დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებულების ადვოკატ ნოდარ ცინცაძეს განცხადებით, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული იყო.
მისივე თქმით, ავარიის დღეს ბექა ხახუბია მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე დააკავეს, თუმცა პატიმრობიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს.
”ბექა ხახუბია იმ დღეს დააკავეს მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, თუმცა, როგორ მოხდა მისი გათავისუფლება, რაც არ უნდა მომხდარიყო, აქ უკვე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ამ საქმის სასამართლოს განხილვებით აუცილებლად დადგინდება”, – განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის განხილვა გრძელდება. როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განუცხადა, დღევანდელ პროცესს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით დაიწყებენ, მისივე თქმით, ამ ეტაპზე ორი მოწმე დაიკითხება.