყავით. გაჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ დაცემულიყო განთლების დონე. ამის რამდენიმე ფაქტს გაგახსენებთ: როდესაც განათლების მინისტრად ალექსანდრე ლომაია მოვიდა, მან და განათლების საპარლამენტო კომიტეტის იმჟამინდელმა თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა გამართეს ბრიფინგი, რომელზეც ისაუბრეს იმ კვლევაზე, რომელიც ჩაატარეს, რომ საქართველოს მასშტაბით მეხუთეკლასელების უმეტესობამ წერა-კითხვა არ იცოდა. მაშინ ჩვენ დავსვით ასეთი კითხვა: თუ მეხუთეკლასელმა ბავშვმა არ იცის წერა-კითხვა, არც მეოთხე, მესამე და მეორე კლასში იცოდა, და რატომ მოვიდა მეხუთე კლასამდე, ვის ინტერესებში უნდა ყოფილიყო კატასტროფული სტატისტიკის გასაჯაროვება? ეს იყო პოლიტიკური ინტერესები.

_ რას გულისხმობთ?

_ საქართველო აღიარებული იყო ე.წ. განვითარებად ქვეყნად, მოგეხსენებათ, განვითარებადი ქვეყანა საერთაშორისო დახმარებებსა და გრანტებს იღებს. ამიტომ უნდოდათ, მსოფლიოსთვის დაენახვებინათ, რომ განათლებითა და ეკონომიკით განვითრებადი ქვეყანა ვიყავით, ამიტომ მიზანმიმართული ნგრევა დაიწყეს განთლების სისტემის, მეცინერების, შედეგიც სავალალო მივიღეთ.

_ დღეს სკოლაში მასწავლებელი, ფაქტობრივად, ზედამხედველის როლში გამოდის და არა აღმზრდელის

_ იაკობ გოგებაშვილმა, რომელმაც მე-19 საუკუნეში შექმნა ქართული ეროვნული განათლების სისტემა, განაცხადა, რომ ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემას საფუძვლად უნდა დაედოს ორი მთავარი პრინციპი: ეროვნულობა და ზნეობრიობა. ამ ორი პრინციპის საფუძველზე უნდა აიგოს საგანმანათლებლო სისტემა. სასკოლო სახელმძღვანელოში შეტანილი მასალის ანალიზის საფუძველზე ვხედავთ, რომ ზნეობრივი საკითხი საერთოდ მოშლილია. მასწავლებელი იქცა ზედამხედველად და არა აღმზრდელად. ხდება ცვლილება ცვლილებისთვის, მაგრამ ვინმემ თქვა, რომ ამ ცვლილებამ დადებითი შედეგი მოგვიტანა? ან შედეგებზე ვინ საუბრობს? _ შედეგი უნდა იყოს განთლებული თაობა და, როგორც გოგებაშვილი იტყოდა, ზნეობრივად უნდა აღვზარდოთ განათლებასთან ერთად. საბჭოთა სკოლას ჰქონდა თავის იდეოლოგიური ლაფსუსები და უარყოფითი მხარეები, მაგრამ საბჭოთა სკოლაში ბევრი რამ იყო დადებითი.

_ რა იყო ის დადებითი?

_ საბჭოთა პერიოდში სკოლადამთავრებულ ბავშვს საშუალო განათლება გაცილებით უკეთესი ჰქონდა, ვიდრე ახლა. ქართულ ლიტერატურას უკეთ იცნობდა და ენასაც. როდესაც 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირმა გაუსწრო ამერიკის შეერთებულ შტატებს კოსმოსის ათვისებაში, ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დაიბარა სწავლულები და მისცა დავალება, რომ შეესწავლათ მიზეზები, რატომ გაუსწრო საბჭოთა კავშირმა აშშ-ს კოსმოსის ათვისებაში. ამერიკელი მეცნიერების დასკვნით, საბჭოთა განათლების სისტემა გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ამერიკის. ამერიკელებს ეს სადავოდ არ გაუხდიათ, უბრალოდ, დასახეს ღონისძიებები. რა იყო ეს ღონისძიებები: 1970-იანი წლებიდან დაიწყეს ტვინების ე.წ. გადაქაჩვა და გადაიბირეს კარგი სპეციალისტები, შედეგად მთვარეზე კაცი დასვეს, ანუ აღიარეს თავიანთი შეცდომები. ჩვენ კი რა შევისწავლეთ, მსგავსი კვლევა არსებობს? დღეს ვინც კი არის კარგი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი თუ მწერალი _ ყველამ საბჭოთა სკოლა გაიარა.

_ სკოლებში თანატოლებს შორის ჩხუბი და დაპირისპირება ყოველთვის იყო, მაგრამ დღეს სასწავლო დაწესებულებებში საკმაოდ მძიმე შემთხვევები მოხდა _ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი სკოლის გვერდით ეზოში სასიკვდილოდ დაჭრეს

_ ვინ ზრდის ბავშვს? _ ოჯახი, ქუჩა, სკოლა და საზოგადოება. შესაბამისად, ყველა რგოლმა შეთანხმებულად უნდა იმუშაოს. მშობელი ბავშვს სკოლაში რომ გაუშვებს, მას სკოლის იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, სკოლის კარს რომ გამოსცდება, ვინ უნდა მიხედოს? _ ყველგან უნდა იყოს ჯანსაღი თვალი, რომელიც ბავშვის აღზრდას დააკვირდება.

_ განათლების სისტემას რა ეშველება?

_ ვინც ამ სფეროს აბრკოლებს, უნდა მოვაშოროთ. უნდა გაანალიზდეს, საით მივდივართ, რა გვქონდა, რა გვაქვს და რა გვინდა მომავალში. ცხადია, თუ ასე გაგრძელდა განათლების სფეროში, უკეთესობისკენ ნამდვილად ვერ წავალთ; ვერ დავასახელებ ვერც ერთ მოვლენას, რომელზეც შემიძლია ვთქვა: ეს არის უკეთესი იმაზე, რაც იყო ადრე-მეთქი. მე-19 საუკუნეში შეიქმნა წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც გააკეთა უზარმაზარი საქმე. დღეს დავსვით საკითხი, რომ შევქმნათ წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ილია ჭავჭავაძე წერდა: “უმეცრება _ აი, უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალრბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს. ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. თვითონ ცხოვრება ხმამაღლა ღაღადებს. ჩვენს ცხოვრებაში ისე ფეხს ვერ გადასდგამთ, რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ, რომ უმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაგებინოთ”.

ესაუბრა სოფო კაკაჩია

ცნობისთვის: საქართველოს განათლების მინისტრი, რომელიც სისტემას ყველაზე დიდხანს, 6 წელი, მართავდა (1998-2004), იყო გერმანისტი ალექსანდრე კარტოზია. სწორედ მისი მინისტრობისას დაიწყო განათლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები. ჩაფიქრებული იდეების განხორციელება ხელისუფლების ცვლამ გადაავადა. კარტოზია მოხსნეს, მისი ადგილი კი ალექსანდრე ლომაიამ დაიკავა (2004-2007 წწ.), შემდეგ იყო გია ნოდია (2008 .), რომელიც ნიკა გვარამიამ (2009 .) შეცვალა; დიმიტრი შაშკინი (2009-2012) _ ხატია დეკანოიძემ (2012 .), გიორგი მარგველაშვილი (2012-2013 წწ.) _ თამარ სანიკიძემ (2013-2016 წწ.). შემდეგ იყო ალექსანდრე ჯეჯელავა (2016 -2017 წწ.), რომელიც მიხეილ ჩხენკელმა (2017 წლიდან დღემდე )შეცვალა. ის დამოუკიდებელი საქართველოს მე-16 განთლების მინისტრია, რომელსაც აკადემიურ წრეებში იმედით შეჰყურებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here