Home რუბრიკები ეკონომიკა არ გრცხვენიათ, ზამთარში საქართველოს სომხეთიდან 35 მილიონი დოლარის ყურძენი რომ შემოაქვს?

არ გრცხვენიათ, ზამთარში საქართველოს სომხეთიდან 35 მილიონი დოლარის ყურძენი რომ შემოაქვს?

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სასურსათო მაღაზიების დიდმა ნაწილმა სამსახურიდან მოლარეები გაათავისუფლა _ მაღაზიაში მყიდველმა იკლო და, შესაბამისად, საჭირო აღარ არის ბევრი მოლარე. მყიდველის კლება კი იმ ფასმა გამოიწვია, რომელიც პროდუქტს ადევს. ვაი, რომ ფასი ყოველდღიურად იმატებს და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაც შესაბამისად ყოველდღიურ რეჟიმში იკლებს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის იმ პროდუქტების ათეულს შემოგთავაზებთ, რომლებიც წინა წლის ნოემბერთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა. მაშ ასე: კომბოსტო _ 96,7%, ბადრიჯანი _ 74,7%, ქლიავი _ 58,3%, ყურძენი _ 41,4%, კვერცხი _ 41,6%, მზესუმზირის ზეთი _ 40,7%, ჭარხალი _ 39,6%, შაქარი _ 34,7%, სტაფილო _ 34,2%, კარტოფილი _ 33,7%. თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზეა ლაპარაკი და, რაც მთავარია, იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში დიდი რაოდენობით იწარმოებოდა.

ჯერ სხვა ქვეყნებზე ვთქვათ. ჰოლანდია, რომელსაც საქართველოზე ნაკლები მიწა აქვს, ნატურალური პროდუქტების წარმოების მხრივ მსოფლიოში პირველ ადგილზეა. რუსეთმა ბოლო ხუთ წელიწადში საოცრება მოახდინა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაში ერთ-ერთ ლიდერად იქცა. რაც მთავარია, სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციით მსოფლიოს უდიდესმა ქვეყანამ ეკონომიკა არნახულად წამოსწია და, შეიძლება ითქვას, იმ ოქროს ძარღვს მიაგნო, რომელსაც უკვე მიზანმიმართულად მიჰყვებიან და დღეს რუსეთი აღარ არის მხოლოდ ნავთობზე დამოკიდებული. მეტიც, თუ ამ ტემპით გააგრძელებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, მალე ნავთობპროდუქტებმა, შესაძლოა, უკანა პლანზე გადაიწიოს და ეკონომიკის საყრდენად ხორბალი იქცეს, ხორბალი, რომლის ფასსაც მსოფლიო ბაზარზე უკვე რუსეთი ადგენს და, რომლის თესვის მასშტაბებს რუსეთი ბოლო 7 წლის განმავლობაში ზრდის და რეკორდულ მოსავალს იღებს. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკას ადგება, იქმნება ათასობით სამუშაო ადგილი და მოსახლეობას შემოსავალი აქვს. რუსეთში მიწების დამუშავებამ გააცოცხლა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება, კვლავ გაარემონტეს და “დაქოქეს” კოლმეურნეობები, დედაქალაქს უკვე აღარ ეძალება ხალხი, სოფელს დაუბრუნდა, შრომობს და საკუთარი გარჯით მიღებულ შემოსავალს იყენებს.

ახლა საქართველოზე ვთქვათ. კომუნისტების პერიოდში მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში 12 საკონსერვო ქარხანა იყო, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ამუშავებდნენ და მაშინ მხოლოდ ქვემო ქართლში მოყვანილი პროდუქტები საკმარისი იყო ამ ქარხნებისთვის. საკმარისი კი არა, დასავლეთ საქართველოშიც მიდიოდა პომიდორი, კიტრი, ბოსტნეული. დღეს კი აღმოსავლეთ საქართველოში ორი მეტ-ნაკლებად მძლავრი საკონსერვო ქარხანაა და მათი გამართული მუშაობისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტები შემოგვაქვს, რადგან ადგილობრივი წარმოების არ ჰყოფნის. ჰყოფნის კი არა, ორ თვეს არ კმარა აქ მოწეული მოსავალი. რა გამოდის? ტერიტორია იგივე გვაქვს, მიწა არსად წასულა და, თუ დათესავ და მოუვლი, იმავე რაოდენობის მოსავალს მიიღებ. ჰო, კომუნისტების პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში სარწყავი სისტემა საუცხოოდ იყო აწყობილი და მერე იმდენი მოვახერხეთ, რომ მიწაში ჩამარხული მილები ამოვიღეთ და თურქეთში ჯართად გავზიდეთ. ეს საკითხიც მოგვარდება, მილების ჩადება არ არის პრობლემა, მაგრამვერც წინა და ვერც მოქმედმა ხელისუფლებამ თავი ვერ დაადგა მიწის რეფორმას. გლეხებს საკუთრებაში არ აქვთ მიწების 70%-ზე მეტი, ისინი სახელმწიფო ბალანსზეა და გლეხიც იძლებულია, იჯარა გადაიხადოს, საიჯარო თანხა კი იმხელაა, ვერ აუდიან. ყველა გადასახადის გადახდის შემთხვევაში, გლეხს ჰექტარზე 1200 ლარის შეტანა უწევს ბიუჯეტში და, თუ დიდ მასშტაბზეა საუბარი, ეს თანხა ასტრონომიულია. მაგალითად, კახეთში ერთ-ერთმა ფერმერმა სახელმწიფოსგან ასი ჰექტარი აიღო იჯარით და ხორბალი დათესა. გვალვების გამო ის მოსავალი ვერ მიიღო, რომელსაც ელოდა და წლის ბოლოს სახელმწიფოსთვის 120 ათასი ლარი ჰქონდა გადასახდელი. ამას ემატება თითო ჰექტრის მოვლისთვის განკუთვნილი დაახლოებით 800 ლარი (დახვნა, დათესვა, შეწამვლა) და გამოდის, რომ ასი ჰექტრის პირობებში ხარჯი 200 ათასი ლარია. საკმარისია, ავდრის გამო, მოსავალი არ მოვიდეს, უზარმაზარი ვალი გაქვს წამოკიდებული და მიწის გადასახადი კი არა, სახლის გარეშე დარჩები.

სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ჯერ კიდევ კომუნისტებისგან გამოყოლილი ინერციით მუშავდებოდა მიწები და სწორედ მაშინ ბადრიჯანი ადგილზე 3-5 თეთრი ღირდა, ანალოგიური ფასი ჰქონდა საზამთროს, პომიდორს… ანუ ჭარბი მოსავლის რეალიზაცია ვერ ხერხდებოდა, რადგან ქარხნები უკვე გაძარცვული იყო და გადამუშავება გამორიცხული გახლდათ. სამაგიეროდ, მოსახლეობა ყიდულობდა ნატურალურ პროდუქტს იაფად და ზამთარსაც მომზადებული ხვდებოდა. ახლა კი… ზამთრის მარაგი კი არა, ადამიანების უმრავლესობა სეზონზე ძლივს ახერხებს, მიიღოს საკვები და ისიც ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებით ქალაქში, შინაურ პირობებში კომპოტების, მურაბებისა და სხვა სახის კონსერვების კეთებაშენახვის ტრადიცია ნელნელა ქრება. ქრება არა იმიტომ, რომ დიასახლისები გაგვიზარმაცდნენ, არამედ იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ ადამიანებს.

ისევ და ისევ, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება უნდა გავიხსენოთ, რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩადებულ არნახულ თანხებს ეხებოდა. ამასთანავე, იყო პირობა იმისა, რომ თითოეული სოფელი 5 მილიონს მიიღებდა. საქართველოში სოფლების რაოდენობისა და ბიუჯეტის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ეს პირობა განწირული იყო, მაგრამ, თუ სოფლის მეურნეობაში კონკრეტული მიზნისთვის ჩაიდებოდა მილიარდები, სოფლები თვითონვე უშველიდნენ თავს. ფული მართლაც ჩაიდო, რომ გადავხედოთ, ლამის სამ მილიარდ ლარს დავითვლით და შედეგი არის ნული. პრინციპში, ნული რომ იყოს, რა უჭირს, მინუსებში ვართ წასული. ყოველწლიურად რომ იკლებს დამუშავებული მიწის ფართობი, ეს ყველაზე კარგად სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტროში იციან და საამისოდ იცით, რას აკეთებენ? სწორია _ არაფერს! არ გრცხვენიათ მაინც, ზამთარში საქართველოს სომხეთიდან 35 მილიონი დოლარის ყურძენი რომ შემოაქვს? ჰო, საქართველოს, ღვინის ქვეყანას, ვაზის სამშობლოს, ზამთარში 35 მილიონი დოლარის ყურძენი შემოაქვს ერთადერთი მიზეზით _ ქვეყანაში სამაცივრე მეურნეობა ვერ თუ არ აეწყო და, რომ აეწყოს, სახელმწიფოს კეთილი ნება და ბიუჯეტის სახსრებია საჭირო. მძლავრი სამაცივრე მეურნეობა არის გრძელვადიანი, მაგრამ ძალიან მომგებიანი და ეს გაიგო რეგიონში ყველა ქვეყანამ, საქართველოს გარდა. დიდი სამაცივრე მეურნეობები აქვს ირგვლივ ყველას, ჩვენ გარდა და ჩვენგან სეზონზე გააქვთ ხილი იაფად, ინახავენ მაცივრებში და ზამთარში იმ ხილს (ეს საუკეთესო შემთხვევაში, თორემ ძირითადად ნიტრატებიანს გვტენიან, ქართული პროდუქტი კი ევროპაში გააქვთ) ხუთჯერ ძვირად ვყიდულობთ ჩვენ. წესითა და რიგით, კვერცხზე მონოპოლიის მოსპობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების შემდეგ, ფასი კლებისკენ უნდა წასულიყო, მაგრამ მოხდა პირიქით _ გაძვირდა და თან როგორ _ 41,6%-ით. ეს ჯანსაღი კონკურენციის ბრალი არ არის. ეს იმის ბრალია, რომ საფურაჟე ხორბალსა და სიმინდს ვერ ვაწარმოებთ და ქათმების საკვების 90%-იც შემოტანილია, საერთაშორისო ბაზარზე კი მარცვლეულის ფასებმა არნახულად მოიმატა, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ეს გაიგო ყველამ, ოღონდ ჩვენ _ ვერა. წელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თითიც კი არ გაანძრია იმისთვის, რათა მიწები დაემუშავებინა და, რომ გაიძახიან, სუბსიდიას აღარ განვახორციელებთ სოფლის მეურნეობაშიო, სახელმწიფომ ითავოს საკუთარი მიწების დამუშავება, ამხელა რუსეთში თუ გაამართლა, ჩვენთან რატომ ვერ გაამართლებს? მაგრამ არა, ამას შრომა სჭირდება, მოვლა სჭირდება, ადგილზე გასვლა და დათვალიერება სჭირდება და სად სცალიათ მაღალჩინოსნებს ამისთვის? უფრო მარტივი არ არის, აზიის ქვეყნებიდან შემოტანილი კარტოფილი ვჭამოთ და თვეში ერთხელ საბაჟოდან უკან გავაბრუნოთ, აქაოდა, კარტოფილის კიბო აღმოვაჩინეთო. ასე გაგრძელება არათუ აღარ შეიძლება, ასე გაგრძელება დამღუპველია ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვაქვს აწმყო და არ გვექნება მომავალი, თუ რაიმე არ ვიღონეთ. პირველ რიგში, ხელისუფლებამ ყბადაღებული მიწის რეფორმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს, მიწები გააფორმოს, ოღონდ მკაცრი რეგულაციებით _ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მიწის უპატრონოდ დაგდება მისი ჩამორთმევით უნდა დაისაჯოს. გაქვს მიწა _ კეთილი ინებე და დაამუშავე და, თუ არ ამუშავებ _ სხვას მიეცი. ახლა არ თქვათ, კერძო საკუთრებას ვერ შევეხებითო. კერძო საკუთრებას კი არა, სახელმწიფო ინტერესებს ეხებით ყოველდღიურად და ნერვიც არ გიტოკდებათ. გორის ბაზარში ვაშლი 4 ლარი რომ ღირს, ეგ არის ტრაგედია, თორემ, ლევან დავითაშვილი რომ გვიმტკიცებს, წლიდან წლამდე პრემიას არ ვიღებ და მხოლოდ ის 5 ათასი ლარი მყოფნის, რომელიც მინისტრის ჯამაგირიაო, სატირალი ნამდვილად არაა. აქამდეც აგვიტანია 5000-ლარიანი ჩინოსნების შენახვა და მომავალშიც ავიტანთ, მთავარია, საქმე აკეთონ, საქმე!

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. “პირველ რიგში, ხელისუფლებამ ყბადაღებული მიწის რეფორმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს, მიწები გააფორმოს, ოღონდ მკაცრი რეგულაციებით _ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მიწის უპატრონოდ დაგდება მისი ჩამორთმევით უნდა დაისაჯოს. გაქვს მიწა _ კეთილი ინებე და დაამუშავე და, თუ არ ამუშავებ _ სხვას მიეცი.”
    ბატონო ბესო!
    მეორე წელია მიწას ვერ ვამუშავებ ნახევარ ჰექტარს, ხორბალს ვთესავდი ვინაიდან სხვა კულტურა ვერ მომყავს სარწყავი სისტემა გააქრეს, სატრაქტორო პარკმა ტრაქტორები სადღაც გააქრო(ბანკმა გვიყიდაო), ტრაქტორზე ზეთის გამოცვლილად სატრაქტორო პარკში მიყავდათ ტრაილერით 30 კილიმეტრის მოშორებით, არადა სანამ მომსახურების საფასურს არ გადაუხდიდით არ გვიხნავდნენ, საკვირველია როგორ დაედოთ ბანკის ვალი!!!!
    ამ ყველაფერს საბოტაჟის სუნი სცემს!
    თქვენ კი იძახით,რომ მიწა უნდა გამიყიდოთ!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here