Home რუბრიკები საზოგადოება გარინჩა _ ხალხის სიხარული

გარინჩა _ ხალხის სიხარული

ბრაზილიური ფეხბურთის დიადი კოჭლი

1990
გარინჩა _ ხალხის სიხარული

თავისი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში გარინჩა პელეს ჩრდილში იყო მოქცეული, მაგრამ 1962 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომლის დასაწყისში პელემ ტრამვა მიიღო, გარინჩას მიეცა შანსი, თავისი ადგილი დაეკავებინა მზის ქვეშ.

ბრაზილია-ინგლისის მატჩის წინ ჟოან სალდანია (იმხანად ის გაზეთ “ულტიმაორისა” და რადიო “ნასიონალის” კორესპონდენტი იყო) ერთ ბოთლ შამპანურზე დაენაძლევა ინგლისელთა მწვრთნელ უინტერბოტომს, რომ გარინჩას ინგლისელთა მარცხენა მცველი ვერ გაუმკლავდებოდა და მას სხვა მცველების დახმარება დასჭირდებოდა.

“მატჩამდე ორიოდე საათით ადრე კი სალდანიამ გარინჩას უთხრა:

მანე, ამ “გრინგოებს გუნდში ჰყავთ მცველი ფლაუერსი, რომელსაც უთქვამს, რომ შენზე კარგად თამაშობს და ვერ მოატყუებ…

_ კი მაგრამ, საიდან მიცნობს? მის წინააღმდეგ არ მითამაშია, _ უპასუხა გარინჩამ.

_ ტრიბუნებიდან უნახავს შენი თამაში და უთქვამს, რომ შენ მის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ.

გულუბრყვილო მანე ჩაფიქრდა, შემდეგ კი სალდანიას ჰკითხა:

_ როგორ გამოიყურება?

_ მაღალია, ქერა…

_ ისინი ხომ ყველა მაღალი და ქერაა?!”ცოტა ხნის შემდეგ გარინჩა მივიდა ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელ ნილტონ სანტოსთან:

_ შენ იცი, რომ არავისზე არასდროს ვყოფილვარ ნაწყენი, მაგრამ ეს ფლაუერსი გონებიდან ვერ ამოვიგდე… არ მომწონს ეს…

_ შენებურად გაუსწორდი მას, მანე!

გარინჩამ თავი გააქნია:

_ ჰო, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, რომ არ ვიცი, როგორია ის? ვიცი მხოლოდ, რომ ინგლისელია.

_ შენც, ადექი და ყველას გაუსწორდი, მათგან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება ფლაუერსი.

სწორედ ასე მოიქცა გარინჩა _ გაუსწორდა ყველა ინგლისელს ერთად და ცალცალკე. ის შეუპოვრად ატყუებდა ამგრინგოებსიმიტომ, რომ მათგან ერთერთი იყო ფლაუერსი _ უცნობი თავხედი, რომელმაც თავს მეტისმეტის უფლება მისცა.

მანოელმა ერთი საგოლე პასი გააკეთა, შემდეგ კი ორი ბურთი გაიტანა. ამ ორი ბურთიდან ერთი გარინჩამ თავით შეაგდო _ მაღალ ინგლისელ მცველებზე მაღლა ახტა. ამბობენ, რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი გარინჩას ბიოგრაფიაში. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ უინტერბოტომმა შუბლიდან ოფლი მოწმინდა და განკარგულება გასცა, ერთი ყუთი შამპანური მიერთმიათ ჟოან სალდანიასთვის, შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა:

_ ოთხი წლის განმავლობაში ვამზადებდი ჩემს ბიჭებს წამყვან საფეხბურთო გუნდებზე გამარჯვების მოსაპოვებლად, მაგრამ რა ვიცოდი, რომ საქმე გარინჩასთან გვექნებოდა…” (იგორ ფესუნენკო. “პელე, გარინჩა, ფეხბურთი”).

ნახევარფინალურ მატჩში ბრაზილიელებს დაუპირისპირდა ჩემპიონატის მასპინძელი ჩილეს ნაკრები. გარინჩამ ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. ბრაზილიელებმა გაიმარჯვეს _ 4:2. ფინალურ მატჩში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ გარინჩა სიცხიანი თამაშობდა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც გაიმარჯვა 3:1. ჩემპიონატის მიმდინარეობისას გარინჩამ რომანი გააჩაღა პოპულარულ მომღერალ ელზა სუარესთან. მისი გაცნობიდან 3 თვის შემდეგ მანე ოფიციალურად გაშორდა მეუღლე ნაირს. განქორწინების შემდეგ ის ცუდად იხდიდა ალიმენტებს და ამის გამო ციხეში 90 დღით უპირებდნენ ჩასმას, მაგრამ თანხა მისი ნიჭის თაყვანისმცემელმა ბანკირმა გადაიხადა.

მიუხედავად იმისა, რომ მანეს დიდძალი ფული მოჰქონდა თავისი გუნდისთვის, თვითონ ის ცოტას გამოიმუშავებდა. გარინჩას უჭირდა წერა-კითხვა და ანგარიში, თანაც მიმნდომი ხასიათის გამო ხშირად ხელშეკრულების შეუვსებელ ბლანკს აწერდა ხოლმე ხელს, ამით სარგებლობდა კლუბის ხელმძღვანელობა და გარინჩა 2-ჯერ უფრო ნაკლებ თანხას გამოიმუშავებდა, ვიდრე თანაკლუბელები. მხოლოდ 1963 წელს, ვარსკვლავური მატჩების შემდეგ, ელზა სუარესის რჩევით, მოითხოვა მან კონტრაქტის პირობების გაუმჯობესება.

წარუმატებლობები

იმავე 1963 წელს გარინჩას დაეწყო წარუმატებლობების სერია. გაურთულდა მარჯვენა მუხლის ოსტეოართროზი და ექიმები ამბობდნენ, რომ მანეს 3 თვით თავი უნდა შეეკავებინა ფეხბურთის თამაშისგან, მაგრამ “ბოტაფიგოს” პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან კლუბს ევროპაში ჰქონდა დაგეგმილი ტურნე და ამ ტურნეში 15 ათასს აძლევდნენ, გარინჩას გარეშე კი თანხა განახევრდებოდა. მანემ ვერ გაუძლო კლუბის ხელმძღვანელობის ზემოქმედებას და გაემგზავრა ტურნეში, ყოველი თამაშის წინ ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებდნენ. იქამდეც კი მივიდა საქმე, რომ მატჩის შემდეგ გარინჩა ჯოხით გადაადგილდებოდა. ექიმებმა ურჩიეს, დროებით თავი დაენებებინა ფეხბურთისთვის, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა უარზე იდგა.

“ბოტაფიგოს” უკმაყოფილო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მანე თავიდან მოეშორებინა. ეროვნული გმირის უბრალოდ გაგდება შეუძლებელი იყო, ამიტომ კლუბმა შეუკვეთა რამდენიმე მადისკრედიტებელი სტატია, რომ მანე დაბერდა და უკვე აღარ შეესაბამებოდა კლუბის დონეს. სამწვრთნელო შტაბსაც აღარ გამოჰყავდა ძირითად შემადგენლობაში. 1966 წლის იანვარში გარინჩა მიჰყიდეს კლუბ “კორინტიანსს”. კლუბის გულშემატკივრები სიხარულით შეხვდნენ გარინჩას, რასაც ვერ ვიტყვით მოთამაშეებზე _ ისინი ნაწყენი იყვნენ, რომ მანე უფრო მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე სხვები, ამიტომ სათამაშო მოედანზე გარინჩას ვერ ამჩნევდნენ”. ერთი წლის თავზე გარინჩამ მიატოვა კლუბი და წავიდა რიო-დე-ჟანეიროში, რისთვისაც 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. შემდეგ წლებში გარინჩა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობდა დაბალი რანგის გუნდების შემადგენლობაში, რათა პურის ფული გამოემუშავებინა. ლეგენდარული ფეხბურთელი უწინდებურად ვეღარ ბრწყინავდა, გასუქდა, დარტყმებმა სიზუსტე დაკარგა…

დაბრუნება

რიო-დე-ჟანეიროში დაბრუნების შემდეგ გარინჩამ კონტრაქტი გააფორმა კლუბ “ფლამენგოსთან” იმ პირობით, რომ ჭარბ წონას მოიშორებდა. 3 თვის განმავლობაში გარინჩამ ექიმის მეთვალყურეობით 12 კგ დაიკლო. ყველაფრის მიუხედავად, გარინჩას მაინც იშვიათად ათამაშებდნენ ძირითად შემადგენლობაში. მანემ კონტრაქტის ამოწურვამდე 2 თვით ადრე კლუბი მიატოვა. მეორე დღეს გარინჩა ავტოკატასტროფაში მოყვა. ავტომობილი, რომელსაც მთვრალი მართავდა, სატვირთოს შეეჯახა. დაიღუპა მანეს სიდედრი როზალია გომესი.

გარინჩას 2 წლით პირობით პატიმრობა შეუფარდეს. ამ შემთხვევის შემდეგ ფეხბურთელი დეპრესიაში ჩავარდა და შეეცადა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ცოლმა ჩათვალა, რომ გარინჩას გარემოს შეცვლა განკურნავდა. ისინი იტალიაში გაემგზავრნენ, შემდეგ _ მალიორკაზე, შემდეგ _ კვლავ იტალიასა და საფრანგეთში. მანე უნივერსიტეტების გუნდებში თამაშობდა. ბრაზილიაში 1971 წელს დაბრუნდნენ. იქ გარინჩა ნახევრადპროფესიონალურ კლუბებში გამოდიოდა. 1976 წელს ელზა სუარესმა ვაჟი გააჩინა და მას მამის პატივსაცემად მანოელი დაარქვა. მანოელ ჟუნიორი 10 წლის იყო, როცა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

გამოთხოვება

1973 წლის 18 დეკემბერს “მარაკანაზე” გაიმართა გარინჩასთან გამოსათხოვარი მატჩი, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებმა ფიფას ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. სტადიონზე 131 555 ადამიანი შეიკრიბა. თამაშის წინ მოედანზე ყვავილებით დაწერეს: “მანე _ ხალხის სიხარული”. მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ გარინჩა ატირდა. ამ თამაშის მთელი შემოსავალი გარინჩას გადაეცა. შედეგად გარინჩამ გაისტუმრა ვალები, გადაიხადა შვილების სწავლის საფასური, იყიდა სახლი და ავტომობილი, აგრეთვე, ნახევარი რესტორნისა, რომელშიც მღეროდა ელზა სუარესი. ეს ყველაფერი გარინჩამ სწრაფად გაფლანგა და ორი წლის შემდეგ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. 1978 წელს გარინჩა გულის უკმარისობით მოხვდა საავადმყოფოში, სადაც გაიცნო 20 წლის ვანდერლეი ვიეირა და მასზე იქორწინა. მალე ქალმა ქალიშვილი გაუჩინა. სულ კი, ბიოგრაფების ცნობით, გარინჩას 14 შვილი ჰყავდა სხვადასხვა ცოლისგან.

გარინჩა 1982 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა ციროზით. გამოსათხოვარი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა “მარაკანაზე” _ იმხანად მსოფლიოში ყველაზე დიდ სტადიონზე. მანეს კუბოზე გადაფარებული იყო ბრაზილიისა და “ბოტაფიგოს” დროშები. მანე 300 ათასმა კაცმა გააცილა უკანასკნელ გზაზე. გამოსათხოვარ სიტყვაში ნილტონ სანტოსმა თქვა: “ის მთელი ცხოვრება დიდი ბავშვი იყო და იცოდა მხოლოდ ერთადერთი რამ _ ფეხბურთი”.

გარინჩას საფლავზე ეს ეპიტაფიაა: “აქ განისვენებს ის, ვინც იყო ხალხის სიხარული _ მანე გარინჩა”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here