Die Welt––ი: ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ახლახან ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცეს, ბუნდესვერის სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის ტვირთი თავის მემკვიდრეს აჰკიდა
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტი დატოვა და ამით “უსერიოზულესი პრობლემების” გადაწყვეტის პასუხისმგებლობა დააკისრა მემკვიდრეს _ ანეგრეტ კრამპ–კარენბაუერს. რაც შეეხება გერმანიის არმიას, ამჟამად ბუნდესვერი “სავალალო მდგომარეობაშია”, _ წერს გამოცემა Die Welt–ი.
კერძოდ, “აქამდე არ არის გადაწყვეტილი პრობლემური ავტომატური შაშხანა G36-ის შეცვლის საკითხი. ბოლო წლებში შაშხანის “მემკვიდრის” ძებნას “წარუმატებლობისა და ჩავარდნების სერია მოჰყვა”, _ აღნიშნავს სტატიის ავტორი ტორსტენ იუნგჰოლტი.
არავინ იცის, როგორ აპირებს კრამპ-კარენბაუერი გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მოქმედებების დაგეგმვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომის გამოსწორებას”. ლაპარაკია ქვეითთა საბრძოლო მანქანა “პუმაზე”, _ წერს გერმანული გაზეთის ჟურნალისტი.
“როგორც გფრ–ის თავდაცვის სამინისტროს კონფიდენციალური დოკუმენტებიდან ჩანს, _ განაგრძობს იუნგჰოლტი, _ ბუნდესვერი მიიღებს ექსპლუატაციისთვის მოუმზადებელ სისტემებს, რომელთა გამოყენებაც არ შეიძლება სწავლების პროცესში და, მით უმეტეს, საომარ ოპერაციებში”.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ყველა თავდაცვითი პროექტის დასაფინანსებლად ფედერაციული რესპუბლიკის ბიუჯეტში, ელემენტარულად, საკმარისი ფული არ არის. ამის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზაციის საკითხი.
“საერთოდ კი, სამინისტროსა და მის უწყებრივი დაქვემდებარების დაწესებულებებში, მათივე ანალიზის შედეგების მიხედვით, საორგანიზაციო პროცესები “დისფუნქციურია” და რეორგანიზაციას მოითხოვს”, _ წერს Die Welt–ის ჟურნალისტი.
იუნგჰოლტის აზრით, კრამპ-კარენბაუერს ბუნდესვერის ბიუჯეტის პრობლემის მოგვარებაც მოუწევს. ამ საკითხშიც ლომის წილი აქვს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს. ლაპარაკია 30 მლრდ ევროზე მომდევნო 4 წელიწადში:
“დასასრულ, პირადი შემადგენლობა: ქაღალდზე წერია, რომ შეიარაღებული ძალების მომსახურეთა რაოდენობამ უნდა მოიმატოს, მაგრამ სამხედრო ვალდებულების გაუქმების შემდეგ გერმანიაში საკმარისი რაოდენობით არ არიან ახალწვეულები, ექსპერტებისა და ტექნიკური სპეციალისტების დეფიციტია და, აქედან გამომდინარე, არსებობს საფრთხე, რომ არცთუ შორეულ პერსპექტივაში პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის დონე შემცირდება”, _ წერს გერმანული გამოცემა.