Home რუბრიკები ისტორია ბრძოლა “უღირსად გამოჩინებულთა” წინააღმდეგ: რა დაადგინა რუის-ურბნისის კრებამ

ბრძოლა “უღირსად გამოჩინებულთა” წინააღმდეგ: რა დაადგინა რუის-ურბნისის კრებამ

449

დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებული რეფორმებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად საეკლესიო რეფორმა მიიჩნევა, ვინაიდან ერის სულიერი სიმტკიცის გარეშე ქვეყანა ვერ გაუმკლავდებოდა მის წინაშე არსებულ სიძნელეებს.

“დიდმა თურქობამ” დიდად დააზიანა არა მხოლოდ სამეფო ინსტიტუტები, არამედ მართლმადიდებლური ეკლესიაც. სამეფო ხელისუფლების დასუსტებით ისარგებლეს უღირსმა სასულიერო პირებმა და გავლენიან მდგომარეობას მიაღწიეს იერარქიაში. ერში გამრავლებული მრავალი ცოდვა გარკვეულწილად მაშინდელ ქართულ ეკლესიაში არსებული უმძიმესი ვითარების გამოძახილი იყო.

მღვდელმსახურთა ნაწილი, ნაცვლად ერში ქადაგებისა და მათთვის ღირსეული მაგალითის მიცემისა, ყოველგვარ უკუღმართობაში იყო ჩართული. იმ დროს საკმაოდ ფეხმოკიდებული ყოფილა დიდებულებისა და გავლენიანი ოჯახების უასაკო წევრების, ანუ ყმაწვილების დიაკვნად, მღვდლად, თვით ეპისკოპოსად კურთხევაც კი.

ზოგმა მღვდელმსახურმა ტაძარი საკუთარი გამდიდრების წყაროდ აქცია. აქ იგულისხმება როგორც საეკლესიო ნივთების მითვისება, ისე ფულადი სახსრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. ტრადიციად იყო ქცეული მღვდელმსახურთათვის ძღვენისა და ქრთამის მირთმევა. ხშირად გარკვეული თანხის გაღების შემდეგ ხდებოდა ისეთი კანონიკური გადაცდომები, როგორებიცაა ერთი და იმავე პირისთვის ჯვრის რამდენიმეჯერ დაწერა (ანუ მრავალცოლიანობა), ნათლობისა და ჯვრისწერის რიტუალის ეკლესიის გარეთ შესრულება, მართლმადიდებლებისა და წარმართების (არამართლმადიდებლების) შეუღლება, წარმართ (არამართლმადიდებელ) მიცვალებულთათვის წესის აგება.

ფეხმოკიდებული ყოფილა პედოფილიაც, ანუ ბავშვების დაქორწინებაც. სამწუხაროდ, მშობლები ანგარების ან “შვილების ბედნიერი მომავლის” უზრუნველყოფის მიზნით 9-11 წლის ბავშვებსაც აქორწინებდნენ შეძლებულ და დიდი გავლენის მქონე პირთა შვილებზე. ეს გახლდათ ბავშვებით ვაჭრობა, რაც დიდი უბედურება იყო ჩვენი ქვეყნისთვის.

ამ და სხვა მანკიერებების აღმოსაფხვრელად დავით აღმაშენებლის უშუალო ინიციატივით 1103 წელს რუის-ურბნისის დიდი საეკლესიო კრება მოიწვიეს, რომელსაც ესწრებოდნენ არა მხოლოდ უმაღლესი სასულიერო პირები, არამედ საერო პირებიც _ “ერი მრავალი, მოძღვარნი და მეცნიერნი”. ამ კრებამ, რომელსაც კათალიკოს-პატრიარქი იოანე IV საფარელი მეთაურობდა და რომელიც მიმდინარეობდა “დღეთა მრავალთ ფრიადითა გამოწულილვითა”, ის სტანდარტები დააწესა, რომელთა დარღვევა სასტიკად იკრძალებოდა.

ძეგლისწერის თანახმად:

* გადაყენებულად გამოცხადდა უღირსი მღვდელთმთავარი, მსახური, რომელმაც სულისათვის ხორცი არ დათრგუნა;

* ეპისკოპოსი უნდა იყოს არანაკლებ ოცდათხუთმეტი წლისა, მღვდელი _ ოცდაათისა, დიაკონი _ ოცდახუთისა, “წიგნის მკითხველიკი _ რვა წლისა;

* ხელდასმა უნდა ხდებოდეს ჯერ უმცროს თანამდებობებზე, შემდეგ კი თანდათანობით უფროსზე;

* ხელდასმა და ეკლესიის კურთხევა უნდა ჩატარდეს გიორგი მთაწმინდელის განწესების მიხედვით;

* იკრძალება ხელდასმა ქრთამით, ძღვენით;

* საეკლესიო ქონება, საჭურჭლე მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა იხმარებოდეს;

* ქორწინება, ნათლისღება, მონაზვნად განწესება _ მხოლოდ ეკლესიის მიერ განსაზღვრული წესით, გვირგვინის კურთხევა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შესრულებულიყო. ძეგლისწერა ორ ქორწინებაზე მეტს არ აღიარებდა;

* დაქორწინებისას ქალი უნდა ყოფილიყო არანაკლებ თორმეტი წლისა;

* კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთაგან უნდა შეირჩნენ ისეთები, რომლებიც გათვითცნობიერებულები არიან საქრისტიანო წესებში, უანგაროდ ემსახურებიან ეკლესიის საქმეს;

* მოძღვართა სიმრავლე მონასტერში განხეთქილების მიზეზს შემოიღებს, ამიტომ მათი რიცხვი უნდა განისაზღვროს: დიდ მონასტერში დასაშვებია ორი მოძღვარი, ხოლო პატარაში ერთიც საკმარისია;

* იკრძალება ეკლესიაში ერისკაცთა მიერ სამოქალაქო და სასოფლო სამსახური;

* განმარტებულია, ვის მიერ, სად და როგორ უნდა სრულდებოდეს ცოცხალთა და მიცვალებულთა ლოცვა;

* ძეგლისწერის მიხედვით, სომეხნი სარწმუნოებით მწვალებლები არიან და, თუ სომეხი მართლმადიდებლობას აღიარებს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ის ისეთი წესით უნდა მიიღოს, როგორი წესითაც წარმართს იღებს;

* იკრძალება მართლმადიდებლისა და წარმართის ქორწინება;

* აკრძალულია წარმომადგენლობითი ქორწინება (წარმომადგენლობითი ქორწინებისას, თუ შესაუღლებლები სხვადასხვა ადგილზე არიან და მათი ერთად შეყრა ვერ ხერხდება, მაშინ გვირგვინის კურთხევის დროს საქმროს მაგიერ მისი წარმომადგენელი უნდა იყოს);

* ძეგლისწერა ეხება სოდომურ დანაშაულს, ე.ი. არაბუნებივ სქესობრივ კავშირს, მამათმავლობას, ლესბოსელობას. დასახელებულია ცოდვები: მტრობა, შური, კაცისკვლა, მრუშობა, კერპთმსახურება, ცრუ-ფიცი…”

აღნიშნული დადგენილებები უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან სამღვდელო პირები ანაფორას შეურაცხყოფდნენ, მათ დააგროვეს უდიდესი ქონება და ეკლესია კორუფციის წყაროდ აქციეს. საეკლესიო კრებამ შეაჩვენა და გადაყენებულად გამოაცხადა უღირსი მღვდელთმთავარნი და მსახურნი, რომლებმაც სულისთვის ხორცი არ დათრგუნეს.

ძალზე ძნელი აღმოჩნდა ბრძოლაუღირსად გამოჩინებულთაწინააღმდეგ, რადგან ისინიიყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი”. ერთია გადაწყვეტილების მიღება და სულ სხვაა მისი აღსრულება. ეკლესიას, ბუნებრივია, არ გააჩნდაქუაბავაზაკთაგანდევნისა და გახრწნილთა დასჯის მექანიზმი. აქ თავისი სიტყვა სამეფო ხელისუფლებამ თქვა, რომელმაც აღასრულა რუისურბნისის კრების განჩინება.

დავით აღმაშენებელს, როგორც მირონცხებულ ხელმწიფეს, რომელიც უფლის ნებით განაგებდა ქვეყანას, შეეძლო, აქტიური მონაწილეობა მიეღო კრების საქმიანობაში, მაგრამ მან ეს საქმე თავის ერთგულ ეკლესიის მსახურებს მიანდო, თავად კი, როგორც მონა ღვთისა, მზად იყო, დამორჩილებოდა უმაღლეს სასულიერო პირთა გადაწყვეტილებებს. მეფე მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქმე აღსრულებამდე მივიდა, და მტკიცე ხელით შეუდგა წესრიგის დამყარებას ქართულ ეკლესიაში.

ბუნებრივია, ეკლესიიდან მოკვეთილი უღირსი მღვდელმსახურნი და მაღალი სასულიერო იერარქიის პირები არ დაემორჩილნენ განაჩენს, სწორედ ამიტომ დავით მეოთხე აღმაშენებელმა შერისხულებს ქუსლები დააჭრა (რათა მთელი ცხოვრება ქვეწარმავლებივით მუცელზე ეხოხათ). ეს იყო ერთგვარისიმბოლური აქტი”, რომლითაც აღმაშენებელმა სამღვდელოებას აჩვენა, რომ ანაფორა ვერ დაიცავს ვერც ერთ ადამიანს, თუ იგი უღირსად მოიქცევა

sputnik-georgia.com

1 COMMENT

  1. ეკლესიების სიმრავლე ყოველთვის იწვევს ერის გაყოფას და მღვდელმსახურთა სიმრავლეს რაც ვნებს ქვეყანას და ხალხს, აქედან იღებს სათავეს სოფლებში ვითომცდა საეკლესიო დღეობების დაწესება; რაც კატეგორიულად მიუღებელია და მწვალებლობად უნდა იქნეს აღიარებული და გაუქმდეს.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here