მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ დღეში 114 მლრდ დოლარი დაკარგეს
Bloomberg Bilionaires Index (BBI)-ის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, აშშ–ის საფონდო ბაზარზე ინდექსების დაცემამ მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს ერთ დღეში 114 მილიარდი დოლარი დააკარგვინა.
აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები 3,8-4,6 პროცენტით დაეცა. შედეგად Dow Jones-მა ერთ დღეში დაკარგა 4% _ ინდექსის ამდენი პუნქტით დაწევა მისი არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ყველაზე მეტად დაზარალდა უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway. მისი ქონება ერთ დღეში 5,1 მილიარდი დოლარით შემცირდა. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერმა 3,6 მილიარდი დოლარი იზარალა; მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა _ 3,3 მილიარდი. აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ქართველის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონება 25 მილიონით შემცირდა.
მაგრამ მდიდარ ადამიანთა სარეიტინგო სიაში ყველაფერი ძველებურადაა _ მილიარდერთა პირველი ხუთეული არ შეცვლილა: პირველ ადგილაზე კვლავ ბეზოსი რჩება, რომლის ქონება 116 მლრდ დოლარადაა შეფასებული; მეორეზეა გეიტსი თავისი 91,6 მილიარდით; ხოლო მესამეზე _ ბაფეტი 85 მილიარდით; შემდეგ მოდის ცუკერბერგი 74,7 მილიარდით; მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს კი ასრულებს ბრენდ Zara-ს მფლობელი ამანსიო ორტეგა, მას 74 მილიარდი დოლარი აქვს. ბიძინა ივანიშვილი კი 5,85 მლრდ დოლარით 310-ე ადგილზეა.
ანალიტიკოსების აზრით, 2009 წელს დაწყებული განუხრელი ზრდის შემდეგ ამერიკული საფონდო ბაზარი ღრმა კორექციას მხოლოდ ახლა განიცდის. საფონდო ინდექსების დაცემის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას აშშ-ში.