Home სხვადასხვა დაიჯესტი ბერლინი _ კიევს: თავი შორს დაიჭირეთ კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან

ბერლინი _ კიევს: თავი შორს დაიჭირეთ კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან

როგორ გამოიყენა გერმანიამ პეტრე I-ის სიგელი

855
კიევის მიტროპოლიტი იოსაფი

გერმანიამ უკრაინას დაუბრუნა სიგელი, რომელიც პეტრე I-მა 1708 წელს გადასცა კიევის მიტროპოლიტ იოასაფს (კროკოვსკის) კიევის მიტროპოლიაში დანიშვნის შესახებ. ზოგიერთი უკრაინული გამოცემა იუწყება, რომ ეს გაკეთდა ბადენვიურტენბერგის მიწის კულტურის მინისტრ ტერეზა ბაუერის ინიციატივითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე, ქალაქ ტიუბინგენის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

სიგელი სამხედრო ნადავლის სახით 1941 წელს გაიტაცეს ნაცისტებმა კიევიდან. ახლა ის დააბრუნეს _ ისტორიული დოკუმენტი გერმანიაში უკრაინის ელჩს, ანდრეი მელნიკს გადაეცა. აქ მთავარი ინტრიგა არის ის, როგორი კომენტარი გაუკეთა უკრაინის ელჩმა ამ მოვლენას. სოციალურ ქსელში მან დაწერა:

“მართლაც ისტორიული დღეა: გერმანიამ უკრაინას დაუბრუნა პეტრეს მიერ 1708 წელს გაცემული სიგელი, რომელშიც კიევის მიტროპოლიტ იოსაფ კროკოვსკის მოუწოდებს, არ გადაიხაროს მსოფლიოს პატრიარქის მხარეს. არ გამოვიდა: ის (სიგელი _ გ.გ.) უკვე რამდენიმე დღეში კიევში გაეცნობა ჩვენს ტომოსს))) Danke Deutschland”.

სწორად გაშიფრა თუ არა კიევმა სიგნალი, რომელიც გაუგზავნა ბერლინმა, როცა ძველი სიგელი ახლა გადასცა? გერმანია ზოგჯერ მახვილგონივრულად ხუმრობს. ისევე, როგორც იხუმრა შარშან, როდესაც ლიტვას 5 წლის იჯარით გადასცა 1918 წლის 16 თებერვლის აქტი ლიტვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ბერლინმა თანამედროვე ლიტვას დაანახვა, სინამდვილეში ვინ არის მათი დამოუკიდებლობის შემოქმედი, და რომ ის იჯარით გადასცეს. რაზე მიუთითებს მოწოდება “არ გადაიხაროს მსოფლიოს პატრიარქის მხარეს”? განსხვავებით პოლონეთისგან, სადაც ხელისუფლებამ და კათოლიკურმა ოფიციოზმაც (პოლონეთის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით) მხარი დაუჭირეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნას იმ იმედით, რომ ეს უფრო დააშორებდა უკრაინას რუსეთისგან, გერმანიაში ამ ისტორიას დიდი სკეპსისით უყურებდნენ. 2018 წლის დეკემბერში Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა რუდოლფ პროკშიმ განაცხადა: მეჩვენება, რომ მსოფლიოს პატრიარქი იმყოფება აშშის გავლენის ქვეშ, სადაც ბევრი მართლმადიდებელი მორწმუნე ცხოვრობს”.

პეტრე პოროშენკო და ბართლომეოსი
პეტრე პოროშენკო და ბართოლომეოსი

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისგან შემდგარი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსის მიცემის აღქმა, როგორც “ამერიკული ოპერაციისა”, გერმანული პრესისთვისაც დამახასიათებელია. პორტალი Telepolis-ი მიმდინარე წლის იანვარში წერდა: ეკლესიური განხეთქილება უკრაინაში ძალიან სახიფათოა, ხოლო ბრძოლა მიმდინარეობს არა მხოლოდ კიევსა და მოსკოვს შორის, არამედ ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატებიც არის ჩართული”. გამოცემა ხაზს უსვამდა, რომ ბერძნული საარქიეპისკოპოსო ნიუ-იორკში, “კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მთავარი სპონსორი, შესაძლოა, კულისებს მიღმა ლობირებდა მოსკოვისგან უკრაინის მართლმადიდებლობის გამოყოფას”. და არ გამორიცხავდა ამ ოპერაციაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაწილეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ბერლინისა და ვაშინგტონის ურთიერთობა სერიოზულ კრიზისშია, რომელმაც შეიძლება შეიძინოს სტრატეგიული დაპირისპირების ხასიათი, სავარაუდოა, რომ გერმანელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და, ალბათ, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების გარკვეული წარმომადგენლებიც, ეჭვით მოეკიდებიან ამერიკელთა ნებისმიერ მცდელობას, ინტრიგები მოქსოვონ კონტინენტზე, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით კონკურენციის ისეთი არაკონვენციური მეთოდების გამოყენებით, როგორიც არის “რელიგიური ომები”.

როგორც ჩანს, სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში ბერლინს პეტრე I-ის სიგელის გადაცემისას, როცა საკმაოდ გამჭვირვალედ მიუთითა კიევს, რომ თავი შორს უნდა დაიჭიროს კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან.

ვებგვერდ Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here