Home რუბრიკები საზოგადოება ბანანის ქვეყანა და მახინჯი რეალობა

ბანანის ქვეყანა და მახინჯი რეალობა

6566
კარიკატურა

ბანანის რესპუბლიკა” _ ეს ტერმინი გამოჩენილმა ამერიკელმა მწერალმა .ჰენრიმ გამოიგონა, აღწერა კიდეც ის საშინელებები, რომლებიც მის მიერ გამოგონებულ ქვეყანაში ხდებოდა _ გაუტანლობა, მტრობა, დაპირისპირება, ქვეყნის ნგრევა.

როგორ მიესადაგება ეს მახინჯი რეალობა ჩვენს სინამდვილეს. ჩვენი საზოგადოება ისეა გახლეჩილი ორ ბანაკად, რომ ასეთ სურათს ო. ჰენრის ბანანის რესპუბლიკაშიც ვერავინ წარმოიდგენდა. ჩვენმა დაპირისპირებამ დუღილის უმაღლეს წერტილს მიაღწია _ არც თავ-პირის მტვრევა გვაკლია და არც ხანძრის გაჩენის მანია, ქვების სროლაც მოდურია. ეს ფსიქიკური დეგრადაცია, მასობრივი ფსიქასთენია, ადამიანთა უკიდურესი ფრონდირება იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ფსიქიკური კლიმატი არასახარბიელოა და სახელმწიფოს მხრიდან თერაპიული ჩარევა სჭირდება, სანამ შიზოიდურ უფსკრულში არ გადავჩეხილვართ. სჯობს, დროულად მივხედოთ ადამიანებს, მათ სოციალურ მდგომარეობას, დასაქმებას; უსაქმურობა ყოველგვარი ბოროტების სათავეა. ახალგაზრდობა უნდა იყოს დასაქმებული, უნდა ეზიაროს როგორც ფუნდამენტურ, ასევე მყარ სპეციალურ ცოდნას. ქუჩაში საპროტესტო გამოსვლებისას, ძირითადად, ახალგაზრდების აგრესია ჩანს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხშირად არ არის გათვალისწინებული მათი მოთხოვნები. სწორედ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს ფსიქიკის მოშლას და ხშირად მძიმე დაავადებასაც. ამასთანავე, საჭიროა ახალგაზრდობასთან მეტი მუშაობა, ყურადღების გადატანა მათ წიგნიერებაზე, განათლებაზე, სპორტით დაინტერესებაზე და ა.შ.

ჯერ კიდევ არ ვმუშაობთ შერიგებისა და ურთიერთსიყვარულის მოტივების ამოქმედებაზე, არადა, სახელმწიფოა ადამიანების პირველი მკურნალი და ფსიქოთერაპევტი; მან უნდა შექმნას ისეთი ბაზა, შემოიღოს ისეთი კანონები და აღმზრდელობითი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს მომავალი თაობის ბედნიერ მომავალს.

როცა ჩვენს ბავშვებს, ახალგაზრდობას ცხოვრება უწევს ისეთ გარემოში, სადაც არ არის სამართლიანი წყობა, სადაც მათ ყოველ ნაბიჯზე ესმით კორუფციისა და ძალმომრეობის შესახებ, ცხადია, პიროვნების აღზრდასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჯერ ერთ მაღალჩინოსანსაც არ წამოსცდენია პარლამენტისა თუ მთავრობის სხდომებზე, _ შევრიგდეთ, ნუ ვუპირისპირდებით ერთმანეთს, ძირს ნუ გამოვუთხრით ჩვენს სამშობლოს და ნუ გავახარებთ მტრებსო; ერთ პარლამენტარსაც არ უთქვამს, _ დავნიშნოთ პენსიები სტაჟისა და დამსახურების მიხედვითო (მხოლოდ ბატონმა აკაკი ზოიძემ მომწერა პარლამენტიდან, რომ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიების დანიშვნაზე ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად და ამ წლის ბოლომდე ეს საკითხი გადაწყდებაო, მაგრამ როგორ აპირებენ საკითხის გადაწყვეტას, არაფერი უთქვამს. რამდენი იქნება პროფესორის პენსია, ესეც გაურკვეველია).

“გათანაბრების კანონის” დამკვიდრებაზე, რომელზეც პირველად აშშ-ის კოლეჯის სტუდენტებმა მიუთითეს, ლაპარაკიც ზედმეტია. ჩვენმა კანონმდებლებმა, ალბათ, არც იციან, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ამ კანონის ამოქმედება. სამაგიეროდ, მათ კარგად იციან “დემოკრატიის” ნიღბით ჩვენი მოსახლეობის გაბრიყვება, არჩევნებზე მისი გამოყენება და შემდეგ მისგან შორს ყოფნა (აბა, მიბრძანდით რომელიმე მაღალჩინოსანთან, თუ მიგიღებთ). ეს იმიტომ, რომ ასპარეზზე ჯერ არ გამოსულან დიდი ადამიანები.

დასასრულ, მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებასა და ოპოზიციას: თუ დაპირისპირება არ შეწყდება, ან უფსკრულში გადავიჩეხებით, ან მტერს ჩავუვარდებით ხახაში. მტერი კი კარზეა მომდგარი და განადგურებით გვემუქრება, ამიტომ მთელი ძალები უნდა მოვიკრიბოთ, ერთ მუშტად შევიკრათ და გავიმარჯვოთ.

სხვა გზა არ არსებობს!

მამია მდინარაძე,

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here