Home ახალი ამბები მსოფლიო ჰამბურგში გლობალისტებთან საომრად ემზადებიან

ჰამბურგში გლობალისტებთან საომრად ემზადებიან

1355
ჰამბურგი

ევროპული ტრადიციის მიხედვით, უდიდესი სახელმწიფოების ხელმძღვანელების სამიტებს ყოველთვის თან სდევს ანტიგლობალისტების პროტესტები. “დიდი ოცეულის” 7-8 ივნისის ჰამბურგის სამიტზეც იგივე მოხდება.

მასობრივი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ ამჯერად ამ ქალაქის ქუჩებში 150 ათას ადამიანს გამოიყვანენ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ 30 მიტინგსა და დემონსტრაციაში, დამკვრელური რაზმის სახით კი 10 ათასი მემარცხენე რადიკალი წარმოგვიდგება, რომლებიც მზად იქნებიან ძალის გამოსაყენებლად.

ამ მოვლენების მზადების შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ჰამბურგულ პროტესტს გარკვეული მიმართულება ექნება _ შეუტევენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც მიაყოლებენ. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ორი, ერთმანეთისადმი თითქოს ანტაგონისტურად განწყობილი ძალა _ ანტიგლობალისტები და ამერიკელი ნეოლიბერალები ამ ახალ ლაშქრობაში ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

გერმანელ ჟურნალისტებს უჩნდებათ შეკითხვა: რა აუცილებლობა იყო იმისა, რომ მაინცდამაინც ჰამბურგში, ამ უზარმაზარ ქალაქში, სადაც უაღრესად რთულია წესრიგის უზრუნველყოფა, მოეწყოთ სამიტი? ოფიციალური ღონისძიებებისთვის ორგანიზატორებმა განსაზღვრეს 38 კვადრატული კილომეტრის ზომის ტერიტორია, რომელიც პროტესტანტებისა და ცნობისმოყვარე ადამიანებისგან იქნება იზოლირებული. მაგრამ “რჩეულთა ამ გეტოს” საზღვრები ძველ ვიწრო ქუჩებზე გადის შუასაუკუნეების გასასვლელებითა და გვირაბებით, სახურავებზე გადასასვლელებით და ა.შ. განა უფრო მარტივი არ იქნებოდა, ეს ღონისძიება ისე ჩაეტარებინათ, როგორც ჰაილიგენდამში 2007 წელს, როცა დაცილების ზონა ტრიალ მინდორზე გადიოდა და ბრბო ვერაფრის გაკეთებას შეძლებდა?

ისე ჩანს, რომ ორგანიზატორებმა თვითონ გაირთულეს საქმე, ხოლო საპროტესტო გამოსვლებით გამოწვეული ინციდენტები “დიდი ოცეულის” პროგრამაში შედის. გვახსენდება დოქტორი გებელსის მიერ დადგენილი ინსტრუქციები საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის: “მიტინგი შეიძლება ფუჭად ჩაითვალოს, თუ არავინ უცემიათ”.

ეტყობა, ჩხუბი და აყალმაყალი იქნება, მაგრამ ვისზე უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება ანტიგლობალისტების საჩვენებელმა შოუმ: პრეზიდენტ ტრამპზე? პრეზიდენტ ერდოღანზე? აზიის ზესახელმწიფოების ლიდერებზე?

პასუხი გაურკვეველია, მაგრამ შედეგი ნათელია _ გერმანიის მთავრობას მუშაობა უწევს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებრიობის ძლიერი წნეხის პირობებში. მოსალოდნელი სიძნელეების თვალსაჩინოებისთვის პრესა მრავალფეროვნად გვიხატავს ანტიგლობალისტებისა და პოლიციის მზადებას მომავალი შერკინებებისთვის. კვლავ გვახსენდება დოქტორი გებელსის სიტყვები: “ხალხი საქონლის გამოჩენამდე წინასწარ უნდა დააინტრიგო”.

პოლიციის წარმომადგენელმა პრესას განუცხადა: ჩვენ ვემზადებით შესაძლო პროვოკაციებისთვის. ინტერნეტი გაივსო მუქარებით, არიან ჯგუფები, რომლებსაც სურთ, ჩაშალონ სამიტი ან სერიოზულად გაართულონ მისი მუშაობა. პროვოკაციები შეიძლება პორტში მოაწყონ; ან ვინმე შეიძლება თავს დაესხას სამხედროებს, რომლებიც იქ იმყოფებიან. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში შევძლებთ გაუთვალისწინებელი მოვლენების თავიდან აცილებას. 10 ათასი ექსტრემისტისგან ყველაფერია მოსალოდნელი”.

პოლიცია ჰამბურგში თავს უყრის 15 ათას შეიარაღებულ თანამშრომელს, არმია უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საწყლოსნო გზებსა და პორტებში. ანტიგლობალისტები აპროტესტებენ, რომ მათ აეკრძალებათ მიტინგების მოწყობა მონიშნულ ზონაში და სტუმრების გადაადგილების მარშრუტების ახლოს. და თავიანთ გეგმებს ადგენენ. დიდი ალბათობით, ძალის გამოყენებით აქციებს ორივე მხარე განახორციელებს.

და, რაღა თქმა უნდა, არავინ მალავს, რომ შეტაკებები მზადდება. შეიძლება დარწმუნებულები ვიყოთ, რომ არც ერთი შეტაკება პოლიციასთან, არც ერთი ინციდენტი არ გამოეპარება ყველგან მყოფ ტელეობიექტივებს, ხოლო პროტესტანტების ბელადებს შესაძლებლობა ექნებათ, იქადაგონ პირდაპირ ეთერში.

საპროტესტოდ გამოსულებს ეჭვი რომ არ შეეპაროთ თავიანთ სიმართლეში, ვაშინგტონის ცენტრმა Pev Research-მა ამ დღეებში გამოაქვეყნა მოხსენება მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შესახებ. გამოიკითხა 37 ქვეყნის 40 ათასი მოქალაქე ტრამპისა და აშშ-ისადმი მათი დამოკიდებულების საკითხებზე და დაადგინა:

* მხოლოდ 22 პროცენტი ენდობა ტრამპის საგარეო პოლიტიკას. ობამას პრეზიდენტობის დასასრულისთვის მას 64 პროცენტი უჭერდა მხარს;

* უნდობლობა განსაკუთრებით გაიზარდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირეები არიან, ასევე, _ მეზობელ მექსიკასა და კანადაში. ამერიკის შესახებ საერთო წარმოდგენაც გაუარესდა, ამჟამად ამერიკას პოზიტიურად აღიქვამს გამოკითხულთა მხოლოდ 49 პროცენტი;

* გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტი უჭერს მხარს მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენებას, 76 პროცენტი უარყოფს ამ იდეას, მექსიკაში კი _ 94 პროცენტი;

* იგივე ითქმის აშშ-ის მონაწილეობის შემცირებაზე საერთაშორისო ვაჭრობაში _ გამოკითხულთა 72 პროცენტი წინააღმდეგია;

* ტრამპის პოლიტიკას კლიმატის “გლობალური დათბობის” შესახებ უარყოფს 71 პროცენტი;

* მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ში თავისუფალი შესვლის შეზღუდვის წინააღმდეგია 62 პროცენტი;

* დაეჭვების საგანი გახდა ტრამპის მიერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაც: 75 პროცენტი მას ქედმაღალ პიროვნებად მიიჩნევს, 65 პროცენტი _ არატოლერანტულად, 62 პროცენტი _ საშიშ პიროვნებად.

და მაინც, 55 პროცენტი ტრამპს აფასებს, როგორც ძლიერ ლიდერს.

საერთო დასკვნა: ტრამპი თავისი პიროვნული თვისებების გამო არ შეეფერება ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობას; მას ქვეყანა ჩიხში შეჰყავს, მისი პოლიტიკა ნეგატიურად მოქმედებს მსოფლიოში აშშ-ის სახელზე. მხოლოდ რუსეთსა და ისრაელში სარგებლობს ტრამპი დიდი ნდობით, ობამასგან განსხვავებით. ობამას პერიოდში აშშ-ისადმი ნდობა 11 პროცენტამდე შემცირდა, ბუშის პერიოდში _ 8 პროცენტამდე.

დასავლეთის პრესაში Pev Research-ის ანგარიშის გავრცელება გამიზნულია ხალხის აჟიტირებისა და ანტიგლობალისტების პროტესტის გასამართლებლად.

ყურადღებას იქცევს მასობრივი პროტესტების თავისებურება, რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო თვალში საცემია. ჯერ კიდევ 1983 წელს გერმანელების დემონსტრაციებისას, რომლებიც მათ ქვეყანაში ამერიკული “პერშინგების” განლაგების წინააღმდეგ იმართებოდა, ბევრი ქალიშვილი გამოვიდა წარწერით ზურგზე: F…me, not kill me. მაშინ ეს აღიქვეს ახალგაზრდულ თავის გამოდებად და ცუდი გემოვნების ნიმუშად. მოგვიანებით, ანუ 2007 წელს, ჰაილიგენდამის G8-ის 2007 წლის შეხვედრაზე საპროტესტო აქციაზე გამოსულები ღონისძიების ზონის გარშემო გადაულახავ წინაღობას წააწყდნენ და ხმა ვერ მიაწვდინეს სამიტის მონაწილეებს. საქმე დასრულდა იმით, რომ ყველაზე უფრო თავზე ხელაღებულებმა ერთმანეთში სექსუალური აქტი გააჩაღეს, მოშარდეს და მოისაქმეს პრესისა და დაცვის თვალწინ. ამჯერად რა იქნება, უცნობია…

რას მოუტანს ასეთი აქციები მონაწილეებს? _ პრაქტიკულად, არაფერს, ხმის ჩახლეჩის, პოლიციელების ხელკეტებით მიყენებული ტკივილისა და, შესაძლოა, დაპატიმრებებს. ანტიგლობალისტური მოძრაობის 20 წელმა დაგვანახვა, რომ ეს შოუ კვებავს მხოლოდ მძორის მოყვარულ ფასკუნჯებს მასმედიიდან და პოლიტიკურ დემაგოგებს.

ანტიგლობალისტებს შედეგისთვის არასოდეს მიუღწევიათ, სამაგიეროდ, სასარგებლო იდიოტებად ემსახურებოდნენ მათ, ვინც ამტკიცებდა, რომ “ევროპაში არსებობს დემოკრატია”. ამას გარდა, სოციალური პროტესტის ორთქლის გამოშვებას ახერხებდნენ და ნერგავდნენ უსუსურობისა და უძლურების განცდას. მმართველი კლასი ყველა ოპოზიციურ მიმდინარეობას აცნობებს: რამდენიც გნებავთ, იყვირეთ, მაინც ვერაფერს მიაღწევთ!

“ჩვენ ვიბრძვით არა სიმართლისთვის, არამედ ეფექტისთვის”, _ ამბობდა გებელსი. მოსალოდნელი შეხლა-შემოხლა ჰამბურგში ასეთ ეფექტს გვპირდება.

მომზადდა Fondsk.ru მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here