Home რუბრიკები სპორტი აბსოლუტური ჩემპიონი ქალთა შორის

აბსოლუტური ჩემპიონი ქალთა შორის

1134
ლარისა ლატინინა

მოპოვებული ოლიმპიური ჯილდოების რაოდენობის მიხედვით, ქალთა შორის აბსოლუტური ჩემპიონია საბჭოთა ტანმოვარჯიშე ლარისა ლატინინა, რომელიც 3 ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა და მოიგო 9 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი. საერთოდ კი, 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონების შესანიშნავ ხუთეულს შორის ლარისა ლატინინასთან ერთად შედიან: მოცურავე მაიკლ ფელპსი (აშშ), მორბენალი პაავო ნურმი (ფინეთი), მძლეოსანი კარლ ლუისი (აშშ) და მოცურავე მარკ სპიტცი (აშშ). თუმცა, ლატინინა ფელპსის გარდა (ფელპსმა 2012 წელს გაუსწრო ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობით) ყველას აღემატება ოლიმპიური ჯილდოების რაოდენობით, რომლებიც მას 18 აქვს.

ლარისა ლატინინა (ქალიშვილობის გვარი დირიი, გვარი ლატინინა პირველი ქმრისგან მიიღო) 1934 წლის 27 დეკემბერს დაიბადა ქალაქ ხერსონში (იმხანად საბჭოთა კავშირში შემავალი უკრაინის სსრ რესპუბლიკა). ბავშვობაში გატაცებული იყო არა მხოლოდ ტანვარჯიშით, არამედ მღეროდა და ცეკვავდა კიდეც. ამის გამო მისი მწვრთნელი ძალიან უკმაყოფილო იყო და სიმღერებისა და ქორეოგრაფიული სტუდიების ხელმძღვანელებს მოსთხოვა, ლარისა დაეთხოვათ, _ არც სმენა აქვს და არც ხმაო. მწვრთნელის სასიხარულოდ, სიმღერისა და ქორეოგრაფიის სტუდიებმა მალე შეწყვიტეს ფუნქციობა და ლარისამ მთელი ყურადღება და ძალისხმევა ტანვარჯიშზე გადაიტანა. თავდაპირველად ის ვარჯიშობდა ხერსონში, შემდეგ გადავიდა კიევში. მალე მოხვდა სსრკ-ის ნაკრებში და 1954 წელს პირველად მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატში, საიდანაც ოქროს მედლით დაბრუნდა (გუნდური პირველობა). 1956 წელს კი ლარისა ლატინინამ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როცა ბრწყინვალედ იასპარეზა XVI ოლიმპიადაზე მელბურნში. პირად მრავალჭიდში ლატინინას მეტოქე იყო შესანიშნავი უნგრელი ტანმოვარჯიშე აგნეშ კელეტი. უნგრელმა მედლები მოიპოვა ძელსა და ორძელზე პირველობაში, თავისუფალ ვარჯიშში კელეტიმ და ლატინინამ პირველიმეორე ადგილები გაიყვეს, ხტომებში ლატინინა პირველი იყო, ორძელზე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. საერთო ჯამში, ლატინინამ ყველაზე მეტი ქულა დააგროვა და მელბურნის ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონობა მოიპოვა.

ლარისა ლატინინა

თვითონ ლარისა ლატინინა მიიჩნევს, რომ 1950-იანი წლებში საუკეთესოდ გამოვიდა არა მელბურნის ოლიმპიურ თამაშებში, არამედ 1958 წელს მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. საქმე ის არის, რომ ლარისა ფეხმძიმედ იყო, როცა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა, მაგრამ ამის შესახებ არც მწვრთნელმა იცოდა, არც გუნდის ექიმმა და არც თანაგუნდელებმა. რისკი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ცნობილმა მოსკოველმა ექიმმა არ აუკრძალა მას ჩემპიონატში მონაწილეობა და ყველაფერი კარგად დასრულდა: ლარისა ლატინინამ აბსოლუტური ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა, ამას გარდა, ოქროს მედალი მოიპოვა ხტომებში, აგრეთვე, ორძელზე. 5 თვის შემდეგ კი გააჩინა ჯანმრთელი გოგონა, რომელსაც დაარქვა ტატიანა.

ბევრი სპეციალისტი ვარაუდობდა, რომ ლარისა ლატინინა ბავშვის გაჩენის შემდეგ ადრინდელივით ბრწყინვალედ ვეღარ იასპარეზებდა. 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე საბჭოთა კავშირის გუნდის ლიდერობას პოლინა ასტახოვას უწინასწარმეტყველებდნენ, რამაც დაღი დაამჩნია ორი შესანიშნავი სპორტსმენი ქალის პირად ურთიერთობას, მაგრამ რომის ოლიმპიურ თამაშებში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული კვლავ ლარისა ლატინინამ მოიპოვა, რომელმაც შეუპოვარ ბრძოლაში დაამარცხა ასტახოვა. გუნდურ ჩათვლაში კი საბჭოთა ტანმოვარჯიშეებმა პირველობისთვის ბრძოლაში ჩეხოსლოვაკიელ სპორტსმენებს სძლიეს.

ლარისა ლატინინა

ლატინინას წინ ჰქონდა კიდევ ერთი ოლიმპიადა _ ტოკიოს XVIII ოლიმპიური თამაშები, რომელშიც აბსოლუტური ჩემპიონობა მოიპოვა ჩეხმა ვერა ჩასლავსკამ, ლატინინა კი მრავალჭიდში მეორე ადგილს დასჯერდა, თუმცა ოქროს მედალი მოიპოვა თავისუფალ ვარჯიშში, ვერცხლის _ ხტომებში, ბრინჯაოს მედალი _ ძელსა და ორძელზე.

ასპარეზობისას ლარისა აჩვენებდა არა მხოლოდ შესანიშნავ ტექნიკას, არამედ არტისტიზმსაც, მწვრთნელები საყვედურობდნენ კიდეც, _ ტანვარჯიში ბალეტისკენ მიგყავსო. ასე იყო თუ ისე, შეუმდგარი მოცეკვავე ზედიზედ ამარცხებდა მოწინააღმდეგეებს.

ლარისა ლატინინა

ოლიმპიადების 9-გზის ჩემპიონობასთან ერთად ლარისა ლატინინა, აგრეთვე, არის მსოფლიოს ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი, მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სხვადასხვა სახეობაში, ევროპის ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი, ევროპის 5-გზის ჩემპიონი ცალკეულ სახეობაში, სსრკ-ის 2-გზის აბსოლუტური ჩემპიონი და სსრკ-ის 10-გზის ჩემპიონი ცალკეულ სახეობაში.

ლატინინამ დიდ სპორტში ასპარეზობა 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ შეწყვიტა, როცა 31 წლის იყო. შემდეგი 10 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშეთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი გახდა. მისმა აღზრდილებმა 1968, 1972 და 1976 წლების ოლიმპიადებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. ლარისა ლატინინას აღზრდილთა შორის იყვნენ სახელგანთქმული ტანმოვარჯიშეები: ლარისა პეტრიკი, ოლღა კორბუტი, ლუდმილა ტურიშჩევა და სხვ.

ლარისა ლატინინა

9-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ახლაც აქტიურად მონაწილეობს სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი, წერს სტატიებს სხვადასხვა გამოცემაში და მონაწილეობს ტელეგადაცემებში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here