აფრებიანი მსოფლიო

    ამერიკა დაბრუნდა!“ – ასე დაიწყო აშშის 47- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში გამოსვლა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. მისი გამოსვლა, მართალია, ისეთი სენსაციური არ გამოდგა, როგორი მოლოდინიც არსებობდა, მაგრამ არც  იმის თქმა შეიძლება, რომ ეს საათნახევრიანი სიტყვა უფერული იყო.

    რას ნიშნავს „ამერიკა დაბრუნდა!”, ამაში, ალბათ, ერთი აზრი იგულისხმება: ამერიკის ძველი ძლიერება და დიდება დაბრუნდა, მაგრამ როდის იყო ამერიკა ძლიერი და განსაკუთრებული დიდებით მოსილი? ალბათ, იმ დროს, როდესაც ცივ ომში გამარჯვებასა და ყველაზე დიდი კონკურენტის (საბჭოთა კავშირის) გზიდან ჩამოცილებას (1991 წ.) მიაღწია. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საბჭოთა კავშირი, უბრალოდ, კონკურენტი კი არა,  იყო იდეოლოგიური მოწინააღმდეგე, მტერი, რომელიც ამერიკას მხოლოდ პირველობას კი არ ეცილებოდა, მისი ცხოვრების წესის კრიტიკოსი და მამხილებელი გახლდათ,  ამიტომ აშშ-ის გამარჯვება  ცივ ომში იმ დონეზე, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, გაქრა და განადგურდა, მართლაც ტრიუმფი იყო,  მაგრამ ტრიუმფი ამით არ მთავრდებოდა, ამით იწყებოდა მხოლოდ. ტრიუმფის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ აშშ მსოფლიო მბრძანებლად და ერთპიროვნულ ჰეგემონად ყალიბდებოდა. ჩამოყალიბდა კიდეც. 1991-დან 2000 წლამდე მას ამ საქმეში, არათუ მოცილე, უბრალოდ, ხელისშემშლელიც არავინ ჰყოლია. 2000 წელი ამ მოვლენის (აშშ-ის ჰეგემონიზმის) მიჯნად იმიტომ ავიღე, რომ ეს ხელისუფლების სათავეში პუტინის მოსვლის თარიღია, საიდანაც მსოფლიო რეალობის შეცვლას დაედო სათავე, მაგრამ სანამ ეს პროცესი, როგორც ფაქტი, შედგებოდა, კიდევ რამდენიმე წელიწადი გავიდა – ათი, თხუთმეტი. ასე, რომ აშშ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მსოფლიო ჰეგემონად გვევლინებოდა. ეს რთული თემაა და  სასაუბრო ბევრია, მაგრამ დღეს ჩემს მიზანს ამ მიმართულებით მსჯელობა არ წარმოადგენს. მხოლოდ იმის ხაზგასმას ვცდილობ, რომ აშშ ყველაზე ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფო სწორედ ამ პერიოდში იყო, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი როდესაც ამბობს, რომ ამერიკა დაბრუნდაო, ნუთუ იგი ერთპოლუსიანი მსოფლიოსა და ამერიკული ჰეგემონიზმის დაბრუნებას გულისხმობს? არა მგონია, რომ ამას ნიშნავდეს მისი ნათქვამი – „ამერიკა დაბრუნდა!”. რეალობა არ არის ასეთი და, რაც მთავარია, ტრამპი საქმით არ ისწრაფვის აქეთ. ეს რომ ასეა, ამაზე რამდენიმე მომენტი მეტყველებს:

    1. უკრაინაში ომის შეჩერების მცდელობა;

    2. ევროპის მიმართ გულგრილი (რბილად რომ ვთქვათ) დამოკიდებულება;

    3. ნატოს მიმართ სეთი  აგდებული დამოკიდებულება, რომ პოლიტოლოგიურ წრეებში ამ ორგანიზაციის დაშლის საკითხი უკვე აჯაროდ განიხილება;

    4. ევროკავშირის მიმართ საერთოდ არანაირი დამოკიდებულება, რაც ამ გაერთიანებასაც დაშლის რეალური საფრთხის წინაშე აყენებს.

    ეს ყველაფერი კი (ერთად აღებული) აშშ-ის მსოფლიო ჰეგემონობის ბერკეტები იყო. მთლად უსაფუძვლოდ არ გაჰყვირიან დასავლეთში (სხვათა შორის, საქართველოშიც), რომ ტრამპის გადაწყვეტილებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებში შედის ომის შეჩერებაც, დასავლეთთან კონფრონტაციის ნაცვლად თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლაც და ნატოს გაფართოების აბსურდული და სახიფათო იდეისგან ხელის აღებაც, მაგრამ ეს ყველაფერი დასავლეთისა და, თუ გნებავთ, მთელი მსოფლიოს ინტერესებშიც არ შედის? ამიტომ ასეთი შეფასება დონალდ ტრამპის, სულ რაღაც, ორმოცდღიანი მოღვაწეობისა, საიდანაც უნდა გვესმოდეს იგი, მიუტევებლად ზედაპირული და ტენდენციურია. კი, ტრამპი რევოლუციურ მიდგომებს ავლენს, მსოფლიოსთვის სახიფათო ტენდენციებს დაუნდობლად ებრძვის, მაგრამ ამით რუსეთის  კი არა, მსოფლიო უსაფრთხოების საქმეს აკეთებს, თუ გნებავთ, მსოფლიო გონიერებისა და მსოფლიო მშვიდობის საქმეს აკეთებს, მსოფლიო წესრიგის საქმეს აკეთებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – რუსეთის ინტერესების სასარგებლო საქმეს, თანაც აშშ-ის ინტერესების საზიანოდ. კი, უკრაინის ომი ამერიკული ჰეგემონიზმის განმტკიცებას ისახავდა მიზნად; კი, უკრაინის ომს ნატოს გაფართოების დასავლური პროგრამა ედო საფუძვლად; კი, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გააფთრებული აგრესია ნებისმიერ ფასად ერთპოლუსიანი მსოფლიო მოდელის შენარჩუნების ავანტურისტული მცდელობა იყო, რომელიც აშშ-ის ინტერესების დაცვად გამოიყურებოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი მსოფლიოს ბირთვული კატასტროფისკენ მიაქანებდა, ომის შესაჩერებლად ტრამპის თავგამოდებული მუშაობის შეფასება აშშ-ის საწინააღმდეგო და რუსეთისთვის სასარგებლო საქმიანობად ლიბერალ-ფაშისტების მიერ მოგონილი ისეთი ნონსენსია, რომელსაც მხოლოდ ირონიული ღიმილის გამოწვევა შეუძლია.

    მიაქცევდით ყურადღებას, რომ აშშ-ის კონგრესის წინაშე პრეზიდენტის ეს წარდგომა დატვირთული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკით. როგორც უნდა მოვინდომოთ, რომ სახელმწიფოს კრიტიკა პიროვნების კრიტიკის დონეზე დავიყვანოთ, მაინც ფაქტია, რომ ლეგიტიმურად არჩეული პირველი პირის კრიტიკა სახელმწიფოსა და მისი პოლიტიკის კრიტიკაა. აი, რატომ არის მართალი ტრამპის მიდგომები და შეფასებები. მიდგომა, – ჩემი ქვეყანა მე რატომ გავამტყუნო, საფუძველშივე მცდარია. სიმართლეს პოლიტიკური ლავირების საშუალება არ გააჩნია. სიმართლე ერთია, მიუხედავად იმისა,  ვის მხარეს არის იგი. აღიარება შეცდომისა თუ დანაშაულისა ერთადერთი სწორი გზაა პრობლემების გადაწყვეტისა, ყველა სხვა გზა პრობლემების გამწვავებისკენ არის მიმართული. ტრამპი აღიარებს სიმართლეს. იგი აცხადებს: “პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა მიიღო დიდი წყალქვეშა ხომალდების ბაზა – ყირიმი; პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს; პრეზიდენტ ბაიდენის დროს კი სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ აქ არ მოვსულიყავი, ისინი მიიღებდნენ მთელ უკრაინას”.  აი, რას ნიშნავს ის, როდესაც არასწორად გათვლილ მიზანს საწინააღმდეგო შედეგი მოაქვს.

    დააკვირდით, რა საინტერესო დასკვნა გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა: ბაიდენმა ამ კონფლიქტში იმაზე მეტი ფული დახარჯა, ვიდრე ევროპამ. სამწუხაროდ, ევროპამ იმაზე მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვაში, ვიდრე უკრაინის დაცვაში. დაფიქრდით, მათ მეტი დახარჯეს რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირში, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოებაში. ჩვენ დავხარჯეთ 350 მილიარდი დოლარი, მათ 100 მილიარდი დოლარი“, – განაცხადა  დონალდ ტრამპმა.

    თავი დავანებოთ იმის გარკვევას,   სწორია თუ არა ეს ბუღალტერია. ამ წუთას ჩვენთვის ბუღალტერიასა და ფინანსებზე გაცილებით მნიშვნელოვანი ევროპის მიმართ ტრამპის დამოკიდებულებაა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში ერთნაირად უარყოფითია განურჩევლად იმისა, სწორია ტრამპის ფინანსური გათვლები თუ არა. კონგრესში გამოსვლისას ტრამპმა ახსენა ზელენსკის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი: „დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად რაც შეიძლება მალე, რათა გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რადგან არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. მან თქვა, რომ ის და მისი გუნდი მზად არიან, იმუშაონ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა. მისი თქმით, ისინი აფასებენ ყველაფერს, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა და შეინარჩუნა მისი სუვერენიტეტი. წერილში წერია, რომ უკრაინა მზადაა, ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი მინერალების შესახებ შეთანხმებას. ვაფასებ, რომ ზელენსკიმ ეს წერილი გამომიგზავნა. მშვიდობისთვის რუსეთიც მზადაა”.

    ტრამპისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ომის დასრულება და „მინერალების შესახებ შეთანხმება”, ანუ ამ ომში გაწეული ხარჯების ამოღება.

    კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ტრამპი შეეხო, გრენლანდია იყო: „გრენლანდიის ფლობა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე გზავნილი მაქვს გრენლანდიის გასაოცარი მცხოვრებლებისთვისაც. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს უფლებას, თვითონ  გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და, თუ თქვენ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით მიგიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ყველა მხარესთან ვმუშაობთ ამის მისაღწევად. ან ასე, ან ისე, გრენლანდია ჩვენი გახდება“.

    იმ მოტივით, რომჩვენ გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება”, ტერიტორიებს თუ მიითვისებ და მიისაკუთრებ, იმ მოტივით, რომ, ვთქვათ, პანამაში ოდესღაც სამუშაოები გაქვს შესრულებული, ამ არხზე პრეტენზიის გაცხადება საერთაშორისო სამართლის უარყოფა და ცუდი პრეცედენტიაენგურჰესი საბჭოთა ბიუჯეტით აშენდა, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე კი რუსეთია. მოეწონება ვინმეს რუსეთის მიერ ენგურჰესის გამო საქართველოსთვის პრეტენზიების წაყენება? რამდენი ასეთი მაგალითის დასახელება შეიძლება? ეს ხომ უაღრესად სახიფათი პრეცედენტია, რომელსაც ვიღაც აუცილებლად გამოიყენებს?!

    ამიტომ ტრამპის მიერ ომის შესაჩერებლად მიმართული ძალისხმევა, ერთი მხრივ, თუ მისასალმებელია, მეორე მხრივ, არის მასში რაღაც სახიფათოც, რომელმაც შეიძლება მსოფლიო სრულიად განსხვავებული კრიზისების წინაშე დააყენოს. ტრამპმა კი განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ქვეყანას ოქროს ხანას შექმნის და აშშ განვითარდება იმ სიჩქარით, როგორიც ისტორიას არასდროს უნახავს”, მაგრამ მსოფლიოს ბევრი ასეთი მქუხარე დაპირება ახსოვს, რომლებიც, სამწუხაროდ, საპირისპირო შედეგით დასრულებულა, ვთქვათ, გორბაჩოვი და მისი ცნობილი „პერესტროიკა”.

    ერთი საინტერესო დეტალიც: კონგრესში ტრამპის გამოსვლიდან მეორე დღესვე ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა. ამ გამოკითხვის შედეგები, რომლებიც დონალდ ტრამპის გამოსვლაზე  კომპანია SSRS-მა CNN-ის დაკვეთით ჩაატარა, ასეთია: 76-მა პროცენტმა მოიწონა ტრამპის ეს გამოსვლა. მათ შორის, 63 პროცენტი ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტი ზუსტად იმ პრობლემებს შეეხო, რომლებიც მათ აწუხებთ; 68 პროცენტი აცხადებს, რომ ამ გამოსვლამ მათ იმედი ჩაუსახა; 54 პროცენტისთვის კი ეს გამოსვლა იყო სიამაყის მომგვრელი. გამოკითხულთა 76 პროცენტი მხარს უჭერს ტრამპის პოლიტიკას მიგრაციასთან დაკავშირებით; 63 პროცენტი ასახელებს ტრამპის მიერ დაწყებულ რეფორმებს; 62 პროცენტიგამოცხადებულ ცვლილებებს ეკონომიკაში;   56 პროცენტი კიიმპორტზე გადასახადების სფეროში დაწყებულ ცვლილებებს.

    საბოლოო ჯამში, ამ გამოკითხვაშიც გამოჩნდა, რომ ტრამპს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. ეს ახალი ზურგის ქარია, რომელსაც აფრებიანი მსოფლიო ახალი მიმართულებით მიჰყავს. აფრებიანი მსოფლიო, შესაძლოა, ყურს უცნაურად ხვდება, მაგრამ, თუ დაუკვირდებით, მსოფლიო ჯერჯერობით აფრებიანი გემის დონეზე იმართება და დიდად არის დამოკიდებული იმაზე, საიდან რომელი ლიდერი გამოჩნდება, ანუ საიდან რომელი ქარი დაუბერავს. მსოფლიოს ჯერჯერობით კანონზომიერება კი არ მართავს, ლიდერები მართავენ. გამოჩნდა ვინმე გორბაჩოვი და მსოფლიო შეტორტმანდა, გამოჩნდა ვინმე ტრამპი და მსოფლიო, შესაძლებელია, საერთოდ აყირავდეს. ალბათ, დიდი დრო არ დასჭირდება იმის გარკვევას, რა მიმართულებას მიიღებს ეს ყველაფერი.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                         

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here