Home რუბრიკები საზოგადოება გადავარჩინოთ დიდი დიღმის ერთადერთი პარკი!

გადავარჩინოთ დიდი დიღმის ერთადერთი პარკი!

3075
დიდი დიღომი

პატივცემულო ბატონებო, დიდი დიღმის განაშენიანება გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. ეს ადგილი იმხანად ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქის ყველაზე სუფთა უბნად ითვლებოდა. მშენებლობა დაიწყო ფარნავაზ მეფის გამზირის #1-სა (დღევანდელი ჰიპერმარკეტიგუდვილი”) და გიორგი ბრწყინვალის ქუჩის #1 სახლთან, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

ყველას გვახარებდა საქალაქო მნიშვნელობის გართობისა და დასვენების პარკი _ გაზონები და ყვავილნარები, ხეივნები, კალათბურთის ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი, ბავშვთა ატრაქციონები; განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა მშენებარე პარკის პროექტი _ დედაქალაქის იმჟამინდელ (1987) თავკაცთა და არქიტექტორთა თაოსნობით შემუშავებული, კერძოდ, პარკის ცენტრში დაგეგმილი დიდი შადრევანი და ა.შ.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აღნიშნული პარკის მიმართ დაიწყო მიზანმიმართული აქციები _ “გუდვილის” მოპირდაპირე მხარეს სარეკრეაციო ზონას შეუცვალეს სტატუსი და გაყიდეს 4200 კვადრატული მეტრის ფართობი. ამას მოჰყვა ორი სპორტული არენის გაყიდვა-გასხვისებაც. ორივეგან გადაწყვეტილი აქვთ მრავალსართულიანი კორპუსების აშენება.

ამ საკითხზე კოლექტიური წერილით რამდენიმეჯერ მივმართეთ ქალაქის მერიას, აგრეთვე, საბურთალოს რაიონის გამგებელს, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას შევუქმნათ ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები, არსებულ პარკებსა და სპორტულ მოედნებს, მატების ნაცვლად, ვამცირებთ და ისედაც დამძიმებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ვაუარესებთ.

და კიდევ _ კარგია, რომ დაიწყო პარკის ერთი ნაწილის რეაბილიტაცია, მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის. საჭიროა გაყიდული ადგილისა და სპორტული მოედნების ხალხისთვის დაბრუნება და პარკის განახლება-გამდიდრება-გამრავალფეროვნება.

ამიტომ მოგმართავთ დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს, ფართო საზოგადოებას _ გადავარჩინოთ დიდი დიღმის ერთადერთი პარკი!

ამ მწვავე პრობლემის აღქმა-გარკვევაში დაგვეხმარება ჩვენი კორპუსის სახურავიდან გადაღებული პანორამული ფოტოები (1,2,3,), აგრეთვე, ჩვენი შენიშვნები და წინადადებები, რომლებსაც, იმედია, მკითხველთა გამოხმაურება და პარკის გადარჩენა-განახლება მოჰყვება.

ახლა უფრო დაწვრილებით პანორამული სურათისა და პრობლემის შესახებ:

1.სურათი პირველი: ჩანს “გუდვილი”, რომლის გადახურული ფართობი 12 200 კვადრატული მეტრია. განსჯისთვის ბარემ აქვე ვთქვათ: პარკის სადავო ღია ცისქვეშა სივრცეს სულ 18 700 კვადრატული მეტრი უკავია. ჩვენ ამ ბაღნარის გადარჩენა-განახლებას ვითხოვთ;

2.სურათი მეორე: ჩანს მშენებარე კორპუსი, მის გვერდით ავტოსერვისი და სტადიონი, ავტომფლობელთა ავტოკოლონას რომ დაუკავებია…

3.სურათი მესამე: ჩანს, აგრეთვე, მშენებარე ცათამბჯენის საწყისი სართულები და უსახური ოთხსართულიანი სახლის კარკასები, რომელმაც ფარნავაზ მეფის გამზირის დასაწყისში არსებული ძეგლი _ ქართული ასომთავრულის ანსამბლი დაფარა…

4.აღნიშნულ ობიექტებს შორის არსებული ბაღნარის დაგეგმარება-განაშენიანებისა და განადგურების მოწმენი ვართ ჩვენ, 106 ოჯახი, რომლებიც გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის პირველ კორპუსში, 31 წელიწადია, ვცხოვრობთ;

5.პარკის სიგრძე ფარნავაზ მეფის გამზირის მხარეს 170 მეტრია, ხოლო სიგანე _ გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მხარეს _ 110 მეტრი. ამ გამწვანებული 18 700 კვადრატული მეტრის გადარჩენა-განახლებასა და გამდიდრება-გამრავალფეროვნებას მოვითხოვთ ქვემორე ხელისმომწერნი და თანამოაზრენი, ვინაიდან ახლომახლო, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის გამზირებსა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას შორის მიჯრით ნაშენ კორპუსებთან საერთოდ არ არსებობს სხვა ბაღი, პარკი ან სკვერი. აქაური ბავშვებისა და უფროსებისათვის ეს მთავარი გასართობი და დასასვენებელი ადგილია;

დიდი დიღომი (სურათი 2)
დიდი დიღომი (სურათი 2)

6.ადრე პარკში იყო კალათბურთის ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი; იყო ბავშვების სათამაშო არაერთი ადგილი, ქვიშაყრილი, ატრაქციონი; იყო გაზონები და ყვავილნარები. ვამბობთ და ვწერთ იყო-თქო, ვინაიდან ერთ “მშვენიერ” დღეს პარკის კულტურულ-სასპორტო-სარეკრეაციო დანიშნულება (სტატუსი) გააუქმეს და მის ნაწილ–ნაწილ გაყიდვას შეუდგნენ;

7.გასხვისებულ ადგილას ერთხანს გაზგასამართი სადგურის აშენება სცადეს, მაგრამ სასამართლო წესით გავაჩერეთ, ახლა მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას აპირებენ;

8.პარკის განაშენიანების მოთავენი დედაქალაქის პერსპექტივას (ანუ დღევანდელ დღეს) ითვალისწინებდნენ. აქაური კორომ-ფიჭვნარის არსებობას მათ უნდა ვუმადლოდეთ _ ეს არის დიდი დიღმის დიდი სიკეთე, რომლის დათმობა არ ეგების, ვინაიდან დიდი დიღმის მოსახლეობა დღეს უკვე 100 ათასს აღემატება;

9.ასეთ ვითარებაში ეკოლოგიური და ქალაქმშენებლობის პრინციპების დაცვა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია, მაგრამ დიდი დიღმის სინამდვილეში ერთიც, მეორეც და მესამეც დავიწყებულია;

10.“ავიწყდებათ”, რომ ამ პარკის დასავლეთით მძლავრი მიწისზედა ქვესადგური და მაღალი ძაბვის ხაზებია; “ავიწყდებათ”, რომ პარკის აღმოსავლეთით მიწისქვეშ განთავსებულია ქალაქის მთავარი გაზსადენი და წყალსადენი; “ავიწყდებათ”, სტადიონი ავტოსადგომად რომ არის გადაქცეული; “ავიწყდებათ” კალათბურთის მოედანი, რომელიც მავთულხლართებით არის შემორაგული…

11.ახლა პარკის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდება, ტანაყრილ ფიჭვებს შორის მიყრილ-მოყრილი სიმკარები მოძალადე მშენებელთა განაცხადია, უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ხვალ-ზეგ აქ დაიწყება ახალი ცათამბჯენის მშენებლობა _ ზემოაღნიშნული 4200 კვადრატული მეტრის ფართობის ათვისება, ხოლო ვინ გაყიდა და ვინ იყიდა? რატომ? რისთვის, პასუხს არავინ იძლევა;

12.ასეთი ბოროტების გამომზეურება და სათანადო ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შეიძლება. შემოგვიერთდით, რათა საქართველოს სამი დიდი მეფის _ ფარნავაზ მეფის გამზირის, მირიან მეფის გამზირისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩის შესაყართან არსებული სიკეთე, სიმბოლური პარკი, ცათამბჯენებმა და უგუნურებმა არ ჩაყლაპონ;

დიდი დიღომი (სურათი 3)
დიდი დიღომი (სურათი 3)

13.ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ადამიანებს კი ადამიანური ცხოვრება სწყურიათ, პირველ ყოვლისა, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო, წყალი, ბაღი, პარკი, სკვერი…

14.ამდენი უბედურების კვალდაკვალ უნდა ითქვას, რომ დაწყებულია პარკის ერთი კუთხის (მხოლოდ მეოთხედი ნაწილის) სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ ამ ერთი ციცქნა ადგილის მობეტონება-მოშანდაკება-მოპირკეთება, ორი სათამაშო მოედნის გამართვა და ათიოდე სკამის დადგმა საქმეს არ შველის. აუცილებელია მთელი პარკის ყოველმხრივი აღდგენა-განახლება;

15.მოგეხსენებათ, ბავშვობის ასაკი 1-12 წელია; ყმაწვილობისა _ 13-19 წელი; ხოლო რა ჰქნან მათმა მამებმა და დედებმა, ანუ უფროსებმა, შუახნის, ჭარმაგმა თუ მხცოვანმა ადამიანებმა, არაფერს ვამბობთ…

16.დიდი დიღმის პარკს ალტერნატივა არ აქვს, მეტიც, ქალაქის მერიისა და საკრებულოს ვალია, სანამ დროა, სანამ მოზიდული სიმკარები კორპუსებად ქცეულა, გააუქმოს პარკის საწინააღმდეგო ყველა დადგენილება;

17.ამასთანავე, აუცილებელია, დიდ დიღომში დაიწყოს “გუდვილის” მიმდებარე თავისუფალი ადგილების გამწვანება, ახალი, უფრო დიდი და უკეთესი პარკის გაშენება, თუნდაც ამისთვის საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება დაგვჭირდეს;

18.ეს იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისთვის, რომელსაც ორიოდე თვეში აღნიშნავს სრულიად საქართველო და მისი მეგობარი და გულშემატკივარი მსოფლიო.

დიდი დიღმის მცხოვრებთა სახელით:

თენგიზ აბესაძე, ინჟინერ-მშენებელი; თამაზ არეშიძე, ვეტერინარიის დოქტორი; გიორგი თეთრაძე, ეკონომისტი, ინდმეწარმე; ავთანდილ იმნაძე, ყოფილი პარლამენტარი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე; მერი ისაევი, პოლიგრაფისტი; ვალერი ლობჟანიძე, პოლიგრაფისტი-ტექნოლოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; რაულ მამალაძე, ეზოთერიკოსი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი; გვანჯი მანია, ჟურნალისტი, ეკოლოგი, კავშირ “გიორგის” თავმჯდომარე; ვახტანგ მაღრაძე, ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ნანა მერებაშვილი, ბუღალტერი; ვახტანგ მიმინოშვილი, მხატვარ-რესტავრატორი; მანანა სტურუა, ეკონომისტი; ოტელო ჩაგუნავა, პენსიონერი; ტარიელ ჯვარიძე, აგრონომ-ტექნოლოგი და სხვ.

სულ 167 პიროვნება. ხელმოწერები გრძელდება.

შენიშვნა: კოლექტიურ წერილს გაეცნო საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი მარატ ციცქიშვილი (ტელ.: 577 722 257) და განაცხადა, რომ აუცილებელია დიდი დიღმის პარკის პირვანდელი გეგმაპროგრამის მიხედვით აღდგენაგანახლება, ვინაიდან დიდ დიღომს სხვა ბაღნარი არ აქვს, აგრეთვე, საჭიროდ თვლის ახალი, უფრო დიდი პარკის გაშენებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here