Home რუბრიკები ეკონომიკა აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სხვა ქვეყნების ოქროს რეზერვები მიითვისეს

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სხვა ქვეყნების ოქროს რეზერვები მიითვისეს

დიდმა ბრიტანეთმა ვენესუელას 930 მლნ დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები წაართვა

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სხვა ქვეყნების ოქროს რეზერვები მიითვისეს

ლონდონმა ვენესუელას თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები წაართვა _ შესაბამისი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სასამართლომ მიიღო. ვენესუელის ოქრო ფიზიკურად ინახებოდა დიდ ბრიტანეთში. რატომ ინახავდნენ და ინახავენ ქვეყნები თავიანთ ოქროს მარაგებს უცხოეთში და რა ხიფათს შეიცავს ეს?

ვენესუელას წაართვეს კუთვნილი ოქრო, რომელსაც ინგლისის ბანკში ინახავდა _ ამ ოქროს ზოდების ღირებულება 930 მლნ დოლარია. როგორც კი ვენესუელის ცენტრალური ბანკი შეეცადა ამ ოქროს გადატანას ინგლისის ბანკიდან გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშზე (რათა დაეხარჯა თანხები სამედიცინო მოწყობილობების, პრეპარატებისა და სურსათ-სანოვაგის შესაძენად პანდემიის პერიოდში), ინგლისის ბანკმა ოპერაცია მყისვე შეაჩერა.

ეს გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი ვითარებით _ ვენესუელაში ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, გარდა არის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადეს. შედეგად, გუაიდოს პრეტენზია გაუჩნდა, ეს ოქრო თავისი მოსაზრების მიხედვით გამოიყენოს.

საქმე განიხილა დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ და გამოიტანა ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ოქრო ეკუთვნის არა ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციის ლიდერ გუაიდოს, რომელსაც ვენესუელაში არანაირი ძალაუფლება არ აქვს.

ოქროს ზოდების სახით სავალუტო რესურსების სხვა ქვეყანაში შენახვა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს სარისკო საქმეა.

სჯობს, ქვეყანამ ოქრო თვითონ შეინახოს, რადგან შეიძლება შეიქმნას პოლიტიკური რისკები და ვერ მიიღოს კუთვნილი ოქრო, იმიტომ, რომ ხელისუფლების სათავეში დიქტატორია და ის ქვეყანა, რომელიც ოქროს ინახავს, თვითონ წყვეტს, ვინ არის დიქტატორი და ვინ არა; მეორე _ ოქროს ზოდები შეიძლება ყალბი აღმოჩნდეს. თქვენ ჩააბარებთ ოქროს, მაგრამ შეიძლება შეცვალონ და დაგიბრუნონ სხვა ლითონი. და, თუ ეს გამჟღავნდება, ატყდება დიდი სკანდალი, როგორც ახლა ჩინეთში ხდება”, _ ამბობს “ოქროს მონეტების სახლის” ვიცეპრეზიდენტი ალექსეი ვიაზოვსკი.

აი რაზეა ლაპარაკი: დიდი საიუველირო კომპანია Kingdol Sewerly, რომლის აქციებითაც ვაჭრობენ Nasdaq-ის ბირჟაზე, მრავალი წლის განმავლობაში კრედიტების უზრუნველსაყოფად გასცემდა ყალბ ოქროს, რომლის მოცულობა 18,6 ტონა იყო. ამ კომპანიამ უამრავ სხვადასხვა კრედიტორს 2,8 მლრდ დოლარი გამოართვა. ნამდვილი ოქროს ზოდების ნაცვლად ბანკში ინახებოდა, როგორც ახლა ირკვევა, ოქროს თხელი ფენით დაფარული სპილენძის ზოდები, ასეთი ფალსიფიკაცია ადვილად დგინდება აწონვისას. გაცილებით რთულია იმ ზოდების იდენტიფიკაცია, რომლებიც ვოლფრამისგან არის დამზადებული, რადგან ვოლფრამისა და ოქროს წონა დაახლოებით ერთნაირია. მათი იდენტიფიკაციისთვის რთული შემოწმებაა ჩასატარებელი. საიუველირო კომპანიის მაქინაციებში გარკვევა გირაოში ჩადებული ოქროს ხარისხის დასადგენად სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიქნა შესაძლებელი. ეს კერძო კომპანიის ისტორიაა, მაგრამ ყალბი ოქრო შეიძლება სახელმწიფომაც გამოიყენოს. მაქინაციის სქემა ყველგან ერთნაირია.

რატომ ინახავენ ქვეყნები ოქროს ზოდებს სხვა ქვეყნებში?

ასეთი ტენდენცია ისტორიულად ჩამოყალიბდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ საფრანგეთის მთავრობამ აშშ-ში მალულად გაიტანა ოქროს მარაგის ძირითადი ნაწილი, რადგან არცთუ უსაფუძვლოდ ეშინოდა ქვეყანაში ფაშისტური გერმანიის ჯარების შეჭრის. როდესაც ნაცისტური გერმანია დამარცხდა, საფრანგეთმა მოისურვა თავისი ოქროს დაბრუნება, მაგრამ ამერიკის ხელისუფლებამ უარი განაცხადა: ამერიკაში ოქრო კერძო პირებმა შემოიტანეს და არა საფრანგეთის მთავრობამო. ეს პირები საფრანგეთის მთავრობის ბრძანებით რომ მოქმედებდნენ, აშშის ხელისუფლებამ ფეხზე დაიკიდა. საფრანგეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა სამშობლოში 4400 ტონა ოქროს დაბრუნება მხოლოდ ამერიკული ვალუტით შეძლო, ანუ საფრანგეთმა კუთვნილ ოქროში ფული გადაიხადა.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც სახელმწიფოები ოქროს რეზერვებს სხვა ქვეყანაში ინახავენ _ ეს არის ე.წ. ოქროს სვოპები (ერთი აქტივის ან ვალდებულების სხვა ანალოგიურ აქტივში ან ვალდებულებაში გაცვლა რისკების მომატების ან შემცირების გზით _ გ.გ.). როცა სახელმწიფოს სჭირდება ვალუტა _ დოლარი ან გირვანქა სტერლინგი, რათა გაამყაროს საკუთარი ვალუტა, ის თავის ოქროს აგირავებს ამ კრედიტების ნაცვლად, _ განმარტავს ვიაზოვსკი. თუ გარკვეული დროის შემდეგ ქვეყანა აბრუნებს კრედიტს, მაშინ მას შეუძლია თავისი ოქროს წაღება ან სახელმწიფო ცდილობს პროლონგაციას (ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივება _ გ.გ.) და აფართოებს თავის სვოპურ ხაზს. მაგალითად, 1991 წელს ინდოეთში დაიწყო კრიზისი და ამ ქვეყნის მთავრობამ დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ინგლისის ბანკს კრედიტის უზრუნველსაყოფად 8 ტონა ოქრო გაუგზავნა. მას შემდეგ ინდუსებმა ვალები დააბრუნეს, მაგრამ ოქრო კვლავ ინგლისში რჩება. ოფიციალური განმარტება ასეთია: “ოქროს დაბრუნება უსაფრთხო არ არის” (როგორც ჩანს, უსაფრთხო მხოლოდ ლონდონში ოქროს ჩატანაა).

უცხოეთში ინახავენ “ახალ” ოქროსაც, რადგან ეს მოსახერხებელია. ე.წ. განვითარებადი ქვეყნები (ჩინეთის გარდა) ოქროს უცხოეთში ყიდულობენ და იქვე ტოვებენ შესანახად: ასე უფრო იაფია, უსაფრთხო და საჭიროების შემთხვევაში იქვე შეიძლება სწრაფად გაიყიდოს.

“ოქროს რეზერვებს ყველაზე ხშირად ინახავენ ფინანსურ ცენტრებში _ ლონდონსა და ნიუ-იორკში. იქაურ ბირჟებზე გაცილებით ადვილია ოქროს შესყიდვა და გაყიდვა”, _ ამბობს FxPro-ს წამყვანი ანალიტიკოსი ალექსანდრე კუპციკევიჩი, ამიტომ უცხო ქვეყნების ოქროს მარაგების მთავარი შემნახველები არიან ინგლისის ბანკი ლონდონში და აშშის ფედერალური სარეზერვო სისტემა ნიუიორკში. “რუსეთი თვითონ ინახავს ოქროს, რომელსაც, ძირითადად, ადგილობრივი კომპანიებისგან ყიდულობს. ამ ქვეყანაში რამდენიმე დიდი ოქროსმომპოვებელი კომპანიაა, ამიტომ ლოჯისტიკურად ეს უფრო მომგებიანია, ვიდრე ოქროს უცხოეთში შეძენა. ვენესუელა, გერმანია და სხვა ქვეყნები კი ოქროს არ მოიპოვებენ, მაგრამ ყიდულობენ და ყიდიან, ამიტომ მათთვის უფრო სარგებლიანია ოქროს შენახვა “ბაზართან” ახლოს”, _ ამბობს კუპციკევიჩი.

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში აშშში 8133 ტონა ოქრო ინახებოდა. ამ მხრივ აშშ ძალიან უსწრებს დანარჩენ ქვეყნებს, თუმცა ბევრი ეჭვობს, რომ ამერიკის საცავებში სინამდვილეში დეკლარირებულზე ნაკლები ოქროა. აღსანიშნავია, რომ აშშის ოქროს საცავებში აუდიტი არასოდეს ჩატარებულა.

“ტრამპმა, როცა ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, განაცხადა, რომ ჩაატარებდა ოქროს მარაგის აუდიტს კენტუკის შტატის ფორტ-ნოქსის ყოფილი სამხედრო ბაზის საცავში. ფორტ-ნოქსში ინახებოდა ოქროს მარაგის ნახევარი, მაგრამ მას სიტყვა გადაუკრეს, რომ ამ საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ ღირდა. ზუსტად ასევე არ მოხდა გერმანიის ოქროზე აუდიტის ჩატარება. ეს ოქრო კი ნიუ-იორკში, ფედერალურ სარეზერვო ბანკში ინახება”, _ განაცხადა ვიაზოვსკიმ.

ოქროს მარაგის მიხედვით, აშშის შემდეგ მეორეა გერმანია _ 3364 . შემდეგ მოდიან იტალია და საფრანგეთი, შესაბამისად _ 2450 და 2430 ტონით, მეხუთეა რუსეთი 2300 ტონით, ჩინეთს 1948 ტონა ოქრო აქვს. ათეულში არიან შვეიცარია, იაპონია, ინდოეთი და ნიდერლანდები (ეწევა თურქეთი). აშშ და რუსეთი თავიანთ ოქროს უცხოეთში არ ინახავენ, გერმანიასა და იტალიას კი ძვირფასი ლითონების მარაგის ძირითადი ნაწილი უცხოეთში აქვთ.

მარშლის გეგმის მიხედვით, აშშ-ში ოქრო გაჰქონდათ კრედიტების სანაცვლოდ, რომლებიც ევროპის ომის შედეგად დანგრეული ეკონომიკის აღდგენას ხმარდებოდა.

გერმანიამ მხოლოდ რამდენიმე წლის წინათ დაიბრუნა თავისი ოქროს მარაგის 50% აშშდან, მეორე ნახევარი კი კვლავ ნიუიორკში, ფედერალური სარეზერვო სისტემის ბანკსა და ლონდონში, ინგლისის ბანკში ინახება. იტალიის ოქროს მარაგის ნახევარზე მეტი აღნიშნულ ბანკებშია თავმოყრილი, აგრეთვე ბერნში _ შვეიცარიაში.

საფრანგეთი თავის ოქროს რეზერვებს უკვე თავის ტერიტორიაზე ინახავს. ფრანგებს მდინარე სენის დონის ქვემოთ, 29 მეტრის სიღრმეზე მოწყობილი აქვთ საცავი, რომლისთვისაც 3 ათას კაცს შეუძლია თავის შეფარება.

“ბევრი ქვეყანა, რომლებმაც თავიანთი ოქრო ბრიტანეთსა და აშშ-ში გაიტანეს, ახლა მასობრივად ცდილობს მის დაბრუნებას, _ ამბობს ვიაზოვსკი. _ ხედავთ, ბოლო პერიოდში რომელი ქვეყნები ცდილობენ თავიანთი ოქროს მარაგების გაზრდას? ის ქვეყნები, რომლებსაც აშშ-თან პრობლემები აქვთ _ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი. ამ ქვეყნების ხელისუფლებები აცნობიერებენ, რომ მათი საზღვარგარეთული აქტივები შეიძლება დააპატიმრონ. ამის გაკეთება ნებისმიერ მომენტში შეუძლია აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ან დაბლოკვა ყველაფრისა, რაც დოლარებშია _ ანგარიშების თუ რეზერვების. ოქროს კონტრაგენტის რისკი არ აქვს. ეს არის აქტივი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ჰქონდეს ფინანსური სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი იყოს აშშ-ისგან”.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here