მთავარი ყველაზე ყველაზე ჰოლივუდელი მსახიობები, რომლებმაც მართლმადიდებლობა მიიღეს

ჰოლივუდელი მსახიობები, რომლებმაც მართლმადიდებლობა მიიღეს

6909
გააზიარეთ
ტომ ჰენკსი

თითოეულ ადამიანს აქვს რელიგიის არჩევის უფლება. ბევრი ფიქრობს, რომ ამერიკელები მხოლოდ კათოლიკეები და პროტესტანტები არიან, მაგრამ ასე არ არის. ეს პოპულარული ამერიკელი მსახიობები სხვადასხვანაირად მივიდნენ თავიანთ რწმენამდე. მათგან ვიღაც მართლმადიდებელი დაიბადა, სხვამ კი გრძელი გზა განვლო ამ გადაწყვეტილების მიღებამდე.

ტომ ჰენკსი და მისი ცოლი რიტა უილსონი
ტომ ჰენკსი და მისი ცოლი რიტა უილსონი

ტომ ჰენკსი

ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი და მწერალი ტომ ჰენკსი 1956 წლის 9 ივლისს დაიბადა ქალაქ კონკორდში (კალიფორნიის შტატი). მან სახელი გაითქვა ფილმებით: “ფორესტ გამპი” (ოსკარი მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის), “თქვენგან წერილია”, “კაპიტანი ფილიპსი”, “ტერმინალი”, “და ვინჩის კოდი”, “ინფერნო” და სხვ.

ტომ ჰენკსი კათოლიკე იყო, მაგრამ შემდეგ მართლმადიდებლობა მიიღო. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მას უბიძგა მეორე ცოლთან, მსახიობ რიტა უილსონთან ქორწინებამ. რიტას ბულგარულ-ბერძნული ფესვები აქვს და მართლმადიდებელია. “როდესაც მიდიხარ გადაწყვეტილებამდე, რომ უნდა იქორწინო და გყავდეს შვილები, მნიშვნელოვანია, განსაზღვრო მომავალი ოჯახის სულიერი მემკვიდრეობა”, _ ამბობს მსახიობი და დასძენს, რომ მისი მემკვიდრეობა _ ეს არის ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესია. “მე ვიქორწინე იმ ეკლესიაში, რომელშიც მონათლეს ჩემი ცოლი. ჩემი შვილებიც იმ ტაძარში მოინათლნენ… მე ვაცნობიერებ, რა მნიშვნელოვანი და მშვენიერია, გქონდეს შესაძლებლობა, იარო ეკლესიაში და იფიქრო იმ კითხვებზე, რომლებსაც გისვამს მართლმადიდებლობა, და პასუხებზე, რომლებსაც ის გთავაზობს”, _ ამბობს პოპულარული მსახიობი, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად ლოს-ანჯელესის მართლმადიდებლური ტაძრის მრევლია.

მილა იოვოვიჩი
მილა იოვოვიჩი

მილა იოვოვიჩი

ამერიკელი მსახიობი (ფილმები: “მეხუთე ელემენტი”, “ჟანა დ’არკი”, “ბოროტების სავანე” და სხვ.), მუსიკოსი, ფოტომოდელი და მოდელიერი მილა იოვოვიჩი 1975 წლის 17 დეკემბერს დაიბადა უკრაინის დედაქალაქ კიევში. იმხანად უკრაინა საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

მილა იოვოვიჩმა შვილი მართლმადიდებლურ ტაძარში მონათლა
მილა იოვოვიჩმა შვილი მართლმადიდებლურ ტაძარში მონათლა

ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის მიუხედავად, მილას ახსოვდა თავისი ფესვები და არა მხოლოდ თვითონ დადიოდა ტაძარში, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრი. 2015 წელს ლოს-ანჯელესის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა მილა იოვოვიჩის მეორე ქალიშვილი დაშილი და მას ქრისტიანული სახელი დარია დაარქვეს.

ჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი

პოპულარული ამერიკელი მსახიობი (ფილმები: “განქორწინება ამერიკულად”, “თავებზე მონადირენი” და სხვ.), ტელეწამყვანი და რეჟისორი ჯენიფერ ენისტონი 1969 წლის 11 თებერვალს დაიბადა კალიფორნიის ქალაქ შერმან-ოქსში.

ჯენიფერ ენისტონი მამასთან ერთად
ჯენიფერ ენისტონი მამასთან ერთად

ჯენიფერის მამა _ მართლმადიდებელი ბერძენი იანის ანასაკისი ბერძნულ კუნძულ კრეტადან არის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი ქალიშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია. ჯენიფერი ლოს-ანჯელესის მართლმადიდებლური ტაძრის ხშირი სტუმარია. მან ბევრი თავისი მეგობრის შვილი მონათლა.

ჯეიმს ბელუში
ჯეიმს ბელუში

ჯეიმს ბელუში

ამერიკელი მსახიობი (ფილმები: “ქურდი”, “წითელი სიცხე”, “საიდუმლო აგენტი როისი”, “კ-9” და სხვ.), ალბანელი ემიგრანტების შთამომავალი ჯეიმს ბელუში დაიბადა 1954 წლის 15 ივლისს. ის მართლმადიდებელი ქრისტიანია და ხშირად დადის ამერიკის მართლმადიდებლურ ტაძრებში. 2009 წელს ალბანეთის მოქალაქეობა მიიღო.

კერი ჰიროიუკი ტაგავა
კერი ჰიროიუკი ტაგავა

კერი ჰიროიუკი ტაგავა

იაპონური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი (დაიბადა 1950 წლის 27 სექტემბერს ტოკიოში) ცნობილია ჰოლივუდური ფილმებიდან: “სასიკვდილო ბრძოლა”, “ლიცენზია მკვლელობისთვის”, “მაიმუნების პლანეტა”.

ტაგავამ მართლმადიდებლობა 2015 წელს მოსკოვში მიიღო. ერთი წლის შემდეგ ის რუსეთის მოქალაქე გახდა.

კრისტიან ბეილი
კრისტიან ბეილი

კრისტიან ბეილი

ბლოკბასტერების _ “ბეტმენისა” და “ეკვილიბრიუმის” _ ვარსკვლავი ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი კრისტიან ბეილი უელსში (დიდი ბრიტანეთი) დაიბადა 1974 წლის 30 იანვარს. ის 2000 წლიდან მართლმადიდებელი ქრისტიანია და ლოს-ანჯელესის მართლმადიდებლური ტაძრის მრევლის წევრი.

შერონ ლოურენსი
შერონ ლოურენსი

შერონ ლოურენსი

ჰოლივუდელმა მსახიობმა შერონ ლოურენსმა (დაიბადა 1961 წლის 29 ივნისს ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ)) სახელი გაითქვა პოპულარულ სერიალებში მონაწილეობით. ეს სერიალებია: “ნიუ იორკის პოლიცია”, “ვნების ანატომია” და “სასოწარკვეთილი დიასახლისები”. შერონი ცოლად გაჰყვა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ექიმ ტომ აპოსტოლს. მათ ჯვარი დაიწერეს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სოფიის ტაძარში, რომელიც ლოს ანჯელესშია.

ჯონათან ჯექსონი
ჯონათან ჯექსონი

ჯონათან ჯექსონი

ამერიკელი მართლმადიდებლების კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელია მსახიობი (“ბინძური ცეკვები”, “ტერმინატორი”, “ნეშვილი”) და მუსიკოსი ჯონათან ჯექსონი, რომელიც 1982 წლის 11 მაისს დაიბადა ფლორიდის შტატში მცხოვრები ადვენტისტების ოჯახში, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა.

“მე მოვისურვე, ვყოფილიყავი იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბევრს არ ლაპარაკობენ და ლოცვებს ანიჭებენ პრიორიტეტს. თუ ადამიანი სხვა ტრადიციებითა და მენტალიტეტით არის აღზრდილი, მისთვის მართლმადიდებლობაზე გადასვლა რთულია, მაგრამ ის, ვინც მოერევა თავს და გადავა მართლმადიდებლობაზე, მიიღებს ნამდვილ სიხარულს და კურთხევას”, _ ამბობს მსახიობი, რომელიც თევდორე დოსტოევსკისა და კეროლ ლუისის ნაწარმოებების დიდი თაყვანისმცემელია.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here