Home რუბრიკები საზოგადოება ალფრედო დი სტეფანო

ალფრედო დი სტეფანო

1358
ალფრედო დი სტეფანო

ალფრედო დი სტეფანო უნიკალური ადამიანია, რომელიც 3 ქვეყნის მოქალაქე იყო _ არგენტინის, ესპანეთისა და კოლუმბიის. აღსანიშნავია, რომ დი სტეფანომ ამ სამი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებში ითამაშა. ის უნიკალური იყო, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ისე მის გარეთ.

დი სტეფანო მოიპოვებდა ტიტულებს ყველგან, სადაც თამაშობდა: იყო არგენტინის ჩემპიონი, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი, კოლუმბიის 3-გზის ჩემპიონი, 8-ჯერ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა, 5-ჯერ _ ევროპის ჩემპიონთა თასი, 2-ჯერ _ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო _ “ოქროს ბურთი”. ის მართლაც უნიკალური ფეხბურთელი იყო _ შესანიშნავად თამაშობდა, როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში.

ალფრედო დი სტეფანო
ალფრედო დი სტეფანო

ალფრედო დი სტეფანოს სახელი მამის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც, სხვათა შორის, კარგი ფეხბურთელი იყო და წლების განმავლობაში იცავდა ბუენოს-აირესის “რივერ პლეიტის” ღირსებას, სანამ მძიმე ტრამვამ არ აიძულა, თავი დაენებებინა ფეხბურთისთვის. და ის, რაც ვერ შეძლო ალფრედო-უფროსმა, გადაჭარბებით შეასრულა ალფრედო-უმცროსმა.

ალფრედო დი სტეფანო დაიბადა 1926 წლის 4 ივლისს ბუენოს-აირესში. იზრდებოდა ღარიბ ოჯახში, ამიტომ ისეთი ფუფუნება, როგორიც იყო ტყავის ბურთი და საფეხბურთო მინდორი, მისთვის არ არსებობდა. თამაშობდა კაუჩუკის თვითნაკეთი ბურთით ქუჩაში. 10 წლის ალფრედო ფეხბურთის ანაბანას სწავლობდა გაცილებით უფროსი ამხანაგებისგან და, პრაქტიკულად, სრულყოფილად თამაშობდა ორივე ფეხით. 17 წლის ალფრედოს კი შესაძლებლობა მიეცა, საყვარელი “რივერ პლეიტის” მიერ გამოცხადებულ შესარჩევ კონკურსში მიეღო მონაწილეობა. 32 ახალგაზრდა ფეხბურთელიდან, რომლებიც 1944 წელს ცდილობდნენ თეთრ-წითელ-შავთა სტრუქტურაში მოხვედრას, შეარჩიეს მხოლოდ 2, თანაც მეოთხე გუნდისთვის _ ალფრედო დი სტეფანო და მისი უახლოესი მეგობარი სალვუჩი. მომდევნო სეზონში ალფრედოს გუნდმა ყველა მატჩი მოიგო, დამარცხდა მხოლოდ ფინალში.

ძირითად გუნდში დებიუტი კი, რომელიც 1944 წლის 7 ივნისს გაიმართა, წარუმატებელი იყო დი სტეფანოსთვის. ყმაწვილმა ძალიან ინერვიულა, რადგან მატჩის საყურებლად ყველა ნათესავი მივიდა. ალფრედომ ცუდად ითამაშა, მეორე ტაიმში კი უწყინარ ვითარებაში ტრავმა მიიღო. “რივერ პლეიტის” მწვრთნელმა რენატო ჩეზარინიმ ალფრედო მესამე გუნდში გადაიყვანა, თუმცა “ჩამოლაბორატნებულმა” დი სტეფანომ მოიგო არგენტინის ჩემპიონატი სათადარიგო შემადგენლობებს შორის, ამასთანავე, მონაწილეობდა მასობრივ ჩხუბში “ბოკა ხუნიორსის” მოთამაშეებთან. ამის გამო ალფრედოსა და მის თანაგუნდელებს ჩემპიონის მოგებული ტიტული ჩამოართვეს. ამ საგმირო საქმეების მიუხედავად, ალფრედომ ვერ შეძლო “რივერ პლეიტის” მთავარ გუნდში ფეხის მოკიდება და ის, მამის ხელშეწყობით, არენდით გადავიდა ბუენოს-აირესის ნაკლებად პოპულარულ კლუბ “ურაკანში”. სწორედ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი დი სტეფანომ _ გაიტანა 10 ბურთი და გახდა კლუბის საუკეთესო ბომბარდირი. “ურაკანის” მფლობელებს ძალიან სურდათ ნიჭიერი ახალგაზრდის გამოსყიდვა, მაგრამ ის ძალიან ძვირი ღირდა არგენტინის ჩემპიონატის საშუალო გუნდისთვის.

ალფრედო დი სტეფანო
ალფრედო დი სტეფანო

“რივერ პლეიტში” დაბრუნების შემდეგ ალფრედომ ძირითად შემადგენლობაში მოიპოვა ადგილი. ის მალე გამოიძახეს არგენტინის ნაკრებში სამხრეთ ამერიკის თასის გათამაშებაში მონაწილეობისთვის. 21 წლის ალფრედომ სადებიუტო მატრჩში გაიტანა ბურთი, სულ კი ჩემპიონატში 6-ჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე და არგენტინას სამხრეთ ამერიკის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ამის შემდეგ “ალბისელესტეს” (ასე ეძახიან არგენტინის ნაკრებს) შემადგენლობაში დი სტეფანოს აღარ უთამაშია. “რივერ პლეიტის” პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ალფრედო იძულებული შეიქნა, კლუბი დაეტოვებინა და კოლუმბიაში გადაბარგებულიყო. მან კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას კლუბ “მილიონარიოსთან” გააფორმა კონტრაქტი.

“მილიონარიოსში” დი სტეფანომ 4 განსაცვიფრებელი სეზონი ჩაატარა და ბოგოტის კლუბს დიდება მოუტანა. ითამაშა კოლუმბიის ნაკრებშიც.

სამშობლოს მონატრებამ დი სტეფანო არგენტინაში დააბრუნა, თუმცა მისი კონტრაქტი “მილიონარიოსთან” ამოწურული არ იყო. სწორედ ამან წარმოშვა ის გაურკვევლობა, რომელშიც გაეხვია დიდი ფეხბურთელი. საქმე ის არის, რომ 1953 წელს “ბარსელონას” ხელმძღვანელები ენრიკ მარტი და ხოსეპ სამიტიერი მოელაპარაკნენ “რივერ პლეიტს” დი სტეფანოს გადასვლაზე კატალონიურ კლუბში 400 მლნ პესეტად. ამ შეთანხმების, პრაქტიკულად, პარალელურად “მილიონარიოსის” ბოსებმა განაცხადეს თავიანთი უფლების შესახებ თავდამსხმელზე და საკომპენსაციო თანხად 1 მილიარდ 350 მილიონი პესეტი მოითხოვეს. ეს ხელს არ აძლევდა ენრიკ მარტის, მაგრამ თანხის გადახდაზე თანახმა იყო “ბარსას” დაუძინებელი მტერი მადრიდის “რეალი”, რომელმაც ემისრები გაგზავნა კოლუმბიაში დი სტეფანოს შესაძენად. ასე აღმოჩნდა არგენტინელი ფეხბურთელი ორი გუნდის _ “ბარსელონასა” და “რეალის” _ შემადგენლობაში. ამ ჩახლართული სიტუაციიდან გამოსავალი “იპოვეს” ფიფას წევრებმა, პირველ რიგში, ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა არმანდო მუნიოსა კალერომ, რომლის “ბრძნული” გადაწყვეტილების თანახმად, დი სტეფანოს ორ-ორი სეზონი უნდა ეთამაშა ორივე ევროპულ გრანდში _ 1953-1954 და 1955-1956 წლების სეზონები _ “რეალში”, ხოლო 1954-1955 და 1956-1957 წლებში _ ბარსელონაში. ამ “მეფე სოლომონის მსგავსი ბრძნული გადაწყვეტილების” გამო დი სტეფანომ 7 თვის განმავლობაში ვერ ითამაშა, თუმცა სათამაშო კონდიციები არ დაუკარგავს და “რეალის” შემადგენლობაში პირველივე მატჩში გამოიჩინა თავი. ამავე პერიოდში ალფრედომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო, ამ ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურიც მოირგო და, ტრადიციისამებრ, სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა გოლი. იმ სეზონში ალფრედო დი სტეფანო დაეხმარა “რეალს” ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში, თვითონ კი დაიმსახურა შეჯიბრების საუკეთესო ფორვარდისთვის დაწესებული პრიზი. შემდეგ სეზონებშიც შეუჩერებელი იყო დი სტეფანო. იმ პერიოდში “რეალთან” ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, თვითონ კი თამაში დაიწყო ახალ პოზიციაზე _ თავდამსხმელების უკან. მოიპოვა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი _ “ოქროს ბურთი” და 53 ქულით გაასწრო “ვულვერჰემპტონის” ლეგენდარულ ფეხბურთელ ბილ რაიტს. 1957-1958 წლის სეზონში “რეალმა” კვლავ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, აგრეთვე, ევროპის ჩემპიონთა თასი. ალფრედო ამ შეჯიბრებების ყველა მატჩში მონაწილეობდა და საუკეთესო სნაიპერის ტიტულიც დაიმსახურა. ის იმხანად უკვე ითვლებოდა ესპანეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ.

1958 წელს დი სტეფანოს დასახმარებლად მოუხმეს შესანიშნავ უნგრელს _ ფერენც პუშკაშს, მაგრამ ამ დუეტმაც ვერაფერი გააწყო ბრწყინვალე “ბარსელონასთან”, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა “რეალს”, თუმცა ევროპის ჩემპიონთა თასი მეოთხედ მოიგო მადრიდულმა “სამეფო კლუბმა”.

1959-60 წლებში “რეალში” ჩაირიცხა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი დიდი, რომელიც ყველამ შეიყვარა _ კლუბის პრეზიდენტმაც და გულშემატკივრებმაც, მაგრამ მას არ აღიარებდნენ დი სტეფანო და პუშკაში. ისინი უარს ამბობდნენ მასთან ურთიერთქმედებაზე და მინდორზე, საერთოდ, არ აქცევდნენ ყურადღებას. გატანჯულმა დიდიმ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება.

1960-1961 წლებში “რეალმა” კვლავ მოიპოვა ესპანეთის ჩემპიონობა, მაგრამ წარუმატებლად გამოვიდა ჩემპიონთა თასის გათამაშებაში _ დამარცხდა “ბარსელონასთან”. შემდეგ სეზონში “რეალმა” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაში ფინალამდე მიაღწია, მაგრამ წააგო პორტუგალიის “ბენფიკასთან”, თუმცა დი სტეფანოს მაინც უამრავი ბურთი გაჰქონდა და “რეალს” ესპანეთის თასის მოპოვებაში დაეხმარა.

შემდეგი სეზონი კი ალფრედოსთვის უკანასკნელი აღმოჩნდა “გალაქტიკოსის” (მადრიდის “რეალის”) შემადგენლობაში. მან კლუბის დატოვება გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, დი სტეფანომ 396 მატჩი ჩაატარა “რეალის” მაისურით და 304 ბურთი გაიტანა. დი სტეფანოს სამწვრთნელო კარიერა არაერთგვაროვანია. იყო წარმატება “ვალენსიასთან” 1970_71 წლებში, მაგრამ უფრო ხშირად _ წარუმატებელი სეზონები “ბოკა ხუნიორსში”, “ელჩეში”, “სპორტინგში”, “რაიო ვალეკანოში”, “კასტელიონეში”, თუმცა მშობლიურ “რივერ პლეიტს” გამარჯვება მოაპოვებინა ეროვნულ ჩემპიონატში.

ალფრედო დი სტეფანო 2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here