Home ახალი ამბები საქართველო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს 5 ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს 5 ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი: დავით სერგეენკო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის ფარგლებში, 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს 5 ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები დაუფინანსდებათ.


როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, ეს დაავადებებია: მაღალი არტერიული წნევა; გულის უკმარისობა; კორონალური სისხლძარღვების დაავადება; დიაბეტის მეორე ტიპი, რომელიც აბებით მკურნალობის ფორმას მოითხოვს; ფილტვების ქრონიკული დაავადებები, როგორიც არის ბრონქიალური ასთმა და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება; ფარისებრი ჯირკვილის დაავადებები. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი დღეს შევიდა ძალაში, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულიდან.

“დღეიდან გააქტიურდება საერთაშორისო ტენდერი, რომელიც ჩვეულებრივ თვე-ნახევარს საჭიროებს. ამის შემდეგ ვვარაუდობთ, რომ ორი კვირის განმავლობაში იქნება შემოტანა და დისტრიბუცია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ მედიკამენტებზე ჩვენ დავაწესეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის კონტროლის ნიშნული _ მედიკამენტები უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებული ან თუ სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, არის წარმოებული, მათ უნდა წარმოადგინონ ამ სერიაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული საერთაშორისო ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის სერთიფიკატი. ეს არის, ფაქტობრივად, გარანტირებული დაცვა იმისა, რომ ეს მედიკამენტები ხარისხიანი იქნება. ეს არის ხანგრძლივი პროექტი, არ არის ერთჯერადი აქცია. რაც შეეხება მედიკამენტების ღირებულებას ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება თვეში 1 ლარის ოდენობის გადასახადი”. _ განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here