Home რუბრიკები ეკონომიკა აშშ-ის სახელმწიფო ვალი და რუსეთი

აშშ-ის სახელმწიფო ვალი და რუსეთი

ტაიმს-სკვერზე მოციმციმე დაფა მიანიშნებს რა ამერიკელებს ქვეყნის ვალზე, ამასთანავე, ახსენებს, რომ თითოეულის ვალი 174 000 დოლარია

სახელმწიფო ვალი

20,538 ტრილიონი დოლარი _ აშშის სახელმწიფო ვალი, რომელსაც აჩვენებს ნიუიორკის ცენტრში, მანჰეტენზე დამონტაჟებული მრიცხველი _ ამერიკელებს ახსენებს იმ ვალს, წლების განმავლობაში კატასტროფულად რომ იზრდება. სახელმწიფო ვალის თაობაზე ყველა ლაპარაკობს, ვისაც არ ეზარება _ ექსპერტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე თუ ხელისუფლების წარმომადგენელი. ამ თემით იყო დაკავებული დონალდ ტრამპიც, გასულ წელს საპრეზიდენტო მარათონში მონაწილე, ამჟამად აშშის პრეზიდენტი.

2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ტრამპმა აუგად მოიხსენია პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომლის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ვალმა 19 ტრილიონს მიაღწია. ობამაც პრეზიდენტობის დაწყების წინ ისევე აუგად მოიხსენიებდა წინამორბედ ჯორჯ ბუშ-უმცროსს, რისი საფუძველიც ჰქონდა. სწორედ ჯორჯ ბუშუმცროსის მმართველობის პერიოდში მოხდა ცნობილ ტერორისტული თავდასხმები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონზე და, აქედან გამომდინარე, მიიღო ბუშმა გადაწყვეტილება, შური ეძია ტერორისტებზე აღვანეთსა და ერაყში.

ასე და ამრიგად, გაჩაღდა ომები ავღანეთსა და ერაყში უდიდესი დაფინანსებით. ამან თავისთავად გამოიწვია სახელმწიფო ვალის მატება. ვალის მატების ტემპის შეჩერება ბევრ რამეზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით _ უყაირათო ხარჯებზე, მაგრამ, როდესაც “მტერი” გყავს შესაჩერებელი, ვალს ვინღა დაეძებს?! ყაირათიანი ხარჯვა არის ის სასიცოცხლო წამალი, რომელმაც შეიძლება ვალის მატების ტემპს წერტილი დაუსვას, მაგრამ მაშინ პოლიტიკური და სამხედრო კუნთების თამაშს რაღა ეშველება?!

და ისევ ტრადიციული ხელის ფათური საბიუჯეტო კალათაში, პოზიციის შეცვლა და ობამა-ბუშის გზის გაგრძელება. ახლახან დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, მომავალ საფინანსო წელს 700 მილიარდი დოლარი დაიხარჯება აშშის შეიარაღებული ძალების წინსვლაგანვითარებისთვის. თანხა რეკორდულია და აღემატება არა მხოლოდ მტრად შერაცხილი რუსეთის (46 მილიარდი დოლარი), არამედ ჩინეთისა და სხვა ქვეყნების ერთად აღებულ სამხედრო ხარჯებს.

ტაიმსსკვერზე მოციმციმე დაფა მიანიშნებს რა ამერიკელებს ქვეყნის ვალზე, ამასთანავე, ახსენებს, რომ თითოეულის ვალი 174 000 დოლარია.

სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს ხარჯების გაზრდა მთელი რიგი ფაქტორებით არის გამოწვეული, მათ შორის ე.წ. რუსული საფრთხით. ე.წ. იმიტომ, რომ რუსული საფრთხე მართლაც ასეთია, ანუ გაზვიადებული, საფუძველს მოკლებული, მაგრამ, თუ სურვილი გაქვს, რომ ასე იყოს, გაზვიადებას რაღა უდგას წინ?! ე.წ. რუსული საფრთხის უკან აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სიხარბე ჩანს _ ახალი იარაღის დამზადების, არმიის აღჭურვის სურვილი, ისეთი მოკავშირეებისთვის “ხელის გამართვა”, როგორიც არის უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი.

“აგრესორი” რუსეთი ნატოს წევრ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, სხვებს და არაწევრ უკრაინას რომ არ შეესიოს, მტკიცე სამხედრო ნაბიჯებია გადასადგმელი, რაც თავისთავად იწვევს სამხედრო ხარჯების და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალის მატებას. არც ახლო აღმოსავლეთია დასავიწყებელი, ისევე, როგორც ჩრდილოეთი კორეა.

ახლო აღმოსავლეთში, სირია-ერაყის თვალსაზრისით, საომარ მოქმედებებში ჩართვა ხარჯიანი იყო, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან გამართული სამხედრო წვრთნები ამერიკელთა და სამხრეთ კორეელთა მონაწილეობით არანაკლებ ხარჯიანი გამოდგა. სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალების მანევრები დიდძალი თანხის მშთანთქველი რომ არის, მტკიცება არ სჭირდება. სამხედრო წვრთნებში მონაწილე საჰაერო ძალების 300 თვითმფრინავი (ერთდროულად) თავისთავად მიგვანიშნებს მოჭარბებულ ხარჯებზე, მაგრამ, თუ მსოფლიო პირველობა გსურს და ჰეგემონიზმის ბაცილით ხარ დაავადებული, სამხედრო ხარჯებს არაფრად ჩააგდებ.

სწორედ ჰეგემონიზმით იყო გამოწვეული აშშ-ის ჩარევა ერაყისა და სირიის საშინაო საქმეებში _ ამერიკისთვის “სანდო” ტერორისტების წვრთნა, შეიარაღება, მათი მისევა ბაშარ ასადის ხელისუფლებაზე და სხვ., მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ თავისი გაიტანა ორი წლის წინათ სირიის ომში ჩართვით.

პრეზიდენტ პუტინის ამ გადაწყვეტილებას მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში არა მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ატარებდნენ, არამედ თვით რუსეთის ლიბერალური ძალები. ამ უკანასკნელებს მიაჩნდათ, რომ სირიის ომში ჩართვა რუსეთისთვის წამგებიანი იქნებოდა და შორს უნდა ყოფილიყო მისგან. რას მოიტანდა შორს დოგმა, ამას აღარ ფიქრობდნენ.

არადა, სირიის ომში 2 წლით ჩართვამ რუსეთს წარმატებები მოუტანა: ჯერ ერთი, მძიმე დარტყმა მიაყენა საერთაშორისო ტერორიზმს. ფაქტობრივად, გაანადგურა ე.წ. ისლამური სახელმწიფო სირიაში. ეს ტერორისტული ორგანიზაცია განდევნილ იქნა სირიიდან; საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლულია 50 000-ზე მეტი ტერორისტი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დსთ-ის წევრი სახელმწიფოებისა და რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. შემცირდა რუსეთში ტერორისტების დაბრუნების შესაძლებლობა. გადარჩა რუსეთის მოკავშირე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება დამხობისგან. თვით სირია გადაურჩა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაპყრობას, მსოფლიო კი _ ტერორიზმის შეტევას.

ისლამური სახელმწიფოის ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ტერორიზმის ისტორიაში პირველმა გამოთქვა სურვილი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე. სურვილის სინამდვილედ გადაქცევის შემთხვევაში, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ სრულიად მსოფლიოს უსერიოზულესი პრობლემები შეექმნებოდა. ასეთი იყო აშშის სპეცსამსახურებისა და პოლიტიკოსების მზაკვრული გეგმა _ “ისლამური სახელმწიფოსხელით პოზიციების განმტკიცება.

შორს მიმავალი გეგმების განხორციელებას დიდძალი ფული სჭირდებოდა და, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, ახლო აღმოსავლეთის პროგრამაში აშშის ყოფილმა ადმინისტრაციამ 5 ტრილიონი დოლარი დახარჯა. ცხადია, ამ თანხაშიისლამური სახელმწიფოსშექმნაც, წვრთნაც და შეიარაღებაც შედის.

არ გამოუვიდათ. და არ გამოუვიდათ კრემლის ჩარევის შედეგად. რუსეთის მოქმედებამ გადაარჩინა დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის მიერ შეძულებული ბაშარ ასადი, თვით სირია და სრულიად ახლო აღმოსავლეთი ტერორისტული სახალიფოს შექმნისგან.

სირიის ომში გამოიცადა რუსული იარაღი _ რაკეტები, თვითმფრინავები, სხვა სამხედრო ტექნიკა, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა თავისი შესაძლებლობები. სწორედ ამით არის გამოწვეული რუსული სამხედრო იარაღის შესყიდვაზე რიგის დადგომა. განსაკუთრებით პოპულარულია თავდაცვის სისტემა -400, რომლის შეძენაზე თანხმობა განაცხადა ნატოს წევრმა თურქეთმა და ამის გამო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ბრიუსელსა და ვაშინგტონში.

2-წლიანი სამხედრო ჩარევის შედეგად გამარჯვებულმა რუსეთმა გააფართოვა თავისი პოზიციები ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. რუსეთი გადაიქცა მსოფლიო ლიდერად, მთავარ სამხედრო-პოლიტიკურ მოთამაშედ. 2 წლის წინათ სირიის ომში რუსეთის ჩართვა დიდი რისკი იყო. რისკი ომში მონაწილეობის გაჭიანურების, ომის ჭაობში ჩაძირვის, საბოლოო ჯამში, მარცხისა და სირიიდან ისე გამოსვლის, როგორც ავღანეთიდან.

პოლიტიკაში სარისკო გადაწყვეტილებას ხშირად არ იღებენ, მაგრამ იღებენ. პუტინს გაუმართლა _ გარისკა და მოიგო. აშშ არ გაუმართლა _ შექმნაისლამური სახელმწიფო”, გარკვეული თვეების, თუნდაც წლის, განმავლობაში აღმავლობით იარა, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა.

პუტინის რუსეთს დიდი პოპულარობა მოუტანეს თვით აშშ-ის პოლიტიკოსებმა. როდესაც კონგრესმენები, სენატორები, ექსპერტები, მედია ირწმუნებიან, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტრამპს პუტინმა მოაგებინა; როდესაც აშშ-ის მაღალჩინოსნები ამტკიცებენ, რომ “ბრექსიტი” კრემლის ნახელავია, ხოლო ნებისმიერი არჩევნები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პუტინის ჩარევის გარეშე არ ხდება, თავისთავად არწმუნებს მსოფლიოს რუსეთისა და პუტინის ყოვლისშემძლეობასა და სიძლიერეში.

რუსეთმა გაუძლო ობამას მიერ დაწესებულ იზოლაციას; ტრამპის პერიოდში დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, რომლებსაც მხარი აშშის სხვა მოკავშირეებმაც, მათ შორის, ევროკავშირმაც, დაუჭირეს; სხვა გამოხდომებისა და საკუთარ თავზე დაყრდნობით შეძლო ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა, იზოლაციიდან თავის დახსნა; ჩინეთთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, ირანთან, თუნდაც აშშის მოკავშირე საუდის არაბეთთან, თურქეთთან და სხვებთან ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებსაც პოლიტიკური დივიდენდებიც მოაქვს და ინვესტიციებიც.

ელცინისდროინდელი დაჩოქილი რუსეთის ნაცვლად, როგორც ცხონებული მარგარეტ ტეტჩერი იტყოდა, “ზემო ვოლტა” (ჩამორჩენილი აფრიკული სახელმწიფო, ამჟამად ბურკინა-ფასო) ატომური ბომბებით გადაიქცა ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ, დახვეწილი შეიარაღებით, ცხადია, ატომური და წყალბადის ბომბებით, მაგრამ, ამასთანავე, განვითარებული მეცნიერებით, სოფლის მეურნეობით და ა.შ.

ცხადია, რუსეთი, ეკონომიკის თვალსაზრისით, ჩამორჩება აშშ, მაგრამ დაწყებული რეფორმები, ეკონომიკური ზრდა სულ სხვა რუსეთის მომასწავებელია, რაც ანგარიშგასაწევია საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მიერ. რა სჯობს იმას, როდესაც ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი მეზობელი გყავს?! ასეთთან ურთიერთობის მოგვარება ბევრის მომტანია არა მხოლოდ ეკონომიკურფინანსური თვალსაზრისით, არამედ რეგიონული პრობლემების მოწესრიგების მიზნითაც.

განა ურუსეთოდ დარჩენილ საქართველოს შეუძლია წინ აღუდგეს მცოცავ ანექსიას აჭარაში?! განა ურუსეთოდ დარჩენილ საქართველოს არ გაუჭირდება სახელმწიფო საზღვრის გავლება აზერბაიჯანსომხეთთან ან იმავე რუსეთთან?! განა რუსეთის გარეშე აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა?!

წლების განმავლობაში ვნატრობთ, რომ რუსეთი დაქუცმაცდეს, დაიშალოს და ისე დაძაბუნდეს, რომ დაკარგული თავისთავად დაგვიბრუნდეს. პუტინის რუსეთი კი აღმავლობის გზაზეა შემდგარი და, ნეტა, რამდენი წლით ვაპირებთ მოცდას იმის ნატვრაში, როდის გაქრება რუსეთი?! არადა, მართლაც რომ ასრულდეს ჩვენი ოცნება, რა მოგველის? ვინ დაგვიცავს ჩრდილოეთ კავკასიელთა ან სხვათა “ჩახუტებისგან”?

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here