Home რუბრიკები საზოგადოება აფხაზეთი _ მოურჩენელი ჭრილობა

აფხაზეთი _ მოურჩენელი ჭრილობა

716
ომარ მარგველაშვილი

1992 წლიდან ეს თემა პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, ჟურნალისტთა მუდმივი განსჯისა და ყურადღების საგანია. ამდენად, არ გამკვირვებია საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან ასეთი განცხადება:

“დღეს 27 სექტემბერია _ უაღრესად მძიმე და ტკივილით სავსე თარიღი ჩემი ქვეყნის ისტორიაში. 25 წლის წინათ, სწორედ ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, რაც უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისთვის. 10 წლის წინ კი, რუსეთის ფედერაციამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ორი ისტორიული და განუყოფელი რეგიონის _ აფხაზეთისა და ცხინვალის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია”.

აღარ განვაგრძობ. დაინტერესებულ მკითხველს თვითონ შეუძლია, გაეცნოს ბახტაძის სიტყვას, რომელმაც გარკვეული კითხვები გამიჩინა, ვინაიდან 90-იანი საომარი წლების აღწერა ცალმხრივი მომეჩვენა, რადგან არაფერია ნათქვამი ორი ომის გამომწვევ მიზეზებზე, რამაც თავისთავად მიგვიყვანა სავალალო შედეგებამდე.

საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება შვილებს”.

25 წლის განმავლობაში შეიცვალნენ ქვეყნის ხელისუფალნი, პოლიტიკა კი შეუცვლელია და, ალბათ, ასე გაგრძელდება, სანამ გონს არ მოვალთ, საკუთარ შეცდომებს არ ვაღიარებთ, დამნაშავეს დამნაშავედ არ გამოვაცხადებთ, პოლიტიკურ კურსს არ შევცვლით.

ბახტაძის გამოსვლისას გაეროს გამეჩხერებულმა დარბაზმა (დარჩენილთა შორის ისეთებიც იყვნენ, აფხაზეთი და ცხინვალი რომ არ გაუგიათ და საქართველოს არსებობაზეც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ) მხოლოდ ის გაიგო, რომ რუსეთი აგრესორია, ადამიანის უფლებების დამრღვევი, ოკუპირებული ტერიტორიების “დეპოპულაციის” ავტორი, “ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამაუარესებელი” და ა.შ.

მიზანი _ რუსეთის შავ ფერებში დახატვა _ მიღწეულია. ჩვენ და უკრაინამ, პრეზიდენტ პოროშენკოს სახით (სხვათა შორის, მასაც ნახევრადცარიელ დარბაზში მოუწია გამოსვლა) “სტრატეგიული პარტნიორის” დავალება პირნათლად შევასრულეთ.

რატომ გამეჩხერებული დარბაზი? _ იმიტომ ხომ არა, რომ თემა, რომელსაც ყოველ წელს (მრავალი წლის განმავლობაში) ვაჟღერებთ, უკვე გახუნებული და მოსაბეზრებელია?

ის, რაც ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლოა, სხვისთვის ღობეს ჩხირია. არ ვამტკიცებ, რომ არაფერი არ უნდა ვთქვათ მძიმე წარსულზე, მაგრამ ისიც უნდა დავაყოლოთ, თუ როგორ ვაპირებთ ვითარების გამოსწორებას. არვინ მოითხოვს მეზობელ რუსეთთან ენის მოჩლექვით ლაპარაკს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რასაც სიტყვა “ზომიერება” ჰქვია. შეიძლება ერთი წინადადება ვთქვათ დასამახსოვრებელი და არა ათი ისეთი, უკვალოდ რომ ჩაივლის.

1992 და 2008 წლების ომების შემდეგ საქართველოს მდგომარეობა რომ არასახარბიელო იქნებოდა, თავიდანვე უნდა გვეფიქრა, მაგრამ ვერც გამოცდილმა სახელმწიფო მოღვაწემ, შევარდნაძემ, ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება და სეპარატისტული აფხაზეთის დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით დაბრუნება, და ვერც შევარდნაძის შემცვლელმა სააკაშვილმა, რომელმაც მძინარე ცხინვალს “გრადები” დააყარა.

ბოლო ავანტიურიდან, რომელიც საქართველოსთვის უმძიმესი შედეგით დასრულდა, 10 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა 1992 და 2008 წლების ომების დაწყების, ანუ აგრესიის (საკუთარი ხალხის წინააღმდეგ) შესწავლა-გაანალიზების მცდელობაც კი, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო კომისიის (ტალიავინის ხელმძღვანელობით) ობიექტურ დასკვნას და დავითაიას კომისიის ნაცოდვილარს, რომელმაც კრება დატოვა მხიარული.

პირველს საქართველოს პოლიტიკური ელიტა არ იზიარებს; მეორეს სერიოზულად არც არავინ აღიქვამს. პირველი ომის შემდეგ იყო მცდელობა შერიგებისა, თუმცა არა ისეთის, როგორსაც საჭიროება მოითხოვდა: აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთი იურიდიულად რჩებოდა საქართველოს შემადგენლობაში.

აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა და სააკაშვილის დანაშაულებრივმა გადაწყვეტილებამ (მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან იმ პუნქტის ამოღებამ, რომელშიც მონიშნული იყო თბილის-სოხუმ-ცხინვალს შორის პოლიტიკური სტატუსის გამსაზღვრელი მოლაპარაკების დაწყება) მწვანე შუქი აუნთო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფას. ისედაც მცირემიწიანმა საქართველომ თავისი 76 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის 20 პროცენტი დაკარგა.

არის თუ არა გამოსავალი?

ეს ის კითხვაა, რომელიც პასუხის გაცემას მოითხოვს _ გულწრფელის და არა ზედაპირულის, არა ისეთის, რეგულარულად რომ ვისმენთ ოპოზიციონერი გოგო-ბიჭებისგან. მათი აზრით, არც რუსეთთან და არც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან არ უნდა დავილაპარაკოთ. და თუ მაინც მოხდა ასეთი რამ, მათ წინაშე მარტო არ უნდა წარვდგეთ _ ჩვენი დასავლელი მოკავშირეებიც და რუსეთის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად. ეს დაახლოებით ისეთია, ბავშვს რომ ასანთს უმალავენ, _ ხანძარი არ გააჩინოსო. ჩვენი მარტო დატოვება მოლაპარაკების მაგიდასთან სახიფათოა _ ვინ იცის, რაზე დაგვიყოლიებენ?!

ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ქართულ პოლიტიკაში არ მეგულება პოლიტიკოსი, რომელიც საზრიანად წარმართავს რუსეთთან, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მოლაპარაკებას. მოლაპარაკება კი აუცილებელია არა მხოლოდ ტერიტორიების დასაბრუნებლად, არამედ ნორმალური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად _ ეკონომიკის (ბიზნესის), ვაჭრობის, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და სხვა დარგების განვითარებისთვის.

ყურადღებით ვადევნებდი თვალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხანმოკლე ვიზიტს აზერბაიჯანში. დამამახსოვრდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ნათქვამი იმ ურთიერთობაზე, ორ ქვეყანას შორის რომ არის დამყარებული. ცნობილია რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა. ვიცით, რომ აზერბაიჯანი ამზადებს რუსულ სატვირთო ავტომანქანაკამაზს”, მაგრამ არ ვიცით, რომ აზერბაიჯანში მოქმედებს 141 რუსული სკოლა და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, რომელსაც დასავლურმა საგანმანათლებლო სისტემამ პირველი ადგილი მიანიჭა ევრაზიულ სივრცეში. განა ამის გამო აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი დაკარგა?

გულდაწყვეტით ვუსმენდი ორი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვინაიდან, გარდა ღვინისა და მინერალური წყლისა, რუსეთის ბაზარზე ჩვენ სხვა არაფერი შეგვაქვს. არადა, თუ მოვისურვებთ, ბევრი კარგი და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, წარმატებული ქართული მრავალმხრივი ექსპორტის შემდეგ, არავის აზრად არ მოუვიდოდა მარიხუანის საექსპორტოდ დამზადება. უაზრო პოლიტიკა ბევრს აკარგვინებს ქვეყანას!

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მეზობელ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია; ვაჭრობა მასთან, გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაცილებით მომგებიანია, ვიდრე შორეულ ქვეყნებთან ურთიერთობა, თუმცა აზერბაიჯანი არც ამაზე ამბობს უარს.

ურთიერთობისთვის კი ენის ცოდნაა საჭირო _ რუსული ენის. სწორედ ამას ითვალისწინებენ აზერბაიჯანში არსებული რუსული სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები. ამით აზერბაიჯანი რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცა?

ჭკვიანი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია გონივრული პოლიტიკის განხორციელება. აღარაფერს ვამბობ რუსეთ-სომხეთის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც არც კი შერყეულა დასავლეთისადმი ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლით. სომხეთის ახალმა ლიდერმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი სტრატეგიული პარტნიორია და ასეთად დარჩება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს ყარაბაღის სერიოზული პრობლემა აქვთ. რუსეთი მთავარი შუამავალია. მას ორივესთან აქვს ისეთი პოლიტიკური კავშირები, ქიშპს რომ არ იწვევს შუამავალთან.

რომ არა 1991 წელს ავტობუსებით (100-ზე მეტი) ეროვნული მოძრაობის ძალების ცხინვალში “სამშვიდობო” დესანტის გადასხმა, საქმე ომამდე არ მივიდოდა;

რომ არა სააკაშვილის უგუნური გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოში, ომი არ დაიწყებოდა;

საქართველოს ხელისუფლებას იმიტომ სურს ნატოში შესვლა, რომ ნატომ მოუგვაროს ტერიტორიული პრობლემა. ნატოს კი ეს არ სურს _ საკუთარი წესდებიდან და რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე.

დასკვნა: ყოველდღე ხიზილალის ჭამაც მოსაბეზრებელია, არათუ რუსეთის ლანძღვა. ნუთუ არ მოგბეზრდათ?!

ომარ მარგველაშვილი

საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების აკადემიკოსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here